განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210015798554
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015798554

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1616-17 19 სექტემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - მ---–----ი ნ-–------ე

 

წარმომადგენელი - ლ--–- ფ-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–-------------ა“

 

წარმომადგენელი - ი-----–- წ---–-----ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მ-----–ი ნ-–------ემ (მ---–----ი ნ-–------ე - უფლებამონაცვლე) თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა. მოპასუხისთვის 2015 წლის მაისიდან, სიცოცხლის განმავლობაში, დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ზესტაფონის რეგიონის დგკ-უ-ს მძღოლის თანამდებობის ხელფასის (სარჩო) სრულად, მ-----–ი ნ-–------ის სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიურად 750.00 ლარის ოდენობით გადახდა და 2008 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისამდე კუთვნილი მიუღებელი სარჩოს, სულ, 38 941,15 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ---–----ი ნ-–------ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. მ-----–ი ნ-–------ე ამიერკავკასიის რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ზესტაფონის რეგიონის დგკ-უ-ს მძღოლის თანამდებობაზე მუშაობდა (ს.ფ.13).

 

6. მ-----–ი ნ-–------ემ 1985 წელს საწარმოო ტრავმა მიიღო, რის შედეგად შრომისუნარიანობა 60%-ით დაკარგა (ს.ფ. 13, 16, 17-18, 66).

 

7. ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის სალოკომოტივო დეპოს, მ-----–ი ნ-–------ის სასარგებლოდ, სარჩოს სახით, პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა ხელფასის 60%-ის (105,93 მანეთი) ოდენობით, გადახდის ვალდებულება დაეკისრა (ს.ფ.17-18).

 

8. სს „ს----------–-------------ა“ მ---–---- ნ-–------ეს სარჩოს სახით ყოველთვიურად 195.20 ლარს უხდიდა (ს.ფ.13).

 

9. დკუ-უს მძღოლის ხელფასის ოდენობა 2008 წლის იანვრიდან იცვლებოდა, 2012 წლის მაისიდან სექტემბრამდე იგი 560, ხოლო სექტემბრიდან სარჩელის წარმოდგენის დღემდე, 750 ლარს შეადგენდა (ს.ფ.13).

 

10. მ-----–ი ნ-–------ე (დაბადებული 1----–-–------------) 2016 წლის 3 მარტს გარდაიცვალა. საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მ---–---- ნ-–----ე ჩაერთო (ს.ფ. 55-56, 63-65).

 

11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი ხელფასზე მისადაგებით დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებასა და 2015 წლის მაისიდან მისი სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს 750 ლარით განსაზღვრაზე.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს სს „ს----------–-------------ის“ 2009 წლის 6 მარტის #5--- დადგენილებას, რომელიც 2015 წლის 13 აგვისტოს #1---- დადგენილებით შეიცვალა, დამტკიცდა ინსტრუქცია იმ პროფესიებზე და თანამდებობებზე, რომელთა საქმიანობა უშუალოდ სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. თანამდებობების ჩამონათვალში მითითებულ მემანქანეთა ჯგუფში აღნიშნულია დრეზინის მძღოლი, რომელ თანამდებობაზეც მ-----–ი ნ-–------ე მუშაობდა. სს „ს----------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 6 მარტის, ხოლო შემდგომ, 2015 წლის 18 სექტემბრის #9--- დადგენილებით დამტკიცდა ინსტრუქცია სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დასასაქმებელთა და დასაქმებულთა პირველადი და სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამატებითი მოთხოვნების შესახებ. ინსტრუქციების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ დასაქმებულ მემანქანეთა ჯგუფის მუშაკები პერიოდულ შემოწმებას, 45-დან 50 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ, შემდეგ, წელიწადში ერთხელ გადიან.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. პალატა განმარტავს, რომ, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც საწარმოო ტრავმის სახით მიიღო. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად.

 

განსახილველ დავაში, უპირველესად, გადამწყვეტია ის გარემოება, რასაც ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, მისი ოდენობის განსაზღვრა უკავშირდება. დადგენილია, რომ მ-----–ი ნ-–------ემ საწარმოო ტრავმა 1985 წელს, 55 წლის ასაკში მიიღო, რის შედეგადაც შრომის უნარი 60%-ით დაკარგა. უდავოა, რომ საწარმოო ტრავმა დამსაქმებლის ბრალით იყო გამოწვეული, რის გამოც მას სარჩო ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა, ხელფასის 60%-ის ოდენობით დაენიშნა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ დასაქმებული იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც საწარმოო ტრავმის მიყენების დროს მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა, შესაბამისად, საწარმო სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2008-2012 წლებში მ-----–ი ნ-–------ე 78-82 წლის იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო პერიოდში იგი საპენსიო ასაკს მიღწეული იყო, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსა მოკლებულია.

 

12. სწორედ ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით პალატა ვერ გაიზიარებს და მის გადაწყვეტილებას ვერ დააყრდნობს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რადგან ერთ-ერთი მათგანი 2014 წელსაა მიღებული (2014 წლის 1 აპრილი, Nა------------), ანუ დროში ჩამორჩება საკასაციო სასამართლოს მიერ ბოლო დროს (2016 წელს) დადგენილ პრაქტიკას. რაც შეეხება, აპელანტის მიერ მითითებულ 2017 წლის გადაწყვეტილებას (2017 წლის 7 აპრილი Nა----------------), ამ შემთხვევაში სარჩოს გადაანგარიშება მოხდა დაზარალებული პირის საპენსიო ასაკს მიღწევამდე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან სადავო პერიოდში დაზარალებული უკვე საპენსიო ასაკს მიღწეული პირი იყო.

 

13. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ იგი სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი არა მხოლოდ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას ადგენს, არამედ ამ ვადის ათვლის მომენტსაც განსაზღვრავს და მას იმ დროს უკავშირებს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, მაგრამ აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ზიანის მიყენებით წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები. პალატა თვლის, რომ ამავე კოდექსის 326-ე მუხლის ძალით, დელიქტით გამოწვეული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. შესაბამისად, ამ მიმართებითაც აპელანტის შედავება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებულობას, რის გამოც იგი გაზიარებული ვერ იქნება.

 

14. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მასზედ, რომ მისაღები სარჩოს ოდენობა ხელფასის 100%-ით უნდა განსაზღვრულიყო და მიუღებელი სარჩოს გადახდა 2008-2012 წლამდე უნდა მომხდარიყო, აპელანტს აწევს, რომლის რეალიზებაც მას სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა მოეხდინა. საქმის მასალებით ჯანმრთელობის მდგომარეობის 100%-ით გაუარესება, 2008-2012 წლებში დაზარალებულისთვის სარჩოს გადახდის ვალდებულების არსებობა და 2015 წლიდან დაზარალებულის გარდაცვალებამდე სარჩოს სახით 750 ლარის გადახდის ვალდებულება არ დგინდება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მ---–----ი ნ-–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე, 46-ე მუხლებით, ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ---–----ი ნ-–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

თამარ ზამბახიძე