განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117001838146
№1/ბ-523-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ლ---- ფ-----ს,ადვოკატის - გ------ ს-----–---–ის, ვ--–----ან გ--–------ის მონაწილეობით,გამართლებულის - რ----- შ-------ს მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- მ-----–ის ძე შ-------ს მიმართ, დაბადებული 1--- წლის 5 დეკემბერს, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, დაუოჯახებელი, რეგისტრირებული: ოჩამჩირის რაიონის სოფელ მ-------–-ში, მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–---------------------ე კორპუსში, ბინა №18-ში.
აღწერილობითი ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- შ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 თებერვალს, ქ. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რ----- შ-------მ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3,2678 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი), რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა, ქ. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით რ----- შ------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზემოაღნიშნული განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლ---- ფ-----მ, რომელიც ითხოვს გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი რ----- შ-------ს მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ბრალდების მხარის მოსაზრებით სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებები სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვინაიდან მათ ნათლად და დამაჯერებლად გადმოსცეს საქმის დეტალები, ასევე ნათლად მიუთითეს ის ფაქტი, თუ სად და რა ვითარებაში დააკავეს რ----- შ------- და გადმოსცეს მისი პირადი ჩხრეკის ამსახველი ფაქტები, რომელთა სარწმუნოებაში სასამართლომ უსაფუძვლოდ შეიტანა ეჭვი. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შეძლო წარმოედგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა, რომ რ----- შ-------მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ იქნა შესაგებლები, გამართლებულ რ----- შ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: გ------ ს-----–---–ისა და ვ--–----ან გ--–------ის მიერ, რომელთაც უარყვეს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია და გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორს ლ---- ფ-----ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ რ----- შ-------ს ინტერესების დამცველ ადვოკატებს: გ------ ს-----–---–სა და ვ--–----ან გ--–------ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებ-ები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ თ-- ხ--------ას ჩვენებითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომელ ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში 14 შეკვრად შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით 6,8033 გრამი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შემცველი ნივთიერებაა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის საერთო რაოდენობა 3,268 გრამია, ხოლო დანარჩენი არანარკოტიკული მინარევები-კუსტარული მეთადონის მარილია.
მოწმის, კ------- ქ------ას, ჩვენებისა და პატაკის თანახმად, 2017 წლის 17 თებერვალს 14:30 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, სოფელ ჭითაწყარში შეხვდა ინფორმაციის წყაროს, რომელმაც მიაწოდა ოპერატიული ინფორმაცია რ----- შ-------ს იმ პერიოდში ქ. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითად გადაადგილების შესახებ. ასევე ეცნობა, რომ რ----- შ-------ს თან გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამეგრელოში უნდა ჩამოეტანა. ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში იგი მიდის სამსახურში, სადაც ატყობინებს ინფორმაციას თავის ხელმძღვანელობას და წერს პატაკს. პატაკში არ არის მითითებული მისი შექმნის საათი, ვინაიდან იგი აღინიშნება სამსახურეობრივ ბარათში, რომელიც, როგორც წესი, ერთვის პატაკს. სამსახურეობრივ ბარათშივე ჩანს თუ ვის დაეწერა პატაკი.
მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- ჭ-----მ აჩვენა, რომ 2017 წლის 16 მარტს გ-------– თ----------ს, მ------ ქ-------ას, ზ---- ლ--------სა და ა-----–--- ჭ----------ესთან ერთად მივლინებით, სხვა საქმეზე ოპერატიული ღონისძიების ჩასატარებლად გაემგზავრა თბილისში. იმ დღეს ოპერატიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიუხედავად, ვინაიდან უშედეგო აღმოჩნდა პატაკი არ დაუწერია. ვინაიდან პრაქტიკა მივლინების დამოწმების არ არსებობს, არც იგი განუხორციელებია. 17 მარტს, დაახლოებით 1400 საათიდან იმყოფებოდნენ ავტომანქანით ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, როცა მიიღეს ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებიდან, რომ თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდა რ----- შ------- და თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. გამომძიებელმა პროგრამით ვაიბერით რ----- შ-------ს სურათი გ------ი თ----------ს გაუგზავნა. შემდეგ კი გ-------– თ----------ს, მ------ ქ-------ას, ზ---- ლ--------სა და ა-----–--- ჭ----------ესთან ერთად გამოეყო ოპერატიულ ჯგუფს და გაემართა ამ საქმეზე. ავტოსადგურში მისვლისას გაიყვნენ ორად. თვითონ მ------ ქ-------ასა და გ-------– თ----------სთან ერთად მარცხნივ წავიდა. ზ---- ლ-------- და ა-----–--- ჭ----------ე კი მარჯვნივ გაემართნენ. ავტოსადგურის უკანა მხარეს შენობის შუა ადგილას შენობიდან მოშორებით, დაახლოებით 1500 საათზე მათ შეამჩნიეს რ----- შ-------, რომელიც მარტო ქვეითად გადაადგილდებოდა, შეაჩერეს და უთხრეს რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რომ ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალების თაობაზე ინფორმაცია და გააცნეს გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის დადგენილება, რომელიც გამომძიებელმა იქვე შეადგინა. დადგენილების ადგილზე შევსებას თვითონ უყურებდა. რ----- შ-------მ თქვა, რომ თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება. მოწმემ, გ-------– თ----------მ და მ------ ქ-------ამ ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს 14 ე. წ. ჩეკი, რაც დაილუქა. მოწმის მითითებით, ჩხრეკისას წინააღმდეგობის გაწევას ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ჩხრეკის დროს მათთან მივიდნენ ა-----–--- ჭ----------ე და ზ---- ლ--------. ჩხრეკა დაიწყო ეზოში და გაგრძელდა მიკროავტობუსში, რომელიც იქვე იდგა და ჩხრეკის პროცესში რომელიღაც თანამშრომელმა მიიყვანა. ჩხრეკისას არ ახსოვს სხვა რა იქნა აღმოჩენილი. როგორც კი ბრალდებული შეაჩერეს, თქვა, რომ ნარკოტიკი თან ჰქონდა და ნარკოტიკული შიმშილი აწუხებდა. ამ ფონზე თავი ვერ შეიკავა, გახდა ცუდად და შარვალზე შეეტყო კუჭში გასვლა. ამის გამო ბრალდებული გადაიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მან ჩაიწია შარვალი და ყუთში დაიკმაყოფილა ბუნებრივი მოთხოვნილება. ნარკოტიკი ეზოშივე ამოიღეს. ჩხრეკა უკვე დასრულებული იყო, როცა მიკროავტობუსთან ბრალდებულის ნათესავი მივიდა. ამის შემდეგ გამომძიებელმა ბრალდებულს უფლებები გააცნო. რ. შ------- გაეცნო ჩხრეკის ოქმს, რომლის შედგენაც ეზოში დაიწყო და მიკროავტობუსში დასრულდა, ხელიც მოაწერა. მოგვიანებით მივიდა მასთან რ. შ-------ს ახლობელი, რომელიც გაესაუბრა, რ-----მა მას გ-------– თ----------ს მეშვეობით პარკით გააყოლა პირადი ნივთები, დასვრილი საცვალი, მოსვრილი ქაღალდები. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს ისან სამგორის №3 სამმართველოში, ხოლო შემდეგ - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში. რ. შ-------ს ზუგდიდში ჩაუტარეს ნარკოლოგიური შემოწმებაც, სადაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა.
მოწმის სახით დაკითხული გ-------– თ----------ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 17 თებერვალს იგი იმყოფებოდა მივლინებით სხვა ოპერატიულ საქმეზე თბილისში ზ---- ლ--------სთან, ა-----–--- ჭ----------ესთან, მ------ ქ-------ასთან და შ--–-- ჭ-----სთან ერთად. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შესახებ მას აცნობა ნ---- კ-----–---–იამ, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ბრალდებულს თან გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება და ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ გადაადგილდებოდა. მისგანვე მიიღო ბრალდებულის ფოტოსურათი. მიკროავტობუსში იმყოფებოდა სხვებთან ერთად ამ დროს. იქვე შეადგინა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის დადგენილება. დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ადგილზე. როცა მივიდნენ ავტოსადგურში, ავტომანქანა შესასვლელთან შეაჩერეს მათაც და მათმა ხელმძღვანელმაც. შ--–-- ჭ-----სთან და მ------ ქ-------ასთან ერთად მარცხნივ წავიდა, მარჯვნივ წავიდნენ ზ---- ლ-------- და ა-----–--- ჭ----------ე. დაახლოებით 1330 საათზე მათმა ჯგუფმა შეამჩნია ფეხით მიმავალი რ----- შ-------, რომელიც შეაჩერეს, გაეცვნენ, უთხრეს ინფორმაციის თაობაზე, რის შემდეგაც მან ჩხრეკაზე თანხმობა განაცხადა, განუცხადა, რომ ნარკოტიკი ჰქონდა და ქართულად დაწერა თანხმობა, დადგენილებაზეც მოაწერა ხელი. სუსხი იყო. შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ე.წ. 14 ჩეკი მეთადონი. რაიმე პრეტენზია რ. შ-------ს არ გამოუთქვამს. მას ასევე არაფერი უთქვამს ქართულის არცოდნაზე. პირიქით, ყველა ეტაპზე ყველაფერზე ქართულად წერდა, ქართულად საუბრობდა. ამის შემდეგ განუმარტეს უფლებები და დააკავეს. დაკავებული წამოიყვანა ორ თანამშრომელთან ერთად. ზ---- ლ-------- და ერთი თანამშრომელი ადგილზე დარჩნენ და განაგრძეს ოპერატიული მუშაობა. როგორც კი მივიდნენ, გაეცვნენ, მიღებული ინფორმაცია შეატყობინეს, რ. შ-------მ მეგრულად თქვა, ნარკოტიკული შიმშილი მაწუხებს, ცუდად ვარ, ფაქტზე წამასწარით, ნარკოტიკი აგერ მაქვსო, ამოიღეს ნარკოტიკი და მაშინვე ბრალდებულის შარვალი მოისვარა ფეკალური მასით. ჩხრეკა ეზოში დაიწყეს, ნარკოტიკი ამოიღეს და გააგრძელეს მიკროავტობუსში, რომელიც თანამშრომელს მოაყვანინა, ვინაიდან ბრალდებული მოულოდნელად ადგილზე კუჭში გავიდა. მიკროავტობუსში ბრალდებულმა მის ხელთ არსებული კარდონის ყუთი, სადაც კანფეტები და შოკოლადები ელაგა, გაგლიჯა ხელით და იქ გააგრძელა დაწყებული საქმე, მეორე რიგის სავარძლები მოსვარა მთლიანად. ყველა ოქმი მას შეალიეს. შემდეგ პარკში ჩადეს ყველაფერი და გადაყარეს მიმდებარე ტერიტორიაზე. შარვალი გაწმინდეს და ისევ ჩააცვეს, ხოლო მოსვრილი საცვალი რ-----ის ახლობელს გაატანეს, რომელმაც თქვა, მასთან ერთად მყოფი პირი ვარო. რ-----მაც უთხრა, ჩემი ახლობელიაო აღნიშნული პირი. იმ ტერიტორიაზე ხალხი მოძრაობდა. რ----- შ-------სგან ამოღებულ იქნა მხოლოდ ნარკოტიკი. რ-----ს გზაშიც სულ შეტევები ჰქონდა, ცუდად იყო, ტკივილები აწუხებდა, კუჭში ფერადი წყლით გადიოდა. ჩხრეკისას მივიდნენ მასთან ზ---- ლ-------- და ა-----–--- ჭ----------ეც. კარდონის ყუთი არ გაუჩხრეკიათ, ვინაიდან უმართავი ვითარება შეიქმნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გამოძიება დაიწყო ნ---- კ-----–---–იამ. გამოძიების დაწყება ეცნობება პროკურორს, რომელთან შეთანხმებითაც ხდება საგამოძიებო მოქმედებებში სხვა პირების ჩართვა.
მოწმე მ------ ქ-------ამ აჩვენა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს შუადღეს იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ქ. თბილისში, ორთაჭალაში, როცა მიიღეს ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე - ორთაჭალის ავტოსადგურის შენობის წინა მხარეს 5-10 მეტრში ნახეს რ. შ-------, რომელმაც დაწერა თანხმობის ხელწერილი, თქვა, რომ ჰქონდა ნარკოტიკი, რაც მისი იყო და პირადი მოხმარებისათვის უნდოდა. გამომძიებელმა ამოიღო 14 ჩეკი ნარკოტიკული საშუალება. რ. შ-------ს პრეტენზია არ გამოუთქვამს, არც ქართულის არცოდნაზე უთქვამს რამე, ჩვეულებრივ მეტყველებდა. დადგენილება და ოქმი ადგილზე შედგა. რ-----ს სხვა ნივთი არ გააჩნდა გარდა ქაღალდის კორდონისა. შესაძლოა პირადობის მოწმობა ჰქონოდა თან. შეჩერების მომენტშივე, ნარკოტიკის წარმოდგენისთანავე რ-----მა თქვა, ცუდად ვარო. მიკროავტობუსი ახლოს იდგა. რომელიღაც თანამშრომელმა მოიყვანა, შეიყვანეს იგი მიკროავტობუსში, სადაც მან გახია ყუთი და შიგ მოისაქმა. ქაღალდი გამომძიებელმა მიაწოდა. რ-----მა ბოლოს ყველაფერი ყუთში მოათავსა. რომელიღაცა თანამშრომელმა გარეთ გაიტანა დასვრილი საცვალი. ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაყვანისას რ. შ-------ს დაუდგინდა მეთადონის მოხმარება. დაკავებული ისნის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მოწმე ნ---- კ-----–---–იას ჩვენების თანახმად, ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ რ----- შ------- იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, იყო ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჰქონდა ნარკოტიკი. პატაკი მას დაეწერა რეზოლუციით ელექტრონულად და დაიწყო გამოძიება. სამმართველოს ხელმძღვანელმა ზეპირად მიუთითა, გაეგზავნა ინფორმაცია გ-------– თ----------სთვის. ინფორმაცია მიაწოდა გ-------– თ----------ს და გადაუგზავნა პიროვნების სურათი. პატაკი დაეწერა 1455 საათზე. გამოძიების დაწყების შესახებ იცოდა თუ არა პროკურორმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ იხსენებს, ხოლო ზოგადად პროკურორს ატყობინებენ გამოძიების დაწყებას. მას წერილობით არ მიუმართავს პროკურორისთვის საქმის გადაგზავნაზე ან საგამოძიებო მოქმედების გ-------– თ--------სთვის დავალებაზე, ვინაიდან გ-------– თ---------- სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელი არ არის. ინფორმაცია გ-------– თ----------ს გადაუგზავნა პატაკის დარეგისტრირებისთანავე, მოწმეთა დაკითხვის დაწყებამდე.
რ----- შ-------ს დისშვილის - დ-------ი ლ-----ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 16 თებერვალს დაურეკა რ-----მა და უთხრა, რომ მისულიყო მასთან. რ-----ს მეგრულად ესაუბრებოდა, ვინაიდან ქართული არ ესმის. 1200 საათისთვის მიაკითხა ავტომანქანით. ავტოსადგურში უნდა მისულიყო ბრალდებული, სხვის ამანათს ელოდებოდა. უნდა დაერეკათ რ. შ-------სთვის და ამანათი წაეღოთ. ამანათში რა იქნებოდა, არ იცოდნენ. როცა 1230 საათისთვის ორთაჭალის ავტოსადგურში მივიდნენ, ავტობუსი არ იყო ჯერ მოსული. ამის შემდეგ სხვადასხვა ადგილი მოინახულეს, ავტომანქანით მოძრაობდნენ. როცა დაბრუნდნენ ავტოსადგურზე, მარცხნივ შევიდნენ. ავტომანქანა ავტობუსის გვერდით გააჩერა, ძაღლი გადმოიყვანა. რ-----მა ავტობუსს შემოუარა და მივიდა ამანათებთან. ამანათები გზაზე ეწყო. იქიდან 10 მეტრში იდგა ავტომანქანით. რ.შ-------მ აიღო ამანათი, რაც იყო სიგარეტის დიდი ყუთივით და ავტომანქანამდე 2 მეტრი რომ აკლდა, მისი სიმაღლის ქერა, მოწითალო ფერის, დაბალი თმის მქონე კაცმა შებოჭა უკნიდან. მეორე ადამიანი გაჩნდა იქვე. მალე 6 ადამიანი გაჩნდა რ-----თან. ისინი მისი ავტომანქანის უკანა მხარისკენ წავიდნენ. ეს ყველაფერი ხდება ნახევარი, ერთი წუთის განმავლობაში. შებოჭვისას დაიძახეს, ავტომანქანა მოიყვანეთო და ავტომანქანაც მოვიდა, რითაც შემდეგ წაიყვანეს ბრალდებული, მას კი უცენზურო სიტყვებით უთხრეს, მოცილებოდა იქაურობას. რ. შ-------ს შეურაცხყოფას აყენებდნენ მეგრულად. ერთ-ერთმა უთხრა, ხობის გამომძიებელი ვარო და ავტომანქანაში ჩასვა. მანვე უთხრა, გადარჩენილი ხარ, ამანათით შენ რომ გამოსულიყავი, რ. შ-------ს ადგილზე შენ იქნებოდიო. პოლიციელმა მის ავტომანქანაში სურათები აჩვენა, სადაც დაფიქსირებული იყო, თუ სად იმყოფებოდნენ დილიდან. 1300 საათის შემდეგ საშაურმეში რომ იყვნენ, იქ გადაღებული სურათიც აჩვენეს, დილით ავტოსადგურში რომ იყვნენ, ესეც ცოდნიათ. ავტომანქანაში პოლიციის თანამშრომელი 15-20 წუთი ესაუბრებოდა, რის შემდეგაც დაუძახეს სხვა პოლიციელებმა შავი მიკროავტობუსიდან. როცა მივიდა, ნახა, ამანათის ყუთი გახსნილი იყო და მასში ელაგა შოკოლადები, რასაც პოლიციელები მიირთმევდნენ, ზემოდან ეწყო ვერცხლისფერი პაკეტები. უთხრეს, ხედავ რა ამოვიღეთო? ადგილზე 6 პოლიციელი მაინც იქნებოდა სულ ცოტა. მისთვის არაფერი გადაუციათ პოლიციელებს. რ. შ------- ამბობდა, ჩემი არ არის ნარკოტიკიო. რ-----ს უთხრეს, თუ ხელს არ მოაწერ, ამასაც მიგისვამთ გვერდითო. როცა რ. შ------- მიკროავტობუსში ნახა, ის ალბათ იჯდა და ოდნავ წინ წამოწეული იყო. მას ეფარებოდნენ და მხოლოდ თავი ჩანდა. როცა უთხრა პოლიციელებს, ყუთი მისთვის მიეცათ, რადგან ამანათი სხვისი იყო, უთხრეს, გადარჩენილი ხარ, წადი აქედანო. რ-----ი რაც ავტომანქანიდან გადავიდა მის მიერ ავტოსადგურის დატოვებამდე 30 წუთი იქნებოდა გასული. 2-3 პოლიციელი შიგნით იყო მიკროავტობუსში, დანარჩენები - გარეთ. 8-9 იქნებოდნენ სულ. პოლიციელები სამოქალაქო ფორმებში იყვნენ, მაგრამ ქურთუკები რომ გაიხადეს, ფორმები ეცვათ. მიკროავტობუსში ჩხუბი ესმოდა. რ. შ------- ყვიროდა, ჩემი არ არის და რა გინდათო.
მოწმე ზ----- გ----–---–ის ჩვენებით, იგი მუშაობს შ.პ.ს. ,, ბექატურის ტვირთის მიმღებად ორთაჭალის ავტოსადგურზე. ტვირთს იღებს სტამბულიდან, მოსკოვიდან. მის სამსახურში სხვის სახელზე შესული იყო ამანათი. მასთან მივიდა რ. შ------- და გადასცა ამანათის ჩამოტანის საფასური 40 ლარი. მანამდე ბიჭი იყო მოსული, რომელმაც იკითხა, ამანათი თუ იყო მოსული. მას უთხრა, რომ საბაჟო კონტროლს გადიოდა ამანათი. ამის მერე რ-----ი მივიდა მასთან, უთხრა ამანათის ადრესატის სახელი, გვარი, ნომერი და მისცა თანხა. შევიდა ოთახში. 1 წუთიც არ იყო გასული, ბიჭებმა უთხრეს, შენ რომ ამანათი გადაეცი, ის ბიჭი დაიჭირესო. ამანათი წარმოადგენდა დაახლოებით A4 ფორმატის, 2-3 კილოგრამი მასის წებოვანი ლენტით შეხვეულ კარდონის ყუთს.
მოწმის სახით დაკითხული რ----- შ-------ს ჩვენების თანახმად, მას მოსკოვიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ავტობუსით აგზავნიდნენ კანფეტებს და დახვედროდა, ხოლო ამანათის მიღების შემდეგ მას დაუკავშირდებოდნენ და წაიღებდნენ. ამანათის ადრესატი ცხოვრობს გალში, და შეიძლებოდა ვერ მოესწრო გადმოსვლა აფხაზეთიდან, ამიტომ მას უნდა აეღო ამანათი. დილით დისშვილთან ერთად მივიდა ავტოსადგურში, მაგრამ ჯერ არ იყო ჩამოსული ამანათი. მეორედ რომ მივიდა, გამომგზავნის სახელი, გვარი და ამანათის ნომერი უთხრა, 40 ლარი გადაიხადა და მიიღო ამანათი. 5 ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული როდესაც დააკავეს. უთხრეს, რომ დაკავებული იყო, რადგან ამანათში წამლები იდო. ზ---- ლ--------ს შესთავაზა სხვების თანდასწრებით ამანათის გახსნა, რაზეც უარი მიიღო. ზ---- ლ--------მ აჩვენა მისი და მისი ნათესავების სურათები, უთხრა, ჩვენ შენ გვაინტერესებო და არა ამანათის პატრონი, შენი დის და სახლის ტელეფონის ნომერს ვუსმენდითო. ამანათი მას წაართვეს და წაიღეს, თვითონ მიკროავტობუსში შეიყვანეს. 20 წუთის განმავლობაში მიკროავტობუსში ეკამათებოდა პოლიციის თანამშრომლებს მეგრულად. გ-------– თ----------მ უთხრა, თუ ამას არ აიღებ შენ თავზე, დისშვილსაც გვერდით მოგისვამთო, ავტობუსს საბაჟოდან მოვყვებით და თუ არ აღიარებ, საბაჟოს გავლით ნარკოტიკის შემოტანასაც დაგიმატებთო. პოლიციელებმა აჩვენეს მათ გახსნილი კოლოფი, სადაც 2 ბურთულა იდო, რომელშიც ე.წ. ჩეკები აღმოჩნდა. პოლიციელები კამფეტებს მიირთმევდნენ. ეზოში ცუდად ყოფნის გამო მას არ დამართნია კუჭში გავლა. იანვრის თვეში გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეზე ავიდნენ ნათესავები სასაფლაოზე, სადაც შენიშნა დაბურული ავტომანქანა, რომელიც ერთ ადგილზე იდგა მთელი დღე. ის ავტომანქანა დააფიქსირა ასევე მისი დაკავების ადგილზეც. დაკავების შემდეგ თბილისს რომ გამოცდნენ, 14 ჩეკიდან 1 ძალით გადააყლაპეს, მერე კიდევ ერთი ჩასჩარეს პირში. მძღოლმა ჰკითხა გ-------– თ----------ს: 2 ჩეკი გამოაკლდა 14 ჩეკს და რა ვქნათო? გ-------– თ----------მ უპასუხა, 12 ჩეკი გადავანაწილოთო 14 ჩეკადო. წამლისგან მძინარე ჩაიყვანეს ზუგდიდში. ქართული ენა ელემენტარულ დონეზე იცის, მაგრამ სამართალწარმოებისთვის აუცილებელ დონეზე არ იცის. გ-------– თ---------- კარნახობდა ასოებს და ისე დაწერა ქართული ტექსტი. პირდაპირ დააკავეს, ჩხრეკის გარეშე. ჩხრეკა არ ჩატარებულა, ამანათი წაართვეს და ღია მდგომარეობაში მიუტანეს. ეუბნებოდა გ-------– თ----------ს, რომ არ ესმის ქართული, მაგრამ მაინც ქართულად აწერინებდნენ. არც მიკროავტობუსში გაუჩხრეკიათ. ჯიბიდან არ ამოუღია არაფერი. შექმნილი სიტუაციის გამო გახდა ცუდად და ითხოვა ექიმი. ნარკოტიკული შიმშილის მსგავსი ტკივილი ჰქონდა. დაკავებისას ადვოკატი მოითხოვა, მაგრამ უთხრეს, ზუგდიდში რომ ჩავალთ, იქ გავარკვიოთ მაგ საკითხიო. დაკავებამდე 65 ლარი ჰქონდა ჯიბეში და ტელეფონი. 40 ლარი გადაიხადა ამანათის მიღებისას.
ხელწერილის თანახმად, რ----- შ-------მ წერილობითი თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე.
დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ ირკვევა, რომ რ----- შ-------ს გაეცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ.
2017 წლის 17 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელმა გ-------– თ----------მ, დეტექტივ-გამომძიებელმა შ--–-- ჭ-----მ და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ------ ქ-------ამ ჩაუტარეს ჩხრეკა რ----- შ-------ს. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 1535 საათზე, ხოლო დამთავრდა 1545 საათზე. ჩხრეკა მიმდინარეობდა ბუნებრივი განათების პირობებში, მზიან ცივ ამინდში. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარმოდგენაზე რ----- შ-------მ თანხმობა განაცხადა და ჩხრეკის ოქმში გააკეთა მინაწერი ,,მე თან გამაჩნია ნარკოტიკული საშუალება’’. რ----- შ-------ს პირადი ჩხრეკისას ტანთცმული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ე. წ. 14 ჩეკად დაფასოებული მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, რაც წარედგინა პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს, გაიხსნა, დათვალიერდა, შემდგომ დაილუქა და მოთავსებულ იქნა თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში, ლუქზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა რ----- შ-------მ განაცხადა ,,ჩემი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 14 ცალ ჩეკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები არის ჩემი კუთვნილება და იგი მინდოდა პირადი მოხმარების მიზნით’’. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ჩხრეკის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ მ------ ქ-------ა, შ--–-- ჭ-----, გ-------– თ----------, რ----- შ-------.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2017 წლის 17 თებერვალს 1535 საათზე დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ-------– თ----------ს მიერ ქ. თბილისი, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა რ----- შ-------. ოქმის შედგენა დაიწყო 1546 საათზე და დასრულდა 1629 საათზე.
ზ---- ლ--------ს პატაკის მიხედვით, ის ითხოვს 2017 წლის 16-17 თებერვალს თბილისში (დღიური სარგო 2 დღე) ა-----–--- ჭ----------ესთან, შ--–-- ჭ-----სთან, მ------ ქ-------ასთან და გ-------– თ----------სთან ერთად მივლენას. ასევე აღნიშნავს, რომ გადაადგილება განხორციელდება შკოდას მარკის ავტომანქანით სახ. N B------, რისთვისაც ითხოვს 80 ლიტრი ბენზინის გამოყოფას და მერსედესის მარკის მიკროავტობუსით სახ. N V------, რისთვისაც ითხოვს 100 ლიტრი დიზელის გამოყოფას.
სასამართლო არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და რ----- შ-------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დამთავრებისთანავე. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით ან შედგეს ტექნიკური საშუალებით. საგამოძიებო მოქმედების ოქმში ასახული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები, იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისთვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები. სსსკ-ის 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების, ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით.
სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ 2017 წლის 17 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმს, რომლის თანახმადაც რ. შ-------ს შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 14 ჩეკი ნივთიერება, რომელიც გაიხსნა, დათვალიერდა და დაილუქა. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში ბუნდოვანია ჩხრეკის მიმდინარეობის და ჩხრეკის ოქმის შედგენის პროცედურა - როდის შედგა ის, ჩხრეკის მსვლელობის დროს თუ მისი დასრულებისთანავე, მაშინ როდესაც თავად ჩხრეკაში მონაწილე პირების: გ-------– თ----------ს, მ------ ქ-------ას და შ--–-- ჭ-----ს ჩვენების მიხედვით ჩხრეკა დაიწყო ქ. თბილისში, ავტოსადგურის ეზოში მშვიდ ვითარებაში, მაგრამ რ----- შ-------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიეცათ საშუალება ჩხრეკის ნორმალურ ვითარებაში გაგრძელებისა, რის გამოც ჩხრეკა მიკროავტობუსში გააგრძელეს. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ თუ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც სავალალო იყო, პოლიციელთა მხრიდან აუცილებლად გამოძახებული უნდა ყოფილიყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ამასთან შემთხვევის ადგილზე სამედიცინო დახმარების მისვლით მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა ხსენებულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ პოლიციელთა მოქმედებები გასაგები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიდნენ, რომ იქვე არსებულ საპირფარეშოში რ. შ-------ს შეყვანით დაიკარგებოდა ნივთმტკიცება, რომელიც შეიძლებოდა მას ჰქონოდა ტანსაცმელში, ამანათში ან კიდევ სხეულში (კუჭში). კუჭში ნარკოტიკული საშუალების შენახვის შემთხვევაში საპირფარეშოში ნივთმტკიცების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად შეიძლებოდა, რომ რ. შ-------ს მიერ თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებების მიკროავტობუსში დაკმაყოფილება გადაეწყვიტათ, თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც ჩხრეკა მიკროავტობუსშიც შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიკროავტობუსში გაგრძელების შესახებ მითითებულია ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირის ჩვენებებში, რაც ჩხრეკის ოქმში ასახული არ არის.
მოცემულ საქმეზე, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები მიუთითებენ, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ეზოში ჩხრეკა ერთ წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, ხოლო ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკა დაიწყო 1535 საათზე და დასრულდა 1545 საათზე. გაურკვეველია თუ რა მოქმედებები განხორციელდა დასახელებულ საგამოძიებო ოქმში მითითებული 10 წუთის განმავლობაში: შეჩერდა თუ უწყვეტად მიმდინარეობდა ჩხრეკა და მასში მონაწილე პირები იმ დროისთვის რას საქმიანობდნენ. ჩხრეკის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში კი აუცილებელი იყო ხსენებულის მითითება ჩხრეკის ოქმში, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე ჩხრეკის ოქმში ვერ ასახავდა შემთხვევის ადგილზე განხორციელებულ მოქმედებათა საქმის გარემოებათა რეალურ სურათს; ჩხრეკის ოქმის ბუნდოვანი შინაარსის გამო საქმის სასამართლო განხილვის დროს დაუდგენელი დარჩა, როდის შეჩერდა ჩხრეკის პროცესი და როდის განახლდა იგი.
ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება რ----- შ-------საგან ეზოში ამოიღეს და შემდეგ მიკროავტობუსში გაგრძელდა ჩხრეკა, თუმცა ჩხრეკის ოქმში და მოწმეთა ჩვენებებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა გაიჩხრიკა მიკროავტობუსში: რ. შ-------ს შარვლის დარჩენილი ჯიბეები, ამანათის ყუთი, ქურთუკი თუ სხვა რამ, მაშინ როდესაც ჩხრეკაში მონაწილე პირთა ჩვენებების მიხედვით, მიკროავტობუსში ჩხრეკა გაგრძელდა. ზემოაღნიშნულმა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებებში ასევე განაცხადეს, რომ მივიდნენ რ. შ-------სთან, თავი წარუდგინეს და შესთავაზეს ნარკოტიკული საშუალების ნებაყოფლობით წარმოდგენა. მოწმე გ-------– თ---------- მიუთითებს, რომ მას მზა დადგენილება ჰქონდა წაღებული ჩხრეკის ადგილზე, მაგრამ მოწმეები: შ--–-- ჭ----- და მ------ ქ-------ა თავიანთი ჩვენებებში განმარტავენ, რომ მათ უშუალოდ დაინახეს, როგორ შეადგინა ჩხრეკის ადგილას ჩხრეკის დადგენილება გ-------– თ----------მ. რ. შ-------მ ხელწერილიც კი დაწერა ჩხრეკის თანხმობის შესახებ და ჩხრეკის ოქმშიც მიუთითა ნარკოტიკული საშუალების თანქონების თაობაზე.
პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ პირადი ჩხრეკის მიხედვით იგი ჩატარდა ჩვეულებრივ ვითარებაში და რ. შ-------საგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მას შემდეგ, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ამანათის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებ-ები, ბრალდების მხარის ვერსიაშიც გაჩნდა ამანათი, რომელიც არ გაუჩხრეკიათ და არც საქმეს არ ერთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ეტაპზე შეკრებილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ ადასტურებენ არც ამანათის არსებობას და არც ჩხრეკის პროცესში ბრალდების მხარის მოწმეთა მიერ სასამართლოში აღწერილ ვითარებას. მიუხედავად შემთხვევის ადგილზე სხვა პირების, მათ შორის იმ პოლიციელების ყოფნისა, რომელთაც ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღიათ, არც ერთი მხარის დასაკითხ პირთა სიაში არ არიან მითითებულნი, რომლებსაც შეეძლოთ ჩხრეკის დროს განვითარებულ, ბრალდების მხარის მოწმეთა მიერ აღწერილ მოვლენების დადასტურება.
საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ პოლიციის მუშაკთა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებების მიხედვით რ. შ------- დაკავებისას იყო ცუდად, რაც გამოწვეული იყო ამ უკანასკნელის ე. წ. ნარკოტიკული შიმშილის მდგომარეობით. მეორე მხრივ, პოლიციის მუშაკთა ჩვენებებით, რ. შ-------ს ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს შარვლის ჯიბიდან. ამასთან დადგენილია, რომ გამართლებული ავტოსადგურის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე წამის მისული იყო, შემთხვევის ადგილზე იგი მივიდა ავტომანქანით, სადაც მხოლოდ ერთ პირთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელსაც ამანათი გამოართვა და მაშინვე უკან გამობრუნდა. არსებული ამანათი მას ადგილზე არ გაუხსნია. ამდენად, რ. შ-------ს ნარკოტიკული საშუალება ავტოსადგურის ტერიტორიაზე არ მოუპოვებია, ხოლო თუკი მას ეს ნარკოტიკი ნამდვილად შარვლის ჯიბეში ედო, მაშინ ნარკოტიკული შიმშილის მდგომარეობაში მყოფს ამანათის მიღებამდე თავისუფლად შეეძლო გააჩერებინა ავტომანქანა, მოეძებნა მისთვის სასურველი ადგილი და მიეღო ნარკოტიკული საშუალება. ასეთ ვითარებაში საეჭვოა, რომ ნარკოტიკული შიმშილის მდგომარეობაში მყოფი, რომელსაც, ამ მდგომარეობისა და შექმნილი ვითარების გამო, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით, კუჭში გავლის შეუკავებლობა დაემართა და შემდეგ საათების განმავლობაში ტკივილები აწუხებდა, ნარკოტიკებით დადიოდა და არც კი უცდია მის მოხმარება.
მოცემულ გარემოებათა შეფასების პროცესში ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებულია აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, მაშინ, როდესაც სასამართლოზე პოლიციელები მიუთითებენ გაცხადებული საგამოძიებო მოქმედების არაორდინალურ გარემოებებში ჩატარების შესახებ: მსჯავრდებული ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცუდად იყო. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია ასეთ მდგომარეობაში მყოფმა რ----- შ-------მ თუ როგორ დაწერა ჩხრეკაზე ნებაყოფლობითი ხელწერილი. პალატა დამატებით ყურადღებას მიაპყრობს ნეიტრალური მოწმის - ზ----- გ----–---–ის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც რ. შ-------მ მას ფული, რომ გადასცა, რამდენიმე წამში, ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ მას შეატყობინეს რ----- შ-------ს დაკავების შესახებ. რ. შ-------ს რამდენიმე წამში დაკავებას ადასტურებს ასევე მოწმე დ-------ი ლ-----აც. მიკროავტობუსში მსჯავრდებულის მალევე გადაყვანას ადასტურებენ ბრალდების მხარის მოწმეებიც. ასეთ ვითარებაში გამომძიებელს უნდა მოესწრო ერთ წუთში მისვლა, თავის წარდგენა, ინფორმაციის მიწოდება, ნებაყოფლობით წარმოდგენის წინადადების მიცემა, დადგენილების შევსება და ხელის მოწერა, წერილობითი ხელწერილის მიღება, ჩხრეკის ოქმში მინაწერის გაკეთების საშუალების მიცემა და ნარკოტიკის ამოღება. ასევე როგორც ბრალდების მოწმეები თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ ჩხრეკის პროცესში ბრალდებული ცუდად იყო, იდგა ფეხზე და ხელში ეჭირა ამანათი. აღნიშნული გარემოებების მიხედვით ბუნდოვანი და დაუჯერებელია თუ როგორ შეძლო გამართლებულმა კუჭნაწლავიდან შეუკავებლად გამოსული ფეკალური მასით შარვალდასვრილმა, ამანათით ხელში დამდგარ მდგომარეობაში მყოფმა ხელწერილის შედგენა და არსებული ჩხრეკის ოქმზე მინაწერის გაკეთება. რ. შ-------ს ქართულად წერის ცოდნის გათვალისწინებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზემოთ დასახელებულ მოქმედებებთან ერთად დადგენილების შედგენა, საქმეში მოთავსებული ხელწერილისა და ოქმის მინაწერის შედგენაც არასრული ერთი წუთის განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეზოში ჩხრეკას უარყოფენ რ. შ------- და მოწმე დ-------ი ლ-----ა, ხოლო დადგენილებისა და ხელწერილის ეზოში შედგენას საეჭვოს ხდის მოცემული გარემოებები: მოწმე ზ----- გ----–---–ის ჩვენება და თავად ჩხრეკაში მონაწილე პირთა მიერ აღწერილი ვითარება, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინების შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ რ. შ-------ს მიმართ პირადი ჩხრეკის ხსენებულ ეზოში დაწყების პროცედურა საეჭვოა.
ასევე ბუნდოვანი და საეჭვოა პატაკის ოპერატიული ინფორმაციის შედგენის დრო და მისი სამართლებრივი შინაარსი. პატაკთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს ის გარემოებები, რომ პატაკის შედგენის დროისთვის რ. შ------- არ იმყოფებოდა ავტოსადგურში, არ იყო მარტო და ფეხით არ გადაადგილდებოდა, რაც დადასტურებულია რ. შ-------ს და მოწმე დ-------ი ლ-----ას ჩვენებებით, რომ ისინი მთელი დღე ერთად იყვნენ, მოწმე ზ----- გ----–---–ის (ბექატურის თანამშრომლის) ჩვენებით, რომ პირველად სხვა პირმა (დ-------ი ლ-----ა) მოიკითხა ამანათი, მეორედ - რ. შ-------მ, ხოლო ჩხრეკაში მონაწილე მოწმეების: შ--–-- ჭ-----ს, მ------ ქ-------ას და გ-------– თ----------ს ჩვენებებით ირკვევა, რომ რ. შ-------ს დაკავებისას მათთან მივიდა მისი ნათესავი. ასევე პატაკთან ერთად საქმეში არ არის წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათი, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო პატაკის დარეგისტრირების, რეზოლუციის დადების დროები, ამასთან პატაკის შემდეგ საქმეში მოთავსებულია რ. შ-------ს ფოტოსურათიანი ამონაწერი სპეციალური ელექტრონული ბაზიდან, სადაც შემქნის დროდ მითითებულია 2017 წლის 17 თებერვალი, 23:28:28 საათი. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს ეჭვს პატაკის წარმომავლობისა და შედგენის დროის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები პალატას არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ----- შ-------ს ბრალეულობა, გათვალისწინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა რ----- შ-------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v.Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90). ასევე მაგალითად, საქმეზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (Virabyan v. Armenia), განაცხადი no.40094/05, 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 153-154). აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმე პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ ((Popov v.Russia), no. 26853/04), სადაც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მოწმეების: ბრალდებულის მეზობლისა და დურგლის ჩვენებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ის არ არის მოწოდებული დაადგინოს ეროვნულ დონეზე საქმეში არსებული მტკიცებულების რელევანტურობა პირის ბრალეულობისთვის, მაგრამ ამ საქმეზე განაცხადა, რომ ეროვნულმა სასამართლომ პირის ბრალეულობა დააფუძნა წინააღმდეგობრივ მტკიცებულებებს და იმავდროულად, არ გაიზიარა დაცვის მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც ბრალდებულის უდანაშაულობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეეძლოთ მიეწოდებინათ, რამაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე) დარღვევა შეადგინა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტები: 184-189).” საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ რ----- შ-------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი რ. შ-------ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლ---- ფ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რ----- შ------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ნივთმტკიცება: ნარკოტიკული საშუალება მეთადონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
გამართლებულ რ----- შ-------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მარინა სირაძე
ასლი დედანთან სწორია
მოსამართლის თანაშემწე: ა. ტყეშელაშვილი