განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010100115793289
№1/ბ-12-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - რ----- შ----ე
ადვოკატის - დ----- გ------ის
გამართლებულის - მ----- ფ-----ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- ე------ს ძე ფ-----ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 4 ოქტომბერს, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: უკრაინის რესპუბლიკა, ქ. მ-------, 5--- მიკრორაიონი ,,ზ--–---–-’’, სახლი N-, ბინა N-.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით მ----- ფ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ბანდიტიზმი, შეიარაღებული ბანდის ორგანიზება, სახელმწიფო, სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე ასეთ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა, რაც გამოიხატა მასში, რომ ის 1992 წლის დეკემბრის თვეში, დანაშაულებრივად დაუკავშირდა სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაულთა ჩადენისთვის ნასამართლევ პირს - დ----- რ-----ს ძე ა-----ეს და ამ უკანასკნელის წინადადებით გაერთიანდა სახელმწიფო და პირადი ქონების შეიარაღებული თავდასხმების გზით დაუფლების მიზნით, ხელვაჩაურის რაიონის დაბა მ-----------ში დ----- რ-----ს ძე ა-----ის მიერ ჩამოყალიბებულ ბანდიტურ ჯგუფში წევრად, ჯგუფის წევრებთან შეკრა მტკიცე კავშირი და მათთან ერთად შეიმუშავა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გეგმა. ამ დანაშაულებრივი გეგმის საფუძველზე, 1992 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 19 საათზე, იგი ნიღბით სახედაფარული, შეიარაღებული ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით, ნიღბით სახედაფარულ, ბანდიტური ჯგუფის წევრებთან - დ----- ა-----ესთან, მ------ მ-------სთან ჯ------– ჯ--------ესთან, ი---- შ-----------თან და ს-----– გ--------თან ერთად, რომლებიც თავის მხრივ შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და ხელყუმბარებით, თავს დაესხა ქ.ბათუმში, მ-------ის ქუჩა N6-ში მდებარე რ----- ხ--–--–ის ძე ს-----ის საცხოვრებელ სახლს, დასახლებულ პირებთან ერთად შეაღწია სახლში და მის ხელთარსებული ავტომატური იარაღით მოკვლის მუქარით ოჯახის ხუთივე წევრი შეიყვანა სახლის ერთ-ერთ ოთახში, შემდგომ კი ბანდის ზემოთაღნიშნულ წევრებთან ერთად გაჩხრიკა სახლი და გაიტაცა შემდეგი სახის ნივთები და ფასეულობები: 1. დისტანციური ტელეფონის აპარატი ,,SANYO’’, ღირებულებით 200 აშშ დოლარი. 2. პნევმატური რევოლვერი, ღირებულებით 100 აშშ დოლარი. 3. ნუჩაკი შავი ფერის, ღირებულებით 90 აშშ დოლარი. 4. პისტოლეტის მაგვარი სანთებელა, შავი ფერის, ღირებულებით 10 აშშ დოლარი. 5. მამაკაცის ტყავის ხელთათმანი, ღირებულებით 20 აშშ დოლარი 6. მაგნიტოფონი პლეერი ,,სანიო’’, ღირებულებით 60 აშშ დოლარი. 7. ფრანგული სუნამო 5 ცალი ფლაკონი, სულ ღირებულებით 250 აშშ დოლარი. 8. ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ბოღჩის ფორმის, ღირებულებით 1000 აშშ დოლარი. 9. ბრილიანტის ბეჭედი სამთვლიანი, ღირებულებით 800 აშშ დოლარი. 10. ბრილიანტის ბეჭედი ორნამენტიანი, მომრგვალებული ფორმით, ღირებულებით 800 აშშ დოლარი. 11. ოქროს ჯაჭვი 23 გრამი, ღირებულებით 200 აშშ დოლარი. 12. ოქროს ჯაჭვი რვიანისებური ფიგურებით 40 სმ სიგრძის, ღირებულებით 50 აშშ დოლარი. 13. ოქროს წვრილი ჯაჭვი 60 სმ სიგრძის ოქროს ჯვარით, ღირებულებით 100 აშშ დოლარი. 14. ორი წყვილი ბრილიანტის საყურე, თითო ღირებულებით 500 აშშ დოლარი, სულ საერთო ღირებულებით 1000 აშშ დოლარი. 15. ოქროს საყურე ყურძნისებური, მარგალიტის თვლებით, ღირებულებით 50 აშშ დოლარი. 16. ოქროს საბჭოთა მონეტა, ღირებულებით 120 აშშ დოლარი. 17. ოქროს კბილის შალითა, ღირებულებით 40 აშშ დოლარი. 18. ვერცხლისფერი ყელსაბამი თავისი სამაჯურით ძოწის თვლებით, ღირებულებით 300 აშშ დოლარი. 19. ვერცხლისფერი ყელსაბამი თავისი კულონით, ღირებულებით 300 აშშ დოლარი. 20. ვერცხლისფერი საყურე ძოწის თვლებით, თავისი ბეჭდით, ღირებულებით 60 აშშ დოლარი. 21. ვერცხლისფერი საყურე მალახის თვალით, ღირებულებით 20 აშშ დოლარი. 22. ბიჟუტერია ყავისფერი თვლებით, ღირებულებით 20 აშშ დოლარი. 23. გულსაბნევი გედის გამოსახულებით, ღირებულებით 50 აშშ დოლარი. 24. ვერცხლის ბეჭედი თეთრი თვლით, ღირებულებით 15 აშშ დოლარი. 25. ზარდახშა, ღირებულებით 100 აშშ დოლარი. 26. მარმარილოს ზარდახშა, ღირებულებით 20 აშშ დოლარი. 27. სამი ცალი მძივი მარგალიტის თვლებით, სულ ღირებულებით 100 აშშ დოლარი. 28. ფული 13 500 რუსული რუბლი. 29. სერტიფიკატები, 270 000 რუსული რუბლის ღირებულებით. 30. ავტომანქანა ვოლგა-გაზ-24 ღირებულებით 4 500 აშშ დოლარი. სულ 10 375 ამერიკული დოლარისა და 405 000 რუსული რუბლის ქონება. მანვე, რ----- ს-----ის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის პროცესში, მის თანმხლებ ბანდიტური ჯგუფის წევრებთან ერთად, რ----- ს-----ის ოჯახიდან გაიტაცა თურქული წარმოების ცეცხლსასროლი იარაღი-პისტოლეტი 7 ცალი საბრძოლო ვაზნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით მ----- ფ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით (1960 წლის მოქმედი ედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რ----- შ----ემ, რომელიც ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, მ----- ფ-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით (1960 წლის მოქმედი რედაქცია) და სასჯელის 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც დ----- ა-----ე, მ------ მ-------, ჯ------– ჯ--------ე და ი---- შ-----------ი დაზარალებულ რ----- ს-----ის საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებულ თავდასხმაში და საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა დასახელების ნივთებისა და ფასეულობების გატაცებაში იქნენ მსჯავრდებულები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოცემულ ფაქტზე საქართველოს უზენაესი სასმართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია საკმაოდ დიდი დრო, აღნიშნული შესაძლებელია გარკვეულ დაბრკოლებას ქმნიდეს ფაქტების აღქმის კუთხით, თუმცა ეს არ შეიძლება შეფასდეს ბრალდებულის საზიანოდ და ამ განაჩენით არ დასტურდება რ----- ს-----ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისას მ----- ფ-----ის მონაწილეობა. ამასთან, პროკურორი თავის აპელაციაში აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობრივია მსჯელობა, სადაც მითითებულია, რომ საქმის განხილვისას თ----- ჯ--------ის, ი---- შ-----------ისა და დ----- ა-----ის მიერ მიცემული ჩვენებები პირდაპირ არ მიუთითებენ მ----- ფ-----ის ბრალეულობაზე, მაშინ, როცა თ----- ჯ--------ემ და ი---- შ-----------მა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვისას ცალსახად მიუთითეს, რომ მ----- ფ-----ე მონაწილეობდა 1992 წლის 20 დეკემბერს რ----- ს-----ის ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - პროკურორ რ----- შ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მოწინააღმდეგე მხარეს - გამართლებულ მ----- ფ-----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - დ----- გ------ეს, რომლებმაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ----- ფ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ----- ფ-----ის მიმართ წარმოდგენილი არ არის არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მისი სანდოობისა და შესახებობის თვალსაზრისით საკმარისია დასკვნისათვის, რომ გამართლებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960 წლის მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დ----- ა-----ე, მ------ მ-------, ჯ------– ჯ--------ე და ი---- შ-----------ი მსჯავრდებულნი იქნენ 1992 წლის 20 დეკემბერს რ----- ს-----ეს საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებულ თავდასხმაში და საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა დასახელების ნივთებისა და ფასეულობების გატაცებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დ----- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1992 წლის 20 დეკემბერს პირთა ჯგუფთან ერთად რ----- ს-----ის ოჯახში განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა. 1996 წელს გაასამართლეს თვითონ და ის პირები ვინც მასთან ერთად იყნენ. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2010 წელს. მას რ----- ს-----ის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმის დროს ახლდნენ მ------ მ-------, ჯ------–ი ჯ--------ე, თ----- ჯ--------ე, ს-----– გ--------ი და ი---- შ-----------ი - მისი ცოლის ძმა, მ------ ფ-----ის სახელი და გვარიც კი არ იცოდა, რომელიც სანატორიუმ კ---–-----ში გააცნო მ------ მ-------მ. არც ის იცოდა თუ როგორი პიროვნება იყო, ზედმეტს არ საუბრობდა. რ----- ს-----ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის მიზნით მან წაიყვანა ზემოთჩამოთვლილი პირები, მ------ ფ-----ე არ ახსოვს იყო თუ არა მათთან ერთად ყაჩაღური თავდასხმის დროს. რაც შეეხება იმ პერიოდში მიცემულ ჩვენებას, ის დაეთანხმა იმ გარემოებებს, რაც სხვათა ჩვენებებში იყო. მას ჯ--------ის მშობელმაც თხოვეს, დათანხმებოდა, რომ მათი შვილისთვის სასჯელი შეემსუბუქებინათ. ასე მოხვდა ჩვენებებში მ------ ფ-----ე. როგორც ახსოვს მ------ დონბასიდან იყო, სასამართლოში გაიგო მისი სახელი, თორე არ ახსოვდა. ძირითადად მათთან ვინც იყო საქმეებზე, ის ახსოვს, მაგრამ მ------ არ აგონდება. ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და შემდეგ საერთოდ გაქრა. არ ახსოვს და არც ეთანხმება, რომ მ------ ფ-----ე მონაწილეობდა მასთან ერთად ყაჩაღურ თავდასხმაში. რ----- ს-----ის ოჯახზე თავდასხმაზე წინასწარ მოილაპარაკეს სანატორიუმ „კ---–-----ში“ სადაც შედგა შეხვედრა, მ------ ფ-----ე კი ადასტურებს, რომ გააცვნეს, მაგრამ არ იცის იყო თუ არა მასთან იმ დროს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ----- ჯ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ ფ-----ეს იცნობდა ბავშვობიდან, რომელიც ბათუმში ჩამოდიოდა დასასვენებლად. მ------ უკრაინაში ცხოვრობდა. რ----- ს-----ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში ერთად იყვნენ, სხვა ეპიზოდებში მ----- ფ-----ეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ის მალე წავიდა და მის შემდეგ აღარც უნახავს. მოწმის განმარტებით იგი სასჯელისაგან გათავისუფლდა 2005 წლის 17 იანვარს. მ----- ფ-----ესთან რაიმე სახის კონტაქტი არ ჰქონია, რომელსაც მ------ ფ-----ედ იცნობდა, როცა გამოიძახეს მაშინ გაიგო, რომ მ-----ი იყო მისი სახელი. მანამდე ამ სახელით არც იცნობდა. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული თ----- ჯ--------ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 1992 წლის დეკემბერში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, პანსიონატ „კ---–-----ს“ ერთერთ ნომერში შეიკრიბნენ, სადაც დ----- ა-----ეს საუბარი ჰქონდა მ------ მ-------სთან, ვანო შ-----------თან, მ------ ფ-----ესთან და ჯანო ჯ--------ესთან. დ----- ა-----ემ ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან ერთად მოილაპარაკა ერთერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, კონკრეტულად არ იყო ცნობილი თუ რომელ ოჯახზე ამბობდა. რამდენიმე დღის შემდეგ დავთ ა-----ისაგან გაიგო, რომ დაყაჩოღების მიზნით თავს დაესხნენ რ. ს-----ის ოჯახს, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ი---- შ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქმის მასალებში რაც არის მითითებული ეთანხმება. მ------ ფ-----ე რ----- ს-----ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა ერთ ეპიზოდში, სხვა დროს სხვა თავდასხმებისას არა. ამის შემდეგ მ------ ფ-----ე არ უნახავს. რ----- ს-----ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმის დროს თავად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და მ------ ფ-----ეს რა სახის და საერთოდ იარაღი ჰქონდა თუ არა, არ იცის. იმ პერიოდში მიცემული ჩვენება ახოვს, არ ახსოვს თარიღები და დრო. რაც შეეხება ი---- შ-----------ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 1995 წელს გასამართლებული იყო ბანდიტური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. მასთან ერთად გასამართლებულნი იყვნენ დ----- ა-----ე, მ------ მ-------, ჯ. ჯ--------ე და დ----- ა-----ის ბანდიტური ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა ვინაობებიც ამჟამად არ ახსოვს. დ----- ა-----ის ბანდიტური ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულებში მან მონაწილეობა პირველად მიიღო 1992 წლის დეკემბრის თვის ბოლოს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ქ.ბათუმში, პიონერთა პარკთან ახლოს. აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობა მას შესთავაზა დ----- ა-----ემ, შეთანხმება შედგა დაბა მ-----------ში, სანატორიუმ ,,კოლხეთის’’ ერთ-ერთ ნომერში. ამ საუბარს ესწრებოდნენ თვითონ, დ----- ა-----ე, მ------ მ-------, ჯ. ჯ--------ე, იქ იყო ასევე ვიღაც მ------, რომელიც პირველად დაინახა. ამ საუბრიდან 2-3 დღეში მათ ჩაიდინეს ზემოაღნიშნული ყაჩაღობა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ს-----– გ--------ის თეთრი ფერის მოსკვიჩით, თუმცა ს-----– გ--------ს დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია. მას არ ახსოვს ამ დანაშაულში რა როლი შეასრულა ხსენებულმა მ------მ, რომელსაც ის არ იცნობდა. ასევე არ იცის ვინ მიიყვანა იგი მათ ჯგუფში, არ იცის მისი გვარი და ასევე მ------ არის თუ არა მისი ნამდვილი სახელი. მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ შეძლებს აღნიშნული პირის - მ------ს ამოცნობას.
დაზარალებულის - რ----- ს-----ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 1992 წლის ნოემბერში, რიცხვი არ ახსოვს, მისი სახლის კარები გააღო და აპირებდა სახლში შესვლას, რა დროსაც მას თან შეყვა ხუთი მამაკაცი. ისინი იყვნენ შეიარაღებულები და სახეზე ნიღბები ჰქონდათ აფარებული. ისინი იარაღის მუქარით ითხოვდნენ თანხას და ძვირფასეულობას. რამოდენიმე ხანში თუ რამე ძვირფასეულობა იყო სახლში ზოგი თვითონ მისცეს, ზოგიც თავისით იპოვეს და ყველაფერი წაიღეს. ბოროტმოქმედებმა თან წაიყვანეს მისი კუთვნილი გაზ-24-ის მარკის ავტომანქანა, რომელიც სამი დღის შემდეგ დაუბრუნეს, ისინი ისე წავიდნენ სახლიდან, რომ მათთვის უცნობი იყო მათი ვინაობა და ის, თუ საიდან მოვიდნენ.
ს---–---- ფ-----ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მ------ ფ-----ე არის მისი ძმისშვილი, მისი ნამდვილი სახელია მ-----ი. ის 1992 წლიდან საქართველოში არ ჩამოსულა, არც მისი და მისი ოჯახის წევრების ზუსტი მისამართი არ იცის. ისინი ათეულობით წელია უკვე წასულები არიან საქართველოდან, მხოლოდ ის იცის, რომ მ----- ფ-----ე იძებნება.
მ------ მ-------ს მიერ წინასწარი გამოძიების დროს მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 1992 წლის დეკემბრის თვეში დ----- ა-----ესთან შეთანხმებით მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა რ----- ს-----ის ოჯახზე, ვინაობა ფაქტის შემდეგ შეიტყო, მ------ ფ-----ე მათთან ერთად იყო და მონაწილეობდა თავდასხმაში. მ------ მ-------მ წინასწარი გამოძიების დროს ასევე აჩვენა, რომ დ----- ა-----ე თავაზობდა მას საქმეში მიეღო მონაწილეობა. რაზეც იძულებული გახდა დათანხმებოდა. მხოლოდ თავდასხმის დღეს შეკრებისას სხვა პირებთან ერთად იყო მისთვის უცნობი, სახელად მ------. შეიარაღდნენ მაგრამ ვერ იხსენებს ყველას ჰქონდა თუ არა იარაღი, თავად შესასვლელში დარჩა და როგორც ახსოვს სახლში დ----- ა-----ესთან ერთად შევიდა მისთვის უცნობი მ------. იქედან წამოსულებს დაცილდა დ-----ა ა-----ე და მისთვის უცნობი პირიც, შემდეგ გაიგო, რომ ავტომანქანა და ძვირფასეულობა დააბრუნეს.
აწ გარდაცვლილი ჯ------– ჯ--------ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 1992 წლის დეკემბერში დ----- ა-----ესთან ჰქონდა საუბარი, რა დროსაც მან უთხრა, რომ საჭირო იყო ერთი პირის დაშინება იმ მიზნით, რომ დაებრუნებინა ვალი. ორი თუ სამი დღის შემდეგ ა-----იემ დაიბარა მასთან სახლში სადაც დახვდა ი---- შ-----------ი, ს-----– გ--------ი და თ----- ჯ--------ე, სახლში გაჩერდენ დაახლოებით 5 წუთი. თვითონ ი----სთან ერთად წავიდა გ--------ის ავტომანქანა „მოსკვიჩით“, დაბნელებული იყო როცა გ--------მა მოიყვანა დ. ა-----ე, მ------ მ------- და მისთვის უცნობი პირი მ------. ის მათთან ერთად იყო სახლში შემოსული, მანამდე არ იცნობდა და არც შემდეგ უნახავს.
2015 წლის 28 მარტის დადგენილებით პიროვნების დაზუსტების შესახებ, დადგენილია, რომ აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე N262/95, მ------ ფ-----ისა და სხვათა მიმართ, დანაშაულში გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (ძველი რედაქცია) საქმის მასალებით მთელ რიგ დოკუმენტებში, კერძოდ მოწმეთა დაკითხვებში, დადგენილებაში პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დადგენილებაში პირის მიმართ ძებნის გამოცხადების თაობაზე და სხვა საბუთებში ფიგურანტად მოხსენიებულია მ------ ე------ს ძე ფ-----ე.
2015 წლის 27 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან მიღებული იქნა ამონაწერით ,,დაბადების აქტის ჩაწერის ჟურნალიდან’’, დასტურდება, რომ საქმეში გამავალი ფიგურანტის ნამდვილი სახელია მ-----ი და იგი აღნიშნულ ჩანაწერში რეგისტრირებულია როგორც ფ-----ე მ----- ე------ს ძე. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ირკვევა, რომ მასში გამავალი ერთ-ერთი ფიგურანტი მ------ ე------ს ძე ფ-----ე ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტებით არის მ----- ე------ს ძე ფ-----ე და საქმეში შემდგომი გამოძიებისას იგი მოხსენიებული უნდა იქნეს, როგორც მ----- ე------ს ძე ფ-----ე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ----- ფ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სასამართლოში მხოლოდ მოწმეთა ნაწილის დაკითხვა განხორციელდა მხარეთა მონაწილეობით. სასამართლოში საქმის განხილვისას ჩვენება მისცა თ----- ჯ--------ემ, ი---- შ-----------მა და დ----- ა-----ემ, რომელთა ჩვენებების ანალიზიდან გამომდინარე უტყუარად ვერ დასტურდება მ.ფ-----ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ, აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორს - დ----- ა-----ეს არ ახსოვს 1992 წლის დეკემბრის თვეში რ----- ს-----ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს მ------ ფ-----ე იყო თუ არა მათთან ერთად; მოწმე თ----- ჯ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იცნობდა მ------ს, რომლიც ჩამოდიოდა ბათუში დასასვენებლად, აღნიშნულ დღეს ერთად იყვნენ რ----- ს-----ის ოჯახში, მაგრამ არ იცის რა ფუნქცია ეჭირა რ. ს-----ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს; ხოლო მოწმე ი---- შ-----------ი თავის ჩვენებაში აცხადებს, რომ რ----- ს-----ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისას მ------ ფ-----ეც იღებდა მონაწილეობასო, ამასთან იგი სრულად დაეთანხმა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას სადაც განმარტავს, რომ არ იცის მ------ს ნამდვილი გვარი და არ შეუძლია მისი ამოცნობა.
რაც შეხება დაზარალებულის რ----- ს-----ის, ს---–---- ფ-----ის, ჯ------– ჯ--------ის, მ------ მ-------ს ჩვენებები ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა საჯაროდ, რომლის მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოებები, რომ ს---–---- ფ-----ე და დაზარალებული ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდნენ სხდომაზე გამოცხადებას, ხოლო ჯ------– ჯ-------ე გარდაცვლილია, მ------ მ-------ს კი დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორია;
პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება მ----- ფ-----ის მიერ ბანდის ხელმძღვანელობა ან ორგანიზება. ასევე არცერთი მოწმის მიერ მიცემულ, არც სასამართლოში და არც წინასწარი გამოძიების დროს ჩვენებებში არ არის მითითებული მ----- ფ-----ის როლი, ფუნქცია ან რაიმე ისეთი გარემოება (მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღით იყო თუა არა შეიარაღებული აღნიშნული ყაჩაღური თავდასხმის დროს) რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. ნიშანდობლივია, ასევე ის გარემოებაც, რომ არცერთი მოწმე არ იცნობს მ----- ფ-----ეს, ისინი მოიხსენიებენ ვინმე მ------ს და მ----- ფ-----ის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, როცა სასამართლოში გამოიძახეს ხსენებულ საქმეზე ჩვენებების მისაცემად.
ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია იმას, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რითაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ვინმე ,,მ------”, თუ ის ხსენებულ ყაჩაღურ თავდასხმაში ღებულობდა მონაწილეობას, სინამდვილეში მ----- ფ-----ე იყო.
რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენს, ის ადგენს, მხოლოდ, რომ დ----- ა-----ემ 1992 წლის დეკემბრის თვეში უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა ბანდიტურმა ჯგუფმა, ჩაიდინა რ. ს-----ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა; ასევე იგივე განაჩენი ადგენს, რომ რ----- ს-----ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა ჩაიდინეს მ------ მ-------მ, ჯ------– ჯ--------ემ და ი---- შ-----------მა; აღნიშნული განაჩენით არ დასტურდება და ვერც დადასტურდებოდა მ----- ფ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი;
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საქმის სასამართლოში განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, ამ მტკიცებულებათა წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი მოწმეთა არსებული ჩვენებები არ არის უტყუარი და დამაჯერებელი, ამასთან საქმეში არ მოიპოვება სხვა წონადი და შემავსებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაც მ----- ფ-----ის ბრალეულობას დაადასტურებდა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 496-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ მ----- ფ-----ემ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო მ. ფ-----ე უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი მ----- ფ-----ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების და პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლით, 546-ე, 547-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი მ----- ფ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
მ----- ფ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით (1960 წლის მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს მ----- ფ-----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
მ----- ფ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე