განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/426-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ანა გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე;
აპელანტი - ბ----- კ-----–---ია;
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-- პ--------–---- ჯ------ია“;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება;
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება.
2.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელე შპს „ს-- პ--------–---- ჯ------იას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს მოპასუხე ბ----- კ-----–---იას სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში, გაზეთ „ალიას“ მე-5 გვერდზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი სახით ცნობის გამოქვეყნება:
სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 29 იანვარს გაზეთ „ალიაში“ №1------- შპს „ს-- პ--------–---- ჯ------იას“ („გ--–--ის“) შესახებ ბ----- კ-----–---იას მიერ გამოთქმული შემდეგი განცხადებები -- „...ყველაზე მეტ საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს „გ--–--ი“ ყიდდა, თუმცა საზღვარსა და საბაჟოზე არ იყო დაფიქსირებული, რომ ამ კომპანიას ამდენი პროდუქტი შემოჰქონდა...“; „...საბაჟო აფიქსირებდა „გ--–--ის“ მიერ შემოტანილი ნავთობპროდუქტების მცირე რაოდენობას, დავუშვათ, 30%-ს იმისას, რაც რეალურად შემოჰქონდა, დანარჩენი 70% კი არსად არ ფიქსირდებოდა, არც საბაჟოზე და არც სხვაგან...“ „..შპს „ს-- პ--------–---- ჯ------იას“ საბაჟოს გვერდის ავლით, შემოჰქონდა კონტრაბანდული ნავთობპროდუქტები და მერე ამ კონტრაბანდულ პროდუქტს ყიდდა „გ--–--ი“ და რადგან ეს ამხელა საწვავი არსად არ იყო დაფიქსირებული, არც ბიუჯეტში იხდიდა თანხებს არალეგალურად შემოტანილი საქონლის რეალიზაციიდან...“ „..შპს „ს-- პ--------–---- ჯ------ია“ უზარმაზარ თანხას უმალავდა ბიუჯეტს...“ „..შპს „ს-- პ--------–---- ჯ------იამ“ ძალადობით ჩაიგდო ხელში „ს----ას“, „მ------ის“, „ე---ს“ და სხვა კომპანიების ბენზინგასამართი სადგურები...“ --- არის ცილისწამება და არ შეესაბამება სინამდვილეს.
2.1.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
მოპასუხე ბ----- კ-----–---იას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 29 იანვარს გაზეთ „ალიას“ №1------- ნომერში, მე-5 გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „რას აღმოაჩენენ „გ--–--ში“ და გავა თუ არა გამოძიება კ-------–---–ზე“, რომელშიც კორესპონდენტმა - ბ----- კ-----–---იამ შპს „ს-- პ--------–---- ჯ------იას“ („გ--–-- ო--– ი---------–----–ის“ ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში) შესახებ გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებები, კერძოდ:
„ყველაზე მეტ საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს „გ--–--ი“ ყიდდა, თუმცა საზღვარსა და საბაჟოზე არ იყო დაფიქსირებული, რომ ამ კომპანიას ამდენი პროდუქტი შემოჰქონდა“; „საბაჟო აფიქსირებდა „გ--–--ის“ მიერ შემოტანილი ნავთობპროდუქტების მცირე რაოდენობას, დავუშვათ 30%-ს იმისას, რაც რეალურად შემოქონდა, დანარჩენი 70% კი არსად არ ფიქსირდებოდა, არც საბაჟოზე და არც სხვაგან“;
ასევე ჟურნალისტის შეკითხვაზე: გამოდის, რომ კონტრაბანდული ნავთობპროდუქტები შემოჰქონდა? ბ----- კ-----–---ია პასუხობს: „კი არ გამოდის, ასეა, რადგან საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნებისმიერი იმპორტული საქონელი კონტრაბანდაა. მერე ამ კონტრაბანდულ პროდუქტს ყიდდა „გ--–--ი“ და რადგან ეს ამხელა საწვავი არსად არ იყო დაფიქსირებული, არც ბიუჯეტში იხდიდა თანხებს არალეგალურად შემოტანილი საქონლის რეალიზაციიდან“;
ასევე ჟურნალისტის შეკითხვაზე: „სავარაუდოდ, რა ოდენობის თანხას უმალავდა „გ--–--ი“ ბიუჯეტს?“ ბ----- კ-----–---ია პასუხობს: „2011-2012 წლებში „გ--–--ი“ ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო და ცხადია, უზარმაზარ თანხას დამალავდა იმ სქემით, რაც მოგახსენეთ. სავარაუდოდ, მინიმუმ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე უნდა იყოს ლაპარაკი, შესაძლოა, რამდენიმე ასეულ მილიონსაც“; და ბოლოს, „ყველამ კარგად ვიცით, ძალადობით როგორ ჩაიგდო ხელში „ს----ას“, „მ------ის“, „ე---ს“ და სხვა კომპანიების ბენზინგასამართი სადგურები“.
მოსარჩელის განმარტებით, ბ----- კ-----–---იამ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, როგორც „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ პრეზიდენტმა. მოსარჩელემ მოპასუხისაგან აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა წერილობითი შეტყობინებით, თუმცა აღნიშნულ შეტყობინებას რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნული შეტყობინება მოპასუხეს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტით.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და გააკეთა დასკვნა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას, ამასთან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ე.წ. ცილისწამებლური ინფორმაციის უარყოფა. ასეთ დავაში მნიშვნელოვანი სწორედ ის ფორმულირებაა, თუ რის უარყოფას ითხოვს მოსარჩელე და რა სახით. ვინაიდან, შეიძლება მოპასუხეს შეიძლება სრულიად განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს სხვადასხვა ფორმულირების მიმართ, თუნდაც მცირედი ცვლილება შეიძლება ასეთ დავაში მოპასუხისთვის სრულიად გადამწყვეტი იყოს. მოსარჩელე მხარემ არა მარტო დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რაც როგორც აღვნიშნე მიუღებელია, არამედ ასევე დააზუსტა განცხადების სადავო ნაწილი, შეცვალა ფორმულირება, რომლის უარყოფასაც მოითხოვდა. დავის ხასიათიდან გამომდინარე, მოსამართლეს აუცილებლად უნდა ეკითხა მოპასუხის მოსაზრება აღნიშნული ცვლილების განხორციელების შესახებ. თუ კი გამოტანილ იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მასში არ უნდა ასახულიყო მოსარჩელის მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და არც შეცვლილი ფორმულირება, არამედ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ და ზუსტად იმ სახით, როგორც იგი თავდაპირველად იქნა წარმოდგენილი და როგორც ეს მოპასუხისთვის იყო ცნობილი. აღნიშნული გარემოებების გამო ვფიქრობ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით არასწორად მეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს იყო თუ არა მოწვეული მოპასუხე კანონით დადგენილი წესით და და ეცნობა თუ არა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:
დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს ს--ქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.
შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულატიურად არსებობს რამდენიმე პირობა, ესენია: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სწორად; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.
აპელანტს ეცნობა სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. საქმეში მოთავსებულია სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ ხელმოწერილი სატელეფონო აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 13 აპრილს ესაუბრა მოპასუხე ბ----- კ-----–---იას და შეატყობინა, რომ 2017 წლის 30 მაისს 16:00 საათზე გაიმართებოდა მოსამზადებელი სხდომა. სატელეფონო შეტყობინების ჩანაწერით ასევე დასტურდება, რომ მხარეს განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები, კერძოდ, განემარტა, რომ გამოუცადებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა გამოტანილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება და მხარისათვის ცნობილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ სამართლებრივ დასკვნას: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
2017 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და ადგილი არ ჰქონია სარჩელის არც ფაქტობრივი საფუძვლების ან/და დავის საგნის (მოთხოვნის) შეცვლას/გადიდებას. პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ სიტყვების ცვლილება ნიშნავს სასარჩელო მოთხოვნის შეცვლას ან გაზრდას და ამ გზით მოპასუხის უფლებების დარღვევას. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალების იმავე ფორმით, გაზეთ "ალიას" მე-5 გვერდზე განთავსებით, გამოექვეყნებინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში მოპასუხე აცხადებს, რომ კონკრეტული, სარჩელით სადავო განცხადებები არის ცილისწამება და არ შეესაბამება სინამდვილეს. სადავო განცხადებები კონკრეტულად არის მითითებული სარჩელის იმ გრაფაში, სადაც სასარჩელო მოთხოვნებია ჩამოყალიბებული.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
შესაბამისად, მოპასუხე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად იყო ინფორმირებული, როგორც სასამართლო სხდომის თარიღისა და გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე, ასევე მას დროულად ეცნობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი არ ყოფილა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ----- კ-----–---იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა გოგიშვილი