განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210019002592586
საქმე №2/ბ-278-2019
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები : თამარ სვანიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ირმა პერანიძე, სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ვ-–-------------–--
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს ,,ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
ვ-–-------------–--მ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სს ,,ლ-------------ის“ მიმართ და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება ითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით:
2014 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელეს დაენიშნა სახელმწიფო პენსია, რომელსაც იღებდა სს ,,ლ-------------ის“ ოზურგეთის ფილიალის მეშვეობით.
2----–-–---------------- და 2----–-–----------- ისარგებლა სოციალური ავანსით, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო პენსიაზე არა უმეტეს 50%-ის ჩამოჭრით. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ხელშეკრულებები შედგენილი იყო კანონდარღვევით, თუმცა, მისი პრეტენზიები სს ,,ლ-------------ის“ ხელმძღვანელობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დეპარატამენტის მიერ არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 11 აპრილს ბანკის ფილიალში შეატყობინეს, რომ პენსია ისევ არ დაერიცხებოდა, მიღებული სტრესის გამო რამდენიმე საათში მიიღო გულის შეტევა და აღმოჩნდა რეანიმაციაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ქ.ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. გაუკეთდა გულის შუტირება. ფაქტობირივად გახდა ინვალიდი ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ნერვიულობის გამო, ორჯერ ისევ იქნა მოთავსებული რეანიმაციის განყოფილებაში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
ინფარქტის გამომწვევ მიზეზად ითვლება ძირითადად ფინანსური სირთულეები, სამსახურთან დაკავშირებული სტრესები, გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობის კონფრონტაცია ან ფიზიკური ტრამვები. 2014 წლიდან, კერძოდ პენსიის დანიშვნის შემდეგ, იგი არ მუშაობს, არ არის კონფლიქტური და გარშემომყოფ ადამიანებთან არავითარი სტრესული სიტუაციები არ ჰქონია. მისი მითითებით ნებისმიერი ექსპერტი დაასაბუთებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეული იყო ბანკთან ურთიერთობით.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მისი მარწმუნებლის მიერ სს ,,ლ-------------თან’’ ხელშეკრულება გაფორმებული იყო კანონდარღვევით, რომ ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო პენსიიდან მხოლოდ 50%-ის ჩამოჭრით, რაც დარღვეული იქნა ბანკის მიერ, აღნიშნული ქმედებით ვ-–-------------–--მ მიიღო სტრესი და დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მოპასუხის პოზიცია:
სს ,,ლ-------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, 2----–-–---------------- სს ,,ლ-------------სა’’ და ვ-–-------------–--ს შორის გაფორმდა სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვ-–-------------–--მ ავანსის სახით მიიღო - 1125 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის მომსახურების საკომისიო - ავანსის მოცულობის ძირითადი თანხის 2.22%, მოქმედების ვადა - 18 თვე. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, ვლადიმერ თელიამ აიღო ვალდებულება ავანსის გაცემის შემდეგ მის ანგარიშზე ჩარიცხული სოციალური სარგოს თანხებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურაფდ სესხის დასაფარად მიმართულიყო - 150 ლარი, ხოლო მომდევნო 15 თვე კი - 75 ლარი. ვ-–-------------–-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდებს ახორციელებდა მხოლოდ 2015 წლის ივნისის თვემდე. 2015 წლის 18 ივლისს ისარგებლა პარალელური ავანსით, კერძოდ, კვლავ აიღო წინსწრებად პენსია 488.76 ლარის ოდენობით, ისე რომ ჯერ სრულად არ ჰქონდა შესრულებული 2----–-–---------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2015 წლის 19 ნოემბერს ვ-–-------------–--მ ისევ ისარებლა პარალელური ავანსით და აიღო სესხის სახით 182.86 ლარი.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, რაც შეეხება 2----–-–----------- გაფორმებულ სოციალური ავანსის ხელშეკრულებას, ვ-–-------------–--მ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ავანსის სახით მიიღო 1469 ლარი, 36 თვის ვადით, სესხის დაფარვა უნდა განეხორციელებინა ყოველთვიურად 80 ლარის გადახდით. გადახდებს ახორციელებდა 2016 წლის აგვისტოს თვემდე, 2016 წლის 19 აგვისტოს კი ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2----–-–----------- გაფორმებულ ხელშეკრულებაში, გაზარდა სესხის თანხა 2720 ლარამდე და შეცვალა გადახდის წესი, კერძოდ 3 თვის ვადით გადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბერის, ოქტომბერისა და ნოემბერის გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2016 წლის დეკემბერის 2017 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში, თუმცა 2016 წლის დეკემბერს, 2017 წლის იანვარს და თებერვალს ისევ მიმართა ბანკს გადავადების მოთხოვნით. ამდენად, მისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ 2017 წლის მარტის, აპრილსა და მაისის თვეებში ვერ შესძლებდა პენსიით სარგებლობას, რადგან თავისივე მოთხოვნის საფუძველზე იყო გადახდები გადავადებული.
მოსარჩელე მხარეს, რომ ესარგებლა მხოლოდ იმ სესხებით, რომელიც თავად აქვს სარჩელში მითითებული, 2----–-–---------------- სესხი უნდა დაფარული ყოველთვიურად 75 ლარით, ხოლო 2016 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება კი ყოველთვიურად 80 ლარის გადახდით, თუმცა იგი იღებდა პარალელურად სესხებს, რაც წარმოშობდა დამატებით ვალდებულებებს.
უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება მასზედ, თითქოს მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდა 2017 წლის 11 აპრილს ბანკის ფილიალში შეტყობინება, რომ პენსია არ დაერიცხებოდა და მიღებული სტრესის გამო მოათავსეს საავადმყოფოში. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ეწინააღმდეგება მის მიერ სარჩელში მოყვანილ ფაქტებს. კერძოდ, 2017 წლის 12 აპრილს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს გაცემულ ცნობაში ჯანმრთელობის შესახებ მითითებულია, რომ მოსარჩელე მოიხმარდა თამბაქოს, წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნებოდა ტკივილი გულმკერდის არეში და არარეგულარულად იღებდა პრეპარატებს. 2017 წლის 09 ოქტომბერს შპს "B-------" გაცემულ ცნობაში ჯანმრთელობის შესახებ აღნიშნულია, რომ პაციენტის რისკ ფაქტორებს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება. ამ გარემოებას ადასტურებს, ასევე 2017 წლის 09 ოქტომბრის ცნობაც. ამდენად, არ იკვეთება არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სს "ლ-------------ის" ქმედებასა და ვ-–-------------–--ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შორის.
რაც შეეხება, სარჩელზე წარმოდგენილ გაანგარიშებას, რომელიც შეეხება წამლების ფასს, არ ერთვის მკურნალი ექიმის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული დანიშნულების ფურცელი. თავად ჩამონათვალი არ არის ხელმოწერილი, გაუგებარი და ბუნდოვანია მასზე მითითებული ფასები, რის მიხედვით არის დაანგარიშებული. ასევე, სარჩელს არ ერთვის გადახდის ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ ვ-–-------------–--მ აღნიშნული ხარჯები ნამდვილად გასწია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ არის ზიანის მოთხოვნის არანაირი სამართლებრივ საფუძველი და მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით: ვ-–-------------–--ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2-----–-–-----------------ს ვ-–-------------–--სა და სს ,,ლ--------------ს'' შორის გაფორმდა N------- სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვ-–-------------–--მ ავანსის სახით მიიღო 1125 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის მომსახურების საკომისიო - ავანსის მოცულობის ძირითადი თანხის 2.22% თვეში, მოქმედების ვადა - 18 თვე.
2----–-–---------------- N------- სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მსესხებელმა ვ-–-------------–--მ აიღო ვალდებულება ავანსის გაცემის შემდეგ მის ანგარიშზე ჩარიცხული სოციალური სარგოს თანხებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად სესხის დასაფარად მიმართულიყო - 150 ლარი, ხოლო მომდევნო 15 თვე კი - 75 ლარი ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე. ამავე ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, რომ ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ: 4.8.1. განახორციელოს ბანკში კლიენტის ანაგარიშზე არსებული თანხების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება. 4.8.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ბანკში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ავანსის გადასახდელი, ავანსის მომსახურების საკომისიო, პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის ანაზღაურების თანხები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების ან/და სხვა ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.
2----–-–---------------- N5089189660 გასავლის ორდერის თანახმად, ვ-–-------------–--მ პირადი ანგარიშიდან გაიტანა, 2014 წლის 27 ნოემბერის სს ,,ლ-------------თან'' გაფორმებული N------- სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული თანხა - 1125 ლარი.
დადგენილია, რომ 2----–-–----------- ვ-–-------------–--სა და სს ,,ლ-------------ს'' შორის გაფორმდა N-------- სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვ-–-------------–--მ ავანსის სახით მიიღო 1469 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის საკომისიო - ავანსის გაცემის მომენტში დადგენილი ძირითადი თანხის 2.67%, მოქმედების ვადა - 36 თვე. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად შეამციროს ფინანსური ვალდებულება 80 ლარის გადახდით. ამავე ხელშეკრულების 4.7. პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კლიენტი აცხადებს თანხმობას, ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ: 4.7.1. განახორციელოს ბანკში კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება 4.7.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ბანკში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ავანსის გადასახდელი, ავანსის მომსახურების საკომისიო, პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის ანაზღაურების თანხები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების ან/და სხვა ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.
2----–-–------------------------ გასავლის ორდერის თანახმად, ვ-–-------------–--მ პირადი ანგარიშიდან გაიტანა, სს ,,ლ-------------თან'' გაფორმებული N-------- სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული თანხა - 430.19 ლარი.
2-----–-–------------------ ვ-–--------------–--- და სს ,,ლ--------------ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2----–-–----------- გაფორმებულ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებაში, ვ-–-------------–--მ გაზარდა სესხის თანხა 2720 ლარამდე, შემდეგი პირობებით: ავანსის მოქმედების ვადად განისაზღვრა - 36 თვე, ავანსის ყოველთვიურად დასაფარი თანხა განისაზღვრა - 80 ლარით, შეიცვალა გადახდის წესი, სამი თვის ვადით გადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვარისა და თებერვლის თვეებში.
2017 წლის 12 აპრილს ქ.ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, კერძოდ ფორმა N100 თანახმად, ვ-–-------------–--ს დადგენილი აქვს დიაგნოზი - გ.ი.დ. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (I21.4) არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) (10) კორონაროგრაფია FNDCIA. ამავე ცნობით მოკლე ანამნეზი: პაცინეტი უჩივის მცირე ინტენსივობით მოჭერითი ხასიათის ტკივილს სუბსტერნულად, ანამნეზით რისკ-ფაქტორებია - ასაკი, სქესი, თამბაქოს მოხმარება, არტერიული ჰიპერტენზია, წლებია პერიოდულად აღნიშნავს ტკივილს გულმკერდში მოსვენებულ მდგომარეობაში. კარდიოგრაფიული დასკვნა - FNDCIA კორონალური არტერიები დიფუზურად, ათეროსკლეროზულად მნიშვნელოვნად დაზიანებულია, გამოვლინდა მრავალსისხლძარღვოვანი დაავადება, მათ შორის წინა დაღმავალი არტერიის ოკლუზია.
2017 წლის 11 მაისს შპს ,,თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის'' მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ვ-–-------------–--ს დადგენილი აქვს დიაგნოზი: ძირითადი დაავადება: კ.ა.დ. არასტაბილური სტენოკარდია I20.0 გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი I25.2 კორონაროგრაფია (10.05.17) FNDCIA, კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით (11.05.17) FNSGO5, თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია II ESC/ESN 110, გართულებები: გ.ქრ.უ NYHA II,150.0, აღნიშნული ცნობის მოკლე ანამნეზის თანახმად: პაციენტს რამდენიმე წელია აღენიშნება არტერიული წნევის ციფრების მატება 200/100 mmhg, ბოლო რამოდენიმე დღეა ტკივილი რეტროსტერნალურად აღმოცენდა მოსვენებულ მდგომარეობაში, აღენიშნებოდა მოხრჩობის შეგრძნება;
2017 წლის 09 ოქტომბერს შპს ,,B------S''-ის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ვ-–-------------–--ს დადგენილი აქვს დიაგნოზი - გულის ქრონიკული იშემიური დაავადება (I25.0), არტერიული ჰიპერტენზია III ESC/ESH (I10.) და მწვავე ბრონქიტი (J40), მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი (2017წ. I25.2), ჩაუტარდა აორტი-კორონარული შუნტირება;
2017 წლის 17 ოქტომბრის N--- ანგარიშ ფაქტურის თანახმად, პაციენტმა ვ-–-------------–--მ გულის იშემიური ავადმყოფობა / FNDCIA - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია, გადაიხადა - 186.25 ლარი.
2017 წლის 30 ნოემბერს N--- ანგარიშ ფაქტურის თანახმად, პაციენტმა ვ-–-------------–--მ გულის იშემიური ავადმყოფობა / FNSA - მარჯვენა გულმკერდის არტერიიდან კორონარულ არტერიებთან შეერთება, მიდგმა/FNSA - აორტო- კორონარული ვენური შუტირება FNSA - მარჯვენა გულმკერდის არტერიიდან კორონარულ არტერიებთან შეერთება, მიდგმა, გადაიხადა - 2041.75 ლარი თანადაფინანსებით;
საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 08 ივნისის N2-18/2216 წერილით ვ-–-------------–--ს ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, სესხის მომსახურების პირობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანია. ამასთან, სს ,,ლ-------------ის'' მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვ-–-------------–--ს საპენსიო ავანსი ყოვეთვიურად 80 ლარით იფარება, თუმცა ამავდროულად სარგებლობს პარალელური ავანსებით, რომლის გადავადებაც ხდება გარკვეული პერიოდულობით. შესაბამისად, ვალდებულებების დაფარვა ხდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის სს ,,ლ-------------თან“ დადებული ხელშეკრულებების შედეგად, ბანკის მიერ პენსიის თანხის დაკავების გამო მოსარჩელემ მიიღო სტრესი, ხოლო აღნიშნული სტრესის შედეგად გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა; მოცემულ საქმეზე არ იკვეთება ბანკის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელის ვ-–-------------–--ს ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, ასევე ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
დადგენილია, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს ცვლილება შევიდა ვ-–-------------–--სა სს ,,ლ-------------ს“ შორის 2----–-–----------- გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლითაც სესხის თანხა გაიზარდა 2720 ლარამდე და შეიცვალა გადახდის წესი, კერძოდ, მოსარჩელემ სამი თვის ვადით გადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბერის, ოქტომბერისა და ნოემბერის თვეების გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2016 წლის დეკემბერის 2017 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში, თუმცა მოსარჩელემ ისევ მიმართა ბანკს გადავადების მოთხოვნით. ამდენად, მისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ 2017 წლის მარტის, აპრილსა და მაისის თვეებში ვერ შესძლებდა პენსიით სარგებლობას, რადგან მისივე მოთხოვნის საფუძველზე იყო გადახდები გადავადებული.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება მასზედ, რომ თითქოს ვლადიერ თელიას მიერ სს ,,ლ-------------თან’’ ხელშეკრულება გაფორმებული იყო კანონდარღვევით, რომ ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო პენსიიდან მხოლოდ 50%-ის ჩამოჭრით, სარჩელზე არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოებების დადასტურება, რომ სს ,,ლ-------------თან“ დადებული ხელშეკრულებები იყო მართლსაწინააღმდეგო, რომ პენსიის დაკავება ეწინააღმდეგებოდა დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომ ბანკის მხიდან პენსიის თანხის დაკავებით გამოწვეული სტრესით გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მოსარჩელემ ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
მოსარჩელემ მართალია წარმოადგინა მტკიცებულებები რომელიც ადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიას გაუარესების ფაქტს, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩლის ჯანმრთელობის მდგომარეობიას გაუარესებასა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტი.
დადგენილია, რომ მოპასუხის ნებისმიერ ქმედება გამომდინარეობდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს მიზეზობრივ კავშირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. 2017 წლის 12 აპრილს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ მოსაჩელე მოიხმარდა თამბაქოს, წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნებოდა ტკივილი გულმკერდის არეში და არარეგულარულად იღებდა პრეპარატებს. მის მიერ წარმოდგენილ ცნობაში ინფარქტის გამომწვევ მიზეზად მითითებულია: ასაკი, თამბაქოს ჭარბი მოხმარება და არტერიული ჰიპერტენზია.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული მოწმეების მოსარჩელის მეუღლისა და შვილის: ფატი და ნინო თელიას ჩვენებებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ სწორედ ბანკის მხრიდან პენსიის დაკავებით იქნა გამოწვეული ვ-–-------------–--ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
სასამართლომ განმარტა:
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მასზედ, რომ 2----–-–---------------- და 2----–-–----------- ისარგებლა სოციალური ავანსით და აღნიშნული ხელშეკრულებები შედგენილი იყო კანონდარღვევით, თუმცა იგი არ ითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას;
სასამართლომ მიუთითა, რომ სს ,,ლ-------------ის“ არ დაურღვევია სახელშეკრულებო სამართლის ფუნდამენტური, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რადგან ხელშეკრულების დადებისას მხარეს განუმარტა მის მიერ აღებული ვალდებულებები, რაც ასახულია ხელშეკრულებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ხელშეკრულების პირობებს და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება ხელშეკრულების დადების თაობაზე. ამასთან, მხარე ინფორმირებული იყო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მაღალი რისკების თაობაზე.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისადმი ხელშეკრულების საფუძველზე გაუცემელი თანხის - 900 ლარის დაკისრების თაობაზე სასამართლომ დაუსაბუთლად მიიჩნია, რის გამოც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების არც სამართლებრივი არც ფაქტობრივი საფუძვლები.
მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოწვეული მატერიალური ხარჯების მოპასუხისადმი დაკისრება, თუმცა მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა გარემოება მასზედ, რომ სს ,,ლ-------------ის“ მხიდან პენსიის თანხის დაკავებით გამოწვეული სტრესით გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შესაბამისად, არ იკვეთებოდა სს ,,ლ-------------ის“ ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამორიცხავს მიზეზობრივი კავშირს დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, რის გამოც არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე სს ,,ლ-------------ისათვის’’ მოსარჩელის ვ-–-------------–--ს სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 100.000 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 413-ე მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში იგულისხმება ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს. აღნიშნული გარემოებები მოსარჩელის მიერ დადასტურებული ვერ იქნა, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს კონსტიტუციის 42; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 394-ე, 423-ე; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ვ-–-------------–--ს მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
აპელანტის განმარტებით, ის ასაჩივრებდა იმ პერიოდის თანხებს, როდესაც მას პენსია არასწორად, 100%-ით ეჭრებოდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ ბანკს არა აქვს უფლება ისარგებლოს კლიენტის მძიმე ფინანსური მდგომარეობით ანუ ბანკმა არ დაუტოვა მას საარსებო მინიმუმი, რაც ეწინააღმდეგება კანონს.
აპელანტის განმარტებით, იგი დარჩა ერთადერთი შემოსავლის - პენსიის გარეშე. იგი სამჯერ მოხვდა რეანიმაციაში, დაუზიანდა ჯანმრთელობა, რაც დაკავშირებულია ბანკის უკანონო ქმედებასთან. ყოველივე ამით მან მიიღო ძლიერი სულიერი ტანჯვა და ფსიქიკური სტრესი.
სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ის არარეგულარულად ღებულობდა წამლებს. მას ხანდახან უწევდა წნევა და არარეგულარულად იღებდა წამლებს, თუმცა მაშინ ინფარქტი გადატანილი არ ჰქონდა, რის გამოც სასამართლოს მსჯელობა მიზეზობრივ კავშირზე არასწორია.
ამ და სხვა გარემოებების გამო აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში წარმოდგენილი ვ-–-------------–--სა და სს ,,ლ-------------ს'' შორის 2----–-–---------------- N------- (პუნქტი 4.10) და 2----–-–----------- N-------- (პუნქტი 4.9.) გაფორმებული სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კლიენტი ბანკს აძლევს წინასწარ, უპირობო და გამოუთხოვად უფლებას, რომ ხელშეკრულკების მოქმედების პერიოდში კლიენტის მიერ ნებისმიერი სოციალური სარგოს მიღების მიზნით სხვა კომერციულ ბანკში საბანკო ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, კლიენტისათვის წინასწარი შეტყობინების და დამატებითი ნებართვის გარეშე, მიმართოს ისეთ კომერციულ ბანკს და კლიენტის სახელით ჩართოს ავტომატური გადარიცხვის სერვისი ან სხვაგვარად მიმართოს კლიენტის ასეთ ანგარიშზე არსებული თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების, პირგასამტეხლოს ან კლიენტზე დაკისრებული ნებისმიერი სხვა გადასახადების სრულად დასაფარად (ტომი 1, ს/ფ 16-18, 71-72).
სამართლებრივი დასაბუთება:
მოცემულ შემთხვევაში, ვ-–-------------–--ს ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეზე 900 ლარის დაკისრება. მოსარჩელე უთითებს, რომ ბანკი მას უსაფუძვლოდ და უკანონოდ აჭრიდა პენსიის 100%-ს, 50%-ის ნაცვლად. აღნიშნული თანხა მას დაანგარიშებული აქვს 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდზე, რა დროსაც მას ბანკი უსაფუძვლოდ უკავებდა და არ აძლევდა პენსიის 50%-ს.
დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის გაფორმებული იქნა რამოდენიმე სოციალური დახმარების ან/და ავანსის ხელშეკრულება, კერძოდ:
2-----–-–-----------------ს ვ-–-------------–--სა და სს ,,ლ--------------ს'' შორის გაფორმდა N------- სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვ-–-------------–--მ ავანსის სახით მიიღო 1125 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის მომსახურების საკომისიო - ავანსის მოცულობის ძირითადი თანხის 2.22% თვეში, მოქმედების ვადა - 18 თვე. ამავე ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მსესხებელმა ვ-–-------------–--მ აიღო ვალდებულება ავანსის გაცემის შემდეგ მის ანგარიშზე ჩარიცხული სოციალური სარგოს თანხებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად სესხის დასაფარად მიმართულიყო - 150 ლარი, ხოლო მომდევნო 15 თვე კი - 75 ლარი ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე. ამავე ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, რომ ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ: 4.8.1. განახორციელოს ბანკში კლიენტის ანაგარიშზე არსებული თანხების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება. 4.8.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ბანკში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ავანსის გადასახდელი, ავანსის მომსახურების საკომისიო, პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის ანაზღაურების თანხები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების ან/და სხვა ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.
დადგენილია, რომ 2----–-–----------- ვ-–-------------–--სა და სს ,,ლ-------------ს'' შორის გაფორმდა N-------- სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვ-–-------------–--მ ავანსის სახით მიიღო 1469 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის საკომისიო - ავანსის გაცემის მომენტში დადგენილი ძირითადი თანხის 2.67%, მოქმედების ვადა - 36 თვე. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად შეამციროს ფინანსური ვალდებულება 80 ლარის გადახდით. ამავე ხელშეკრულების 4.7. პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კლიენტი აცხადებს თანხმობას, ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ: 4.7.1. განახორციელოს ბანკში კლიენტის ანაგარიშზე არსებული თანხების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება. 4.7.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ბანკში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ავანსის გადასახდელი, ავანსის მომსახურების საკომისიო, პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის ანაზღაურების თანხები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების ან/და სხვა ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.
2-----–-–------------------ ვ-–--------------–--- და სს ,,ლ--------------ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2----–-–----------- გაფორმებულ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებაში, ვ-–-------------–--მ გაზარდა სესხის თანხა 2720 ლარამდე, შემდეგი პირობებით: ავანსის მოქმედების ვადად განისაზღვრა - 36 თვე, ავანსის ყოველთვიურად დასაფარი თანხა განისაზღვრა - 80 ლარით, შეიცავა გადახდის წესი, სამი თვის ვადით გაადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვარისა და თებერვლის თვეებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ბანკის წინაშე ვალდებულებები. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რასაც არც სს ,,ლ-------------ი“ უარყოფს, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გარკვეულ თვეებში ვ-–-------------–--ს მისი პენსიიდან ნამდვილად არ აუღია არცერთი თეთრი. მისი პენსიით იფარებოდა ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები, მაგრამ აღნიშნული გამომდინარეობდა თვით მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებიდან. ამგვარი იყო მხარეთა შორის შეთანხმება. ამასთან, მოსარჩელე ისე რომ გასტუმრებული არ ჰქონდა მიმდინარე ავანსის ხელშეკრულება, დებდა ბანკთან პარალელურ ავანსის ხელშეკრულებებს, ასევე რამოდენიმეჯერ გადაავადა მიმდინარე გადასახადი, რამაც გამოიწვია გარკვეულ თვეებში სრული პენსიის დაკავება, რაც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან. შესაბამისად, ჩამორიცხული სრული პენსიიდან იფარებოდა ვ-–-------------–--ს მიერ ბანკის წინაშე აღებული მიმდინარე ვალდებულებები.
აპელანტი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 4.4 პუნქტი კანონსაწინააღმდეგოა, რადგან ბანკს არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა პენსიის 50%-ზე მეტი. თუმცა ამგვარი მითითების მიუხედავად, აპელანტს, კანონით დადგენილი წესით, თვით ეს ხელშეკრულებები ან მისი რომელიმე ჩანაწერი სადავოდ არ გაუხდია. ხოლო ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ჩანაწერების ნამდვილობის პირობებში მისი პრეტენზიები ბანკის მიერ თანხების სამართლებრივი საფუძვლის ჩამოჭრის თაობაზე უსაფუძვლოა.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბანკის მიერ ვ-–-------------–--ს პენსიის სრული ოდენობით დაკავებას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი. მისი პენსიით, ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, იფარებოდა მის მიერ ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და სწორად ეთქვა უარი მის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რაც მას მიადგა ბანკთან ურთიერთობის შედეგად, კერძოდ, გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შედეგადაც ასევე მიიღო სულიერი ტანჯვა და სტრესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის; კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც
პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი,რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, განსახილველი კატეგორიის დავებში მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო მოპასუხემ კი უნდა ამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ის გარემოება, რომ აღნიშნული გამოწვეულია ბანკის ბრალეული მოქმედებით დაუდასტურებელია. ასევე რაც მთავარი და არსებითია არ დასტურდება სს ,,ლ-------------ის“ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, იგი მოქმედებდა მხოლოდ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, რაც ცხადია იმთავითვე გამორიცხავს რაიმე სახის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მსჯელობასაც კი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტი არის პენსიონერი, სხვა რაიმე სახის შემოსავალი არ გააჩნია, პალატას მიაჩნია, რომ ვ-–-------------–--ს სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაეკისროს ნაწილის - 150 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის გადახდისაგან იგი უნდა გათავისუფლდეს;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–-------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
3. დაეკისროს ვ-–-------------–--ს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის გადახდისაგან აპელანტი გათავისუფლდეს;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინეის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით;
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/
მოსამართლეები: /ირმა პერანიძე/
/სიმონ ჩხაიძე/