განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
180100119002905838
ინსტანცია
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119002905838

საქმე №1ბ/920-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 ივლისი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: მ–--------------–----------ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით რ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.

 

რ---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 08 თებერვალს, საღამოს მ–------------–----–----------------–---------–ი

მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ---------------მ სიდედრს - მეუღლის დედას ნ-----–------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან სარდაფში იპოვა სიდედრის მიერ გადანახული ღვინო და ჩათვალა, რომ სიდედრმა მას ღვინო დაუმალა. ამის შემდეგ რ--------------- თავისი ექვსი თვის შვილთან და მეუღლესთან თ---------------–---–თან ერთად ავიდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საიდანაც ნ-----–------------–---–ს ესმოდა თუ როგორ აყენებდა რ--------------- სიტყვიერ შეურაცხყოფას ამჯერად მეუღლეს თ---------------–---–ს. ნ-----–------------–---–ი ასევე ავიდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და მიმართა სიძეს, რომ არ გაებედა მისი შვილის ცემა, რის შემდეგაც განაწყენებულმა რ---------------მ ნ-----–------------–---–ს ძლიერად მოუჭირა ხელი სახეზე და იმავდროულად ჰკრა ხელი. რ---------------ს ქმედების შედეგად ნ-----–------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა - თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო სასჯელის ნაწილში, ვინაიდან მსჯავრდებულს დაენიშნა ჩადენილი დანაშაულებისათვის დაწესებული სასჯელის მსუბუქი ფორმა, დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, რაც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და მსჯავრდებულის პიროვნებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ---------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. რ---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის ნ-----–-------------–---–ის, მოწმეების თ------------------–--------–---–-ბის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ალკოტესტის შედეგებით, სამედიცინო ბარათით და მისი ამოღების ოქმით, ა-----------------ოს დაბადების მოწმობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებები, რომ მან გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, ოჯახი სოციალურად დაუცველია, სიდედრი ნ-----–------------–---–ი, რომელიც შეურიგდა რ---------------ს, წერილობითი განცხადებით ითხოვს ამ უკანასკნელის მიმართ ლმობიერი, მათ შორის არასაპატიმრო, სასჯელის განსაზღვრას. სოფელ ნ------ს ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობა რ---------------ს ახასიათებს დადებითად, დამაძიმებელი გარემოება რომ ძალადობრივი ხასიათის ოჯახური დანაშაული მან ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ რ---------------სთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

რ--------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.

 

რ----------------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი 2019 წლის 09 თებერვლის 00 საათი და 30 წუთიდან 12 თებერვლის ჩათვლით.

 

გაუქმდეს რ---------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ნ-----–-------------–---–ს (პირადი ნომერი N-----------) დაუბრუნდეს ამ საქმეზე რ---------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით სს ,,საქართველოს ბანკში’’ 2019 წლის 12 თებერვალს შეტანილი საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ რ---------------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა აცნობოს პრობაციის დასახელებულ ბიუროს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი