განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
010142219700085794
ინსტანცია
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010142219700085794, №1აგ/84-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მსჯავრდებულ ლე--- შუ-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ლე--- შუ-----ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ლე--- შუ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა - კვლავ ჩაეთვალა პირობით და დაემატა ზემოაღნიშნულ სასჯელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ ლე--- შუ-----ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლე--- შუ-----ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

ლე--- შუ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2012 წლის 10 იანვრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის განაჩენით ლე--- შუ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ლე--- შუ-----ისთვის, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ლე--- შუ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ლე--- შუ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 12 აგვისტოდან.

 

ლე--- შუ-----ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა:

საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლე--- შუ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის განაჩენი ლე--- შუ-----ის მიმართ დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 01 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ლე--- შუ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

2019 წლის 14 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ლე--- შუ-----ემ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ლე--- შუ-----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს და მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. აღნიშნული მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებული ლე--- შუ-----ე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 მარტის განაჩენის გადასინჯვას, რომლითაც იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, შესაბამისად განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით (ვებგვერდი 17/07/2015 სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017866), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტით, რომლით გათვალისწინებული სანქცია არის შეცვლილი და ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ვინაიდან კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ არსებითად გააუმჯობესა მსჯავრდებულ ლე--- შუ-----ის სამართლებრივი მდგომარეობა, მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, ლე--- შუ-----ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია). რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან შესაბამისობაშია ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება - მსჯავრდებულ ლე--- შუ-----ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჯამად მოქმედი რედაქცია), ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლე--- შუ-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

მსჯავრდებულ ლე--- შუ-----ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 მარტის განაჩენი, სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე