განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002510037
საქმე №2ბ/271-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე _ დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - მიხეილ გოგიშვილი, ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი, მაკა ბუიღლიშვილი
პირველი აპელანტი/მოსარჩელე - მ----- ქ------ე
წარმომადგენელი - მ--------------ა
მეორე აპელანტი/მოპასუხე _ ნ----- ლ------ე
წარმომადგენელი - გ--------–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ------- ჩ------–---ი, მ-------- ჩ------–---ი, თ--–---- ჩ------–---ი, მ------ ჩ------–---ი, ნ----- ლ------ე, გ---–---- თ----------ი, ა-–---------ე თ------–---–ი
წარმომადგენელი - გ--------–----–---–ი
დავის საგანი _ ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტ მ----- ქ------ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტ ნ----- ლ------ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ----- ლ------ის სარჩელის უარყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2009 წლის 24 ნოემბერს მ----- ქ------ესა და ნ----- ლ------ეს (თ------–---–ს) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ----- ლ------ემ ისესხა 20 000 აშშ დოლარი მ----- ქ------ისაგან სამი თვის ვადით, თვეში 6% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ----- ლ------ის კუთვნილი მ–----აში, სოფ. მ-------ში მდებარე უძრავი ქონება. სესხის თანხა მიიღო გ---–---- თ----------მა. უძრავ ქონებაზე იპოთეკა არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში.
2. ხელშეკრულების დადებამდე, 2009 წლის 21 ნოემბერს ნ----- ლ------ეს გაცემული ჰქონდა მინდობილობა ნანა გ--–-–---–ზე მ–----აში, სოფ. მ-------ში მდებარე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთების და თბილისში, ჩ-----–ის ქ. N---ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის გასხვისების უფლებით.
3. 2009 წლის 10 დეკემბერს გ---–---- თ----------ს, რომელსაც წარმოადგენდა ნანა გ--–-–---–ი და მ------- ჩ------–---ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ---–---- თ----------მა მ------- ჩ------–---ს მიჰყიდა მისი კუთვნილი, თბილისში, ჩ-----–ის ქ. N---ში მდებარე ბინა N24, ს/კ 0----------------------. ნანა გ--–-–---–ი იყო მ------- ჩ------–---ის მეუღლე და გ---–---- თ----------ს წარმოადგენდა 2009 წლის 21 ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი - 20 000 აშშ დოლარი მ------- ჩ------–---ს გ---–---- თ----------ისათვის არ გადაუცია. უძრავი ქონება იმავე დღეს დარეგისტრირდა მ------- ჩ------–---ის სახელზე.
4. 2012 წლის 18 სექტემბერს მ------- ჩ------–---მა მისი კუთვნილი, თბილისში, ჩ-----–ის ქ. N---ში მდებარე ბინა N24, ს/კ 0----------------------, აჩუქა შვილებს - მ--------, თ--–---- და მ------ ჩ------–---ებს.
5. გ---–---- თ----------ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 14.10.2014 წლის დადგენილებით დაზარალებულად ცნობილ იქნა მ----- ქ------ე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით გ---–---- თ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5200 ლარი. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ----- ქ------ემ და მოპასუხეების მ------- ჩ------–---ის, მ-------- ჩ------–---ის, თ--–---- ჩ------–---ის, მ------ ჩ------–---ის, ნ----- ლ------ის, ა-–---------ე თ------–---–ის და გ---–---- თ----------ის მიმართ ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი გ---–---- თ----------სა და მ------- ჩ------–---ს შორის 2009 წლის 10 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ბათილად იქნეს ცნობილი მ------- ჩ------–---სა და თ--–----, მ--------, მ------ ჩ------–---ებს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ჩ-----–ის ქ. N--, ბ 24 ს/კ 0---------------------- აღირიცხოს გ---–---- თ----------ის საკუთრებად. გ---–---- თ----------ს, ნ----- ლ------ეს და ა-–---------ე თ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მ----- ქ------ის სასარგებლოდ 2009 წლის 24 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სესხად აღებული 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. გ---–---- თ----------ს, ნ----- ლ------ეს და ა-–---------ე თ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მ----- ქ------ის სასარგებლოდ 2009 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი - სესხის ძირითადი თანხის 6% (თვეში 1200 აშშ დოლარი), 2009 წლის დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე - ჯამში 122 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. გ---–---- თ----------ს მ----- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 122 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის საფუძვლები:
8.1. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის ნოემბერში მ----- ქ------ემ გაყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება 20 000 აშშ დოლარად და სურდა, აღებული თანხა გამოეყენებინა მოგების მისაღებად. საშუამავლო ფირმის მეშვეობით გაიცნო გ---–---- თ----------ი, რომელმაც შესთავაზა, რომ თანხას აიღებდა სესხად. ვინაიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ჩ-----–ის ქ. N--, ბ 24, დროებით იყო დაყადაღებული, იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდებოდა მისი შვილის, ნ----- ლ------ის კუთვნილ უძრავ ნივთზე, ხოლო ყადაღის მოხსნის დღესვე იპოთეკით დატვირთავდნენ გ---–---- თ----------ის კუთვნილ უძრავ ნივთს. 2009 წლის 24 ნოემბერს მ----- ქ------ესა და ნ----- ლ------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით მოსარჩელემ გ---–---- თ----------ს და ნ----- ლ------ეს გადასცა 20 000 აშშ დოლარი, თვეში 6% სარგებლის დარიცხვის პირობით. იპოთეკით დაიტვირთა ნ----- ლ------ის კუთვნილი უძრავი ქონება. იმავე დღესვე მსესხებლებმა აიღეს ვალდებულება, რომ გ---–---- თ----------ის კუთვნილი უძრავი ნივთის ყადაღიდან გათავისუფლებისთანავე იპოთეკას გადაიტანდნენ ამ ქონებაზე. მოპასუხეები არ ასრულებდნენ ვალდებულებას, უფრო მეტიც, მათ გააფორმეს მინდობილობა ნანა გ--–-–---–ზე (მ------- ჩ------–---ის მეუღლე) და მათი კუთვნილი უძრავი ნივთები გადააფორმეს მ------- ჩ------–---ის სახელზე, ამით ისინი ცდილობდნენ გაქცეოდნენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მ------- ჩ------–---მა იცოდა ვალდებულების შესახებ. მან დაჩქარებული წესით გადაიფორმა უძრავი ქონება. მ------- ჩ------–---მა თვალთმაქცურად გადააფორმა უძრავი ქონება მის შვილებზე. 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით გ---–---- თ----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. გ---–---- თ----------ი და ა-–---------ე თ------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და იგი პასუხს აგებს მეუღლის ვალებზე.
9. მოპასუხის შესაგებელი:
9.1. გ---–---- თ----------მა, ნ----- ლ------ემ და ა-–---------ე თ------–---–მა წარმოადგინეს მარტივი შედავება და სარჩელი არ ცნეს.
9.2. მ-------, თ--–----, მ-------- და მ------ ჩ------–---ებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გენერალური მინდობილობები ნანა გ--–-–---–ზე გაცემულია 2009 წლის 21 ნოემბერს, ანუ მ----- ქ------ესთან ხელშეკრულების დადებამდე. გ---–---- თ----------ს მნიშვნელოვანი დავალიანება გააჩნდა მ------- ჩ------–---ის წინაშე და სწორედ ამ ვალდებულების სანაცვლოდ გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე. მ------- ჩ------–---ისათვის მ----- ქ------ის შესახებ ცნობილი გახდა მოგვიანებით. გ---–---- თ----------ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო მ------- ჩ------–---ის კუთვნილი ბინა, რომელიც 2011 წლის 28 დეკემბერს გასხვისდა იძულებით აუქციონზე. 2012 წლის 1 აპრილს მოპასუხეები გადავიდნენ ჩ-----–ის ქუჩაზე მდებარე ბინაში იმ პირობით, რომ იმავე წლის აგვისტომდე გ---–---- თ----------ს უნდა ეყიდა მათთვის ბინა გლდანის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც ეს პირობა ვერ შესრულდა, 2012 წლის 18 სექტემბერს, მ------- ჩ------–---მა ბინა აჩუქა შვილებს. მოპასუხეები დღემდე ცხოვრობენ სადავო ბინაში.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ----- ქ------ის სარჩელი მოპასუხეების გ---–---- თ----------ის, ნ----- ლ------ის, ა-–---------ე თ------–---–ის, მ------- ჩ------–---ის, თ--–---- ჩ------–---ის, მ-------- ჩ------–---ის, მ------ ჩ------–---ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ---–---- თ----------სა და ნ----- ლ------ეს მ----- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 23 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში მ----- ქ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; (იხ. გადაწყვეტილება ტომი 3. ს.ფ. 2.) გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ----- ქ------ემ და ნ----- ლ------ემ.
11. მ----- ქ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
11.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე წლების განმავლობაში ითხოვდა თავის კუთვნილ თანხას, რაც 10 წელი ვერ მიიღო. როგორც გ---–----ი თ----------ი ასევე მისი შვილი ნ----- თ------–---–ი უარყოფდნენ მ----- ქ------ის მიმართ არსებულ დავალიანებას, თუმცა ვერ ასაბუთებდნენ თუ რატომ არ ეკუთვნოდათ ნასესხები თანხის გადახდა. გ---–----ი თ----------ის დანაშაულებრივი ქმედების გამო მ----- ქ------ეს მიადგა მატერიალური ზიანი. სასამართლომ სწორედ დაადგინა გ. თ----------ის და ნ----- ლ------ის შეთანხმებულ ქმედებაზე, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ ზუსტად აღნიშნული პირების ქმედებით აპელანტს მიადგა მატერიალური ზიანი. 10 წლის განმავლობაში ვერ მიიღო თავის კუთვნილი თანხა, რაზეც მოუწია თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა და დაკარგა საკუთრებაში არსებული ქონება. მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო დაკარგა მეორე უძრავი ქონებაც.
11.2. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, თუ კი მხარეებს არ ჰქონდათ განზრახული მ----- ქ------ის შეცდომაში შეყვანა და მოტყუება, რაში დაჭირდათ მინდობილობების გაფორმება, როდესაც შეეძლოთ პირდაპირ გაეფორმებინათ ხელშეკრულებები მ. ჩ------–---თან. მ------- ჩ------–---ი მიუთითებს გ. თ----------ის მხრიდან მის მიმართ ვალდებულების არსებობაზე. წარმოდგენილი აქვს მათ შორის არსებული შეთანხმებები, თუმცა გარდა აღნიშნული შეთანხმებების შედგენის თარიღის სადაოობას იწვევს ის გარემოებაც, თუ საერთოდ როდის იყო შედგენილი აღნიშნული, ხომ არ მოხდა ეს შესაგებლის წარდგენის მომენტისთვის. არც ერთი შეთანხმება არ არის დამოწმებული ნოტარიულად, ხოლო რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად ყველა ერთსადაიმავე ნოტარიუსის მიერ არის დამოწმებული. მ. ჩ------–---ი არაერთხელ მიუთითებს, რომ ნ----- ლ------ის ნათლიაა და ყოველთვის დაეხმარება მას. აღნიშნული დახმარება გაუწია მან სადაო უძრავი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირებით. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ გ. თ----------ის მიმართ ბრალის არსებობა გამომდინარეობდა სადაო უძრავი ქონების სხვა პირზე გადაფორმების გამო, რაც მისი პასუხისგებაში მიცემის მიზეზი გახდა.
11.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა რომ ა-–---------ე თ------–---–ი არ არის პასუხისმგებელი გ---–----ი თ----------ის ვალდებულებებზე. მოწინააღმდეგე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით, რომ ქორწინება მათ შორის არ არსებობდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ქორწინების დადასტურება ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი განაჩენით ირკვევა, რომ ა-–---------ე თ------–---–ი სისხლის სამართლის საქმეზე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის მეუღლის გ. თ----------ის მიმართ, აღნიშნულით კი დასტურდება, რომ ისინი მეუღლეები არიან. მოპასუხე მ. ჩ------–---ის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების შინაარსიდან ირკვევა, რომ ა-–---------ე თ------–---–ი, მისი შვილი ა---- თ------–---–ი და მეუღლე გ---–----ი თ----------ი ვალდებულებას იღებენ მის მიმართ და პირობას დებენ გარკვეულ გარემოებებზე. ამდენად, მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა ყველა გარემოება, რომ გ. თ----------ი და ა-–---------ე თ------–---–ი მეუღლეები არიან, ხოლო საწინააღმდეგო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ. გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა, სადაც მიუთითებს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად არასაკმარ საფუძველზე, მაშინ როდესაც თავად მიუთითებს მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის დამახასიათებელ სქემაზე. გ---–----ი თ----------ის მიმართ დადგენილი განაჩენით, ნათლად და გარკვევით დადგენილია ამ უკანასკნელის მხრიდან მ----- ქ------ის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ.
11.4. სასამართლოს მხრიდან არასწორად იყო განმარტებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სასამართლოს მოსარჩელესთვის პროპორციულად უნდა დაეკისრებინა სახელმწიფო ბაჟის თანხა, კერძოდ, 3000 ლარი, რომელიც განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის თანხად, უნდა გაენაწილებინა მხარეთათვის პროპორციულად, თუ 1918 ლარი დაეკისრათ მოპასუხეებს, მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა 1082 ლარი სახელმწიფო ბაჟის თანხად და თვლის, რომ მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა.
12. ნ----- ლ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
12.1. აპელანტის განმარტებით, გადწყვეტილების 3.2.1. პუნქტის თანახმად გ---–----ი თ----------ი და ნ----- ლ------ე სოლიდარულად აგებენ პასუხს მ----- ქ------ის მიმართ სესხისა და დარიცხული სარგებლის დაუბრუნებლობისთვის. ვალდებულება ჯამში შეადგენს 23 600 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. სოლიდარული პასუხისმგებლობა არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით და შესაბამისად სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა. გაუგებარია სასამართლოს მტკიცება, რადგან არ დასტურდება სოლიდარული პასუხისმგებლობის არანაირი წინაპირობა. ამასთან, უდავოა, რომ თანხა არ მიუღია ნ----- ლ------ეს და იგი არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის სუბიექტს.
სამოტივაციო ნაწილი
13. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
15. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება. ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას კი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი /სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი/ ამავე კოდექსის 625-ე მუხლი /სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი/, სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლი /კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება/ სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი /მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში/ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი /ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)/ ამავე კოდექსის 992-ე მუხლი /პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი/ ხოლო 408-ე მუხლის პირველი ნაწილი /იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება./ სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლი /მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად/, ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილი /ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში./ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი /არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით./
16. სასამართლო დასკვნები მ----- ქ------ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით:
16.1 აპელანტ მ----- ქ------ის განმარტებით, გ---–----ი თ----------ი წლების განმავლობაში პირდებოდა, რომ გადაიხდიდა ყველა მის ვალს, თუმცა 10 წლის განმავლობაში ვერ მიიღო თავის კუთვნილი თანხა, რითაც მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი სამოქალაქო კოდექსის 403-ე; 404 და 413-ე მუხლის თანახმად, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. აღნიშნულ მოთხოვნას პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:
უდავოა რომ სასხი იყო ვადიანი და მოვალეს თანხა უნდა გადაეხადა 3 თვის ვადაში. გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრა კრედიტორის სასარგებლოდ სასესხო ვადით 3 თვის სარგებელი. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ძირითადი თანხის ვადაში დაუბრუნებლობა კრედიტორს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვადის გადაცილების გამო, კანონით გათვალისწინებული პროცენტის მოვალისათვის დაკისრებას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი ზიანის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდა წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას. მინიმალური ზიანის არსებობის დასადასტურებლად კი საკმარისია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სსკ-ის 403-ე მუხლის განმარტების თანახმად, მოვალის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელს (კრედიტორს) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდა ვადაგადაცილებული დროისათვის, თუ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის არსებობს მხარეთა შეთანხმება სესხის პროცენტის გადახდის თაობაზე (იხ. სუსგ, 22.10.2012წ., საქმე №ას-1701-1685-201) სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის თაობაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება და ეს შეთანხმება უნდა იყოს მკაფიო და ცალსახად უნდა დგინდებოდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის ნება აღნიშნულის თაობაზე. (სუსგ ას-269-256-2016).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, თუმცა მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ, შესაბამისად აპელანტის მოთხოვნა მოპასუხეებს დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის გადახდა სარჩელის აღძვრის თარიღამდე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
16.2. აპელანტ მ----- ქ------ის განმარტებით, გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა, სადაც მიუთითებს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად არასაკმარ საფუძველზე, მაშინ როდესაც გ---–----ი თ----------ის მიმართ დადგენილი განაჩენით, ნათლად და გარკვევით დადგენილია ამ უკანასკნელის მხრიდან მ----- ქ------ის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის (მორალური ზიანის ანაზღაურება) მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი წარმოადგენს. ამდენად, უნდა შემოწმდეს ის წინაპირობები, რომელთა არსებობასაც უკავშირებს კანონი ნორმით გათვალისწინებული შედეგის დადგომას, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია მოცემული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. (სუსგ ას-211-200-2017)
მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლომ სწორად განმარტა ხსენებული ნორმა და მართებულად მიუთითა, რომ სესხის დაუბრუნებლობისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ გ---–---- თ----------ს მ----- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 122 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება, უსაფუძვლოა.
16.3. პალატა ვერ გაიზიარებს მ----- ქ------ის განმარტებას მასზედ რომ ა-–---------ე თ------–---–ი არის მოვალის რეგისტრირებული მეუღლე და პასუხისმგებელი პირი გ---–----ი თ----------ის სასეხო ვალდებულებებზე.
პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლს, რომლის თანახმად მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად, ხოლო 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული,გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ გ---–---- თ----------ი და ა-–---------ე თ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ ან იმყოფებიან. პალატას მიაჩნია რომ, სხვა შემთხვევაშიც მხოლოდ იმ ფაქტის დადგენა, რომ ვალი აღებული იქნა თუნდაც რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, არ წარმოშობს ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალის მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევის პრეზუმირების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ერთ-ერთი მეუღლის ვალის გამო, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. მითითებული მუხლის არეგულირებს არა იმ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი მეუღლის ვალის გადახდევინება ხდება თანასაკუთრებაში მისი წილიდან, არამედ _ ერთ-ერთი მეუღლის ვალის გადახდევინებას მეუღლეთა საერთო ქონებიდან, ე.ი იმ ქონებიდან, რომელშიც შედის მეორე მეუღლის წილიც. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ვალის აღების ფაქტის დადგენისას იგულისხმება, რომ ვალი საერთოა და გადახდილ უნდა იქნეს ორივე მეუღლის თანაზიარი საკუთრებიდან.
წარმოადგენს თუ არა სადავო თანხა მეუღლეთა საერთო ვალს ან/და მოხმარდა თუ არა მოპასუხის მიერ სესხად აღებული თანხები ოჯახის ინტერესებს, აქედან გამომდინარე აქვს თუ არა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება, ამ გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა. პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, გ---–---- თ----------ისა და ა-–---------ე თ------–---–ის რეგისტრირებულ ქორწინებაში არსებობის დადასტურება, ა-–---------ე თ------–---–ისა და გ---–---- თ----------ის ქორწინების პერიოდში შეძენილი საერთო საკუთრების არსებობის დადასტურება და სადავო სესხის ოჯახის მიზნებისთვის მოხმარების ფაქტის დადასტურება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
16.4. აპელანტის/მოსარჩელის მოთხოვნაა ბათილად იქნეს ცნობილი გ---–---- თ----------სა და მ------- ჩ------–---ს შორის 2009 წლის 10 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან ეს ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ---–---- თ----------ის ოჯახს მნიშვნელოვანი ფულადი დავალიანება გააჩნდა მოპასუხე მ------- ჩ------–---ის მიმართ, მოპასუხის ქონება გამოყენებული იყო ვალის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, გ---–---- თ----------ის თხოვნით მოპასუხე მ------- ჩ------–---ი დებდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს, მიღებული თანხით კი ფაქტობრივად სარგებლობდა გ---–---- თ----------ი, მ------- ჩ------–---ის ქონება საბოლოოდ ვალის დასაფარავად გადავიდა სხვის საკუთრებაში. გ---–---- თ----------მა მოპასუხე მ------- ჩ------–---ის მიმართ არსებული დავალიანების ნაწილობრივ გაქვითვის მიზნით ამ უკანასკნელს 2009 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე თბილისი, ჩ-----–ის ქუჩა #--, სართული 1, ბინა #24. გ---–---- თ----------ის ოჯახის წევრის მიერ, გ---–---- თ----------ის ვალის ნაწილობრივ გასაქვითავად, ასევე გადაეცა მოპასუხე მ------- ჩ------–---ს მ–----ის რაიონ სოფელ მ-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლიც, საიდანაც გამოსახლებული იქნენ მისი ოჯახის წევრები (იხ. გადაწყვეტილება ს.ფ. 172- 182).
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ მ------- ჩ------–---მა აიღო არაერთი სესხი და მათ უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი უძრავი ნივთები. სესხად მიღებული თანხები გამოიყენა გ---–---- თ----------მა. იმის გამო, რომ გ---–---- თ----------ის მიერ მიღებული სესხების დასაფარავად იძულებით საჯარო აუქციონზე გაიყიდა მ------- ჩ------–---ის კუთვნილი უძრავი ნივთები და გ---–---- თ----------ი ვალდებული იყო, მისთვის აენაზღაურებინა ზიანი, მან მ------- ჩ------–---ს საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი თბილისში, ჩ-----–ის ქუჩაზე მდებარე ბინა, ასევე ნ----- ლ------ის სახელზე რეგისტრირებული სოფ. მ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთები. განაჩენით დადგენილია, რომ გ---–---- თ----------მა მ----- ქ------ისაგან მიღებული თანხა გამოიყენა თბილისში, ჩ-----–ის ქუჩაზე მდებარე ბინის ყადაღისაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ არ დასტურდება, რომ მ------- ჩ------–---ი მასთან შეთანხმებულად მოქმედებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ,,ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)’.
დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამოვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (შეად. სუსგ საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2012 წელი).
ზემოაღნიშნულის საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------- ჩ------–---ის მიზანი იყო გ---–---- თ----------ის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირება და არა მ----- ქ------ის მიმართ ვალდებულების თავიდან არიდებაში ხელის შეწყობა და შესაბამისად, არ არსებობს 2009 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
16.5. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის თანხის მხარეთათვის პროპორციულად დაკისრების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მ----- ქ------ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.06.2018 წლის განჩინებით. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის თანხის მხარეთათვის პროპორციულად დაკისრების თაობაზე, რადგან მ----- ქ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, იმ სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
17. სასამართლო დასკვნები ნ----- ლ------ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით:
17.1. პალატა არ იზიარებს აპელანტ ნ----- ლ------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან მას თანხა არ მიუღია, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
17.2. 2009 წლის 24 ნოემბერს მ----- ქ------ესა და ნ----- ლ------ეს (თ------–---–ს) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ----- ლ------ემ ისესხა 20 000 აშშ დოლარი მ----- ქ------ისაგან სამი თვის ვადით, თვეში 6% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ----- ლ------ის კუთვნილი მ–----აში, სოფ. მ-------ში მდებარე უძრავი ქონება. სესხის თანხა მიიღო გ---–---- თ----------მა. უძრავ ქონებაზე იპოთეკა არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში.
17.3. 2009 წლის 21 ნოემბერს ნ----- ლ------ეს გაცემული ჰქონდა მინდობილობა ნანა გ--–-–---–ზე მ–----აში, სოფ. მ-------ში მდებარე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთების და თბილისში, ჩ-----–ის ქ. N---ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის გასხვისების უფლებით. მინდობილობის საფუძველზე უძრავი ქონება გასხვისდა მ------- ჩ------–---ის სახელზე.
17.4. საქმეში წარმოდგენილი 24.11.2009 წლის ხელწერილის საფუძველზე, გ---–---- თ----------ი და ნ----- ლ------ე იღებენ ვალდებულებას, ყადაღის მოხსნისთანავე ჩაანაცვლონ იპოთეკის საგანი გ---–---- თ----------ის კუთვნილი თბილისში, ჩ-----–ის ქ. N---ში მდებარე ბინით (ტომი 1, ს.ფ. 33)
17.5. სესხის თანხა მსესხებლებს მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებიათ.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ნ----- ლ------ე და გ---–---- თ----------თან ერთად სასესხო სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამარლებრივ ურთიერთობაშია კრედიტოდთან მ----- ქ------ესთან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623 და 463-ე მუხლების თანახმად სოლიდარულად აგებენ პასუხის მ----- ქ------ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
18. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
19. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, მ----- ქ------ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან მ----- ქ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდა.
აპელანტი ნ----- ლ------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ----- ქ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ნ----- ლ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
4. მ----- ქ------ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა, რომელიც ჩარიცხული უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
5. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6/7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
მიხეილ გოგიშვილი