განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
330100118002580042
ინსტანცია
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002580042

საქმე №1ბ/546-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ბესიკ ბუგიანიშვილი

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ნ----------–ის,ადვოკატ - გ---------------–---–ის,მსჯავრდებულ - დ-----------------–---–ის მონაწილეობით,ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ-----------–--------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, პ/ნ2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

დ-----------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

დ-----------------–---–მა განიზრახა დანით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დასხმოდა ქ------–--–--------------–------------------ში არსებულ სს „ტ---------ს“ ფილიალს, სადაც მანამდე რამდენჯერმე იყო ნამყოფი, რათა დაუფლებოდა ამავე ფილიალში განთავსებულ დიდი ოდენობით ფულად თანხას. ამ მიზნით, 2018 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 18:54 საათზე, დ-----------------–---–ი მივიდა ზემოაღნიშნულ სს „ტ---------ს“ ფილიალში, გაეცნო ბანკში არსებულ ვითარებას, წყლის დისპენსერიდან დალია წყალი და დატოვა ტერიტორია. დაახლოებით 19:12 საათზე დ-----------------–---–ი დაბრუნდა ფილილაში, რა დროსაც ბანკის ღია სივრცეში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ, ხოლო სალარო ოთახში იყვნენ მოლარე ოპერატორები გ--------------ა და ე------–------ძე. ვინაიდან იმ პერიოდში მუშაობდა მხოლოდ სალარო ოთახი და დ-----------------–---–მა იცოდა, რომ აღნიშნულ ადგილას შენახული იქნებოდა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კერძოდ, ინახებოდა 46 900 (ორმოცდაექვსი ათასცხრაასი) ლარი, 79 591 (სამოცდაცხრამეტიათას ხუთასოთხმოცდათერთმეტი) აშშ დოლარი, 32 290 (ოცდათორმეტიათას ორასოთხმოცდაათი) ევრო, 2 350 (ორიათას სამასორმოცდაათი) ფუნტი სტერლინგი და 71 020 (სამოცდათერთმეტი ათასოცი) რუსული რუბლი. დ-----------------–---–ი მივიდა სალარო ოთახთან და დაელოდა შესაბამის მომენტს. სალარო ოთახში მყოფმა გ--------------ამ გააღო კარი, რათა მოეწოდებინა დ-----------------–---–ისათვის დაეტოვებინა მითითებული ტერიტორია, რა დროსაც ეს უკანასკნელი ცივი იარაღის, კერძოდ, თანნაქონი დანის გამოყენებით თავს დაესხა გ--------------ას და ძალის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების გზით შეეცადა სალარო ოთახში შესვლას. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დროს, დ-----------------–---–ს წინააღმდეგობა გაუწია სალარო ოთახში მყოფმა გ--------------ამ, რომელმაც ფიზიკური ძალის გამოყენებით დ-----------------–---–ი გაიყვანა სალარო ოთახის მიმდებარე ტერიტორიიდან ფილიალის ღია სივრცეში და წაართვა დანა, რა დროსაც გ--------------ამ ხელის მტევანზე მიიღო დაზიანება. დ-----------------–---–ი დაკავებულ იქნა ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

 

დ-----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

 

დ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ-----------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 01 ივლისიდან, 2019 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

დ-----------------–---–მა ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 19:15 საათზე დ-----------------–---–ი შეეცადა შესულიყო ქ------–--–--------------–------------------ში არსებულ სს „ტ---------ს“ ფილიალის სალაროში, კერძოდ, ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულა ბანკის თანამშრომელი გ--------------ა, მიეცა მისთვის საშუალება, შესულიყო ბანკის სალაროს ოთახში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნ----------–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში და მსჯავრდებულ დ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ მიიღო მხედველობაში საქმეში არსებული მტკიცებულებები. ბრალდების მხარე ეთანხმება და ადასტურებს, რომ დ-----------------–---–ი ცდილობდა ბანკის სალაროს ოთახში შესვლას, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა გ--------------ამ როგორც კი გააღო სალაროს კარი, მას ზღურბლთან დახვდა დ-----------------–---–ი გაშლილი დანით ხელში. მან სცადა დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევა და სალაროში შესვლა, რა დროსაც მასა და დაზარალებულს შორის ფაქტიურად დაიწყო ჭიდილი; ამავდოულად გ--------------ა შეეცადა დ-----------------–---–ისათვის ხელიდან წაერთმია დანა და გაეყვანა იგი სალაროს ტერიტორიიდან. ემოციურად მძიმე მდგომარეობაში მყოფს ნერვიული სიცილიც კი დაეწყო. პროკურორის განმარტებით, სახეზეა ასევე სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ვინაიდან როდესაც დ-----------------–---–ი დანით ხელში ცდილობდა სალაროში შესვლას, თან იძახდა, რომ ,,ეს არის ძარცვა“. მართალია, იგი არ ამბობს სიტყვა „ყაჩაღობას“, მაგრამ ამ შემთხვევაში, მისი სიტყვები და მოქმედება ერთობლიობაში დაზარალებულის მიერ აღიქმება როგორც სხვისი ქონების დაუფლების მცდელობა დანის გამოყენების მუქარით. აქვე გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის მოქმედება უშუალოდ სალაროსთან მისვლამდე, კერძოდ: ვიდეოჩანაწერების თანახმად, დ-----------------–---–ი ორჯერ შედის ბანკში და არჩევს ხელსაყრელ მომენტს, ელოდება - როდის დაიწყება თანხის გადაბარება, მისთვის კარგად არის ცნობილი საბანკო სისტემა და საქმიანობა, რადგან წლების განმავლობაში იყო ბანკის თანამშრომელი და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თავისივე განმარტებით, 50 000 ლარამდე ოდენობის თანხა აქვს წაგებული აზარტულ თამაშებში, ცხადია, რომ მისი სალაროსთან მისვლისა და დანის გამოყენების მუქარით შესვლის მიზანი იყო დიდი ოდენობით თანხის დაუფლება.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნ----------–მა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დ-----------------–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სრულყოფილად შემოწმდა საქემზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ--------------ამ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თავისუფლების მოედანზე არსებულ სს „ტ---------ს“ ფილიალში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 01 ივლისს 09:30 საათისთვის მივიდა სამსახურში და მუშაობა უნდა დაესრულებინა 20:00 საათზე. სამსახურებრივი მოვალეობის დასრულებამდე შევიდა სალაროში, სადაც ე------–------ძესთვის უნდა გადაებარებინა ფულადი თანხა. ამ დროს დაინახა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც მისული იყო სესხების და გაყიდვების კონსულტანტის მაგიდასთან, სადაც თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ და იქ მოქალაქეების მისვლა არ შეიძლებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა გასულიყო და გაერკვია რა ხდებოდა. გ--------------ას განმარტებით, სალაროს კარის გაღებისთანავე წინ დახვდა უცნობი მამაკაცი, მას ხელში ეჭირა დანა და ცდილობდა სალაროში შესულიყო, ამასთანავე გაიგო სიტყვა - „ძარცვაა“. აღნიშნულზე ხუმრობით უპასუხა - „რას აკეთებ, ღადაობ?“, რაზეც უცნობმა მამაკაცმა კიდევ გაუმეორა: „ძარცვაა და გამოიძახე პოლიცია“. ამის შემდეგ ორივე ხელში ჩაჭიდა ხელები და ურთიერთჭიდილში გაწია იგი სალაროს კარიდან. წინააღმდეგობის გაწევისას მისთვის მთავარი იყო, რომ არც საკუთარი ჯანმრთელობა დაეყენებინა საფრთხის ქვეშ და არც სალაროში შეეშვა ეს პირი. ფულის მოთხოვნას ან ფულის აღების მცდელობას ადგილი არ ქონია, სიტყვიერად არც მუქარა განუხორციელებია და დანის გამოყენების მცდელობაც არ ქონია. საბოლოოდ უცნობ მამაკაცს წაართვა დანა და მოუწოდა დამჯდარიყო, რასაც იგი დაემორჩილა. ამ პერიოდში ეღიმებოდა და ამასთანავე ნერვიულობდა, მას შემდეგ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა რამდენიმე დღე. თავდამსხმელი, რომელიც აღმოჩნდა დ-----------------–--ლი, იმეორებდა ძარცვის შესახებ და ბანკის თანამშრომლებს მოუწოდებდა - გამოეძახებინათ საპატრულო პოლიცია. მოწმის განმარტებით, დანის გამორთმევის დროს შემთხვევით დაიზიანა ხელი. როდესაც დ-----------------–---–ი სკამთან მიიყვანა და მოუწოდა დამჯდარიყო, გაეხუმრა კიდეც - „მაისური გამეწელა და ახალი უნდა მიყიდოო“, დ-----------------–---–ი კი კვლავ იმეორებდა, რომ იყო ძარცვა და გამოეძახებინათ პოლიციის თანამშრომლები. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომელ ე------–------ძეს უთხრა, რომ განგაშის ღილაკის გამოყენებით გამოეძახებინა პოლიცია. ამ დროს ფილიალში იმყოფებოდა მათი დაცვის თანამშრომელი ნ-----------------–---–იც. გ--------------ას განმარტებით, დ-----------------–---–ისთვის გამორთმეული დანა იდო მაგიდაზე, ხოლო ეს უკანასკნელი იჯდა იქვე მდგომ დივანზე და ელოდებოდა პოლიციელებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე------–------ძემ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თ---------–------------------ში არსებულ სს „ტ---------ს“ ფილიალში მოლარედ. 2018 წლის 01 ივლისს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 10:00 საათიდან, 20:00 საათამდე. სამუშაოს დასრულებამდე სალაროს გარეთ, მოქალაქეთა მისაღებში მომუშავე მოლარ-ოპერატორს - გ--------------ას მისთვის უნდა გადაებარებინა ფულადი თანხა. დაახლოებით 19:05 საათზე ოთახში შევიდა გ--------------ა, რომელმაც შეიტანა ფული. ფულის დათვლის დასრულების შემდეგ დაინახა ბანკში შესული პიროვნება, რომელიც მანამდე უკვე ორჯერ იყო ბანკში იმავე დღეს. ახალგაზრდა მამაკაცი ფილიალში გადაადგილდებოდა თავისუფლად და მივიდა მოქალაქეთათვის აკრძალულ ადგილას, თანამშრომლები კი იქ არ იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ფაქტზე მიანიშნა გ--------------ას, რომელმაც გადაწყვიტა მისულიყო უცნობ მამაკაცთან და გააღო კარი. კარის გაღების შემდეგ დაინახა იქვე მდგომი პიროვნება, რომელიც ცდილობდა მათთან ოთახში შესვლას და ამბობდა - „ძარცვააო“. გ--------------ამ აღნიშნული მამაკაცი გაწია კარიდან, უთხრა: „თავს რას იღუპავ, აქ შემოსვლა არ შეიძლებაო“ და გაიყვანა ოთახის მიმდებარე ტერიტორიიდან. მან (ე------–------ძემ) დახურა კარი და გააგრძელა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, ვინაიდან მასთან მივიდა კლიენტი. ამ დროს ბანკში შემოვიდა დაცვის თანამშრომელიც, რომელიც გასული იყო ფილიალიდან, მან წყალი დაისხა და დაიწყო ყავის დალევა. დაინახა მისი ოთახის წინ გავლილი გ--------------ა და მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც გ-------მ მიუთითა, რომ დამჯდარიყო სკამზე, ხოლო ოთახში მყოფ დაცვის თანამშრომელს სთხოვა პატრულის გამოძახება. მოწმის განმარტებით, გ--------------ამ მასაც სთხოვა, რომ ღილაკის საშუალებით გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია. დაინახა ასევე გ-------ს სისხლიანი ხელიც, თუმცა არ იცის, თუ როგორ დაიზიანა იგი. უცხო მამაკაცის ხელში დანა არ შეუნიშნავს, ცივი იარაღი დაინახა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი იდო მაგიდაზე. უცხო მამაკაცმა დაუჯერა გ--------------ას, დაჯდა დივანზე და მშვიდად ელოდებოდა პოლიციელებს. მოწმის განმარტებით, ბანკში განვითარებული მოვლენები სერიოზულად არ აღუქვამს, მხოლოდ გ-------ს სისხლიანი ხელის დანახვისას იგრძნო შიში და განერვიულდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თ---------–------------------ში მდებარე სს „ტ--------ში“ ტექნიკური სპეციალისტის დამხმარის პოზიციაზე. ასევე ითავსებდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ფუნქციებს. 2018 წლის 01 ივლისს, 09:00 საათზე გამოცხადდა სამსახურში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ გ--------------ა და ე------–------ძე. საღამოხანს გავიდა „GMT“ პლაზაში არსებულ საპირფარეშოში, ბანკში დაბრუნებისას კი მივიდა წყლის აპარატთან, საიდანაც სალაროს კარების წინ დაინახა გ--------------ა და ვარდისფერ მაისურში ჩაცმული მამაკაცი, რომლებიც ძიძგილაობდნენ, თუმცა ხმაურს და უწესრიგობას ადგილი არ ქონია. ეგონა, რომ ზემოაღნიშნული პირები იყვნენ მეგობრები და ხუმრობდნენ. დ-----------------–---–ს ხელში ეჭირა დანა გაშლილ მდგომარეობაში, ხოლო მისი ხელი ეჭირა გ--------------ას და უცნობ მამაკაცს არ აძლევდა საშუალებას, სალაროს კარებში შესულიყო, თან ეუბნებოდა, რომ დანა მიეცა მისთვის. უცნობი მამაკაცი კი პასუხობდა - დაერეკა პოლიციაში, რადგან იყო ძარცვა. იმ დროს გ--------------ამ მოახერხა დანის წართმევა და მათ გადაინაცვლეს შემოსასვლელ კარებთან არსებულ დივანთან, სადაც უცნობი მამაკაცი დაჯდა. მოწმემ განმარტა, რომ გ--------------ას ხელზე შენიშნა ჭრილობა. კითხა გ-------ს - ჭირდებოდა თუ არა დახმარება, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. უცნობი მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა დ-----------------–---–ი, იჯდა დივანზე, მან სამართლამცავებს უთხრა, რომ ბანკში ძარცვის მიზნით იყო შესული. გ--------------ას მიერ წართმეული დანა იდო მაგიდაზე. ყველანი იყვნენ დაბნეულები, ვინაიდან პირველად შეესწრნენ მსგავს ფაქტს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–--------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 01 ივლისს მეწყვილესთან - ა-------–----–---–--ან ერთად სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა მთაწმინდის რაიონში, როდესაც მიიღეს შეტყობინება თავისუფლების მოედანზე მდებარე სს „ტ--------ში“ განგაშის შესახებ. ადგილზე მისვლისას დახვდათ ბანკის ოპერატორი, რომელმაც უთხრათ, რომ მოხდა ყაჩაღობა, უამბო მათ მისვლამდე ბანკში განვითარებული მოვლენების შესახებ და მიუთითა დანაშაულის ჩამდენ პირზე - დ-----------------–---–ზე. მოწმის განმარტებით, მათ გაუვკირდათ დ-----------------–---–ის ქცევა, ვინაიდან იგი იჯდა სკამზე მშვიდ მდგომარეობაში და განაცხადა, რომ ციხეში უნდოდა წასვლა და გადაწყვიტა ბანკის დაყაჩაღება. მოწმის განმარტებით, დაინახა მაგიდაზე არსებული დანა, ბანკის თანამშრომელს კი ხელზე ქონდა პატარა ნაკაწრი, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავეს დ-----------------–---–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ 2018 წლის 01 ივლისს, 18:54:19 საათზე დ-----------------–---–ი იმყოფება თ---------–------------------ში მდებარე სს „ტ---------ს“ შესასვლელთან, ხოლო 18:54:52 საათზე ტოვებს ბანკს. იგი კვლავ ჩნდება კადრში 19:12:39 საათზე და შედის ბანკში. 19:13:22 საათზე დ-----------------–---–ი სავარაუდოდ ესაუბრება გამოძიებით დაუდგენელ პირს, ხოლო შემდეგ 19:15:06 საათზე მიემართება სალაროს ოთახისკენ. 19:15:18 საათზე კადრში ჩანს სალარო ოთახი, სადაც დ-----------------–---–ი ცდილობს შესვლას, თუმცა ბანკის თანამშრომელი არ აძლევს ოთახში შესვლის საშუალებას და ცდილობს ბრალდებული გაიყვანოს სალაროს მიმდებარე ტერიტორიიდან (19:16:22). საბოლოოდ დ-----------------–---–ი და გ--------------ა მიემართებიან ბანკის ღია სივრცეში.

 

სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები: 2018 წლის 01 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; 2018 წლის 01 ივლისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; 2018 წლის 02 ივლისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის №1---/ცი დასკვნა; 2018 წლის 13 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის №0-------- დასკვნა; მოწმეების: ა-------–----–---–ის და ბ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი კი განმარტავს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ისე საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება დ-----------------–---–ის მიერ დაზარალებულის მიმართ თავდასხმის განხორციელება ბანკის სალაროში არსებული ფულადი თანხის წაღების მიზნით; შესაბამისად, ბრალდების მხარე ასკვნის, რომ სახეზეა ქმედების ყაჩაღობით კვალიფიკაციის ყველა ელემენტი და შემადგენლობა.

 

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. განსახილველი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან.

 

ყაჩაღობა ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრდებულია თავდასხმის მომენტიდან, რომელსაც თან ახლავს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა. მიაღწია თუ არა დამნაშავემ გამიზნულ შედეგს, არ აქვს ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა. თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დგინდება თუ არა თავად თავდასხმის ფაქტის არსებობა და ასევე, დამნაშავის პირდაპირი განზრახვა - მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთროს სხვისი მოძრავი ნივთი.

 

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმადაც, შემთხვევის დროს ბანკში მყოფი თანამშრომლების ჩვენებები ვერ იქნა მიჩნეული საკმარისად იმისათვის, რათა დადგენილიყო დ-----------------–---–ის მხრიდან ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო კომპონენტის - თავდასხმის განხორციელება. აღნიშნული გარემოების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის პირის მიერ მხოლოდ ცივი იარაღის ხელში ჭერა. თავდასხმა უნდა იყოს აგრესიული და აქტიური მოქმედება, რომელიც გამოიხატება ძალადობაში ან/და ძალადობის გამოყენების მუქარაში. როგორც დაზარალებულმა გ--------------ამ მოახსენა სასამართლოს, სალარო ოთახის კარის გაღებისას წინ დახვდა დ-----------------–---–ი, მას ხელში ეჭირა დანა და ცდილობდა სალაროში შესულიყო. ამასთანავე, გაიგო სიტყვა „ძარცვაა“. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ დროს უცნობ მამაკაცს ხუმრობით უპასუხა - „რას აკეთებ, ღადაობო?“, რაზეც უცნობმა მამაკაცმა კიდევ გაუმეორა „ძარცვაა და გამოიძახე პოლიციაო“. მართალია დაზარალებულმა სასამართლოს წინაშე აღნიშნა, რომ აღელდა და ნერვიულობის ფონზე იცინოდა, თუმცა ვერ უარყო, რომ რამდენჯერმე გაეხუმრა აღნიშნულ მამაკაცს, როგორც მის მიერ „ძარცვაზე“ აპელირებასთან, ასევე, ახალი მაისურის შეძენასთან დაკავშირებით. გ--------------ამ ნათალად განმარტა, რომ დ-----------------–---–ის მხრიდან ფულის მოთხოვნას ან ფულის აღების მცდელობას, მუქარას ან დანის გამოყენების მცდელობას ადგილი არ ქონია. როდესაც დანა წაართვა და მოუწოდა დამჯდარიყო, ეს უკანასკნელი დაემორჩილა მას. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის დადასტურებულად მიჩნევა, რომ დ-----------------–---–მა მის მიმართ განახორციელა აქტიური თავდასხმა. გ--------------ამ მიუთითა, რომ ცდილობდა დ-----------------–---–ი არ შეეშვა სალაროს ოთახში. ამასთანავე, ვინაიდან მას დანა ეკავა ხელში, ცდილობდა მისი სალაროს კარიდან გაწევის მიზნით ჭიდილის (და არა ბრალდებულის მხრიდან თავდასხმის) დროს არ მიეღო დაზიანება. რაც შეეხება ძალადობას ან ძალადობის გამოყენების მუქარას, მან დაადასტურა, რომ ასეთს დ-----------------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, მუქარის შიშიც არ გასჩენია. მან მხოლოდ შემთხვევით დაიზიანა ხელი დანის გამორთმევის პროცესში.

 

თავდასხმის - როგორც აქტიური მოქმედების შეფასების კუთხით პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოწმეების ე------–------ძის და ნ-----------------–---–ის ჩვენებებსაც. გ--------------ასა და დ-----------------–---–ს შორის არსებული დაპირისპირება არცერთს არ აღუქვამს სერიოზულ და სახიფათო ფაქტად. ე------–------ძემ განაცხადა, რომ სალაროს ოთახიდან გ--------------ას მიერ დ-----------------–---–ის გაყვანის შემდეგ კარი დახურა და გააგრძელა მუშაობა. მას არანაირი ხმაური არ გაუგია, მხოლოდ შემოესმა, თუ როგორ მოუწოდა გ--------------ამ დ-----------------–---–ს, რომ დამჯდარიყო, ისიც დაემორჩილა და დაჯდა. ამ დროს ბანკში მყოფი დაცვის თანამშრომელი ნ-----------------–---–ი იყო სრულიად უმოქმედოდ და სვავდა ყავას. ამ უკანასკნელმა კი სასამართლოს მოახსენა, რომ გ--------------ა და დ-----------------–---–ი ძიძგილაობდნენ, თუმცა ხმაურს და უწესრიგობას ადგილი არ ჰქონია; მიუხედავად იმისა, რომ დ-----------------–---–ს ხელში ეჭირა დანა, მისი ქცევიდან გამომდინარე ეგონა, რომ ზემოაღნიშნული პირები იყვნენ მეგობრები და ხუმრობდნენ. ამ ვითარებაში კი შეუძლებელია დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ დ-----------------–---–ის ქმედებაში ადგილი ქონდა ყაჩაღობის ნიშნებს, ანუ ისეთ აგრესიულ აქტს, როგორიცაა თავდასხმა, რომელსაც სავალდებულოა, ახლდეს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ აშკარა იყო დ-----------------–---–ის მიერ ბანკში არსებული ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამ უკანასკნელის მიერ თანხის ან სხვა მატერიალური სიკეთის მოთხოვნას ადგილი არ ქონია. მოწმეებმა გ--------------ამ და ე------–------ძემ აღნიშნეს, რომ დ-----------------–---–ს სურდა სალაროს ოთახში შესვლა, თუმცა რა მიზნით, არ შეუძლიათ მიუთითონ. მოწმეები განმარტავენ, რომ გაიგეს მხოლოდ დ-----------------–---–ის ნათქვამი - „ძარცვააო“, თუმცა ითხოვდა არა მატერიალური ქონების გადაცემას, არამედ პოლიციის გამოძახებას. პალატა განმარტავს, რომ როგორც ძარცვის, ასევე ყაჩაღობის შემთხვევაში, დამნაშავის მხრიდან ადგილი უნდა ქონდეს ან დაზარალებულისათვის მოძრავი ნივთის მოთხოვნას, ან ამ ნივთის თვითნებურად დაუფლებას შესაბამისი ხერხის გამოყენებით. თუმცა დ-----------------–---–ი ცდილობდა მხოლოდ სალაროს ოთახში შესვლას, მას არც ის უთქვამს, თუ რა მიზნით სურდა იქ შესვლა და მითუმეტეს, არც მოთხოვნის გარეშე დაუფლებია არავის ქონებას. მართალია თავად დ-----------------–---–ი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა ძარცვას, თუმცა იგი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემადგენლობას არ ახორციელებდა. აშკარაა, რომ მსჯავრდებული დანაშაულებრივი ფაქტის არსებობაზე აპელირებდა იმ მიზნით, რათა დაერწმუნებინა ბანკის თანამშრომლები - გამოეძახათ პოლიცია.

 

ამ მხრივ ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულ გ--------------ას ჩვენებას იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი არცერთ შემთხვევაში არ უთითებს დ-----------------–---–ისგან ბანკში არსებული მატერიალური ქონების დაცვის მცდელობაზე. არამედ, დაზარალებული განმარტავს, რომ ცდილობდა სალაროს ოთახში შესვლის უფლება არ მიეცა დ-----------------–---–ისათვის. ამდენად, გარდა იმისა, რომ მსჯავრდებულს სურდა სალაროში შესვლა, მისი ქმედებისა და ასევე, მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად, სხვა სახის განზრახვა არ ვლინდება. რაც შეეხება პროკურორის აპელირებას, რომ იმ დღეს დ-----------------–---–ი რამდენჯერმე შევიდა ბანკში, მან კარგად იცის საბანკო სისტემის საქმიანობა და ასევე, აზარტულ თამაშებში წაგებული აქვს სოლიდური თანხა, რაც აშკარად მიუთითებს მის მიერ დიდი ოდენობით თანხების მისაკუთრების განზრახვაზე, პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის ვერსია არის მხოლოდ ვარაუდებზე აგებული და იგი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. პირიქით, სახეზეა გონივრული ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლის მიერ დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ დ-----------------–---–ი მივიდა თ---------–------------------ში მდებარე სს „ტ---------ს“ ფილიალში და აიძულებდა თანამშრომელს - შეეშვა სალაროს ოთახში, შესაბამისად, მან ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პირველი ნაწილით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: “DALLOS v. HUNGARY”, (no. 29082/95 ), 2001 წლის 1 მარტი, პარ. 47-53; SIPAVIČIUS v. LITHUANIA, (no. 49093/99 ), 2002 წლის 21 თებერვალი, პარ.23-34; JUHA NUUTINEN v. FINLAND, (no. 45830/99 ), 2007 წლის 24 აპრილი, პარ. 33). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ კვალიფიკაციის შეცვლით დ-----------------–---–ის ქმედებას მიეცა სწორი, ფაქტობრივ გარემოებებზე მორგებული სამართლებრივი შეფასება და მისი მსჯავრდება მოხდა ჩადენილი ინკრიმინირებული ქმედების შესაბამისად.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და დ-----------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ქმედების შემდგომი ყოფაქცევა) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხარისხის, მისი პიროვნებისა და წარსული ცხოვრების, ასევე, კანონმორჩილებისადმი დამოკიდებულების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი დ-----------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი;

 

დ-----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

 

დ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

დ-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

დ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 01 ივლისიდან, 2019 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ერთი ცალი ლაზერული დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

- დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ბ. ბუგიანიშვილი