განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
190210018002616639
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210018002616639

საქმე №2ბ/101-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ე-–---- ხ----–---–ი

წარმომადგენელი - ა----------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ტ-----–--ე

წარმომადგენელი - დ------------–-------------------------–--–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მ------ ტ-----–--ის საცხოვრებელი ბინა მდებარეობს - ქ-----------ში, კ-------ას გამზ. N1----ის. ბინა განთავსებულია მრავალბინიანი კორპუსის მეოთხე სართულზე.

 

2. ქ-----------ში, კ-------ას გამზ. N1----ში მდებარე ბინა, სადაც ცხოვრობს მოსარჩელე ე-–---- ხ----–---–ი, განთავსებულია მესამე სართულზე, მ------ ტ-----–--ის საკუთრებაში არსებული 34-ე ბინის ქვემოთ.

 

3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ქ-----------ში, კ-------ას გამზ. N1----ში განთავსებულ ბინაში ზემოდან პერიოდულად წყლის ჩამოდინების შედეგად დაზიანებული რემონტის აღსადგენად ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 6374,16 ლარი, ნორმატიული და დღგ-ის ჩათვლით.

 

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე-–---- ხ----–---–მა და მოითხოვა მ------ ტ-----–--ისათვის 6374,16 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 29 ივნისიდან მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან (მდებარე ქ-----------ი, კ-------ას გამზირი #1, ბინა #--) სისტემატიურად ჩამოდის წვიმის წყალი მოსარჩელის ბინაში (მდებარე, ქ-----------ი, კ-------ას გამზირი #1 ბინა #--) აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა მოსარჩელის ბინის დაზიანება, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ თავისი კუთვნილი ბინიდან ჩამონადენი წყლითაც დააზიანა მოპასუხემ მათი საცხოვრებელი ბინა.

 

5. მოპასუხის შესაგებელი :

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე პასუხს არ აგებს სტიქიური მოვლენებით დამდგარ ზიანზე, იქნება ეს წვიმა, სეტყვა ,თოვლი თუ ქარბუქი, ის პასუხს აგებს მის საკუთრებაში არსებული შიდასაკომუნიკაციო ქსელების გამართულობაზე და აქედან გამომდინარე ზიანის გამომწვევ საფრთხეებზე. სახლის სახურავი, ასევე სახურავის წყალსაწრეტი მილები, საიდანაც შესაძლებელია ზიანდებოდეს მოსარჩელე, ან სხვა მობინადრე, არ არის მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში ან/და მფლობელობაში. გარდა ამისა, მოპასუხე განმარტავს, რომ სარჩელს არ დაერთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებს ამ მოსარჩელის საკუთრების უფლებას ბინაზე, რომელიც ,,წვიმის წყლით ზიანდება’’. სარჩელს დაერთვის საბინაო ორდერი, გაწერილი ძირითად დამქირავებელზე, ვინმე ვ--–------ გ----–---–ზე, რომლის ოჯახის წევრებში (თანადამქირავებლებში) მოსარჩელე ე-–---- ხ----–---–ი მითითებული არ არის, შესაბამისად მოპასუხე არ მიიჩნევს მას სათანადო მოსარჩელედ.

 

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე-–---- ხ----–---–ის სარჩელი მოპასუხე მ------ ტ-----–--ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. (იხ გადაწყვეტილება ტომი 1 სფ.112)

 

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება გასააჩივრა მოსარჩელე ე-–---- ხ----–---–მა.

7.1 ე-–---- ხ----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლებია:

აპელანტის განმარტებით რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია აპელანტისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. ამასთან, აპელანტი მიუთითებს როგორც მის, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე. ამ დასკვნებით, როგორც იგი აღნიშნავს, დასტურდება, ერთი მხრივ, ზედა სართულიდან პერიოდულად წყლის ჩამოდინების შედეგად დაზიანებული რემონტის აღსადგენად ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება 6374.16 ლარი, მეორე მხრივ კი დაზიანების მიზეზად მითითებულია სახურავიდან ჩამოსული ატმოსფერული ნალექები ისევე როგორც მოწინააღდმეგე მხარის ბინაში მოწყობილი სველი წერტილების საკომუნიკაციო მილგაყვანილობის დაზიანება;

7.2. აპელანტის მითითებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია რამდენადაც უგულებელყოფს ან არასწორად განმარტავს ამ საქმისთვის რელევანტურ ნორმებს, კერძოდ: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 (3) მუხლი, რომელიც ადგენს მესაკუთრის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობაში მონაწილეობას; ამავე კანონის მე-8 (2) მუხლი, რომელიც ადგენს მესკაუთრის უფლებას, მიიღოს გონივრულობის ფარგლებში აუცილებელი ზომები საერთო ქონებისადმი ზიანის თავიდან ასაცილებლად; ამავე კანონის 21-ე (1) „ა“ მუხლი, მესაკუთრის მიერ საერთო ქონების გამოყენებისა და შენარჩუნების სტანდარტზე;

სამოტივაციო ნაწილი

 

8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

10. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად აპელანტის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და ამავე კოდექსის 408-ე მუხლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.(სუსგ ას-72-72-2018)

 

11. პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს.

 

სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. (შეად სუსგ საქმე ას-218-2019(b) რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აპელანტის ბინაში ნამდვილად აღინიშნება ჩამდინარე წყლის კვალი, აღნიშნულის დასტურად, როგორც აპელანტის, ასევე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნები, რომლებშიც მითითებულია რომ როგორც აპელანტის, ასევე მოწინააღმდეგე მხარის ბინაში, აღინიშნება ჩამოსული წყლის ლაქები. აპელანტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია ბინაში წყლით მიყენებული დაზიანების აღსადგენად ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რა არის ბინაში არსებული დაზიანების გამომწვევი მიზეზი, გარემო ფაქტორები, თუ მეზობლის მიერ განხორციელებული ქმედება.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნულის მიხედვით მოპასუხის საცხოვრებელ ბინაში არსებული დაზიანებები ცალსახად გამოწვეულია სახურავიდან ჩამონადენი ატმოსფერული ნალექით, ხოლო რაც შეეხება მის ქვემოთ მესამე სართულზე არსებულ მეზობლის ბინაში ჩასულ წყალს და დაზიანებებს ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც დაზიანებული სახურავიდან ჩამოსული ატმოსფერული ნალექებით, ასევე მეოთხე სართულზე არსებულ ბინაში მოწყობილი სველი წერტილების საკომუნიკაციო მილგაყვანილობის დაზიანებით (არსებობის შემთხვევაში), ან ორივე ერთად, ვინაიდან წყლის ჩადინებისგან გამოწვეული სპეციფიკური ლაქები ხანდაზმულია, ექსპერტიზა ვერ განსაზღვრავს, როგორც დაზიანებების ზუსტ დროს, ასევე ზუსტ მიზეზებს.

 

ამასთან, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმების ჩანაწერებიდან და სარჩელის შინაარსიდან იკვეთება, მოსარჩელე(აპელანტი) თავადაც ადასტურებს, რომ ქ-----------ში, კ-------ას გამზ. N1----ში მდებარე ბინაში წყალი ზემოდან წვიმის დროს ჩამოდის. პალატა განმარტავს რომ, მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არა სახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახე. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. (შეად. სუსგ საქმე ას-153-2019) ასეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე თავადაც აპელირებს წვიმის წყლის ჩამოდინებით როგორც თავისი ასევე მოპასუხის საცხოვრებელი სახლის დაზიანებაზე, საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ბრალეულობასა და შედეგს შორის პალატას მიაჩნია რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა ზიანის ანაზღაურებისათვის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის/მოსარჩელის მოსაზრებას მტკიცებულებისთან, (ს.ფ. 104) რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული 17.07.2018 წლის წერილთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ცნობა შეიცავს მხოლოდ ინფორმაციას სახურავის ვიზუალურ დათვალიებასათან დაკავშირებით, რომ მასზე დაზიანებები არ ფიქსირდება, იგი არ არის შედგენილი ექსპერტის მიერ და არ შეიცავს კვლევების შედეგად მიღებულ დასკვნებს.

 

12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით უგულებელყო ან არასწორად განმარტა ამ საქმისთვის რელევანტური ნორმები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის მეოთხე ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად მრავალბინიანი სახლის სახურავები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, ამავე კანონის მე-7 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი დადგენილია, რომ მესაკუთრე, განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა, სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნულ ნორმათა ანალიზით, კერძოდ, მრავალბინიანი სახლის სახურავიდან მ------ ტ-----–--ის ბინაში ჩამოსული წვიმის წყალის დაზიანება ვერ იქნება მ------ ტ-----–--ის ბრალეული ქმედების შედეგი, და ზიანის ანაზღაურების სსკ 992-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, რამეთუ ამხანაგობის საერთო ქონების მათ შორის სახურავის მოვლა-პატრონობის ვალდებულება ყველა ამხანაგობის წევრს, ყველა მესაკუთრეს თანაბრად ევალება.

 

აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან მიმართებით უთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუქნტზე. ამ დანაწესის თანახმად მესაკუთრე უფლებამოსილია, სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, გონივრულობის ფარგლებში მიიღოს აუცილებელი ზომები იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელიც უშუალოდ ემუქრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. ამ მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს თავის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული დებულება ადგენს მესაკუთრის უფლებამოსილებას, თუმცა ირელევანტურია მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრის მიერ ზიანის მიყენების ფაქტის ან/და შესაბამისად წარმოქმნილი ვლადებულების დასადასტურებლად.

 

13. პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების გამოუყენებლობის საფუძველზე. ამ ქვეპუნქტებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დაცვის მიზნით დაიცვას სამშენებლო-ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარიული და სხვა ნორმები და წესები. მოცმულ შემთხვევაში არ იკვეთება მითითებული ნორმის დისპოზიცია; არ იქნა დადგენილი მოწინააღმდეგე მხარის მიერ ინდივიდუალური საკუთრებისა და ბინათემსაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების იმგვარი გამოყენება, რითაც ზიანი მიადგებოდა სხვა მესაკუთრეს. ასევე, არ იქნა აპელანტის მიერ სამართალწარმოების განმავლობაში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება რომელიც მოითითებდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამშენებლო-ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარიული და სხვა ნორმების დაუცველობის საკითხზე.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური წინაპირობები.

 

14. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე-–---- ხ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს რუსთავის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი