განაჩენი

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
330100119002942622
ინსტანცია
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002942622

საქმე №1 ბ/1036-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 ივლისი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ი-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

შ--–-- რ------ის მიმართ, დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქალაქი თბილისი, ი---- ჯ-----–---–ის მოედანი N----- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქალაქი თბილისი, ს-------------------/ჭ--------------------ში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით შ--–-- რ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ--–-- რ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-- რ------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ასევე მან ჩაიდინა იძულება, ესე იგი ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 8 მარტს დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე, ქ. თბილისში, კ----------------–--–-----------------------------------------------–--------------------------’’ შ--–-- რ------ემ იძულება განახორციელა თ----- ჭ-----ეზე, რათა ამ უკანასკნელს განეხორციელებინა ქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლება იყო, კერძოდ ძალადობით და ცემის მუქარით აიძულა იგი ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, მარჯვენა ხელი მოუჭირა მარცხენა იდაყვის არეში, მარცხენა ხელი წაავლო მარჯვენა ხელის მტევანზე, მოუჭირა ძლიერად, ექაჩებოდა მანქანისკენ და ცემის მუქარით, რომ გაიგდებდა წიხლის ქვეშ, თ----- ჭ-----ე იძულებული გახდა ჩამჯდარიყო ავტომანქანაში. 2019 წლის 8 მარტს დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე, ქ-------–--–--------------------–--–---------------------–-----------------------–--’’ ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარედ, გზაზე გაჩერებული მერსედესის ფირმის ავტომანქანაში, შ--–-- რ------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ძალადობა განახორციელა თ----- ჭ-----ის მიმართ, კერძოდ შეაგინა მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა თმაში, შემდეგ ყელზე და გაშლილი მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც თ----- ჭ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----- ი-------ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად გასაჩივრებული განაჩენით უგულებელყოფილია სასჯელის მიზანი. მსჯავრდებულმა ქალის მიმართ ჩაიდინა ძალადობა. ასეთი დანაშაულის ფონზე, დანიშნული სასჯელის ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს და მსჯავრდებულმა კვლავ ჩაიდინოს ძალადობრივი დანაშაული. საჩივრის თანახმად ეს საფრთხე არსებობს ჩადენილი დანაშაულის - ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე. ამდენად მსჯავრდებულს შესაძლოა გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი. ამ გარემოებებზე მითითებით პროკურორი აღნიშნავს, რომ შ--–-- რ------ეს უნდა დაენიშოს უფრო მკაცრი სასჯელი რათა დაცული იქნას დაზარალებული და თავიდან იქნას აცილებული შ--–-- რ------ისაგან მომავალი საფრთხეები.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ--–-- რ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების წარდგენის მომენტიდან შ--–-- რ------ე თავს დანშავედ ცნობს, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის: დაზარალებულისა და მოწმეების - თ----- ჭ-----ის, მა-----------------------------–---–---------–----------------–--------–----------------–-- გამოკითხვის ოქმების, შემაკავებელი ორდერის N------, 2019 წლის 25 მარტის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის, თვითონ შ--–-- რ------ის აღიარების და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--–-- რ------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე მან ჩაიდინა იძულება, ესე იგი ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, მას პალატა არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

გაითვალისწინა რა კანონის დასახელებული მოთხოვნები პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში განმარტა, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

გასაჩივრებული განაჩენის გამომტანმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ამ კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული სანქციების სახე და ზომა.

 

გაითვალისწინა ასევე შ--–-- რ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები. კერძოდ დაადგინა, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, საქმეზე არსებული მტკიცებულებები გახდილია უდავოდ, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს.

 

გარდა ამისა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობაც და აღნიშნა, რომ კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო საქართველოში ძალადობრივი (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური) დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, შ--–-- რ------ეს განხორციელებული აქვს სხვაგვარი ძალადობა და იძულება.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ შეფასებებს და დამატებით განმარტავს, რომ როგორც დაზარალებულ თ----- ჭ-----ის 2019 წლის 29 მარტის განცხადებით ირკვევია ამ დროისათვის მას ბრალდებულთან არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნდა. მას შემდეგ გასულია თვეები და საწინააღმდეგოს დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება პალატისათვის წარმოდგენილი არ არის.

 

როგორც აღინიშნა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი ჩადენილი ქმედების პროპორციული უნდა იყოს, უნდა შეესაბამებოდეს დამნაშავის პიროვნებას, ასევე უნდა უზრუნვეყლოფდეს რესოციალიზაციის, დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მიღწევას. ცალკე აღებული მხოლოდ ის გარემოება, რომ პირმა გავცელებული და საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედება ჩაიდინა, უპირობოდ მკაცრი სასჯელის გამოყენებას ვერ გამოწვევს.

 

ამრიგად, სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ - მათ შორის მათ შორის დაზარალებულთან შერიგების ფაქტს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შ--–-- რ------ეს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება. ამავდროულად, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ შ--–-- რ------ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი შ--–-- რ------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ი-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი შ--–-- რ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

შ--–-- რ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

შ--–-- რ------ე ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ--–-- რ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ცნობადაა მიღებული, რომ მსჯავრდებულ შ--–-- რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ შ--–-- რ------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი