განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119002919410
საქმე № 1ბ/1073-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივლისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
თ---–-------–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- გ-------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ------- დ------–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–------------------------------------------–- დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით გ------- დ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ--- ა-------–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ზ----- ბ-------–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63- ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ---- ა-------–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ---- ა-------–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- დ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
გ------- დ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- დ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ------- დ------–---–ი მობილური ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ---–--–-----–--------------------------------------------- მიმდებარედ მყოფ ცოლის დას - ლ--- ა-------–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ------- დ------–---–ი, მობილური ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ------–------------------–--–------------------------------------ში მისთვის წინასწარი შეცნობით ორსულად მყოფ მეუღლეს - ნ---- ა-------–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 18:10 საათიდან - 18:30 საათამდე პერიოდში, გ------- დ------–---–ი, მობილური ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ--------------------------–-------–--–--–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში მყოფ სიდედრს - ზ----- ბ-------–---–ის, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 24 მაისის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–-------–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- გ-------–მა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ------- დ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, უსამართლო და შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქმედების ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, ოჯახში ძალადობისა და მუქარის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე. შესაბამისად, ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულისთვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი და პირიქით შესაძლებელია კვლავ უბიძგოს მართლსაწინაარმდეგო ქმედების განხორციელებისკენ.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. მტკიცებულებებთან დაკავშირებით იგივე პოზიცია უკავია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარესაც. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---–-------–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- გ-------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- დ------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან არც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ დაზარალებულების ნ---- ა-------–ის, ლ--- ა-------–ის, ზ----- ბ-------–---–ის, მოწმეების: თ----- ა-------–ის, თ-----------–----–-----–-------------–---–-------------- დ------–---–ის გამოკითხვის ოქმების, შემაკავებელი ორდერის და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- დ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება უშუალოდ თ---–-------–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- გ-------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, მას პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს გ------- დ------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე ითვალისწინებს მისი დაზარალებულებთან შერიგების ფაქტს, ამასთან მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის სახე და ზომა.
ამავდროულად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული ოჯახში ძალადობისა და მუქარის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე და რომ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელი ვერ გახდება მისთვის შემაკავებელი და პირიქით შესაძლებელია უბიძგოს ახალი დანაშაულის ჩადენისკენ. ბრალდების მხარის მიერ საჩივარში მოყვანილი საერთაშორისო აქტები მართლაც მოუწოდებენ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად. მათ შორის, ერთ-ერთ ასეთ ქმედით ღონისძიებას წარმოადგენს იმ დამნაშავისათვის სათანადოდ მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ვინც ქალთა მიმართ ჩაიდინა ძალადობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში, განურჩევლად საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, დამნაშავის პიროვნების თუ სასჯელის სახესა და ზომაზე გავლენის მქონე სხვა გარემოებების, უალტერნატივოდ გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა ხანგრძლივი ვადით და მისი რეალურად მოხდის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი განცხადებებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს შორის კონფლიქტი ამოწურულია. მომხდარი შემთხვევის შემდეგ გ------- დ------–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, რის შემდეგაც მსჯავრდებული იმყოფება თავისუფლებაში. ამ ხნის განმავლობაში დაზარალებულებთან კონფლიქტი ან თუნდაც სიტყვიერი შელაპარაკება არ მომხდარა. შესაბამისად იმ ფონზე, როდესაც ამისი დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდებას სასამართლოსათვის არ წარუდგენია, სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირება, მსაჯვრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებსა და დაზარლებულების ვიქტიმიზაციაზე უფრო ჰიპოტეტიურია და არაა გამყარებული სამართლებრივი საფუძვლებით. მსჯავრდებულს დაუდასტურდა, რომ ჩაიდინა დანაშაულის სამი ეპიზოდი და თითოეულისათვის დამოუკიდებლად დაენიშნა სასჯელი. იგივე გარემოება (სამი დანაშაულის ჩადენა) ამავდროულად არ შეიძლება გახდეს მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძვლელიც.
სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ასევე მსჯავრდებულის წარსულის შეფასებაც. გ------- დ------–---–ი ნასამართლევი არ არის. ისეთი პირის მხრიდან კი, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა, რეციდივის მოლოდინი ნაკლებად სავარაუდოა და შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მხოლოდ მოსაზრების დონეზე. ამ მოცემულობისას, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენა არასაპატიმრო ხასიათის არცერთი სასჯელი და დანიშნა პატიმრობა. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული, თუნდაც მოსაზრების დონეზე არსებული ვარაუდი ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის, როგორც პირველი, ასევე მეორე ნაწილი, სანქციის სახით ითვალისწინებს არაერთ ალტერნატივას, მათ შორის: ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს და თავისუფლების აღკვეთას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა მათგან ყველაზე მძიმე სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის პიროვნების, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი ნასამართლობაა, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნა სცილდება სამართლიანობის ფარგლებს.
ამავდროულად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში გ------- დ------–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------- დ------–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი გ------- დ------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---–-------–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- გ-------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი გ------- დ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ------- დ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ- ის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ--- ა-------–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ზ----- ბ-------–---–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63- ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ---- ა-------–ის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის მეორ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ---- ა-------–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- დ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
გ------- დ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ------- დ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- დ------–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ------- დ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ნივთიერი მტკიცებულება:
1 (ერთი) ცალი დისკი და ექოსკოპიის ფოტოები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი