განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ნ 330100118002634901
საქმე № 1ბ/1050-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივლისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
თ---–---------------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------– ნ-–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შ----- ყ-----–---–ის მიმართ, დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–-----------–-----------------------ში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენით შ----- ყ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ შ----- ყ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით.
შ----- ყ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 მაისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ შ----- ყ-----–---–მა ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით, შ----- ყ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. 2018 წლის 13 ივლისს, საღამოს საათებში, თ---–--–----–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი შ----- ყ-----–---–ი ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ, მაფიქსირებელი მოწყობილობით ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 10 მაისის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–---------------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------– ნ-–------ემ და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით შ----- ყ-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანის გამოყენებით ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და პირობითი მსჯავრის ქვეშ მის მიერ კვლავ დანის ტარება წარმოადგენს საფრთხეს. პროკურორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ დანიშნულია ზედმეტად მსუბუქი სასჯელი, რაც შესაძლებელია არათუ შემაკავებელი, არამედ წამახალისებელი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისთვის და სასჯელის მოხდის შემდგომ კვლავ ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. მტკიცებულებებთან დაკავშირებით იგივე პოზიცია უკავია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარესაც. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---–---------------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ----- ყ-----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან არც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არც კვალიფიკაციას.
ამდენად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების, ასევე საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ მოწმეების: ი------–----–---------------------–---–---------–-----------–---–-- გამოკითხვის ოქმების, 2----–-–---------–--------------------------–--–----–-------------------–-–---------–---- ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის, 2016 წლის 16 მარტის, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენის, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, 2018 წლის 17 ივლისის, ტექნიკური ექსპერტიზის №-----–- დასკვნის და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ----- ყ-----–---–მა ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით.
რაც შეეხება თ---–---------------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------– ნ-–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს შ----- ყ-----–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დააავადებულია სხვადასხვა სახის დაავადებებით, ამასთან მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის სახე და ზომა.
ამავდროულად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ დანის გამოყენებით ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, ამ მოცემულობაში მის მიერ დანის ტარება წარმოადგენს საფრთხეს და რომ კვლავ არსებობს რისკები, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა. აღნიშნულზე პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შ----- ყ-----–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს მართალია ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, განზრახ მძიმე დანაშაულებისთვის, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს და სასამართლო მას ვერ მიიჩნევდა დამამძიმებელ გარემოებად. რაც შეეხება მსაჯვრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე, პალატა მიუთითებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ამისი დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდებას სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ეს არგუმენტი უფრო ჰიპოტეტიურია და არაა გამყარებული სამართლებრივი საფუძვლებით.
გარდა ამისა სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ შ----- ყ-----–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენი შ----- ყ-----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---–---------------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------– ნ-–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენი შ----- ყ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
შ----- ყ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ შ----- ყ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით.
შ----- ყ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 მაისიდან
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ შ----- ყ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
დანა, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი