განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002917661
საქმე №1ბ/902-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
გიორგი კვახაძის მდივნობით,პროკურორ - ა----–----–---–ის,ადვოკატ - ა---------–-----------ას,მსჯავრდებულ - ნ-------------–---–ის მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ-------------–---–ის მიმართ - (პ/N5----------); დაბადებული - 1----–-–---------სს; რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–----------–ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით:
ნ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ-------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ქ.თბილისში ფანჯიკიძის ქ.N22, ბინა N7-ში, ნ-------------–---–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ფარულად დაეუფლა ი----------–---–ის კუთვნილ სამკაულებსა და აქსესუარებს, კერძოდ: 430 ლარად ღირებულ ბრილიანტის თვლიან ოქროს ბეჭედს, 800 ლარად ღირებულ ქალის „Longines”-ის ფირმის მაჯის საათს, 730 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, 740 ლარად ღირებულ ოქროს წყვილ საყურეს არაძვირფასი და ბრილიანტის თვლებით, 305 ლარად ღირებულ ოქროს წყვილ საყურეს, 510 ლარად ღირებულ ოქროს წყვილ საყურეს არაძვირფასი თვლებით და თითო ბრილიანტით, 130 ლარად ღირებულ ოქროს გულსაბნევს, 5 500 ლარად ღირებულ „Longines”- ის ფირმის მაჯის საათს, 400 ლარად ღირებულ „არმანის“ ფირმის წყვილ საყურეს და 400 ლარად ღირებულ „არმანის“ ფირმის ბეჭედს, აღნიშნული ქმედეის შედეგად, ი----------–---–ს მიადგა 9 945 (ცხრაათას ცხრაას ორმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----–----–---–მა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის დამძიმების კუთხით.
ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. ამასთანავე, გარდა ამოღებული ნივთებისა დაზარალებულისთვის არ არის ანაზღაურებული ზიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნ-------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, რადგან ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ა----–----–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ნ-------------–---–მა და მისმა ადვოკატმა ა---------–-----------ამ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ნ-------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ი----------–---–ის, ი-–-------–-–---–-----------------–---------–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმის სახით ნ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ლომბარდიდან ხელშეკრულებების და სამკაულების ამოღების ოქმით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებული ხელშეკრულებებითა და ნივთიერი მტკიცებულებებით; ნ-------------–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმით და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებით; ი----------–---–ის მიერ ნივთების ამოცნობის ოქმებით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ-------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას. რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ნ-------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მისი ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ნ-------------–---–ის მიმართ, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ნ-------------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ; ზიანის ნაწილი ანაზღაურებულია, ბრალდებული არის 3 შვილის მარტოხელა დედა; ამასთან, იგი ხასიათდება დადებითად და ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან სიაში; არ არის ნასამართლევი; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
ნ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
ნ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი ნ-------------–---–ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ზარდახშა, დალუქული F--------- ლუქით, ერთი ცალი გულსაბნევი, დალუქული ცალკე პაკეტად; ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი ბურთულებით, დალუქული ცალკე პაკეტად; შავი ფერის წყვილი საყურე, დალუქული ცალკე პაკეტად; ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი სამკუთხედი ფორმის ოქროსფერი ფირფიტით და მასზე არსებული თვლებით, დალუქული ცალკე პაკეტად; წყვილი საყურე ცისფერი მომრგვალო ქვით, დალუქული ცალკე პაკეტად; “LONGINES”-ს ფირმის მაჯის საათი დალუქული ცალკე პაკეტად; ერთი წყვილი საყურე შავი ფერის თვლებით,დალუქული ცალკე პაკეტად რომლებიც ინახე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, ბინის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები, მოთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე