განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190310018002673206 (N3ბ/995-19)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
აპელანტები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ქ--------------–--------–---------------------“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.აპელანტის მოთხოვნა
1.1 რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,რ----------–--------–---------------------ს" წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მრტის №0--------- ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (მ-------------------ის მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) და დაევალა მოპასუხეს პაციენტ მ-------------------სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილება, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მ------------------ის მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ------------------- 2017 წლის 11 ოქტომბრის 12:48 საათიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის 20:20 საათამდე მკურნალობდა სს ,,ქალაქ რ-------ის ცენტრალურ საავადმყოფოში", დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა j96.0; ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, I61;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ს. ფ. 1-11);
- წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 61-68);
- სამედიცინო დახმარების საფინანსო ანგარიში (ს. ფ. 13-16);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს. ფ. 17);
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილებით, საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსტექტირებისას სამედიცინო შემთხვევას №3--------- საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ს.ფ. 1-11);
- წერილობითი შესაგებელი (ს.ფ. 61-68);
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 19-20);
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის
2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის მიერ გამოსავლის ველში დაფიქსირებულია ,,დაუსრულებელი მკურნალობა", სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე აღინიშნება ლეტალური გამოსავალი. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას."
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილება (ს. ფ. 21-24).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0-------, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების, 6 620,99 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----------------ი 2017 წლის 11 ოქტომბრის 12:48 საათიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის 20:20 საათამდე მკურნალობდა სს ,,ქალაქ რ-------ის ცენტრალურ საავადმყოფოში", დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა j96.0; ინტაცერებრული სისხლჩაქცევა, I61;
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილებით, საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსტექტირებისას სამედიცინო შემთხვევას №3--------- საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტების საფუძველზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის ველში დაფიქსირებულია ,,დაუსრულებელი მკურნალობა", ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე აღინიშნება ლეტალური გამოსავალი. სამედიცინო დოკუმენტაციის ინსტექტირებისას სამედიცინო შემთხვევას №3--------- საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას."
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
მითითებული დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს; ამავე პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, კი წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს; მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელეთათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
მ-------------------ს სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 2017 წლის 26 ოქტომბერს 20:20 საათზე მიეთითა დაუსრულებელი მკურნალობა (ხელწერილის საფუძველზე), ხოლო შეტყობინების დასრულებლად მიეთითა 2017 წლის 27 ოქტომბერი 12:02 საათი, 15:36 საათი; (ს. ფ. 25) მ-------------------ს სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 2017 წლის 27 ოქტომბერს 12:14 საათზე კომენტარის ველში მიეთითა, რომ შემთხვევის დახურვისას მოხდა შეცდომა პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად გამოსავალი უნდა იყოს ,,ლეტალური". (ს. ფ. 27).
სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-------------------ს სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას ადგილი არ აქვს შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზის, მისი დაზუსტების, ჩარევის და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობას, აღნიშნულს ასევე ადასტურებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილებაც, რომელმაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას მიიჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას.
სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილების მიღების საფუძველთან დაკავშირებით განმარტა, რომ განმახორციელებელმა მიწოდებული ინფორმაცია მიიჩნია შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობაში, მიუხედავად იმისა, რომ 12 წუთში კომენტარის ველში მიმწოდებლის მიერ მიეთითა შესაბამისი გამოსავალი, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსს ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილის შესახებ.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან: ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება;
დადგენილების №1 დანართის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ პროგრამის განმახორციელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, პროგრამის მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება შეუძლია როგორც შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას, საანგარიშო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ისე, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისას ან ანაზღაურებაზე უარის თქმის ეტაპზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
რაც შეეხება მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებას, შემთხვევის დასრულების შემდგომ მონაცემების შეცვლის შეუძლებლობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მეოთხე პუნქტის შინაარსზე, რომლის თანახმად, თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დასახელებული ნორმის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ არსებობს. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში მექანიკური შეცდომის გამო გამოსავალში მიეთითა ,,დაუსრულებელი მკურნალობა". კომენტარის ველში დაუყოვნებლივ მიეთითა - ,,პაციენტი გარდაიცვალა, შესაბამისად გამოსავალი უნდა იყოს ,,ლეტალური". ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის 10-ე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 10%-ით.
დადგენილების №1 დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან არაუმეტეს 60 დღისა.
იმ პირობებეში, როდესაც განმახორციელებელმა მ-------------------ს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას მიიჩნია, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა მიწოდებული ინფორმაციის შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციასთან დაუმთხვევლობის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას განმახორციელებელს მიმწოდებლის მიერ უკვე ეცნობა უსწორობის შესახებ, რომელიც მექანიკურ შეცდომას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.
დასახელებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0-------, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ არცერთ გასაჩივრებულ აქტში მითითებული არ არის კონკრეტულად იმ გარემოების შესახებ თუ რა გახდა სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, რადგან ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტლება უკანონოდ იქნა ცნობილი, მოპასუხეს დაევალა პაციენტ მ-------------------ს მკურნალობის მიზნით, მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. კერძოდ:
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის Nო36 დადგენილებით დამტკიცებულია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის თანახმადაც, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
ამავე დადგენილების მიხედვით, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. მხარეებს შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, განმარტებულია შემდეგი სახით: ადმინისტრაციული ხელშეკრულება — ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება; ამავე კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ და ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა ამასტანავე გასათვალისწინებელია რომ ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს "კლინიკა რ-------ი" მონაწილეობს აღნიშნულ პროგრამაში და შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს დადგენილებით განსაზღვრული ყველა პირობა; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის Nო36 დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრული არის ის შემთხვევები, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებას უარი ეთქვა პაციენტის მკურნალობის თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან არ იყო დაცული მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები. ის რომ სისტემაში გადაცემული ინფორმაცია არ იყო ზუსტი და მოხდა შეცდომა, ამას აღიარებდა თავად მხარეც, თუმცა აღნიშნავდა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რაც გაიზიარა სასამართლომ.
აპელანტი არ ეთანხმება აღნიშნულ განმარტებას, რადგან შეტყობინებების სისტემაში გადაცემული ინფორმაცია ითვლება დასრულებულად და აღნიშნულ შემთხვევაში ხარვეზის დადგენას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის Nო36 დადგენილება არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, მსგავს შემთხვევებში დადგენილება თვლის არანაზღაურებად შემთხვევად. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 06 მარტის №0--------- უარი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული არის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
პალატა მიუთითებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა და აღნიშნული პროგრამით განსაზღვრულია მისი მოსარგებლეების, განმახორციელებლისა და მიმწოდებლის უფლებები და ვალდებულებები, ისევე, როგორც პროგრამის განხორციელების ძირითადი ნორმები.
პალატა მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე დადგენილების მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენმილია, რომ მ------------------- 2017 წლის 11 ოქტომბრის 12:48 საათიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის 20:20 საათამდე მკურნალობდა სს ,,ქალაქ რ-------ის ცენტრალურ საავადმყოფოში", დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა j96.0; ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, I61.
მ-------------------ს სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 2017 წლის 26 ოქტომბერს 20:20 საათზე მიეთითა დაუსრულებელი მკურნალობა (ხელწერილის საფუძველზე), ხოლო შეტყობინების დასრულებლად მიეთითა 2017 წლის 27 ოქტომბერი 12:02 საათი, 15:36 საათი; მ-------------------ს სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში 2017 წლის 27 ოქტომბერს 12:14 საათზე კომენტარის ველში მიეთითა, რომ შემთხვევის დახურვისას მოხდა შეცდომა პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად გამოსავალი უნდა იყოს ,,ლეტალური"
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილებით, საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსტექტირებისას სამედიცინო შემთხვევას №3--------- საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებლის მიერ გამოსავლის ველში დაფიქსირებულია ,,დაუსრულებელი მკურნალობა", სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე აღინიშნება ლეტალური გამოსავალი. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მეორე თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას."
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, მ-------------------ს სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციისას ადგილი არ აქვს შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზის, მისი დაზუსტების, ჩარევის და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთა შორის შეუსაბამობას.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით მითითებული მომსახურების დაწყების დროს შეუსაბამობა შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადმოცემულ ინფორმაციასთან, წარმოშობს შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს რამდენადაც მიწოდებული ინფორმაციის უსწორობა განხილული უნდა იქნეს, როგორც ტექნიკური შეცდომა და მხარეს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა მოეხდინა კორექტირება მიწოდებულ ინფორმაციაში, რასაც ითვალისწინებს №36 დადგენილება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------------------ს მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება არის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.3-ით გათვალისწინებული შემთხვევა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს.
რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0-------, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, პალატა მიუთითებს, რომ იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 06 მარტის №0--------- გადაწყვეტილების უკანონობა სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე უკანონოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 სექტემბრის №0-------, 2018 წლის 02 აპრილის №1-- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი