განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002795540
საქმე №3ბ/525-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- მანანა ჩოხელი
აპელანტი - სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - თ----- მ--------ძე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეს, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
მოწინააღმდეგე მხარე - თ----- მ--------ძემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც უთითებს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო საჩივარს და ითხოვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თ----- მ--------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 7-----------ს N9---------- გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - თ----- მ--------ძეს 2018 წლის 1-----------დან დაენიშნება სახელმწიფო პენსია;
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
თ----- მ--------ძე დაიბადა 1----–-–---------------ს.
თ----- მ--------ძემ 2018 წლის 2------------------- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის მიერ 2018 წლის 7-----------ს გამოიცა N9---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, თ----- მ--------ძეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–--აში“).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 7------------- გაცემული №0------------ წერილის თანახმად, თ----- მ--------ძეს მისი 2018 წლის 2-------------------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დ--–--ა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქედან გამომდინარე სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას თ----- მ--------ძე ვერ მოიპოვებდა.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ას“ მიერ 2018 წლის 2------------ს გაცემული N2--- ცნობით დასტურდება, რომ თ----- მ--------ძე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--აში“ ს---–------------------------------------------–-------–-------------–------------------–---------–-----.
3.3 დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე თ----- მ--------ძე დაიბადა 1--- წლის 2-----------ს. შესაბამისად, ის წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ თ----- მ--------ძემ 2018 წლის 2------------------- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის მიერ 2018 წლის 7-----------ს გამოიცა N9---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, თ----- მ--------ძეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–--აში“).
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქმის მასალების თანახმად, თ----- მ--------ძე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--აში“ ს---–------------------------------------------–-------–-------------–------------------–---------–-----.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“, სადაც მოსარჩელე - თ----- მ--------ძე მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე - თ----- მ--------ძის საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--აში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 7-----------ს N9---------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც თ----- მ--------ძეს 2018 წლის 1-----------დან დაენიშნება სახელმწიფო პენსია.
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილებით, ზოგადად ამოწურვადი რესურსები, მათ შორის სახელმწიფო სახსრების დაზოგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, სადაც სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საკუთარი შეხედულებით მოახდინოს ამ სახსრების განკარგვა. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითაც, ამოწურვადი სახელმწიფო რესურსები, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტი, უნდა მოხმარდეს სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებით ადამიანის უფლებათა გარკვეულ დაკმაყოფილებას. ასევე არსებული კონსტიტუციონალისტების შეხედულებით, არ ითვლება დისკრიმინაციად ის განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება, არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებას, ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ამყარებს სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის უფლებებს შორის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკვეთრი ხაზი გაავლო ნებადართულ განსხვავებულ მოპყრობასა და უკანონო დისკრიმინაციას შორის. ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდიეს კანონიერ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ კანონიერ მიზნებს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქალაქო სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი ბს-77-75 (კ-15), სადაც უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე "სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დ--–--ა, საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით... დაადგინა, რომ "ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი" და აღნიშნულის შესაბამისად სასამართლოს მითითება, რომ უდავო გარემოება სამოქალაქო საპროცესოს 266-ე მუხლის მიხედვით დ--–--ას საქმიანობის პროფილი, დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლოს აღნიშნული განმარტება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების პრეიდიციული ძალის, არასწორი შეფასებას, რადგან პეიუდიცია იგივე მხარეებზე ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის და 266-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ორგანული კანონის "საერთო სასამართლოების შესახებ" მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მხოლოდ "უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას)."
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, არ ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, უპირობოდ გაეზიარებინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება №ბს-77-75(კ-15) მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით.
საქართველოს კანონის "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ახორციელებს მეცნიერი, რომელიც უფლებამოსილია: განახორციელოს სამეცნიერო კვლევა, დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; ასევე საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" განსაზღვრავს მეცნიერის ცნებას, კერძოდ - მეცნიერი არის – დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო - კვლევით მუშაობას, აღნიშნულის შესაბამისად "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონის მიხედვით სსიპ - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება არის ის ერთეული, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება. ასევე მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, დაწესებულება ვალდებულია საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ასევე გასათვალისწინებელია რომ სამეცნიერო კვლევა შემოქმედებითი საქმიანობის ფორმაა, რასაც აუცილებლად უნდა ახორციელებდეს დაწესებულებაში მყოფი თანამშრომელი, რომ იგი ჩაითვალოს სამეცნიერო-კვლევის განმახორციელებლად და ასევე დაწესებულების საქმიანობის პროფილსაც უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც კანონის შესაბამისად აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი მის საქმიანობის წესში - წესდებაში.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის №394 ბრძანებულების მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–--ა“. თუმცა არც აღნიშნულ ბრძანებულებაშია ჩანაწერი უშუალოდ დ--–--ას, როგორც მაკოორდინირებელი ცენტრის სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №264 დადგენილების მიხედვით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ (შემდგომში ცენტრი) უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას უზრუნველეყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
ამავე დადგენილების მიხედვით: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ დებულების დამტკიცებას, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც დაექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა“.
შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №25 ბრძანებით, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ დებულება.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დ--–--ა“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება.
ამავე წესდების მიხედვით: ცენტრთან შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება): ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘.
შესაბამისად, არც აღნიშნულ მინისტრის ბრძანებაში, ასევე საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში, არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, რომ სსიპ- სსსტც დ--–--ა - უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო - კვლევით, დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.
საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, ყველაფერი აკრძალულია რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება, როგორც უფლებამოსილების გადამეტება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის აღნიშვნით დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო სსიპ -სსსტ ცენტრ "დ--–--ას" სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათ მიჩნევა, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება როგორც აღვნიშნე არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და მას აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქართველოს საკანონმდებლო ან სამართლებრივი აქტით, ვინაიდან საჯარო სამართალში არ მოქმედებს პრინციპი, კერძო სამართლისგან განსხვავებით, რომ "ყველაფერი ნებადართულია, რაც კანონით არ არის აკრძალული" და შესაბამისად საჯარო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს და უშუალოდ ცენტრ "დ--–--ას", როგორც აღვნიშნე მოქმედი კანონმდებლობა უნდა ანიჭებდეს შესაბამისი უფლებამოსილებას.
საქართველოს კანონის სახელმწიფო პენსიის შესახებ მოთხოვნათა მიხედვით დარეგულირებულია პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველი, პენსიის ადმინისტრირების ორგანო, დადგენილია პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგადი პრინციპები.
ასევე ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა - საჯარო საქმიანობა ანუ საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში გარდა ... სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა.... განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
ამავე კანონის მიხედვით: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: - საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევა უშუალოდ სსიპ- სსსტ ცენტრ დ--–--ა-ში, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან).
აღნიშნული გარემოებების გარდა: საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი: ა). კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; ბ). საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
კანონის მიხედვით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს იმ პირის: .. ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს; .. და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესით.
აპელანტის აღნიშვნით, სსიპ-სსსტც დ--–--ა-ს წესდება, ან რომელიმე საკანომდებლო აქტი არ ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პროფილის საქმიანობა, რადგან აღნიშნული არსად არის განსაზღვრული და მინიჭებული და რადგან დ--–--ა ახორციელებს მხოლოდ დაქვემდებარებული სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს, აღნიშნული კანონმდებლობის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით არ გულისხმობს, რომ იგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს: პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მოსარჩელე წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ა“-ში მომუშავე პირს, შესაბამისად, წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--აში“ საქმიანობა - საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რაც, კანონის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის გაცემის შესაძლებლობას.
რა ჩაითვლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობის განხორციელებად, განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლი. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა. სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს მათი მოტივირება და საპენსიო უზრუნველყოფის შენარჩუნების გზით, აღნიშნული კატეგორიის პირთა შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენება. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის, განურჩევლად მათი საქმიანობის შინაარსისა, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების ინტერესებს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანი, საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია დადგინდეს, რას წარმოადგენს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ას“ შემოსავლის წყარო და არის თუ არა „დ--–--ა“ ბიუჯეტზე დამოკიდებული დაწესებულება. „დ--–--ას“ დებულების შესაბამისად, მისი შემოსავლის წყაროა: სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები; გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსულობები; საქველმოქმედო შემოწირულობები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს, აღნიშნული, „დ--–--ას“ დებულების 24-ე მუხლის შესაბამისად, შემოიფარგლება მხოლოდ მიზნობრივი სახსრებით.
სააპელაციო სასამართლო არ უარყოფს იმ მოსაზრების მართებულობას რაც უკავშირდება გადაწყვეტილებისათვის პრეუდიციული მნიშვნელობის მინიჭების შეზღუდვას, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)) მითითების მიზანს წარმოადგენს არა ამ გადაწყვეტილების პრეუდიციაზე ხაზგასმა, არამედ ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის წარმოჩენა. სააპელაციო სასამართლო, თავის მხრივ, კვლავაც მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–--ა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–--ა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
რაც შეეხება განჩინების დასაბუთებას დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლო იყენებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით მისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას და, რამდენადაც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მოსარჩელის საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას აქვს უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლების შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, არ არსებობს წანამძღვრები მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);
მოსამართლე: მანანა ჩოხელი