განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2019
საქმის ნომერი
330210017002151153
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210017002151153

2ბ/750-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ივლისი, 2019 წელი ქ. თ---–---

 

თ---–---ს სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ-----

წარმომადგენელი - ხ----- ს--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,A----”

წარმომადგენელი - ა----- ი-----–-–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ქ. თ---–---ს მ----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ,,A----”-ს (ს/კ N4--------) ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლო 2234.92 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ-----სა და შპს ,,A----”-ს შორის 2016 წლის 19 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0-------------- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ზოლიდან გაზსადენის განლაგების სამუშაოების შესყიდვას. გაწეული სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 1 314 139.42 ლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო ქ. თ---–---ს ბიუჯეტის სახსრებით.

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო სამუშაოების მიწოდების ვადად კი 180 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო გეგმა-გრაფიკი კი უნდა წარედგინა და შემსყიდველთან შეეთანხმებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

 

ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირება შემსყიდველის მხრიდან უნდა განეხორციელებინა ქალაქ თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობა ა(ა)იპ თ---–---ს მ----–----–---- ლ--------------ას. შესრულებული სამუშაოების კალენდარულ გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი პერიოდულად ახორციელებდა ინსპექტირებას, რაზედაც წინასწარ ატყობინებდა მიმწოდებელს.

 

ამავე ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ასევე პირგასამტეხლოს არსებობა და მისი დარიცხვის წესი.

2016 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და სამუშაოების მიწოდების ვადა გაიზარდა 13 დღით, კერძოდ, 2016 წლის 06 ოქტომბრიდან 2016 წლის 19 ოქტომბრამდე.

 

2016 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და სამუშაოების მიწოდების ვადა გაიზარდა 12 დღით, კერძოდ, 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

 

2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და მხარეთა შორის 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ფასი შემცირდა 38127,84 ლარით და განისაზღვრა 1 276 022,58 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულება N0-------------- (ს.ფ. 19-24)

- 2016 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმება (ს.ფ. 25)

- 2016 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმება (ს.ფ. 26)

- 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმება (ს.ფ. 27)

 

2.2. 2016 წლის 16 დეკემბრის მიღება-ჩაბარების N3 აქტის თანახმად, სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა N2-ით დადასტურებული სამუშაოების შესრულების თარიღია 2016 წლის 14 დეკემბერი.

 

2016 წლის 16 დეკებრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა N2-ით დადასტურებული სამუშაოების შესრულების თარიღია 2016 წლის 14 დეკემბერი. ამასთან, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით შეადგენს 1 276 011,58 ლარს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით შეადგენს

1 246 171,55 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი N3 (ს.ფ. 28)

- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 29)

- საგადასახდო დავალება (ს.ფ. 66)

- შესრულებული სამუშაოების აქტი N3 (ფორმა N2) (ს.ფ. 185-189)

- საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 190-191)

 

2.3. 2016 წლის 28 სექტემბრის წერილის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს შეატყობინა მის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, რომ მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში არ განხორციელდა და ფიქსირდებოდა ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რის გამოც ეკისრებოდათ ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 1 314 139,42 ლარის 0,05%-ის ოდენობით - 657,07 ლარი, რაც დადგენილ ვადაში უნდა ჩაერიცხათ ხაზინაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 28 სექტემბრის N15/254842 წერილი (ს.ფ. 31-32)

- 2016 წლის 19 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათი და თანადრთული მასალები (ს.ფ. 35-38)

- 2016 წლის 27 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 34)

- 2016 წლის 28 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 33)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.4. 2016 წლის 17 აგვისტოს N1 ინსპექტირების აქტის თანახმად, მითითებული დროისთვის მოპასუხის მიერ შესრულებულია გრუნტის სამუშაოების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 25%, რომელიც დასრულებული უნდა ყოფილიყო ივლისის თვის მე-3 დეკადაში; არ არის შესრულებული შეწყვილებული საყრდენების მოწყობა, რომლის სამუშაოებიც უნდა დაწყებულიყო ივნისის თვეში; არ იყო დაწყებული დ-530მმ მილების მონტაჟი, რომელიც უნდა დაწყებულიყო ივნისის თვის მე-2 დეკადაში, ასევე არ იყო დაწყებული გაზსადენის გამოცდა ჰერმეტულობაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო აგვისტოს თვის მე-2 დეკადაში. ამასთან, 2016 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით სამუშაოები არ მიმდინარეობდა. აღნიშნულ აქტს ხელი არ მოაწერა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 19 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათი და თანდართული მასალები (ს.ფ. 35-38)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.5. 2016 წლის 29 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელის მიერ სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 14 დეკემბერს, 34 დღის დაგვიანებით, რის გამოც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 276 011.58 ლარი) 0.05%-ის ოდენობით, რაც ჯამურად 21 692.20 ლარს შეადგენს და რაც უნდა გადახდილიყო ამავე წერილში მითითებულ ხაზინის ანგარიშზე.

 

აღიშნული წერილის პასუხად, 2017 წლის 18 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ იგი ნაწილობრივ სცნობდა მოთხოვნას და ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 29 დეკემბრის N15/336449 წერილი (ს.ფ. 30)

- 2017 წლის 18 იანვრის N002/17 წერილი (ს.ფ. 67-69)

- 2017 წლის 07 თებერვლის N18/4485 წერილი (ს.ფ. 70)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.6. მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული დავალიანება ერიცხება 22 349.27 ლარის ოდენობით, რაზედაც მას ორჯერ ეცნობა წერილობითი ფორმით მოსარჩელის მიერ, თუმცა შპს “A----”-ს დღემდე არ გადაუხდია საჯარიმო თანხა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.7. მოპასუხე მხარემ რამდეჯერმე აცნობა მოსარჩელეს მის მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ არსებული პრობლემების თაობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 17 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 157-158)

- 2016 წლის 08 სექტემბერის წერილი (ს.ფ. 159-160)

- 2016 წლის 29 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 161-162)

- 2016 წლის 01 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 163)

- ექსპლუატაციაში მიღების აქტი (17.06.2016წ.) (ს.ფ. 165-166)

- 2016 წლის 05 ივლისის წერილი (ს.ფ. 167)

- 2016 წლის 03 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 168)

- 2016 წლის 12 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 137)

- 2017 წლის 18 იანვრის N002/17 წერილი (ს.ფ. 67-69)

- 2017 წლის 07 თებერვლის N18/4485 წერილი (ს.ფ. 70)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სასამართლომ მიუთითა, რომ 2016 წლის 19 აპრილს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და 2016 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე მოპასუხეს შეთანხმებული სამუშაოები უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2017 წლის 18 იანვრის წერილით (ს.ფ. 67- 39) სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თავად მოპასუხე მხარე ადასტურებდა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც წერილი მიუვიდა მოსარჩელისგან, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება ვადაგადაცილებული იყო 34 დღით და რაზეც დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომელიც უკვე სასამართლო განხილვის დროს დააფიქსირა, რომ მითითებულ 34 დღეს უნდა გამოკლებოდა 15 დღე, ვინაიდან მხარეები საბოლოო თარიღად შეთანხმდნენ 2016 წლის 25 ნოემბერს. ასევე აღსანიშნავია, მხარეთა 2016 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდა, თავად მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად, 12 კალენდარული დღით ანუ 2016 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულის შემდეგ მხარეთა შორის რაიმე შეთანხმება არ განხორციელებულა, შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტრებულად იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის შეთანხმებით მოხდა 2016 წლის 25 ნოემბრის, როგორც ხელშეკრულების საბოლოო შესრულების თარიღად მიჩნევა, ვინაიდან ასეთი შეთანხმება არც ზეპირსიტყვიერად და არც წერილობითი სახით მხარეთა შორის არ მომხდარა.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა განმარტებით სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების ვადაში შესრულების ხელშემშლელ გარემოებებს წარმოადგენდა მესამე პირის - შპს „ყ---------------თ---–---ს“ ქმედებები, რომლებზეც დამოკიდებული იყო მოპასუხის მიერ შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოები, ასევე ვინაიდან ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა შესრულების ვადაც.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 12 ოქტომბრის წერილით მოპასუხე მოსარჩელეს ხელშეკრულების ვადის გაზრდას სთხოვდა 13 დღით, ვინაიდან გადართვის სამუშაოების ნებართვა უნდა მიეღო გაზსადენის ქსელის მესაკუთრისაგან - შპს „ყ---------------თ---–---სგან“, რაც ვერ ესწრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით განსაზღვრული 180 დღე გაგრძელდა 13 კალენდარული დღით.

 

ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის 25 ოქტომბრის წერილით მოპასუხემ კვლავ მოითხოვა ვადის გაგრძელება 2016 წლის 11 ნოემბრამდე, კვლავ შპს „ყ---------------თ---–---ს“ მიერ განსახორციელებლი სამუშაოების გამო, რაც 2016 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებით დაყოფილდა და 2016 წლის 10 ნოემბრის ჩათლით განესაზღვა ვალდებულების შესრულების ვადა.

2016 წლის 17 ოქტომბრის წერილით მოპასუხე მოსარჩელეს აცნობებდა მის მიერ დამატებით ჩატარებული სამუშაოების თაობაზე, რომელის ხარჯთაღრიცხვაც და გეგმა- გრაფიკიც მოგვიანებით გადაეგზავნა, რაც დგინდება 2016 წლის 02 ნოემბრისა, 2016 წლის 10 ნოემბრისა და 2016 წლის 22 ნოემბრის წერილებით.

 

სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის არსებულ მიმოწერაზე, რითაც დასტურდება, მხარეთა შორის კომუნიკაციის არსებობა, რისი შედეგია ხელშეკრულების შესრულების ვადის ორჯერ გაზრდა.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა ფიქსირდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დღემდე არ ყოფილა გაცხადებული მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე, ასევე, იკვეთება მოპასუხე მხარის კეთილსინდისიერება მოსარჩელესთან მიმართებაში, ასევე, მასზე დაკისრებული ვალდებლებების შესრულების კუთხით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო, არ უნდა იყოს მოპასუხისთვის „დასჯის“ მექანიზმი, არამედ იგი არამხოლოდ ვალდებულების შესრულების გარანტია უნდა იყოს, არამედ მხარეს კეთილსინდისიერებისკენაც უბიძგებდეს და შეძლებისდაგვარად ცდილობდეს დარღვეული პირობების შედეგების გამოსწორებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია, მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის დაფიქსირებისას 0.05%-ის ოდენობით, ხოლო, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სამუშაოები 34 დღის დაგვიანებით შეასრულა საბოლოოდ შესასრულებელი სამუშაოები, ხოლო მანამდე კი თავად სამუშაოთა დაწყება დააგვიანა, რაც ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მოპასუხეს სრულად აქვს ვალდებულება შესრულებული, ამასთან შესრულებული სამუშაოები მიმართ არ აქვს პრეტენზია მოსარჩელე მხარეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2234.92 ლარის ოდენობით გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 393-ე და 394-ე მუხლებზე.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რის გამოც არსებობს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/29901-17) გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების საფუძვლები.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ქალაქ თ---–---ს მ----–----–------ის მ-----სა და შპს "A----"-ს შორის 2016 წლის 19 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 0-------------- ხელშეკრულება თანხაზე - 1 314 139,42 ლარი (შეცვლილი ოდენობა: 1 276 011,58 ლარი), რომელიც ითვალისწინებდა ქ. თ---–---ს ბიუჯეტის სახსრებით ქ. თბილისში, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ზოლიდან 500მმ გაზსადენის გადალაგების სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1 პუნქტით სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, თუმცა აღნიშნული სამუშაოები შპს "A----"ის მიერ შესრულებული იქნა 2016 წლის 14 დეკემბერს (34 კალენდარული დღის დაგვიანებით). შესაბამისად, ხელშეკრულების 8.6 პუნქტის საფუძველზე მოპასუხე მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 276 011.58 ლარი) 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 21 692.20 ლარი (გამოანგარიშების წესი: 1 276011.58 * 0.05 / 100 = 638; 638 * 34 = 21 692.20).

 

აპელანტის განმარტებით, ხელშეკრულების 3.3 პუნქტი ითვალისწინებდა მიმწოდებლის მხრიდან კალენდარული გეგმაგრაფიკის წარმოდგენას. შემსყიდველთან იგი წარმოდგენილი იქნა ქალაქ თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის კანცელარიის მეშვეობით 2016 წლის 22 აპრილის N147365/07 წერილით. გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევისა, შპს "A----"-ის მიერ ასევე დარღვეულია სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, 1. გრუნტის სამუშაოები: 2016 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით შესრულებული იყო მთლიანი მოცულობის 25%, ხოლო დასრულებული უნდა ყოფილიყო ივლისის მე-3 დეკადაში; 2. შეწყვილებული საყრდენის მოწყობა: სამუშაოები 2016 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით არ არის დაწყებული (დასაწყისი ივნისი); 3. დ=530მმ მილების მონტაჟი: არ არის დაწყებული (დასაწყისი ივნისის მე-2 დეკადა); 4. გაზსადენის გამოცდა ჰერმეტულობაზე: არ არის დაწყებული (დასაწყისი აგვისტოს მე-2 დეკადა). 8.5 პუნქტის შესაბამისად, ინსპექტირებისას სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმაგრაფიკის ჩამორჩენის დაფიქსირებისთვის, შპს "A----"-ს ეკისრება ჯარიმა, ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების (1 314 139.42 ლარი) 0.05%-ის ოდენობით: 1 314 139.42 * 0.05 / 100 = 657.07 ლარი.

 

ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----- განმარტავს, რომ ხელშეკრულების მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, მხარეები უფლებამოსილნი არიან თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები. ამავე კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე, მით უფრო, რომ ეს კანონით არ არის აკრძალული.

 

3.3. აპელანტის შეფასებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს განმარტებული, თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამო: მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, მიყენებულ ზიანთან თუ შეუსრულებელი ან დარღვეული ვალდებულების მოცულობასთან.

 

ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----- თვლის, რომ საქალაქო სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი და არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლი. სასამართლოს აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, თავისი შეხედულებისამებრ, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ანუ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, თუ რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ თანხად და ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში გონივრული თანხით შეამციროს იგი, რომელიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტაციით სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

აპელანტი აღიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. მაგალითად, შედარებითსამართლებრივი ანალიზისათვის, გერმანიის სავაჭრო კოდექსის მიხედვით, მეწარმე სუბიექტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს შემცირება არ ხდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარე იურიდიული პირია, რაც გულისხმობს, რომ მხარეს სრულად უნდა ჰქონოდა გათვითცნობიერებული მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას. პირგასამტეხლო არის ერთგვარი გარანტია კრედიტორისთვის, რათა მოვალის მიერ კეთილსინდისიერად იყოს შესრულებული სახელშეკრულებო პირობები და ადგილი არ ჰქონდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. როდესაც მხარე ნებას ავლენს გარიგების დადების თაობაზე, ის აცნობიერებს, ყველა შესაძლო შედეგს, (მით უფრო თუ მოვალე იურიდიული პირია) რაც შეიძლება მოყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ან შეუსრულებლობას.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მ----–----–----ი ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა საკითხებზე. თითოეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული ოდენობა. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ის პერიოდი, რაც შეუსრულებლობით იქნა მოცდენილი, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობა იქნებოდა. ხელშეკრულებების შეუსრულებლობა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირედით მაინც აკომპენსირებს განუხორციელებლობით მიყენებულ ზიანს.

3.4. აპელანტი ყურადღებას, ასევე, ამახვილებს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის N2ბ/1764015 და 2017 წლის 10 აპრილის N2ბ/594-17 გადაწყვეტილებებზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ იურიდულ პირებთან მიმართებით პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირება არ იყო გონივრული და ახალი გადაწყვეტილებების მიღებით მოხდა საქალაქო სასამართლოს მიერ 10-ჯერ შემცირებული პირგასამტეხლოს გაზრდა. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლითაც ფაქტიურად დადგინდა გონივრული პირგასამტეხლოს მოჭრილი ოდენობა 0,05% (მაგალითად იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, საქმე Nას-1031-992–2016). ქალაქ თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის მიერ მოთხოვნილი და ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა, სწორედ, რომ სრულად შეესაბამება სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

 

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ-----სა და შპს ,,A----”-ს შორის 2016 წლის 19 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0-------------- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ზოლიდან გაზსადენის განლაგების სამუშაოების შესყიდვას. გაწეული სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 1 314 139.42 ლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო ქ. თ---–---ს ბიუჯეტის სახსრებით.

 

4.1.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო სამუშაოების მიწოდების ვადად კი 180 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოების დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო გეგმა-გრაფიკი კი უნდა წარედგინდა და შემსყიდველთან შეეთანხმებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

 

ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირება შემსყიდველის მხრიდან უნდა განეხორციელებინა ქალაქ თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობა ა(ა)იპ თ---–---ს მ----–----–---- ლ--------------ას. შესრულებული სამუშაოების კალენდარულ გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი პერიოდულად ახორციელებდა ინსპექტირებას, რაზედაც წინასწარ ატყობინებდა მიმწოდებელს.

 

ამავე ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ასევე პირგასამტეხლოს არსებობა და მისი დარიცხვის წესი.

 

4.1.3. 2016 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და სამუშაოების მიწოდების ვადა გაიზარდა 13 დღით, კერძოდ, 2016 წლის 06 ოქტომბრიდან 2016 წლის 19 ოქტომბრამდე.

 

4.1.4. 2016 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და სამუშაოების მიწოდების ვადა გაიზარდა 12 დღით, კერძოდ, 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

 

4.1.5. 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და მხარეთა შორის 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ფასი შემცირდა 38127,84 ლარით და განისაზღვრა 1 276 022,58 ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 19-27).

 

4.1.6. 2016 წლის 16 დეკემბრის მიღება-ჩაბარების N3 აქტის თანახმად, სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა N2-ით დადასტურებული სამუშაოების შესრულების თარიღია 2016 წლის 14 დეკემბერი.

 

2016 წლის 16 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი, სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა N2-ით დადასტურებული სამუშაოების შესრულების თარიღია 2016 წლის 14 დეკემბერი. ამასთან, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით შეადგენს 1 276 011,58 ლარს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით შეადგენს

1 246 171,55 ლარს (იხ. ს.ფ. ტომი 1, 28-29. 66; 185-191).

 

4.1. 7. 2016 წლის 28 სექტემბრის წერილის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს შეატყობინა მის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, რომ მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში არ განხორციელდა და ფიქსირდებოდა ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რის გამოც ეკისრებოდათ ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 1 314 139,42 ლარის 0,05%-ის ოდენობით - 657,07 ლარი, რაც დადგენილ ვადაში უნდა ჩაერიცხათ ხაზინაში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 31-33).

 

4.1.8. 2016 წლის 17 აგვისტოს N1 ინსპექტირების აქტის თანახმად, მითითებული დროისთვის მოპასუხის მიერ შესრულებულია გრუნტის სამუშაოების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 25%, რომელიც დასრულებული უნდა ყოფილიყო ივლისის თვის მე-3 დეკადაში; არ არის შესრულებული შეწყვილებული საყრდენების მოწყობა, რომლის სამუშაოებიც უნდა დაწყებულიყო ივნისის თვეში; არ იყო დაწყებული დ-530მმ მილების მონტაჟი, რომელიც უნდა დაწყებულიყო ივნისის თვის მე-2 დეკადაში, ასევე არ იყო დაწყებული გაზსადენის გამოცდა ჰერმეტულობაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო აგვისტოს თვის მე-2 დეკადაში. ამასთან, 2016 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით სამუშაოები არ მიმდინარეობდა. აღნიშნულ აქტს ხელი არ მოაწერა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 35-38;).

 

4.1.9. უდავოა, რომ შპს ,,A----”-ის მიერ სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 14 დეკემბერს, 34 დღის დაგვიანებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 30).

 

4.1.10. შპს ,,A----”-ს პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული დავალიანება ერიცხება 22 349.27 ლარის ოდენობით.

 

4.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზედმეტად და არაპროპორციულად შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო ზიანის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან განხორციელდა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის გადამეტებული და არაპროპორციული შემცირება, კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და 22 349.27 ლარიდან შეამცირა 2234.92 ლარამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსების მიზნით სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხეს შესასრულებელი ჰქონდა თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის მნიშვნელოვანი მ----–----–----ი პროექტი ქ. თბილისში, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ზოლიდან გაზსადენის განლაგების სამუშაოების შესრულება, რომელთანაც დაკავშირებული იყო დედაქალაქის და მ----–----–------ის გაზრდილი ინტერსები და თითოეული დღე ვადის გადაცილებისა შესაძლოა აღნიშნული ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მომტანი ყოფილიყო. პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მ----–----–----ი ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა საკითხებზე. თითოეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული ოდენობა. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ის პერიოდი, რაც შეუსრულებლობით იქნა მოცდენილი, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობა იქნებოდა. ხელშეკრულებების შეუსრულებლობა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირედით მაინც აკომპენსირებს განუხორციელებლობით მიყენებულ ზიანს.

 

ამავე დროს პალატა ითვალისწინებს , რომ ვალდებულების შეუსრულებლობა საკმაოდ გრძელვადიან პროექტთან დაკავშირებით გრძელდებოდა სულ რამდენიმე დღე, არსებობდა ხელშემშლელი გარემოებები და მოპასუხე იჩენდა პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ხელშეკრულების შესრულების მიმართ.გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების ვადაში შესრულების ხელშემშლელ გარემოებებს წარმოადგენდა მესამე პირის - შპს „ყ---------------თ---–---ს“ ქმედებები, რომლებზეც დამოკიდებული იყო მოპასუხის მიერ შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოები.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა სასამართლოს მხრიდან მისი შემცირება უნდა განხორციელდეს გონივრულ ფარგლებში, მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსების საფუძველზე და ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობების პროპორციულად. სააპელაციო პალატას მოცემულ შემთხვევაში გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 22 349.27 ლარიდან უნდა შემცირდეს 5000 ლარამდე. მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,A----”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 350 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. შპს ,,A----”-ს ქ. თ---–---ს მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

 

5. შპს ,,A----”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 350 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში და

 

ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე

 

დიანა ბერეკაშვილი