განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.05.2019
საქმის ნომერი
030310119002810799
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მშენებლობის ნებართვის გაცემა
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310119002810799

საქმე N3/ბ-124-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

მურთაზ მეშველიანი, ნანა კალანდაძე

 

კერძო საჩივრის ავტორი – ნ-----------ე

 

მოწინააღმდეგე – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ნ---------------ა

 

მესამე პირი – დ----------------------ე

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული განჩინება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება

 

კერძო საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

 

2019 წლის 18 იანვარს ნ---------------ას წარმომადგენელმა ანნა ბერიამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N--- ბრძანება, მის საფუძველზე გამოცემული 2018 წლის 31 დეკემბრის N------ ბრძანება და სანებართვო მოწმობა. ამავე სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N---, 2018 წლის 31 დეკემბრის N------ ბრძანებების და N-- სანებართვო მოწმობის მოქმედების შეჩერება სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით ნ---------------ას სარჩელი მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილი იქნა დასაშვებად. იმავე განჩინებით №3/06-19 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ-----------ე და დ----------------------ე.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით ნ---------------ას წარმომადგენლის შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N---, 2018 წლის 31 დეკემბრის N------ ბრძანებების და N-- სანებართვო მოწმობის მოქმედება სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ აქტის ავტომატურად არ ჩერდება და აქტის შეჩერება ხდება მხარის მოთხოვნით და მხოლოდ სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ)აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.

 

სასამართლოს მითითებით, რომ იმ შემთხვევაში თუკი სახეზე არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება სარჩელის წარმოებაში მიღებით, ავტომატურ რეჟიმში არ ხდება, თუმცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

 

სასამართლოს განმარტებით, იმისათვის რომ შეჩერდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, აუცილებელია არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებდეს მხარეს ან შეუძლებელი გახდეს მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ---------------ას წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები, დასაბუთებული ეჭვის სახით შეიცავდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეუჩერებლობით მოსარჩელის უფლების რეალიზაციის მნიშვნელოვნად გართულების და მისი კანონიერი უფლების და ინტერესის დაცვის შეუძლებლობის თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მითითებას, რაც მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება კანონით დადგენილ ვადაში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა ნ-----------ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მშენებლობის დასრულებისა და კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსამართლის მითითება, რომ მიშენების ნებართვის გაცემისათვის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აუცილებელი იყო ამხანაგობის წევრთა მიერ კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, არასწორია. ამავე კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, სადაც მითითებულია, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს“.

 

კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული

განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ნ-----------ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები) პირველი პუნქტის თანახმად (ცვლილებებამდე 42-ე მუხლი), ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგეს ინსტრუმენტულ უფლებას, რომელიც „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ,,სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს ,,იზა” და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

 

ამდენად, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

 

საქმეში „ხორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნებოდა ილუზორული, თუკი, შიდა ეროვნული სამართლებრივი სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალაში შესული, იურიდიული ძალის მქონე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რჩებოდეს ძალის არმქონედ ერთ-ერთი მხარის საწინააღმდეგოდ.

 

როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ისე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეებს, ასევე მათი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

 

ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესის შესაბამისად პალატა განმატავს, რომ მხარის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე შესაბამისი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას დასაბუთებული ეჭვის სახით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, გადაუდებელი აღსრულების შემთხვევაში მხარეზე არსებითი ზიანის მიყენების ან მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვის შეუძლებლობის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. ამასთან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე მოთხოვნის შემთხვევაში შუამდგომლობაში ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი ის საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება მოსარჩელის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება, რა მიმართებით მოსარჩელემ ნათლად უნდა წარმოაჩინოს, რომ ეს მოწესრიგება აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის ან არსებული რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას, ვინაიდან აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოცემულ საქმეზე ნინა თოფუარიას სარჩელით სადავოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 მარტის N--- ბრძანება, მის საფუძველზე გამოცემული 2018 წლის 31 დეკემბრის N------ ბრძანება და N-- სანებართვო მოწმობა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის დანაწესის თანახმად, კანონმდებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაინტერესებული პირის შუამდგომლობის განხილვისას ადგენს ,,დასაბუთებული ეჭვის’’ სტანდარტს, შესაბამისად პრევენციული ღონისძიების გამოყენების საფუძველი დამაჯერებლად უნდა ასაბუთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ; სხვაგვარად, აღნიშნული გარემოების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოპასუხის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით უზრუნველყოს მოსარჩელის უფლებების დაცვა, ამავდროულად უზრუნველყოს მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესების თანაზომიერი გაწონასწორება და მათი მართლზომიერი დაბალანსება.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი პალატას აძლევს იმის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოცემულ შემთხევვაში მოსარჩელემ შეძლო ,,დასაბუთებული ეჭვის’’ სტანდარტის გათვალისწინებით სასამართლოს დარწმუნება პრევენციული დაცვის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენა კი კერძო საჩივრის ავტორის მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნა. ამასთან პალატა მიუთითებს, რომ საკითხები რომელზეც საჩივრის ავტორი უთითებს, უნდა შემოწმდეს საქმის არსებითი განხილვისა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სარჩელის დასაბუთებულობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს შესაბამისი მტკიცებულებების და პროცესუალური შესაძლებლობების არარსებობის გამო.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ შუამდგომლობას და საქმის მასალებს. გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით დადგენილი და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება;

 

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ნანა კალანდაძე