განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2019
საქმის ნომერი
080310116001622884
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080310116001622884 (3/ბ-53-2019წ.)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტები (მოპასუხეები, მოწინაღმდეგე მხარეები) – შპს „ძ--–----–ი“, შპს „დ-----“

 

აპელანტი/კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოპასუხეები - ლ--------------ე, ხ-----------------ე

 

დავის საგანი სააპელაციო საჩივარზე - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

დავის საგანი კერძო საჩივარზე - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ (სარჩელის უარყოფის ნაწილში) გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრის მოთხოვნა - გადაწყვეტილების გაუქმება მის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

1.2. აპელანტების შპს „ძ--–----–ის“, შპს „დ-----ს“ მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2016 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების: შპს „ძ--–----–ის“, შპს „დ-----ს“, ლ--------------ის და ხ-----------------ის მიმართ და მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა მოითხოვა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2016 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ძ--–----–ს“ (ს/ნ 2--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 33 807.56 ლარის ოდენობით.

 

შპს „ძ--–----–ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2008 წლის 02 დეკემბრიდან. იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ტ------–------------, საქმიანობის სახეა ვაჭრობა სასმელებითა და კვების პროდუქტებით.

 

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ძ--–----–ის” ქონებაზე 2016 წლის 2---------ს N0----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 31 იანვარს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 3-------ს შპს „ძ--–----–ის” მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომელიც 2016 წლის 07 ივლისს ჩაბარდა შპს „ძ--–----–ის” დირექტორს ლ--------------ეს (პ/ნ. 6----------). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნუსხის საფუძველზე საწარმოს ერიცხებოდა 1 საცხობი ღუმელი და 2 რკინის მაგიდა, რომელიც დაყადაღებულ იქნა, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციები მიმდინარე პერიოდისათვის შპს „ძ--–----–ს” საკუთრებაში არ გააჩნია.

 

შპს „ძ--–----–ის” მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 1-----------ის N4---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, რომელიც დაიწყო 2015 წლის 18 დეკემბერს და დასრულდა 2016 წლის 25 იანვარს.

 

შპს „ძ--–----–მა“ საკონტროლო სალარო აპარატი (ნომრით: DY0-------) რეგისტრაციიდან მოხსნა 2016 წლის 29 იანვარს და გადაუფორმა შპს ,,დ-----ს“ (ს/ნ. 4--------), ასევე 2016 წლის 31 იანვარს სასაქონლო ზედნადებით (N 0---------) მოახდინა 1 519.56 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზება შპს ,,დ-----ზე“.

 

შპს ,,დ-----“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 28 იანვარს. მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელია ხ-----------------ე (პ/ნ. 6----------). ობიექტი დღემდე ფუნქციონირებს იმავე მისამართზე (სალაროს ბოლო ჩეკი გამოწერილია 07.11.2016), (მის: ქ. ქუთაისი, ჭ--------------) სადაც ფუნქციონირებდა შპს „ძ--–----–ი“ (ს/ნ 2--------).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით შპს „ძ--–----–ის“ დირექტორი ლ--------------ე და შპს ,,დ-----ს“ დირექტორი ხ-----------------ე არიან ცოლ-ქმარი, საწარმოების საქმიანობის სახე და მისამართი (ქ. ქუთაისი, ჭ--------------) არის ერთი და იგივე (ვაჭრობა სასმელებით და კვების პროდუქტებით).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს ,,ძ--–----–ის“ ინვენტარიზაციის დაწყების, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვის პერიოდში შპს ,,დ-----ს“ გადამხდელად რეგისტრაცია, რომლის დირექტორი ხ-----------------ე (პ/ნ. 6----------) და შპს ,,ძ--–----–ის“ (ს/ნ. 2--------) დირექტორი ლ--------------ე (პ/ნ. 6----------) არიან ცოლ-ქმარი, ასევე სალარო აპარატის (N DY0-------) გადაფორმება და საქონლის მიწოდება, ხოლო შემდგომ ამისა, საქმიანობის შეჩერება, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისათვის თავის არიდებას.

 

მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადასტურებულად იქნა ცნობილი, რომ შპს ,,ძ--–----–ი’’ (ს/კ 2--------) და შპს ,,დ-----’’ (ს/კ 4--------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

 

შპს ,,ძ--–----–ს’’ და შპს ,,დ-----ს’’ თანაბარწილად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

ამაგე გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სსიპ შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ძ--–----–ი’’ რეგისტრირებულია ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ 2008 წლის 02 დეკემბერს. კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერია 2--------, იურიდიული მისამართია: ქუთაისი, ტ------–---------. კომპანიის დირექტორია - ლ--------------ე.

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1-----------ის N4---- ბრძანებით ჩატარდა შპს ,,ძ--–----–ის’’ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და შპს ,,ძ--–----–ის’’ ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საკონტროლო შესყიდვა-შეთავაზება.

 

2016 წლის 25 იანვარს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2015 წლის 1-----------ის N4---- ბრძანებით ჩატარდა ინვენტარიზაცია შპს ,,ძ--–----–ის’’ ობიექტში. ინვენტარიზაციით გამოვლინდა 6,0 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, საბაზრო-სარეალიზაციო ფასები, რაც იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას სსკ-ის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად - 200 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 25 იანვარს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, შპს ,,ძ--–----–ს’’ გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა - 16 191. 29 ლარი.

 

შპს ,,ძ--–----–მა’’ 2016 წლის 28 იანვარს გააუქმა რეგისტრაცია და შეწყვეტა სამეწარმეო საქმიანობა.

 

შპს ,,დ-----’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2016 წლის 28 იანვრიდან, რომელსაც მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------, იურიდიული მისამართი არის - ქ. ქუთაისი, ნ---------------, ბ,12. სხვა მისამართი: ქუთაისი, ჭ----------------------, საწარმოს დირექტორია - ხ-----------------ე.

შპს ,,ძ--–----–მა’’ 2016 წლის 31 იანვარს №0--------- სასაქონლო ზედნადებით 1 519.56 ლარის ღირებულების საქონელი (ფქვილი, ყველი, ლობიო, ზეთი, ხახვი) მიყიდა შპს ,,დ-----ს’’.

 

2016 წლის 01 თებერვალს შპს ,,ი-------ს’’ და შპს ,,დ-----ს’’ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება N29, რომლის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა 55 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი - ქ. ქუთაისი, ი. ჭ----------------------ში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 3-------ის N0------ ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,ძ--–----–ის’’ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგა ქონებაზე ყადაღის დადების აქტი, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო საცხობ ღუმელს, რკინის მაგიდას (დიდი) და მაგიდას ხის ზედაპირით.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 1------------ს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების აქტი, რომლის თანახმად ყადაღა დაედო შპს ,,დ-----ს’’ ქონებას.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 0-----------ს N0-------- წერილით დადგენილია, რომ ლ--------------ე (პ/ნ. 6----------) და ხ-----------------ე (პ/ნ. 6----------) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საქალაქო სასამართლომ განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ: დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს ,,ძ--–----–ი’’, შპს ,,დ-----’’, ლ--------------ე და ხ-----------------ე წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაში მოცემულ განმარტებაზე საქმეზე Nბს-763-755 (კ-16), სადაც ,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზუნველყოფის ღონისძებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები“.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, შპს ,,ძ--–----–ის’’ დირექტორი ლ--------------ე არის შპს „დ-----ს’’ დირექტორის ხ-----------------ის მეუღლე. შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს დირექტორების სტატუსით მათ შორის დამყარებული ურთიერთობა იმგვარად არის გამოყენებული, რომ შპს ,,დ-----ს“ შექმნით მომხდარიყო შპს ,,ძ--–----–ის“ ქონების გარიდება იმ პირზე (შპს ,,დ-----ზე“), რომელსაც არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება და შესაბამისად, შპს ,,ძ--–----–ის“ ვალდებულების (იძულებით) შესრულების დროისათვის, ვერ განხორციელდებოდა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები შპს ,,დ-----ზე“, ხოლო შპს ,,ძ--–----–ს“ ამ დროსიათვის არ ექნებოდა ქონება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1-----------ის N4---- ბრძანების საფუძველზე შპს ,,ძ--–----–ის’’ კუთვნილ ობიექტში ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიის მიმართ გამოიცა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს ,,ძ--–----–ს’’ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 16 191.29 ლარის და 200 ლარის ოდენობით.

 

შპს ,,ძ--–----–მა’’ იმ პირობებში, როდესაც მას გააჩნდა საგადასახადო ვალდებულება, 2016 წლის 28 იანვარს გააუქმა რეგისტრაცია, შპს ,,დ-----“ დარეგისტრირდა იმავე დღეს - 28 იანვარს, 2016 წლის 29 იანვარს შპს ,,დ-----ს“ სახელზე განხორციელდა სალარო აპარატის გადაფორმება, ხოლო 2016 წლის 31 იანვარს N0--------- სასაქონლო ზედნადებით, მასვე გადასცა 1 519.56 ლარის ღირებულების საქონელი. აღსანიშნავია, რომ შპს ,,დ-----მ“ იმავე მისამართზე გააგრძელა საქმიანობა, სადაც მანამდე საქმიანობას ეწეოდა შპს ,,ძ--–----–ი“. თავის მხრივ შპს ,,ძ--–----–მა’’ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა და ამავდროულად კომპანიას აღარ დარჩა არანაირი აქტივი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორის (შემოსავლების სამსახურის) მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამრიგად, სახეზეა ერთი სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეჩერება და იმავე სამართლებრივი სიკეთეების საშუალებით (ერთი და იგივე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, იგივე საქმიანობის ადგილი) ახალი სუბიექტის შექმნა, რომელიც ამ საქმიანობას აგრძელებს.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავის არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ძ--–----–ი’’ და შპს ,,დ-----’’ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, შპს ,,ძ--–----–მა’’ სასაქონლო ზედნადებით 1 519.56 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები გადასცა ორი დღით ადრე დაფუძნებულ შპს ,,დ-----ს’’.

 

რაც შეეხება ლ--------------ეს და ხ-----------------ეს სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მართალია, ლ--------------ე წარმოადგენს შპს ,,ძ--–----–ის’’ დირექტორს, ხოლო ხ-----------------ე შპს ,,დ-----ს’’ დირექტორს და ისინი ერთმანეთის მეუღლეები არიან, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ლ--------------ე და ხ-----------------ე, როგორც ფიზიკური პირები გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

ამდენად, ამ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ლ--------------ისა და ხ-----------------ის მიმართ არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რის გამოც არ არსებობდა საფუძველი მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ.

 

3. სააპელაციო და კერძო საჩივრების საფუძვლები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება, როგორც სააპელაციო, ისე კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. ასევე სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ძ--–----–ის“ დირექტორმა ლ--------------ემ და შპს „დ-----ს“ წარმომადგენელმა ბ---------------ემ.

 

1. აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას (სარჩელის უარყოფის ნაწილში) და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

 

აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული მტიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეების ქმედება მიზნობრივად მიმართული იყო მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისაკენ. მათთვის საგადასახადო დავალიანების მქონე შპს–ს დირექტორებისთვის რომელთათვის ცნობილი იყო საგადასახადო ვალდებულების შესახებ, დაარეგისტრირეს ახალი საწარმო და გაარიდეს ქონება, რომლითაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი ყოფილიყო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორებს აკისრიათ განსაკუთრებული მოვალეობა კომპანიის წინაშე კერძოდ, მათი მოვალეობაა ,,საზოგადოების საქმეებს გაუძღვნენ კეთილსინდისიერად ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად.“ აღნიშნული ნორმის შინაარსი საწარმოს უარს დირექტორისაგან რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილად მიიჩნევს თუ ასეთი ანაზღაურება საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად აუცილებელია, ამიტომ ასეთი აუცილებლობის პირობებში სახელმწიფოს, როგორც კრედიტორს უფლება უნდა მიენიჭოს უშუალოდ მოითხოვოს ანაზღაურება დირექტორისგან. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვი ქმნის იმის საფუძველს, რომ შპს ,,ძ--–----–ის" და მისი დირექტორის ლ--------------ის მიერ შპს ,,დ-----" და ხ-----------------ე გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. მათ გააჩნდათ საერთო მიზანი – გაერიდებინათ ქონება საწარმოდან, რადგან არ მომხდარიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება შპს ,,ძ--–----–ის" ქონებაზე.

 

ამდენად აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

 

კერძო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში უსაფუძვლოა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ძ--–----–ის”, შპს ,,დ-----ს“, ლ--------------ის და ხ-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად შეუძლებელი ხდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება. საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხება საკმაოდ დიდი ოდენობის დავალიანება. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების დროული დაფარვა, რაც არის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ზემოღნიშნული კი, არ იქნა გათვალისწინებული საქალაქო სასამართლოს მიერ.

 

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

2. აპელანტების შპს „ძ--–----–ის“, შპს „დ-----ს“ წარმომადგენლების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ შპს ,,ძ--–----–ისა" და შპს ,,დ-----ს" ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძვლად არასწორად მიუთითა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლზე. ამ მუხლით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ცნოს სასამართლომ პირები ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად თუ დაადგენს რომ "პრაქტიკლად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით"- რაზედაც გადაწყვეტილებაშიც არის მითითებული, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს გააჩნიათ თავიანთი საიდენტიფიკაციო კოდები და შესაბამისად მათი სხვა პირისაგან განსხვავება არის მარტივი, ამასთან საწარმოებს აქვთ განსხვავებული საფირმო სახელწოდებები და ამითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მათ წილები ერთსა და იმავე საზოგადოებებში არ გააჩნიათ. ამასთან არც ლ--------------ე და არც ხ-----------------ე, როგორც დირექტორები არ არიან გადასახადის გადამხდელები, მათი სახელფასო შემოსავლები იბეგრება გადახდის წყაროსთან თავად საწარმოების მიერ - ანუ კანონით დადგენილი პირობა უდავოდ არ არის სახეზე. ასევე მცდარია საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის გამოყენება დირექტორების ცოლ-ქმრობის მოტივით შპს ,,ძ--–----–ისა" და შპს ,,დ-----ს" ცრუმაგიერ პირებად აღიარება - ლ--------------ე არ ფლობს წილს შპს ,,ძ--–----–ში", ამ საწარმოს 100%-იანი წილის მესაკუთრეა ტ------–----–----ე (პ/ნ 6----------), შესაბამისად მის ინტერესში არ შედის შპს ,,ძ--–----–ზე" დარიცხული გადასახადის გადახდაზე თავის არიდება. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებების ურთიერთდამოკიდებულ პირებად ყოფნა დადასტურებული არაა, გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა შპს ,,ძ--–----–ს", რომელთანაც კავშირი, ლ--------------ის დირექტორობა არ შეიძლება იყოს მისი მეუღლის ხ-----------------ის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,დ-----ს" ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი.

 

ის ფაქტი, რომ შპს ,,ძ--–----–ი" სამეწარმეო რეესტრში 2008 წლის 02 დეკემბრიდანაა რეგისტრირებული და მას 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 33 807.56 ლარის ოდენობით 2016 წლის 28 იანვარს შედგენილი ინვენტარიზაციის აქტით გამოვლენილ დანაკლისზე და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 29 იანვარს შპს ,,დ-----", რომელმაც ფუნქციონირება გააგრძელა იმავე საიჯარო ფართში, რომელშიც მანამდე ფუნქციონირებდა შპს ,,ძ--–----–ი", რომელმაც მიყიდა შპს ,,დ-----ს" სალარო აპარატი და მალფუჭებადი პროდუქტები _ არ ადასტურებს მათ ცრუმაგიერობას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის როგორც სააპელაციო, ისე კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ძ--–----–ის“ და შპს „დ-----ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)). შესაბამისად, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

 

ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება - გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული ასევე დაკავშირებული არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ მეწარმედ რეგისტრირებულ პირს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე - ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებაზე მოპასუხეთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, ეკონომიკურ შედეგებსა და საგადასახადო ტვირთის ოდენობის განსაზღვრაზე, რაც არ ქმნის იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს „ძ--–----–ს“ (ს/ნ 2--------) 2016 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 33 807.56 ლარის ოდენობით.

 

შპს „ძ--–----–ის” ქონებაზე 2016 წლის 2---------ს N0----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 31 იანვარს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 3-------ს შპს „ძ--–----–ის” მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომელიც 2016 წლის 07 ივლისს ჩაბარდა შპს „ძ--–----–ის” დირექტორს ლ--------------ეს (პ/ნ 6----------). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნუსხის საფუძველზე საწარმოს ერიცხებოდა 1 საცხობი ღუმელი და 2 რკინის მაგიდა, რომელიც დაყადაღებულ იქნა, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციები მიმდინარე პერიოდისათვის შპს „ძ--–----–ს” საკუთრებაში არ გააჩნია.

 

შპს „ძ--–----–ის” მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 1-----------ის N4---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, რომელიც დაიწყო 2015 წლის 18 დეკემბერს და დასრულდა 2016 წლის 25 იანვარს.

 

შპს „ძ--–----–მა“ საკონტროლო სალარო აპარატი (საქ. ნომრით: DY0-------) რეგისტრაციიდან მოხსნა 2016 წლის 29 იანვარს და გადაუფორმა შპს ,,დ-----ს“ (ს/ნ 4--------), ასევე 2016 წლის 31 იანვარს სასაქონლო ზედნადებით (N0---------) მოახდინა 1 519.56 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზება შპს ,,დ-----ზე“.

 

შპს ,,დ-----“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 28 იანვარს. მისი დირექტორი და 100 % წილის მფლობელია ხ-----------------ე (პ/ნ 6----------). ობიექტი დღემდე ფუნქციონირებს იმავე მისამართზე (სალაროს ბოლო ჩეკი გამოწერილია 07.11.2016), (მის: ქ. ქუთაისი, ჭ--------------) სადაც ფუნქციონირებდა შპს „ძ--–----–ი“ (ს/ნ 2--------).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით შპს „ძ--–----–ის“ დირექტორი ლ--------------ე და შპს ,,დ-----ს“ დირექტორი ხ-----------------ე არიან ცოლ-ქმარი, საქმიანობის სახე და მისამართი (ქ. ქუთაისი, ჭ--------------) არის ერთი და იგივე (ვაჭრობა სასმელებით და კვების პროდუქტებით).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 20.1 მუხლით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

იმავე კოდექსის 41.2 მუხლით გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა. 49.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა. 51.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს “ძ--–----–ს“ (ს/ნ 2--------), რომლის დირექტორია ლ--------------ე, ხოლო დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი - ტ------–ი ძ--–----ე, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 33 807.56 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა საწარმომ, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, 2016 წლის 29 იანვარს, რეგისტრაციიდან მოხსნა საკონტროლო სალარო აპარატი DY0------- და გადაუფორმა შპს ,,დ-----ს“, ასევე N0--------- ზედნადებით შპს “დ-----ს“ (ს/ნ. 4--------), რომელიც დარეგისტრირდა 28.01.2016წ და რომლის დირექტორი, ერთადერთი დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია ხ-----------------ე, შპს “ძ--–----–ის“ (ს/ნ 2--------) დირექტორ ლ--------------ის მეუღლე, შპს ,,ძ--–----–მა’’ გადასცა 1519.56 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობა და ამავე პერიოდში შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა.

 

საქმეში დაცული 14.11.2016 წლის N1 საგადახდო დავალებით ირკვევა, რომ შპს ,,დ-----მ’’ (ს/კ. 4--------) შპს ,,ძ--–----–ს“ გადაურიცხა საკასო აპარატის შეძენის საფასური 150 ლარი (ს.ფ. 124, ტ.1).

 

ქუთაისისი სააპელაციო სასამართლო სხდომაზე შპს ,,ძ--–----–ის’’ დირექტორის ლ--------------ის განმარტებით ირკვევა, რომ შპს ,,ძ--–----–ი’’ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2008 წლის 02 დეკემბრიდან. მისი დამფუძნებელი და 100 %-იანი წილის მფლობელი იყო და არის ტ------–----–----ე, რომელიც ამჟამად მისი (ლ.გ--------ის) ინფორმაციით არ იმყოფება საქართველოში. შპს ,,ძ--–----–ის’’ ბალანსზე დაფუძნებიდან ირიცხებოდა რამდენიმე ობიექტი, რომლებიც საქმიანობას ეწეოდა ტ------–----–----ის მეთვალყურეობით და მისი საქმიანობის წარმართვასთან მას (ლ--------------ეს) არავითარი შეხება არ აქვს. ამ პერიოდში ის მუშაობდა ტ------–----–----ესთან მცხობელად. 2012 წელს, ტ------–----–----ის თხოვნით მოხდა მისი (ლ.გ--------ის) დანიშვნა დირექტორად. დავალიანება, რომელსაც შემოსავლების სამსახური მას ედავება, წარმოიშვა შპს ,,ძ--–----–ის’’ ბალანსზე არსებული ობიექტების გაკოტრების შედეგად და არსებობდა მისი (ლ.გ--------ის) დირექტორად დანიშვნამდეც. აღნიშნულის თაობაზე მან განუმარტა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩაატარეს ინვენტარიზაცია და ამ გარემოების შესახებ დაწერეს შესაბამისი განცხადებაც. ამასთან მის (ლ.გ--------ის) მეუღლეს, ხ-----------------ეს, შპს ,,ძ--–----–თან’’ არავითარი კავშირი არ გააჩნია, ის არის შპს ,,დ-----ს’’ დირექტორი, რომელიც სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 28 იანვარს. შპს ,,ძ--–----–მა’’ (ს/ნ 2--------) საკონტროლო სალარო აპარატი (ნომრით: DY0-------) მიყიდა შპს ,,დ-----ს’’ 150 ლარად, ანგარიშსწორება მოხდა საბანკო გადარიცხვით შპს ,,ძ--–----–ის’’ ანგარიშზე, რომელსაც დაედო ყადაღა. შპს ,,ძ--–----–თან’’ ასევე ზედნადებით გაიცა შპს ,,დ-----ს’’ 1 519.56 ლარის ღირებულების სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები, რაშიც რაიმე კანონშეუსაბამობას ვერ ხედავს.

 

01.02.2016 წლის N29 ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შპს ,,ი-------ის’’ გენერალურ დირექტორ ტ-----------------ესა (მეიჯარე) შპს ,,დ-----ს“ დირექტორ ხ-----------------ეს (მოიჯარე) დაიდო ქ.ქუთაიში ი----------------------------ში მდებარე 55 კვ.მ. ფართის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 125, ტ.1).

 

2009 წლის 30 ნოემბრის პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ შპს ,,ძ--–----–ის“ 100%-ის წილის მფლობელია ტ------–ი ძ--–----ე (მის: ქუთაისი, ტ------–------------).

 

16.11.2010 წლის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ირკვევა, რომ შპს ,,ძ--–----–ი“ (ს/კ. 2--------) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად რეგისტრირებულია 02.12.2008 წლიდან, რომლის დირექტორად მითითებულია ა---------–----------ე, ხოლო 100% წილის მეპატრონედ - ტ------–ი ძ--–----ე. ამავე ამონაწერში მითითებულია შპს ,,ძ--–----–ის“ საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკა. N1----------- (22.06.2010წ.), ხოლო 09.06.2011 წლის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს ,,ძ--–----–ი“ (ს/კ. 2--------) დირექტორად მითითებულია ლ--------------ე, ხოლო 100% წილის მფლობელად კი - ტ------–ი ძ--–----ე.

 

ამდენად, შპს ,,ძ--–----–ის“ (ს/კ. 2--------) ცრუმაგიერ პირად შპს „დ-----ს“ (ს/ნ 4--------) აღიარებისთვის საკმარისი და სარწმუნი მტკიცებულებები მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება, რომ შპს „დ-----“ როგორც სამეწარმეო სუბიექტი დარეგისტრირდა შპს „ძ--–----–ის“ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან თავის დასაღწევად. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზია საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლს, რომლის დისპოზიცია პირთა შორის ცრუმაგიერობის განსაზღვრის თვალსაზრისით მართლაც უკავშირდება უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზანს, რაზეც ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქონების განრიდება უპირობოდ მოიაზრებს პირთა შეთანხმებულ და განზრახ ქმედებას, რის დასადასტურებლად მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადები არ არის საკმარისი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გამორიცხავს შპს ,,ძ--–----–ის“ და შპს ,,დ-----ს’’ ამგვარი კავშირების აღიარების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას შპს "ძ--–----–ის" ცრუმაგიერ პირებად ლ--------------ის და ხ-----------------ის აღიარების თაობაზე და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის ამ პირების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შპს „ძ--–----–ის“ მხრიდან მატერიალური ფასეულობები გადაეცა შპს „დ-----ს“, რომლის დირექტორიც შპს „ძ--–----–ის“ დირექტორის მეუღლეა, არ იძლევა ცრუმაგიერი მფლობელობის მტკიცების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ კრიტერიუმებს, რომელიც გავრცელებული კონცეფციების თანახმად ქნის პირთა შორის იმგვარი კავშირების დადგენის შესაძლებლობას, როცა მათ შორის მიჯნის გავლება ხდება შეუძლებელი, ნიღბავს ნამდვილ მესაკუთრეს და ხელს უწყობს საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდებას და თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი არ შეიცავს მტკიცებას ან მითითებას იმის თაობაზე, თუ რომელი მახასიათებელი გამოვლინდა და რა იძლევა პირთა შორის მსგავსი კავშირების დადგენის შესაძლებლობას. ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს, რა გარემოებით დასტურდება, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის პირთა შორის საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული კავშირის დადგენის საფუძველს და გამორიცხავს ამ ტიპის კავშირების დადასტურების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს მითითებას იმის თაობაზე, აღნიშნული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისადმი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წამოყენებული პრეტენზია არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახური სარჩელის უარყოფის ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტებს შპს ,,ძ--–----–ს“ და შპს ,,დ-----ს’’ უნდა აუნაზღაურდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150-150 ლარის ოდენობით სსიპ შემოსავლების სამსახურისაგან, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

 

პროცესის ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-სა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა.

 

ამდენად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ოდენობის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), სააპელაციო პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის შპს ,,ძ--–----–ისა“ და შპს ,,დ-----ს’’ სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურების სახით 200-200 (ორას-ორასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 419-420-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ძ--–----–ის“ და შპს „დ-----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, - გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების (შპს „ძ--–----–ის“ და შპს „დ-----ს“ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების) ნაწილში და შპს „ძ--–----–ის“ და შპს „დ-----სათვის“ სახელმწიფო ბაჟის სახით, თანაბარწილად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები);

 

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „ძ--–----–ის“ ცრუმაგიერ პირად შპს „დ-----ს“ აღიარების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის უარყოფის ნაწილში;

 

5. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

6. დაეკისროს სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „ძ--–----–ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება;

 

7. დაეკისროს სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „დ-----ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება;

 

8. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება შპს „დ-----ს“ მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში.

 

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი