განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002500784, №1/ბ-482-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- შ----–---–-;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ი---- ქ------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თ---–----------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–-----------–-------–---------------.
ადვოკატი - თ----- ა------.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება).
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).
სასჯელი:
7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი---- ქ------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: მ------ ა-–----–---–ის, ვ----– მ-------ის, ვ-–-------- ო------ის, დ----- დ--------–---–ის, შ------- გ--------–--ის, ჩვენებები, ი---- ქ------–---–ის და მ------ ა-–----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმები და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ადასტურებენ ი---- ქ------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
▪ მსჯავრდებულმა მ------ ა-–----–---–მა ჩვენების მიცემისას აღიარა ნარკოტიკული საშუალების ი---- ქ------–---–ისგან უკანონოდ შეძენის ფაქტი.
▪ ი---- ქ------–---–ის ჩვენება კი წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენთან, რომლის თანახმად, მ------ ა-–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული განაჩენით დადგენილი გარემოებები, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ფაქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს პრეიუდიციად (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენის კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელად დატოვება, ასევე ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ი---- ქ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მხოლოდ მ------ ა-–----–---–ის მიერ მიცემული ბუნდოვანი ჩვენებები არ უნდა დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
▪ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი---- ქ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული 7 წლით თავისუფლების აღკვეთა არის მკაცრი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ი---- ქ------–---–მა სრულად აღიარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, არ არის ნასამართლევი და ჰყავს სამი წლის შვილი. დაცვის მხარე ითხოვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი---- ქ------–---–ს ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი---- ქ------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 0,0142 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) და 0,00126 გრამი ,,ამფეტამინი“, საიდანაც ნაწილი - 0,0027 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) და 0,00011 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, 2018 წლის 15 მაისს, ქ.თ---–---------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უსასყიდლოდ გაასაღა მ------ ა-–----–---–ზე, ხოლო ნაწილი - 0,0115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ და 0,00115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“ უკანონოდ შეინახა პირადად.
ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებიდან ნაწილი - 0,0115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ და 0,00115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“ 2018 წლის 15 მაისს, ი---- ქ------–---–ისგან ამოღებული იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებლის მიერ, ქ.თ---–---------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 0,0027 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) და 0,00011 ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“ ამოღებული იქნა 2018 წლის 15 მაისს, ქ.თ---–--–-------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ა-–----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ი---- ქ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი---- ქ------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 0,0115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ და 0,00115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, რომელიც 2018 წლის 15 მაისს, ქ.თ---–---------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებლის მიერ ამოღებული იქნა ი---- ქ------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით ი---- ქ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ი---- ქ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.
სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 მაისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ი---- ქ------–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ი---- ქ------–---–ის განმარტებით, არის მ------ ა-–----–---–ის მეჯვარე და შვილის ნათლია. მან იცოდა, რომ მ------ი იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რომელსაც ჰყავდა მეგობარი, რომელიც კუსტარულად ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალებას, ამიტომ ნარკოტიკის შესაძენად თანხას უტოვებდა მ------ ა-–----–---–ს. 2018 წლის 15 მაისს დაურეკა მ------მა, რის შემდეგაც მივიდა ქ.თ---–---------–-------------------ში მდებარე მ------ ა-–----–---–ის ბინაში, სადაც არავინ ცხოვრობდა. მ------მა მიუთითა მაგიდაზე, სადაც იდო ორ ფლაკონში მოთავსებული ნარკოტიკი, რომლის შესაძენად ორი დღით ადრე მისცა მ------ს 60 ლარი. ამის შემდეგ აიღო მისი წილი და გავიდა ქუჩაში, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მანვე აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალება დაახლოებით 10-11-ჯერ აქვს შეძენილი მ------ის დახმარებით, თუმცა არ იცის ვისგან მიჰქონდა მ------ს ნარკოტიკი. მას მ------ ა-–----–---–ისთვის ნარკოტიკული საშუალება არასდროს გადაუცია. ამ უკანასკნელმა იგი თავისუფლების სანაცვლოდ დაადანაშაულა დანაშაულის ჩადენაში.
მოწმე მ------ ა-–----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ი---- ქ------–---–ი არის ოჯახის ახლობელი და მისი უფროსი შვილის ნათლია. ფსიქოლოგიური პრობლემების გამო თავიდან მოიხმარდა ანტიდეპრესიულ საშუალებებს, შემდეგ კი დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება, რომელსაც იძენდა ინტერნეტის საშუალებით. იგი მოიხმარდა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ შორის მარიხუანას და სუბოქსინს. ქ.თ---–--–-------–------ის ქუჩაზე აქვს ბინა, რომელშიც არავინ ცხოვრობს. აღნიშნულ ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ მისი მეგობრები, რომლებმაც იცოდნენ გასაღების ადგილსამყოფელი. 2018 წლის 15 მაისს მისთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში იქნებოდა ი---- ქ------–---–ი. მივიდა აღნიშნულ ბინაში და ნახა, რომ მაგიდაზე იდო 5 გრამიანი შპრიცი, რომელიც გადასაგდებად ჩაიდო ჯიბეში. ი---- ქ------–---–მა, რომელიც მიდიოდა დედის დაბადების დღეზე, მისცა ერთი ცალი მინის კონტეინერი სითხით. შეთანხმებისამებრ აღნიშნული ნარკოტიკი მას მეორე დღეს უკან უნდა დაებრუნებინა ი---- ქ------–---–ისთვის, რომელიც უნდა მოეხმარა ამ უკანასკნელს. ი---- ქ------–---–ს ელოდა ტაქსში და ვინაიდან ი----ს სახლიდან გამოსვლა შეაგვიანდა, იგი შებრუნდა ეზოში. დაინახა, რომ აკავებდნენ ი---- ქ------–---–ს, შემდეგ კი დააკავეს თავადაც. მოწმის განმარტებით, ი---- ქ------–---–მა იცოდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ამიტომ ერთი-ორჯერ გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ნარკოტიკის სანაცვლოდ მას ი---- ქ------–---–ისთვის თანხა არასდროს გადაუცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 16 მაისის ექსპერტიზის N1-----------/ქრ დასკვნით, ი---- ქ------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული:
▪ უფერო, გამჭვირვალე, მინის ცილინდრული ფორმის კონტეინერში, წარწერით: Ubistazin forte. BN EXP 3M ESPE. For injection 1,7ml“ მოთავსებული, მოყვითალო ფერის, სპეციფიკური სუნის გამჭვირვალე სითხე 1,5 მლ. ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი) 0,0041 გრამს და ამფეტამინს 0,00024 გრამს.
▪ უფერო, გამჭვირვალე, მინის ცილინდრული ფორმის კონტეინერში მოთავსებული, მოყვითალო ფერის, სპეციფიკური სუნის გამჭვირვალე სითხე 1,6 მლ. ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი) 0,0074 გრამს და ამფეტამინს 0,00091 გრამს.
▪ წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის საერთო რაოდენობა შეადგენს 0,0115 გრამს და ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის საერთო რაოდენობა შეადგენს 0,00115 გრამს.
მ------ ა-–----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული:
▪ უფერო, გამჭვირვალე, მინის ცილინდრული ფორმის კონტეინერში, წარწერით: Ubistazin forte. BN EXP 3M ESPE. For injection 1,7ml“ მოთავსებული, მოყვითალო ფერის, სპეციფიკური სუნის გამჭვირვალე სითხე 1,5 მლ ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი) - 0,0027 გრამს და ამფეტამინს 0,00011 გრამს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ------ წ--–---–--ემ.
მტკიცებულებები: 2018 წლის 15 მაისის ი---- ქ------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 15 მაისის მ------ ა-–----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 16 მაისის ნარკოლოგიური შემოწმების N7----- დასკვნა, მოწმეების: რო------ ჩხ------–---–ის, ვ----– მ-------ის და შ------- გ--------–--ის გამოკითხვის ოქმები და სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, ხოლო დაცვის მხარე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი---- ქ------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ბრალეულობასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ უდავო მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გულისხმობს სხვა პირისათვის ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ხერხით გადაცემას (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 15 მაისს ი---- ქ------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ, 0,0115 გრამი ,,მეტამფეტამინი“ და 0,00115 გრამი ,,ამფეტამინი“, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. პალატის შესაფასებელ ძირითად საკითხს წარმოადგენს, მტკიცებულებები არის თუ არა საკმარისი ი---- ქ------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე მ------ ა-–----–---–მა განმარტა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შესანახად გადასცა ი---- ქ------–---–მა, რომლისთვისაც უკან უნდა დაებრუნებინა ნარკოტიკი, ხოლო თავად ი---- ქ------–---–მა განმარტა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 60 ლარის სანაცვლოდ გადასცა მ------ ა-–----–---–მა. სხვა მტკიცებულება, რაც იქნებოდა დამატებითი მტკიცებულება გასაღების ნაწილში მსჯავრდებისთვის, ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია. უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ვ-–-------- ო------ის, ვ----– მ-------ის, დ----- დ--------–---–ის და შ------- გ--------–--ის ჩვენებებით დადგენილია 2018 წლის 15 მაისს ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტი, რომლის თანახმად, ი---- ქ------–---–ი და მ------ ა-–----–---–ი უნდა ყოფილიყვნენ ქ.თ---–--–-------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული ნივთიერებები. ჩხრეკის ოქმებით და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად, როგორც ი---- ქ------–---–ისგან, ისე მ------ ა-–----–---–ისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ადასტურებენ ი---- ქ------–---–ის მიერ მ------ ა-–----–---–ისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტს, შესაბამისად, ბრალდების მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა გასაღების ბრალდების დასადასტურებლად, ვერ იქნება გაზიარებული.
მოცემულ შემთხვევაში, პალატის მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს, არის თუ არა საკმარისი მ------ ა-–----–---–ის ჩვენება და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ი---- ქ------–---–ის მსჯავრდებისთვის.
პალატა მიუთითებს მტკიცების სტანდარტზე, რომელიც უნდა არსებობდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ფაქტია, რომ ი---- ქ------–---–ის დაკავება მოხდა თ---–--–-------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მ------ ა-–----–---–ის საცხოვრებელი ბინა. ამავე ტერიტორიაზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა მ------ ა-–----–---–საც. ისიც ფაქტია, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როგორც ი---- ქ------–---–ისგან, ისე მ------ ა-–----–---–ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენდნენ „ამფეტამინს“ და „მეტამფეტამინს“ (თუმცა არა იდენტური შემადგენლობებით) და ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნის შესაბამისადაც ერთი და იმავე ნარკოტიკული საშუალებების (ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მდმა (ექსტაზი)) მოხმარება დაუდგინდათ აღნიშნულ პირებს, თუმცა, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული არ არის საკმარისი ბრალდების დასადასტურებლად.
განაჩენი, რაც სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა ბრალდების მხარემ, გამოტანილია საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად და მიუხედავად ბრალში მითითებული ფორმულირებისა, რომ ნარკოტიკული საშუალება მ------ ა-–----–---–მა შეიძინა ი---- ქ------–---–ისგან, აღნიშნული გარემოება სხვა მტკიცებულებით (გარდა მ------ ა-–----–---–ის ჩვენებისა) არ არის დადასტურებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი---- ქ------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მტკიცებულებათა ერთობლიობის და უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს პასუხობენ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.
სასჯელის დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი---- ქ------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ პიროვნული მონაცემები, არამედ დამნაშავის ქმედებებიც.
რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა საბოლოო სასჯელი ი---- ქ------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ი---- ქ------–---–ის შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს მისი აღიარება ნარკოტიკული საშუალების ფლობის ნაწილში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ი---- ქ------–---–მა უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს შვილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მკაცრია მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს. ნარკოტიკული დანაშაულის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომის, ნარკოტიკული საშუალებების სახეობების გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის განსაზღვრა მსჯავრდებულისთვის. შესაბამისად, პალატა იმედოვნებს, რომ ი---- ქ------–---–ისთვის სასჯელის სახით 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა იქნება მისი რესოციალიზაციის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----- შ----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ი---- ქ------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენში.
ი---- ქ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი---- ქ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
● ნარკოტიკული საშუალება და შპრიცი (მათ შორის მ------ ა-–----–---–ის საქმეზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
● მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე