განაჩენი

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
020100119002943490
ინსტანცია
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002943490

საქმე №1/ბ-387-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ--- ჯ------

მსჯავრდებულის _ ბ------- ფ-----ს

ადვოკატის _ ს----- ჯ--–--------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ბ------- ფ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს----- ჯ--–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ------- ფ-----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების წ--–--------------–----–---------------------–-, ნ----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენით:

 

ბ------- ფ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ ჯარიმა და საბოლოოდ ბ------- ფ-----ს მოსახდელად განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ------- ფ-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2019 წლის 27 მარტიდან.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------- ფ-----მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 6 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერით მოძალადე ბ------- ფ-----ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი _ მისი მეუღლე ლ--–- ც----, ასვე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

 

2019 წლის 06 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერით მოძალადე ბ------- ფ-----ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი _ მისი მეუღლის დედა მ------- ნ-------, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

 

2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბ------- ფ-----მ არ შეასრულა №0----- შემაკავებელი ორდერით და №0----- შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები, მივიდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მდებარე ლ--–- ც----ს და მ------- ნ-------ს საცხოვრებელ სახლთან და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა დედის მისამართით და მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც გაგრძელდა დაახლეობით 30 წუთის განმავლობაში.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს----- ჯ--–--------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ------- ფ-----სათვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. მართალია, იგი წარსულში ნასამართლევია, მაგრამ მიდრეკილი არ არის ერთი და იმავე სიმძიმისა და კატეგორიის დანაშაულების ჩადენისაკენ. მისი ქმედება არ გამოხატულა დაზარალებულებისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენებასა და მათ მიმართ სხვა სახის ფიზიკურ ძალადობაში. ბ------- ფ-----ს აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები (არის სოციალურად დაუცველი და იღებს ფულად შემწეობას), ის არის ავადმყოფი (გაკეთებული აქვს ფილტვის ოპერაცია), მისი მეუღლე _ ლ--–- ც----ც ონკოლოგიური ავადმყოფია და საჭიროებს მეუღლის მხრიდან მოვლა-პატრონობას. დაზარალებულების მიერ წარმოდგენილი განცხადებებით დასტურდება, რომ ისინი განაჩენის გამოტანის შემდეგ შეურიგდნენ ბ------- ფ-----ს და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. მას ორივე დაზარალებულმა აპატია ჩადენილი დანაშაული და ამჟამად მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ბ------- ფ-----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს----- ჯ--–--------მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მ--- ჯ-----მ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ------- ფ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს----- ჯ--–--------ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ბ------- ფ-----ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულების _ ლ--–- ც----ს, მ------- ნ-------ს და მოწმე ლ---- მ-------–იას გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ------- ფ-----მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

ამდენად, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ბ------- ფ-----ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში; მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულს საპატიმრო დაწესებულებაში მოხდილი აქვს 3 თვე და 11 დღე; დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი, 2019 წლის 29 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების თანახმად, დაზარალებულები ლ--–- ც---- და მ------- ნ------- შერიგებულები არიან ბ------- ფ-----სთან და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, ითხოვენ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებას და პატიმრობიდან მის გათავისუფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება მსჯავრდებულ ბ------- ფ-----სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და მისთვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა 240 საათის ვადით. ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 08 ივლისის ჩათვლით, სულ 3 (სამი) თვე და 11 (თერთმეტი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი, შესაბამისად, იგი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ბ------- ფ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს----- ჯ--–--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.ბ------- ფ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლოს შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ------- ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლოს შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ------- ფ-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 08 ივლისის ჩათვლით, სულ 3 (სამი) თვე და 11 (თერთმეტი) დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და იგი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

 

6.მსჯავრდებული ბ------- ფ----- განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/