განაჩენი

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
330100118002513502
ინსტანცია
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002513502-1ბ/1042-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

15 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - ავ--------–---------------------–-–---–- (დაბადებული 1----–-–----- მ------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------–------------------------------------–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------–---------------------------–- );

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი: ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------–----------–-–---–-- და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ავ--------–-----------–-–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ადევნება, ესე იგი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წელს სსიპ. იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში, ა---------–----------–-–---–- მომსახურება გაუწია იუსტიციის სახლის თანამშრომელმა თ------------------- რის შემდეგ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის მიზნით, ა---------–----------–-–---–- რამდენჯერმე ცდილობდა ამ უკანასკნელთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, რაც გამოიხატება მისი მხრიდან თე----------------- თვალთვალში. ა---------–----------–-–---–- 2017-2018 წლებში პერიოდულად მიდიოდა იუსტიციის სახლში, დგებოდა თ------------------- სამუშაო მაგიდასთან ან მის შორიახლოს და უთვალთვალებდა, მისი ნებართვის გარეშე უღებდა ფოტოსურათებს, დაჟინებით უცქერდა, გარდა ამისა, იგი ითხოვდა მასთან დალაპარაკებას/შეხვედრას, რომელიც ძირითადად უკავშირდებოდა თე----------------- მიმართ წარმოშობილ სიმპატიას/სასიყვარულო გრძნობას. აღნიშნული ქმედებებით თ----------------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, იყო დათრგუნული და შეშინებული, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, გადაწყვეტილი ჰქონდა ასევე, სამსახურის შეცვლაც, ეშინოდა სახლიდან გასვლა. აღნიშნულით კი თ----------------ეს მიადგა მორალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ადევნებას ესე იგი უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

დაზარალებულ თე----------------- ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა თბილისის იუსტიციის სახლში ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის პოზიციაზე, 27-ე სივრცეში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მსჯავრდებული მან მიიღო როგორც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც უარს ეუბნებოდა მისი დის სახელზე არსებული განცხადების ჩაბარებაზე. მიუხედავად ამისა, იგი მაინც დაჟინებით ითხოვდა განცხადების ჩაბარებას, რომელიც ბოლოს ჩაიბარა, თუმცა, შენიშვნის ველში ჩაწერა კომენტარი. ამის შემდგომ, დაახლოებით 10 დღის შემდეგ, მოქალაქე კვლავ მივიდა მის სამუშაო მაგიდასთან თანმხლებ პირთან ერთად, რა დროსაც თავის მხრივ, დაუძახა „ხომ გითხარით დახარვეზდება განცხადება და დაგიკავშირდებიანო“. ზოგადად, მოქალაქის მიღება ხდება რიგის ნომრით, თუმცა, ვინაიდან იცოდა, რომ იყო პრობლემური მოქალაქე და იცნობდა მის საქმეს, ამასთან, ვინაიდან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მიდიან სხვა ოპერატორთან და შემდეგ ამბობენ, რომ მათ სხვანაირად უთხრეს იგივე საკითხის მოწესრიგება, იმის მისახვედრებლად, რომ საქმის სწორად გაკეთდა და აღარ შეეწუხებინა სხვა თანამშრომლები, გამოელაპარაკა მას. ამავე დროს მიიღო სხვა მოქალაქე და ამით დაასრულა მასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ, ა---------–----------–-–---–- პერიოდულად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა იუსტიციაში, თუმცა, ფიქრობდა რომ იმავე საქმესთან დაკავშირებით. მოგვიანებით მიხვდა რომ ეს ასე არ იყო, რადგან მსჯავრდებული მიდიოდა „თი ბი სი“ ბანკში, რომელიც მისი სამუშაო მაგიდის პირდაპირ მდებარეობს, დგებოდა იქვე და იქიდან უყურებდა საათობით, ასევე, როდესაც უფროსთან მიდიოდა, მიჰყვებოდა ხოლმე მას სივრცის ტერიტორიაზე, საპირფარეშოშიც კი და სთხოვდა დალაპარაკებოდა, ასევე უღებდა ფოტოებს. იმ შემთხვევაში, თუ მის მოსვლას იგი ვერ შეამჩნევდა საქმეში გართული, მსჯავრდებული მივიდოდა მის წინ, დადგებოდა, დაენახვებოდა და შემდგომ დგებოდა მასთან ახლოს ტერიტორიაზე. თავიდან ფიქრობდა, რომ საქმე რომ არ გაუკეთდა, მას აბრალებდა, თუმცა, მერე მიხვდა, რომ საქმისთვის არ მიდიოდა. 2017 წლის მარტის თვეში, იგი ემსახურებოდა მოქალაქეს, რა დროსაც ღ-------–-–---–-ა მას დაუგდო კონვერტი. ვინაიდან მოქალაქე ჰყავდა და არუნდოდა ეფიქრა რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო მიიღო, მაგალითად ქრთამი და ა.შ, მაშინვე გახსნა კონვერტი, რომელშიც იდო მისი წერილი. წერილში სთხოვდა დალაპარაკებოდა, მოსწონდა და მასთან უნდოდა ურთიერთობა. რეაგირების მიზნით, იგი დაუკავშირდა ხელმძღვანელს ი--------------–--ს, რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა. თავის მხრივ, ი--------------–--მ აღნიშნულის წერილის ასლი აჩვენა მენეჯერს. აღნიშნულის შემდეგ, დაცვის თანამშრომლები არაერთხელ გაესაუბრნენ მას, მათ შორის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც, რომ თუ იგი განაგრძნობდა ვიზიტებს, შეექმნებოდა პრობლემა თ.------------ ამის შემდეგ, ა---------–----------–-–---–- 2-3 კვირა აღარ გამოჩენილა, თუმცა შემდეგ კვლავ გააგრძელა ვიზიტები. 2018 წელს აპრილის თვეში, როდესაც კვლავ გამოჩნდა მსჯავრდებული, აცნობა აუდიტს, რომელთან შეთანხმებითაც, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ საკმარისი უფლებამოსილება, დარეკა პატრულში და დაიწყო პროცედურები. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე იგი გამოკითხეს და შემდეგ ამოცნობაც ჩატარდა, რა დროსაც დანამდვილებით ამოიცნო ა---------–----------–-–---–-. რაც შეეხება მის ემოციურ მდგომარეობას, პირველ რიგში, მსჯავრდებულის ეს ქმედებები იწვევდა მასში გაღიზიანებას, ასევე, იყო სულ დაძაბული - „ცალი თვალით“ საქმეს აკეთებდა, მეორეთი კი მსჯავრდებულის გადაადგილებას უკვირდებოდა, რადგან დაცვის თანამშრომლებიც სწერდნენ, რომ როდესაც მსჯავრდებული მივიდოდა, მათთვის შეეტყობინებინა, რის გამოც ეშლებოდა მუშაობაში ხელი. მას გაუჩნდა შიში, რომ ემუქრებოდა საფრთხე, ეშინოდა სახლშიც არ გაჰყოლოდა. იგი ასევე, ფიქრობდა სამსახურის შეცვლასაც.

 

მოწმე ნ----------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს თ---–-------------–--------––--------------–-–-. თ----------------ეს სამსახურიდან იცნობს წელიწადზე მეტია, არიან მეგობრები და კოლეგები და ზის მის გვერდით უშუალოდ. იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული მას მხოლოდ ერთხელ ყავს ნანახი. მისთვის თ-------ან ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე რომელსაც გაუწია მომსახურება, იყო კონფლიქტური. იგი ითხოვდა ისეთ მომსახურებას, რომელიც მათ საქმიანობაში არ შედიოდა. ამის შემდეგ იგი სისტემატურად აკითხავდა თ------, ჯდებოდა მისი სამუშაო მაგიდის წინ მოსაცდელ სკამზე, ხან უყურებდა გასასვლელი შუშებიანი კარებიდან, რომელიც არის თ------ პირდაპირ, ასევე მათთან ახლოს მდებარე „თი ბი სი“ ბანკიდან, რა დროსაც მან თავად დაინახა როგორ უყურებდა იგი თ------ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ამ დროს მის მზერაში ისეთი მზერა დაიჭირა, თითქოს ამბობდა „აი, მაინც ვერ შემაშინეთო“. ეს ის პერიოდი იყო, როცა თ------ უკვე გაცხადებული ჰქონდა პოლიციაში, ასევე ინფორმირებულნი იყვნენ დაცვის თანამშრომლები და ზემდგომი პირები, რომლებიც პირადად გაესაუბრნენ მოქალაქეს. აღნიშნული შემთხვევისას თ------------მ მუშაობა ვერ გააგრძელა, რადგან იყო აღელვებული. თ----- იყო გაღიზიანებული და დათრგუნული, რადგან არ იცოდა რა უნდოდა აღნიშნულ მამაკაცს მისგან და ვერ აგრძელებდა სამუშაო პროცესს. ამ უკანასკნელმა ერთხელ წერილიც დაუტოვა ბ----------ს, რატომ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. რაც შეეხება „სერვის +“-ს, აღნიშნავს, რომ მათ სამსახურში არსებობს ჩაცმულობის წესები, აქვთ სპეციალური ფორმა, რომელიც არ არის გამომწვევი და ამ წესის დაცვა კონტროლდება ყოველდღიურად. მის დარღვევას ადგილი არც თ------ მხრიდან ჰქონია როდესმე.

 

მოწმე ნ----------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაახლოებით 4 წელია რაც მუშაობს იუ----–--------–--------–---------–---––---------------–---–-------- 26-ე სივრცეში. თ----------------ეს იცნობს როგორც თანამშრომელს და აქვს კოლეგიალური ურთიერთობა. მსჯავრდებული სასამართლო სხდომამდე (საქმის არსებითი განხილვისას დაკითხვის ეტაპამდე) არ უნახავს. თ-------ან იცის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხშირად აკითხავდა სამსახურში, იჯდა მის წინ, სისტემატურად უყურებდა, დაჟინებით აკვირდებოდა, მათ შორის ჰქონდა შემთხვევას ადგილი, როდესაც კარებიდან უყურებდა, რადგან თე----------------- სამუშაო მაგიდის პირდაპირ არის იუსტიციის სახლის შესასვლელი შუშის კარი, რომელიც ამჟამად დახურულია, თუმცა, შემოხედვისას ჩანს თე----------------- სამუშაო ადგილი. იგი შესაძლებელია კვირაში სამჯერ მისულიყო, თუმცა, შემდგომ ერთი კვირა აღარ გამოჩენილიყო, დადგენილი რეჟიმი არ ჰქონდა. შესწრებია სიტუაციას, როდესაც თ----------------ე მიდიოდა კოორდინატორთან იმის სათქმელად, რომ ეს პიროვნება კვლავ მის წინ იჯდა და დაჟინებით აკვირდებოდა მას. ეს აღელვება და სამუშაო პროცესში ჩართვა გარკვეულ დროს მოითხოვდა. რაც შეეხება შინაგანაწესს, ეკრძალებათ მოქალაქეებთან არაფორმალურად ურთიერთობა, მათ აქვთ ფორმა, რომელიც შედგება შავი პიჯაკის, თეთრი პერანგის, ყელსახვევის/ჰალსტუჰისა და ბეიჯისგან, გოგონებს ეკრძალებათ გამომწვევი ტანისამოსის ხმარება, რაზეც ხორციელდება კონტროლი აუდიტისა და ხარისხის მართვის სამსახურისგან, დღეში რამდენჯერმეც კი, შესაბამისად, არც თ------ შესახებ სმენია მსგავსი რამ, იგი არის გაწონასწორებული პიროვნება და მოქალაქეებთან არ შედის კონფლიქტში.

 

მოწმე ი--------------–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წლიდან მუშაობდა თ---–------------–--------––------------------------- პოზიციაზე. მისი ფუნქცია იყო დაქვემდებარებული სექტორის მართვა და მოქალაქეებთან ურთიერთობა. იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს არ იცნობს, ხოლო თ----- ბ---------- დაახლოებით 3 წლის განმავლობაში იყო მისი დაქვემდებარებაში მყოფი პირი. ერთ დღეს მასთან მივიდა ძალიან განერვიულებული თ----------------ე, კოორდინატორების ოთახში და უთხრა, რომ ასე მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლო და იმ მომენტისთვისაც ითხოვა ნებართვა სამსახურიდან გასვლის თაობაზე. მან პირველად ნახა ასეთ სიტუაციაში მყოფი თ-----, იგი იყო გაწითლებული და კანკალებდა. მან უთხრა, რომ მუდმივად უთვალთვალებდა ერთი პიროვნება, ჯდებოდა მისი სამუშაო ადგილის წინ მდებარე სკამზე, ასევე, უყურებდა დიდი კარებიდან და უღებდა ფოტოებს. იგი გაჰყვა თ------ სამუშაო ადგილისკენ, რომ ენახა ეს პიროვნება, რა დროსაც მან დაანახა ასაკოვანი კაცი, რომელიც იჯდა თ------ მაგიდის მოპირდაპირედ სკამზე. როგორც კი მათ ყურადღება მიაქციეს, იგი ადგა და გავიდა. აღნიშნულ დროს მოქალაქეს არც რიგის ნომერი არ ჰქონია ხელში და არც მომსახურებას იღებდა. ადასტურებს, რომ პიროვნება, რომელიც იქ იჯდა, მსჯავრდებული ა---------–----------–-–---–-ა. ბ----------მ მას გადასცა წერილიც, რომელიც ზ.აღნიშნულმა მამაკაცმა დაუტოვა. თავის მხრივ, მან მენეჯერს მისცა ამ წერილის ასლი, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა შიდა უსაფრთხოების სამსახური და აუდიტი. ”ვერ გავაგრძელებ აქ მე მუშაობას, შეუძლებელია“ - ეს სიტყვები მას პირადად უთხრა თ-----მ. ამის შემდეგ, მსჯავრდებული ძალიან მოკლე ვადაში - იმავე დღეს ან შემდგომ დღეს მას თ----------------ე დაუკავშირდა, რომ იგი კვლავ დაბრუნდა, რის შემდეგაც მსჯავრდებულს გაესაუბრნენ უსაფრთხოების თანამშრომლები და გააფრთხილეს, რომ არ შეეწუხებინა მათი თანამშრომელი და მიეცა მისთვის მუშაობის საშუალება. რაიმე ეტიკეტის დარღვევა და კლიენტების პრეტენზიები არც ოფიციალური საჩივრის სახით და არც არაოფიციალურად, თ------ შესახებ არ გაუგია. იგი აღნიშნავს, რომ თ----------------ე იყო ერთ-ერთი საყრდენი თანამშრომელი, საქმიანი, ფორმალური და დისტანციური.

 

მოწმე კ----------------------–---–-ა განმარტა, რომ მუშაობს თ---–------------–--------–-- უსაფრთხოების სამსახურში. თე----------------- საქმის შესახებ იცის, რომ მას ავიწროებდა მოქალაქე, რომელიც დაჟინებით უყურებდა, უღებდა ფოტოებს და ხელს უშლიდა მუშაობაში, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, იგი გაესაუბრა ა---------–----------–-–---–- - აუხსნა, რომ შვილიშვილის ტოლთან ასე არ უნდა მოქცეულიყო და გააფრთხილა, რომ მსგავს საქციელს შემდგომში ადგილი აღარ ჰქონოდა. მსჯავრდებულმა განუმარტა, რომ თ------------ მოსწონდა და სურდა მასთან ურთიერთობა, თუმცა, დაჰპირდა, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი აღარ გამოჩენილა, თუმცა შემდგომ კვლავ დაბრუნდა. თ----------------ე აღნიშნულს განიცდიდა, ნერვიულობდა და სამსახურის შეცვლაზეც კი საუბრობდა, ასევე ითხოვდა ნახევარი საათით მოშორებულიყო სამსახურს, რომ მსჯავრდებული წასულიყო, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ეს მამაკაცი საღამომდე იქ რჩებოდა.

 

მოწმე უ–--------------ა განმარტა,რომ 2018 წლის 08 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მან მიიღო ინფორმაცია თე----------------- ადევნებასთან დაკავშირებით, რაზეც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელ პირებს, რის შემდეგაც მოხდა მისი მოწმის სახით გამოკითხვა.

 

მოწმე ჭ---–-----–------- განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები:დაზარალებულთან ფოტოსურათით ამოცნობა, დაათვალიერა ასევე დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი წერილი და ფოტომასალა, გააცნო დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება და განუმარტა უფლებები. გამოკითხა მოწმეები, მათ შორის უშანგი კობაური და ა---------–----------–-–---–-.

 

მსჯავრდებულმა ა---------–----------–-–---–-- სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ პროკურორის მთლიანი ვერსია აგებული იყო დაზარალებულის ტყუილებზე. იგი აღნიშნავს, რომ თ----- ბ----------მ თავად გამოიწვია და აქეთ მას დაუწყო არშიყი. მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს რელევანტური მტკიცებულებები და საქმე ცალმხრივად არის გამოძიებული.

 

დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 20 მაისს, შ----------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–--------–-–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, თე----------------- მიერ, 1017006 განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად წარმოდგენილი წერილის ფოტო ასლი დათვალიერებულ იქნა ა---------–----------–-–---–-ს მონაწილეობით. ფოტოასლი არის ხელით შესრულებული, თაბახის თეთრი ფერის ფურცელზე. ტექსტი იწყება სიტყვებით: „თ----------------ე“-ს თაყვანისმცემლისგან“. შემდეგ ფურცლის შუა ნაწილში წერია სიტყვა: „განცხადება“ რომლის ქვემოთ ფრჩხილებში ჩასმული არის წინადადება: „შენგან ჩემდამი ყურადღების მოდუნებასთან დაკავშირებით“. აღნიშნულის შემდეგ იწყება აბზაცით ტექსტი: თ-----, ზუსტად სამი თვის წინ დამპირდი, რომ დაგელაპარაკებიო, მაგრამ პირობას დღემდე არ ასრულებთ. რატომ? ეჭვი ხომ არ გეპარება ჩემში? სიტყვას ფასი უნდა დაადო იცოდე. დისტანციაზე ურთიერთობა რა წესია გამაგებინე? მოვალ, შორიდან დაგინახავ, წავალ. ამას წინათ ცოტა მეტხანს გავჩერდი, შენ კი საპასუხოდ ყარაულთან გაიქეცი, თითქოს შენი სამსახურის შინაგანაწესი დამერღვიოს. ან რაიმე აგრესია მეგრძნობინებინოს შენთვის. აგრესიას შენ ჩემგან ვერასოდეს ვერ იგრძნობ. არც შენს სამსახურში, არც მის გარეთ და საერთოდ არსად. რაც შეეხება ანდროიდით შენთვის სურათის გადაღებას, რომ მე შენთვის სურათი ფარულად (მალულად), არ გადამიღია, არამედ გადაგიღე დემონსტრაციულად. სხვათაშორის სურათში გაბრაზება არ გეტყობა, უფრო მეტი გახარებული ხარ. ფორმალური პროტესტი მერე გამოხატე მე რომ გადაღება დავასრულე. ვერ გამიგია, შენთვის სურათის გადაღება დანაშაულად მეთვლება? პირიქით, ჩემში იმ დღეს (სურათის გადაღების დღეს) გადაწყდა ყველაფერი. შენ იმ დღეს სწორად მოიქეცი, თორემ ჩემი მხრიდან უკვე დაკარგული მყავდი, მანამდე გამაბრაზე და იმიტომ. კერძოდ, ჩავთვალე: „თუ დაიმალა არ უნდა ჩემი ნახვა, თუ მიგვიღო, ცხადია უნდა. თუ არ დაიმალა, მაგრამ არ მიგვიღო, მაინც უნდა (შენ თავისუფლად შეგეძლო არ გამოჩენილიყავი, რადგან ჩვენი მოსვლის დრო იცოდი). შენ მესამე გზა აირჩიე. ვთქვი, თუ თ-----მ მესამე გზა აირჩია არ გავბრაზდეთქო, მაგრამ ემოციას ავყევი და მაინც გავბრაზდი. თ----- ასე არ გამოვა არაფერი. დამიჯერე, პოვნა ძნელია, დაკარგვა კი ადვილი. აქედან გამომდინარე, უნდა დამელაპარაკო, რადგან სერიოზულად მინდა შენი ახლოს გაცნობა (წესიერად ერთმანეთს არ ვიცნობთ) იქნებ გამოგვივიდეს რამე. მე რამოდენიმე დღეში მოვალ, შენის ნებართვით.“ წერილის ფოტოასლის დათვალიერებისას ა---------–----------–-–---–-- განმარტა, რომ ზ/აღნიშნული წერილი დაწერილია მის მიერ, შესრულებულია მისი ხელით და იგი თ----------------ეს სამსახურში მაგიდაზე დაუდო 2017 წლის 12 მ------- როდესაც იგი იუსტიციის სახლში მივიდა ზ/აღნიშნული წერილის თე-----------------თვის გადასაცემად. აღნიშნული წერილის ფოტოასლი დათვალიერების შემდეგ დაერთო ოქმს, დაულუქავ მდგომარეობაში.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ა---------–----------–-–---–-ს მიერ გამოკითხვებით მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, მსჯავრდებულ ა---------–-------------–-–---–-ს და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით იუსტიციის სახლში მსჯავრდებულმა მიუთითა 27-ე სივრცეზე და განმარტა, რომ იქ ნახა და გაიცნო თ----------------ე. აღნიშნულის შემდეგ მან მიუთითა სივრცეში ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ადგილიდან მოახდინა მან ფოტოს გადაღების იმიტაცია. მისი მითითებით, ამ დროს თ----------------ე 26-ე სივრცის შუა ადგილას იჯდა. ასევე მიუთითა იმ ტერიტორიაზე, სადაც შემდგომში იჯდა თ----------------ე და ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა - თ----------------ემ ყოველგვარი ძალდატანებისა და წინააღმდეგობის გარეშე ამოსაცნობად წარმოდგენილ პირებს შორის ამოიცნო ავ--------–---------------------–-–---–- შემდეგი ნიშნებით: ხორბლისფერი ოვალური პირსახით, მოკლედ შეჭრილი შუბლზე შემელოტებული ჭაღარა თმით, მუქი ფერის რკალისებური წარბებით, ღია ფერის თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით და თხელი ფორმის ტუჩებით.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა - კ----------------------–---–-ა ყოველგვარი ძალდატანებისა და წინააღმდეგობის გარეშე ამოსაცნობად წარმოდგენილ პირებს შორის ამოიცნო ავ--------–---------------------–-–---–- შემდეგი ნიშნებით: ხორბლისფერი ოვალური პირსახით, მოკლედ შეჭრილი შუბლზე შემელოტებული ჭაღარა თმით, მუქი ფერის რკალისებური წარბებით, ღია ფერის თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით და თხელი ფორმის ტუჩებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა---------–----------–-–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი,ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

პალატამ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით დადასტურებულად მიიჩნია, ავ--------–-----------–-–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან. უფლება იცხოვროს მშვიდ გარემოში. ამსრულებელია ნებისმიერი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რამდენიმე ალტერნატიული ქმედება,საიდანაც თითოეული განხორციელბული უნდა იყოს სისტემატიურად, ანუ მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ამდენად, სახეზეა ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით; ეს ქმედებებია დაზარალებულის უკანონო თვალთვალი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულზე სისტემატიურ ადევნებაში თვალთვალის მიზნით, ე.ი. იმ მიზნით, რათა დამნაშავისათვის ცნობილი გახდეს მსხვერპლის თითოეული ნაბიჯი, ასევე მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს სისტემატიურად,ხოლო კომუნიკაცია არასასურველად უნდა ჩაითვალოს მაშინ,როდესაც მისი შინაარსი საზოგადოდ უარყოფითი ემოციის აღმძვრელია.

 

ამასთან ზემოთ მითითებული შედეგები იწვევს რამდენიმე ალტერნატიულ შედეგს, საიდანაც ერთერთის დადგომა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის. ამდენად სახეზეა ერთიანი დანაშაული როგორც ალტერნატიული ქმედებებით, ისე ალტერნატიული შედეგებით, კერძოდ იგი იწვევს შემდეგ შედეგებს:პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ამ/ და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს. ყველაფერი ეს კი თავის მხრივ პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან უქმნის მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. შესაბამისად სახეზეა შედეგიანი დანაშაული, რომლის დასჯადობის საკითხი დაკავშირებულია ამ მუხლში მითითებული რომელიმე შედეგის დადგომასთან. სუბიექტურ მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული;

 

დანაშაულის ცნება მოცემულია სსკ-ის მე-7 მუხლში, რომლის მიხედვითაც დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, ყველა დანაშაულის შემადგენლობაში, იგულისხმება კონკრეტული ქმედება, ვინაიდან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენები, შეხედულებები, მისწრაფებები და ა.შ. მოცემული დანაშაულის გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას და მის გარეშე ის დანაშაულის შემადგენლობას ვერ შექმნის.

 

მოცემულ შემთხვევაში ა---------–----------–-–---–- ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა ადევნება, ესე იგი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით; პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და პალატამ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დამტკიცებულად მიიჩნია, ის ფაქტი რომ ა---------–----------–-–---–- 2016 წელს სსიპ. იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში, მომსახურება გაუწია იუსტიციის სახლის თანამშრომელმა თ------------------- რის შემდეგ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის მიზნით, ა---------–----------–-–---–- რამდენჯერმე ცდილობდა ამ უკანასკნელთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, რაც გამოიხატება მისი მხრიდან თე----------------- თვალთვალში. ა---------–----------–-–---–- 2017-2018 წლებში პერიოდულად მიდიოდა იუსტიციის სახლში, დგებოდა თ------------------- სამუშაო მაგიდასთან ან მის შორიახლოს და უთვალთვალებდა, მისი ნებართვის გარეშე უღებდა ფოტოსურათებს, დაჟინებით უცქერდა, გარდა ამისა, იგი ითხოვდა მასთან დალაპარაკებას/შეხვედრას, რომელიც ძირითადად უკავშირდებოდა თე----------------- მიმართ წარმოშობილ სიმპატიას/სასიყვარულო გრძნობას. აღნიშნული ქმედებებით თ----------------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, იყო დათრგუნული და შეშინებული, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, გადაწყვეტილი ჰქონდა ასევე, სამსახურის შეცვლაც, ეშინოდა სახლიდან გასვლა. აღნიშნულით კი თ----------------ეს მიადგა მორალური ზიანი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დადასტურდა დაზარალებულ თე----------------- ჩვენებით, მოწმეებისნ----------–---–-ს, ნ-----------–---–------------------–-----------------------------–---–-- და სხვათა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით.

 

ამდენად, პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის მიერ უკანონოდ განხორციელებული თვალთვალის სიხშირეს, მის განგრძობად ხასიათს, რომელიც ფაქტობრივად დაიწყო 2016 წლიდან და გაგრძელდა 2018 წლის აპრილის თვეში, რადგან განმეორებადობის გარეშე ცალკეული ქმედება ვერ მოგვცემს ამ მუხლის შემადგენლობას. თუმცა, თუ რამდენჯერ უნდა განხორციელდეს უკანონო თვალთვალი მსხვერპლთან აღნიშნული გარემოება, აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს შეფასების საგანია, რაც მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 20 მაისის დათვალიერების ოქმზე დართული წერილობითი შეტყობინებითა და მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღებით, სრულიად საკმარისია 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციისათვის. ამასთან სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენაც, თუ როდის დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა ა---------–----------–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ შეფასება ვერ მიეცემა ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებს, რადგან ამ ნორმის მიღებამდე (2017 წლის 4 მაისის კანონი, ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან) პირის მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედებები საერთოდ არ ითვლებოდა დანაშაულად. ამრიგად, სასამართლო სამართლებრივად ვერ შეაფასებს 2017 წლის 1 ივნისამდე ჩადენილ ქმედებებს, მათ შორის, მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის დატოვებული სასიყვარულო შინაარსის მქონე წერილის ფაქტსა და მით უფრო, ვერ გაანალიზებს ამ წერილის შინაარსობრივ მხარეს (დაზარალებულის ჩვენებით, საქმეში წარმოდგენილი სასიყვარულო შინაარსის წერილი ა---------–----------–-–---–-- მას სამუშაო მაგიდაზე დაუტოვა 2017 წლის მარტის თვეში), მიუხედავად იმისა, რომ იგი დასაშვები მტკიცებულება იყო და წარმოადგენდა ბრალდების მხარის ერთ-ერთ მტკიცებულებას.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა---------–----------–-–---–-ს ბრალეულობას აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში; პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულმა ა---------–----------–-–---–-- ჩაიდინა ადევნება.ესე იგი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

ამასთან პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, მსჯავრდებულის პოზიცია თითქოსდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის თანხვედრაში საფუძველს მოკლებულია. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა ადევნება, ესე იგი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა---------–----------–-–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დამნაშავეების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეების პიროვნება. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა---------–----------–-–---–-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი, ა---------–----------–-–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი კერძოდ, ერთი ცალი ლაზერული დისკი რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს -შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ა---------–----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისი განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3.ა---------–----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.ა---------–----------–-–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია;

 

5.მსჯავრდებულ ა---------–----------–-–---–-ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი ლაზერული დისკი რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი