განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2019
საქმის ნომერი
330210018002393393
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002393393

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7287-18 15 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი /მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-–--ი“

 

აპელანტი /მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ი“

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ა(ა)იპ თ---–----------–------------------------------------ო

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აპელანტი /მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-–--ი“

 

აპელანტი /მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ი“

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ა(ა)იპ თ---–----------–------------------------------------ო

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახური

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი ძირითად სარჩელში - თანხის დაკისრება

 

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება

 

აპელანტი - შპს „ე-–--ი“

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ი“

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე შპს „ე-–--მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ის“, ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ისა“ და ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ის“ წინააღმდეგ მიმართა. მოსარჩელის სასარგებლოდ ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ისთვის“ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16727.95 ლარის, პირგასამტეხლოს 1440 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 2343 ლარის დაკისრება, მოპასუხე ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ისგან“ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16023,5 ლარის, პირგასამტეხლოს 1168 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 2496 ლარის ოდენობით დაკისრება და მოპასუხე ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 22 900.1 ლარის, პირგასამტეხლოს 1694 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის 3694 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს;

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ე-–--ის“ სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 16 727.95 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1 440 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ საბანკო გარანტიის თანხის - 2343 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით გადაწყვეტილებით შპს „ე-–--ის“ სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 22 900.1 ლარისა და პირგასამტეხლოს 1694 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის საბანკო გარანტიის თანხის - 3694 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ე-–--ის“ სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ „ქ. თ---–--------------–-------------ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 16023.5 ლარისა და პირგასამტეხლოს 116.8 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის საბანკო გარანტიის თანხის - 2496 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------მა“ ნაწილობრივ, სარეზოლუციო ნაწილის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში გაასაჩივრა და ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ხსენებული გადაწყვეტილება ასევე, შპს „ე-–--მა“ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------მა“ ნაწილობრივ, სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტის ფარგლებში გაასაჩივრა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ხსენებული გადაწყვეტილება ასევე, შპს „ე-–--მა“ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ქ. თ---–--------------–-------------მა“ ნაწილობრივ, სარეზოლუციო ნაწილის 1.1; მე-2 და მე-3 პუნქტების ფარგლებში გაასაჩივრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე, შპს „ე-–--მა“ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „ქ. თ---–---------------–-------------ისა“ და შპს „ე-–--ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანია 305 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება - 76814.25 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულებას იღებდა 669 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურება, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, გაეწია. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა განხორციელებულიყო. ზედამხედველობა ა(ა)იპ „ქ. თ---–---------------–-------------ისა“ და ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ შესაბამის სამსახურებს უნდა განეხორციელებინათ. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკი, ხელშეკრულების მხარეებმა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ - 2343 ლარის ოდენობით, გაითვალისწინეს.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ყოველთვიურად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 19-24, 25-34).

 

6. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს

„ე-–--ის“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით განისაზღვრა: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. მავნე ქიმიურ ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა განხორციელდეს, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ახლდეს. სურსათი დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები) წარმოადგინოს. მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის მინიმუმ 40% უნდა იყოს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს (ტომი I, ს.ფ. 25-34).

 

7. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე-–--ის“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით განისაზღვრა: თითოეული მიწოდებული პარტია რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით უნდა იყოს დამზადებული. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. მავნე ქიმიურ ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა განხორციელდეს, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ახლდეს. სურსათი დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის არანაკლებ 40% უნდა იყოს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს (ტომი I, ს.ფ. 25-34).

 

8. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბ----------ის“ საბანკო გარანტია NB----------- გაიცა, სადაც პრინციპალია შპს „ე-–--ი“, ბენეფიციარი - ა(ა)იპ „ქ. თ---–---------------–-------------ი“, საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა - 2343 ლარს შეადგენდა (ტომი I, ს.ფ. 39).

 

9. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე-–--ის“ მიერ ა(ა)იპ „ქ. თ---–---------------–-------------ისთვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით 16727.95 ლარს შეადგენდა (ტომი I, ს. ფ. 40).

 

10. ა(ა)იპ „ქ. თ---–---------------–-------------ის“ ადმინისტრაციამ შპს „ე-–--თან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადა (ტომი I, ს.ფ 41, 43-44).

 

11. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში შპს „ე-–--ის“ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N0------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „ი-------–ი“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა (ტომი I, ს.ფ 52-53).

 

12. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N0------- მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარმოდგენილი სურსათი „------ის“ ეტიკეტი, ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამება (ტომი I, ს.ფ 54-56).

 

13. 2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თ---–---------------–--------------ა“ და შპს „ე-–--ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი შპს „ე-–--ი“ ვალდებული იყო 481 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით, უზრუნველეყო. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება 121 139.85 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობაზე განხორციელების უფლებამოსილება ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ისა“ და ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ შესაბამის სამსახურებს მიეკუთვნათ. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული რისკი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მხარეებმა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3694 ლარის ოდენობით, გაითვალისწინეს. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 1-120).

 

14. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე-–--სა“ და ა(ა)იპ „თ---–---------------–--------------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე-–--ის“ მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები წინამდებარე განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებულ მახასიათებლების იდენტურია (ტომი I, ს.ფ. 1-120).

 

15. 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თ---–---------------–--------------ა“ და შპს „ე-–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბ----------ის“ საბანკო გარანტია NB---------- გაიცა, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე-–--ი“, ბენეფიციარი - ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა 3694 ლარით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 39).

 

16. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე-–--ის“ მიერ ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ისთვის“ 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მიწოდებული საქონლის ღირებულება 22 900.10 ლარს შეადგენს (ტომი I, ს.ფ. 40-41).

 

17. ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------მა“ შპს „ე-–--თან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადა (ტომი I, ს.ფ. 41-42).

 

18. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში შპს „ე-–--ის“ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N0------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „ი-------–ი“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა (ტომი I, ს.ფ 45-65).

 

19. 2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------სა“ და შპს „ე-–--ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანი 325 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება 81851,25 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას 325 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების , 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით, უზრუნველეყო. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობაზე განხორციელების უფლებამოსილება ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ისა“ და ა(ა)იპ „თ---–----------–------------------------------------ოს“ შესაბამის სამსახურებს მიეკუთვნათ. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული რისკი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მხარეებმა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2496 ლარის ოდენობით, გაითვალისწინეს. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 18-23).

 

20. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე-–--სა“ და ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ს“ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე-–--ის“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველისა და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები წინამდებარე განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებულ მახასიათებლების იდენტურია (ტომი I, ს.ფ. 18-23).

 

21. 2017 წლის 14 სექტემბერს ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------სა“ და შპს „ე-–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბ----------ის“ საბანკო გარანტია #B---------- გაიცა, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე-–--ი“, ბენეფიციარი - ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა 2496 ლარით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 133).

 

22. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე-–--სა“ და ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------ს“, შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე-–--ის“ მიერ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველებისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით 16023,5 ლარს შეადგენს (ტომი I, ს.ფ. 134-207).

 

23. ქალაქ თბილისის ბაგა-ბაღებმა შპს „ე-–--თან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადეს (ტომი I, ს.ფ. 40, 43-52).

 

24. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში შპს „ე-–--ის“ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N0------- პასუხად გაგზავნილი 2017 წლის 19 დეკემბრის N0------- წერილიდან ირკვევა რომ, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „ი-------–ი“ ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა (ტომი I, ს.ფ 207-290).

 

25. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ შპს „ე-–--მა“ ა(ა)იპ „თ---–--------------–-------------თან“, ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------თან“ და ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------თან“ დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.

 

მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „ი-------–ის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მისაწოდებელ ყველთან მიმართებით იდენტურ დათქმას ითვალისწინებდა, კერძოდ, კომპანიას ბაღისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა (იხ. წინამდებარე განჩინების.

 

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტრირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასიური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. ვინაიდან სახელშეკრულებო სამართალი მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სამართალია და იგი Pacta sunt servanda-ს პრინციპის მოქმედებას ითვალისწინებს, სახელშეკრულებო დავების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილ ნებას და იმ პირობებს ექცევა, რომლის შესრულებაც მხარეებმა დადებული გარიგებით ივალდებულეს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სამივე ხელშეკრულების პირობები მისაწოდებელი ყველის მახასიათებლებთან მიმართებით იდენტურია, შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად მიმწოდებელს აღდგენილი რძე მიაწოდა, პალატა ასკვნის, რომ შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის, თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. როგორც ნასყიდობის ასევე, ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, შემსრულებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ: ნაკეთობა/შესრულება ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. როგორც ზემოთმოყვანილ მსჯელობაში აღინიშნა, მხარეთა შორის მისაწოდებელი ყველის მახასიათებლები დეტალურად გაიწერა, რომელსაც მიწოდებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. იმავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ე-–--მა“ ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია, ასევე, უდავოა, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „ი-------–ი“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ასევე, უდავოა, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ შემკვეთებს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნდათ და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

ამ კუთხით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე, სადაც იდენტურ საქმეზე, საკასაციო პალატის მიერ ხელშეკრულების დარღვევა არ იქნა იმგვარ გადაცდომად მიჩნეული, რომელიც ხელშეკრულების არსებით დარღვევას გაუთანაბრდებოდა და კონტრაჰენტს სანქციების გამოყენების შესაბამის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

 

25. რაც შეეხება ხელშეკრულების ნაკლიანი შესრულების გამო სანქციის გამოყენებას, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში განთავსებულია წერილები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას შპს „ე-–--ის“ იმ მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც სადავო პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებას შეეხება. წერილობითი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მოსარჩელე მხარისაგან არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ქ. თ---–-------------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ რეალურად გაწეული მომსახურების 22 900,01 ლარისა და პირგასამტეხლოს 1694 ლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „ქ. თ---–-------------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ რეალურად გაწეული მომსახურების 16 727,95 ლარისა და პირგასამტეხლოს 1440 ლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად მოხდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს მოცულობა შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს არ ქმნიდა.

 

რაც შეეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, ა(ა)იპ „ქ. თ---–------------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ რეალურად გაწეული მომსახურების 16 023,5 ლარისა და პირგასამტეხლოს 116,8 ლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. მოცემულ დავაზე, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნილ ოდენობას 1168 წარმოადგენდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამივე ხსენებულ საქმეზე შპს „ე-–--ის“ ვალდებულების დარღვევა იდენტური ხასიათისაა, საერთო ჯამში ვალდებულების მოცულობის, მოპასუხის მიერ შესრულების მიღებისა და ზიანის არარსებობის პირობებში, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკმაყოფილების (1168 ლარი) წინაპირობები არსებობს.

 

26. სააპელაციო პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „------ი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.

 

უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში ბაგა-ბაღებს ეკისრებოდათ, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80% ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის.

 

ამ კუთხით, საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს „ე-–--ის“ მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვების თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „------ის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამება. ამავე წერილებში მითითებულია, რომ მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები მიეთითოს (ტომი I, 52-53, ტომი I, 45-65, ტომი I, 207-290).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები არ არის შესწავლილი და მათგან გამომდინარე დარღვევა არ დგინდება. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტია შემოწმებული და მოპასუხეების მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული.

 

ამასთანავე, პროდუქტის შიგთავსის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელისთვის აღნიშნული პროდუქტის (კარაქის) მიმწოდებლის - შპს „ა--------------–------–--------ის“ მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებულია 29 105 კგ კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მტკიცებულების თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ, აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა 80.0%-ს შეადგენდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „------ის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დგინდება. ამიტომ დგინდება, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.

 

27. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გახმობილი საბანკო გარანტიების თანხის შპს „ე-–--ისთვის“ ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

 

პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.

 

შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით თავად მიმწოდებელსაც არ გაუხდია სადავოდ, შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუხმობადი ხასიათის იყო და, თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, პალატას მიაჩნია, რომ საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხეებისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამათლებრივი საფუძვლები არ არსებობს, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დამკვეთს არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით პირგასამტეხლო არ მოუთხოვია.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებები როგორც ფაქტობრივი ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, შესაბამისად ისინი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებას პალატა მიიჩნევს რომ იგი პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში დაუსაბუთებელია ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სრულად 1168 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებები უცვლელი დარჩა ანუ მათზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მათზე აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, მასზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში, დაკმაყოფილდა ამიტომ, „ქ. თ---–------------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ 75 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს, დანარჩენ ნაწილში გადახდილი ბაჟი კი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „ე-–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

4. ა(ა)იპ „თ---–---------------–-------------ის“ ააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

5. შპს „ე-–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

6. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

7. ა(ა)იპ „ქ. თ---–--------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

8. შპს „ე-–--ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

9. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში (1.1 პუნქტის მეორე წინადადება) და დაკისრებული პირგასამტეხლო 1168 ლარის ოდენობით განისაზღვროს;

 

10. ა(ა)იპ „ქ. თ---–--------------–-------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 75 ლარი პირგასამტეხლოს ნაწილში გადახდილი ბაჟის ანაზღაურების მიზნით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

თამარ ზამბახიძე