განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100119002958985
საქმე №1ბ/1017-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------------ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, პირადი N-----------, დაოჯახებულის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, უმუშევრის, მცხოვრების: წ--–--------------------–-----–----ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე, წ--–---------------------–----–----ში მდებარე ზ------------ისა და ც-–----------–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ------------ემ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მეუღლეს, ც-–----------–--ეს ესროლა ყავის ჭიქა და ცხელი ჩაიდანი. მათი აცილების შემდეგ, ზ------------ემ მარცხენა ხელის სახის არეში ძლიერად დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ც-–----------–--ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, ზ------------ე სიტყვიერი მუქარით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ც-–----------–--ეს, რომელმაც თავი შეაფარა შვილის ნ--------------ს იმავე ეზოში მდგარ საცხოვრებელ სახლს, სადაც ზ------------ეს ძალის გამოყენებით სურდა შესვლა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით ზ------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენის გაუქმება და ზ------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ზ------------ემ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახური ძალადობა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ზ------------ემ ისარგებლა დუმილის უფლებით, ხოლო, დაზარალებულმა ც-–----------–--ემ მეუღლის ზ------------ის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, დაცვის მხარემ დანარჩენი ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით (ჩატარდა 2019 წლის 14 მარტს), დაზარალებულმა გამომძიებელს აჩვენა ის ადგილი, სადაც ზ------------ემ მას მარცხენა ხელით სილა გაარტყა სახეში მარჯვენა მხარეს. ასევე მიუთითა კარზე, რომელში შესვლაც უნდოდა ზ------------ეს, ხოლო ის აწვებოდა და არ აძლევდა საშუალებას. აღსანიშნავია, რომ შეტყობინებაში (-------- მითითებულია ზოგადი, სტანდარტული ფრაზები ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინების თაობაზე. ბუნდოვანია, აღნიშნული პროგრამული ჩანაწერია, თუ განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. 2019 წლის 14 მარტის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, ც-–----------–--ეს დაუდგინდა მარჯვენა ლოყის არეში ხაზობრივი შეწითლება. სამედიცინო ბარათი N----ის მიხედვით, ც-–----------–--ეს მარჯვენა ლოყის არეში აღენიშნება თითების ხაზოვანი დაზიანება (თითების ნაჭდევი). სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა ეფუძნება აღნიშნულ სამედიცინო ბარათს. თუმცა ექსპერტის მიერ დასკვნაში მითითებულია მხოლოდ ის, რომ ც-–----------–--ეს დაუდგინდა ნაჭდევი მარჯვენა ლოყის არეში, რაც განვითარებულია, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების არასრული მორფოლოგიური აღწრილობის გამო ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია. როგორც ჩანს სამედიცინო ექსპერტმა არათუ არ მიუთითა, რომ ეს დაზიანებები თითების ნაჭდევია, არამედ აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობაც კი ვერ დაადგინა. ერთადერთი ფაქტის შემსწრე მოწმე ნ----–----–--ეა (დაზარალებულის/ზ------------ის რძალი), რომლის განმარტებით, დარტყმის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ზ------------ე როდესაც გამოეკიდა დაზარალებულს, ხოლო ეს უკანასკნელი მასთან შევიდა და კარს აწვებოდნენ, რათა ზ------ არ შესულიყო, ამ დროს ეს უკანასკნელი უყვიროდა, რომ მოკლავდა, ც-–---- იყო შეშინებული და ტიროდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნ----–----–--ემ უჩვენა კარი, რომელში შესვლაც უნდოდა ზ------------ეს. მოწმეები - ნუ-----------ე (დაზარალებულის/ზ------------ის შვილი) და პოლიციის თანამშრომლები - კ-------------------------------------- თავად არ შესწრებიან რაიმეს და წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს. ასევე არაფერს შესწრებია მოწმე ო------–------ - მეზობელი. ალკოტესტის შედეგად ზ------------ეს დაუდგინდა 1.943 პრომილე, რაც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ზ------------ის ბრალეულობა, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ზ------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულსა და ზ------------ეს შორის კონფლიქტს და ფიზიკურ შეხებას არავინ ადასტურებს, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების ოქმსა და სამედიცინო ბარათში მითითებული დაზიანებები, რომლებთან დაკავშირებითაც სამედიცინო ექსპერტმა ვერც ხანდაზმულობის დადგენა შეძლო და ვერც ის მიუთითა გადაჭრით, რომ ისინი თითების ნაჭდევები იყო განსხვავებით სასწრაფოს ექიმისგან, უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ ეს დაზიანებები წარმოიშვა 2019 წლის 14 მარტს და მით უმეტეს, რომ ისინი ზ------------ემ მიაყენა დაზარალებულს. ასეთ ვითარებაში, მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზ------------ემ განახორციელა ძალადობა ც-–----------–--ეზე, არც საკმარისია და არც უტყუარი მაშინ, როდესაც ობიექტურად ვერ დგინდება დაზიანებების წარმოშობის მომენტი. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეყრდნობა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ზ------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ------------ის მიერ ც-–----------–--ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ზ------------ემ ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ზ------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი ზ------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი ზ------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ზ------------ეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ნივთმტკიცებები: ჩაიდანი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ც-–----------–--ეს, ხოლო ფინჯანის ნამსხვრევები - იმავე ვადაში განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, დადგენიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი