განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002733330
საქმე №3ბ/1257-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო;
წარმომადგენელი - რ----- გ-----–---–ი;
აპელანტი (მესამე პირი) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ასკ 16.2 მუხლი);
წარმომადგენელი - ხ----- ს--------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- გ---- კ-------–---–ი;
წარმომადგენელი - ს--–---- ქ---------ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
1.1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით გ---- კ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №--------- გადაწყვეტილება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ---- კ-------–---–ის მიერ 2018წლის 26 აპრილს წარდგენილ №--------- განცხადებაზე ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩა I- ჩიხი, №--ში მდებარე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე(საკადასტრო კოდი: №----------------) რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მოსარჩელე- გ---- კ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქმეში წარმოდგენილი 2018წლის 08 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, გ--------–ის ქუჩა I- ჩიხი, №-, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:
№----------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 466 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი:-----------------, 2---–-–------------–-----, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ---- კ-------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------(ს.ფ.34-35)
2.2. 2015 წლის 17 ნოემბერს, გ---- კ-------–---–მა №--------- განცხადებით
მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა I- ჩიხი, №-- ში არსებული მიწის ნაკვეთების(საკ.კოდი: №----------------, №----------------) საზღვრების კორექტირება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის კორექტირებისას ხდებოდა ზედდება მომიჯნავედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და აღნიშნულ საკითხზე უნდა მიემართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 52- 53)
2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 01 თებერვლის №--------- გადაწყვეტილებით გ---- კ-------–---–ს ეცნობა, რომ განცხადებაში დასმული საკითხი განხილული იქნა შესაბამისი კომისიის მიერ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება, განაცხადის საფუძველზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს
2016 წლის 01 თებერვლის №--------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 43)
2.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 თებერვლის №----- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 29 ნოემბერს წარდგენილი იქნა გ---- კ-------–---–ის სარეგისტრაციო განცხადება №------------, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, რომელიც წარმოადგენს დანაყოფ ნაკვეთს. ამავე წერილის თანახმად, №---------------- საკადასტრო კოდზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2-----–-–-------------------- გაცემული №--------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და ეთხოვა კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვა.
აღნიშნულ წერილის პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018წლის 15 თებერვლის №------ წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა(წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული საკითხი, ვინაიდან უძრავი ქონების დაზუსტებული საზღვრები დადგენილი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის №------------ გადაწყვეტილებით. ამასთან, კონფიგურაციის მიხედვით, ქონება ზედდებაში იყო №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01თებერვლის №----- წერილი(ს.ფ. 96)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15თებერვლის №------ წერილი(ს.ფ. 95)
2.5. 2018 წლის 26 აპრილს, გ---- კ-------–---–მა №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №--------- გადაწყვეტილებით, გ---- კ-------–---–ს ეცნობა, რომ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ცვლილება საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ამ საკითხებში გასათვალისწინებელია მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, განცხადებით წარდგენილი არ არის. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, უძრავი ქონების(№----------------) საზღვრები დადგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დაზუსტებული კონფიგურაციით, მომიჯნავე საკადასტრო ერთეულებთან რაიმე ზედდების გარეშე და მისი კორექტირებული საზღვრებით რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე ვერ იქნება განხილული თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ასევე, დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრირებული უძრავი ქონების(№----------------) საკადასტრო მონაცემების კორექტირების საკითხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ---- კ-------–---–ის 2018 წლის 26 აპრილის №--------- ელექტრონული განცხადება(ს.ფ. 86)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018წლის 08 მაისის №--------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 15)
2.6. 2018 წლის 08 ივნისს გ---- კ-------–---–ის წარმომადგენელმა ს--–---- ქ---------მა №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ოქტომბრის №-------------- წერილით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ ვინაიდან განსახილველი საკითხი სასამართლო განსჯადი იყო, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკან უბრუნებდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 08ივნისს წარდგენილ №----------------- ადმინისტრაციული საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ---- კ-------–---–ის წარმომადგენლის ს--–---- ქ---------ის 2018წლის
08 ივნისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 19-22)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ოქტომბრის
№-------------- წერილი(ს.ფ. 16-18)
2.7. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2019 წლის 06 თებერვლის №--------- დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისში, კ--–----ის რაიონში, გ--------–ის ქუჩა I- ჩიხი, №--ში სამრეწველო-სავაჭრო ფირმა ,,ნ---------ის’’ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით, ,,-------’ და მასთან არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამება დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2019 წლის 06 თებერვლის №--------- დასკვნა(ს.ფ. 165-168)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №--------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.9. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
სასამართლომ, დასახელებული კანონის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა)მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ)სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ)ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
სასამართლომ ასევე მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულებაზე’’, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
მითითებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება(ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის(ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება- კორექტირების პროცედურები გაატაროს ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით. მე-4 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია, გაატაროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების(ფართობის უცვლელად) ან/და მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენის პროცედურები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირის მომართვისას ან საკუთარი ინიციატივით.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი გადაწყვეტილება საზღვრების შეცვლის- კორექტირების შესახებ (ფართობის შემცირებით), თუკი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნება კანონით განსაზღვრული დოკუმენტები. ამავე დროს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს კანონით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის გარეშეც მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.
2.10. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- 2015 წლის 17 ნოემბერს გ---- კ-------–---–მა №--------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა I- ჩიხი, №--ში არსებული მიწის ნაკვეთების (საკ.კოდი: №----------------, №----------------) საზღვრების კორექტირება, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით №---------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის კორექტირებისას ხდებოდა ზედდება მომიჯნავედ თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და აღნიშნულ საკითხზე უნდა მიემართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის;
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 თებერვლის №----- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 29 ნოემბერს წარდგენილი იქნა გ---- კ-------–---–ის სარეგისტრაციო განცხადება №------------, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, რომელიც წარმოადგენს დანაყოფ ნაკვეთს. ამავე წერილის თანახმად, №---------------- საკადასტრო კოდზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2-----–-–------------------ს გაცემული №--------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია და ეთხოვა კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვა. აღნიშნული წერილის პასუხად კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15თებერვლის №------ წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა(წინააღმდეგი იყო) დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული საკითხი, ვინაიდან უძრავი ქონების დაზუსტებული საზღვრები დადგენილი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის №------------ გადაწყვეტილებით. ამასთან, კონფიგურაციის მიხედვით, ქონება ზედდებაში იყო
№---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან;
-2018 წლის 26 აპრილს, გ---- კ-------–---–მა №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №--------- გადაწყვეტილებით, გ---- კ-------–---–ს ეცნობა, რომ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ცვლილება საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ამ საკითხებში გასათვალისწინებელია მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, განცხადებით წარდგენილი არ არის. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, უძრავი ქონების (№----------------) საზღვრები დადგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დაზუსტებული კონფიგურაციით, მომიჯნავე საკადასტრო ერთეულებთან რაიმე ზედდების გარეშე და მისი კორექტირებული საზღვრებით რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე ვერ იქნება განხილული თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ასევე დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (№----------------) საკადასტრო მონაცემების კორექტირების საკითხი;
2.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
სასამართლომ განმარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკადასტრო მონაცემების კორექტირებაზე მხარეს უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ცვლილება საჭიროებდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ამ საკითხებში გასათვალისწინებელი იყო მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, განცხადებით წარდგენილი არ იყო. ასევე, უძრავი ქონების (№----------------) საზღვრები დადგენილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დაზუსტებული კონფიგურაციით, მომიჯნავე საკადასტრო ერთეულებთან რაიმე ზედდების გარეშე და მისი კორექტირებული საზღვრებით რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე ვერ იქნებოდა განხილული თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ასევე, დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (№----------------) საკადასტრო მონაცემების კორექტირების საკითხი. მოპასუხე მხარის პოზიცია დასახელებული საფუძვლით კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა, რადგან დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტაციის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მარტოოდენ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უფრო მეტიც, მას გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით თავად ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, თავად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, შეაგროვოს საჭირო ცნობები, დაათვალიეროს ადგილი, საჭიროების შემთხვევაში საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. წარმოდგენილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტიდან კი იკვეთება, რომ აღნიშნული მის მიერ სრულყოფილად არ განხორციელებულა. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე განმარტავდა, რომ მის საკუთრებაში ექცეოდა საზოგადოებრივი სარგებლობის კიბე, რომელიც აკავშირებდა ორ ქუჩას და რომლითაც დღესაც სარგებლობს ხალხი, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემოღობვის შემთხვევაში კი, ხალხს შეეზღუდებოდა კიბით სარგებლობის უფლება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2019 წლის 06 თებერვლის №--------- დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქ.თბილისში, კ--–----ის რაიონში, გ--------–ის ქუჩა I- ჩიხი, №--ში სამრეწველო-სავაჭრო ფირმა ,,ნ---------ის’’ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით, ,,-------’ და მასთან არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამება დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტის- გ----------------–-- მიერ, რომელმაც განმარტა, რომ 2001 წლის მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით, სადავო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა შეუსაბამოა დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან.
სასამართლომ ასევე დამატებით მიუთითა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესზე, რომელსაც ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ,- მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება- კორექტირების (ფართობის შემცირებით) საკითხის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დაფუძნება მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითებაზე საკმარისი არ არის, საჭიროა საქმის გარემოებების შესაბამისი გამოკვლევა და შესწავლა. ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტისათვის საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია სრულყოფილად, არ განუხორციელებია კანონით განსაზღვრული ნებისმიერი პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი). რადგან ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. გარდა ამისა, დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება კი წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და შესაბამისად აქტის გაუქმების საფუძველს.
დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, შესაბამისად მან ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.
2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №--------- გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით და იგი მოსარჩელის უფლებას საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №--------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა დავალებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა გ---- კ-------–---–ის მიერ 2018 წლის 26 აპრილს წარდგენილ №--------- განცხადებაზე ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩა I- ჩიხი, №--ში მდებარე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე (საკადასტრო კოდი: №----------------) რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და უნდა გაუქმდეს. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე, რომლის თანახმად, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს 2----–-–----- წარმოადგენდა შპს „-–------------“ და როგორც თავდაპირველ მესაკუთრის, ასევე გ---- კ-------–---–ის საკუთრებად უძრავი ქონება რეგისტრირებული იქნა დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით.
გარდა ამისა, აპელანტი განმარტავს, რომ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 01 თებერვალს №----- წერილით მიმართა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც აღნიშნა, რომ გ---- კ-------–---–ის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი იქნა №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტირებულ მიწის ნაკვეთზე, ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დანაყოფ ნაკვეთს. N---------------- საკადასტრო კოდზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2----–-–-----------------ს გაცემული №--------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მარეგისტრირებელმა ორგანომ ითხოვა კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ აღნიშნული საკითხის განხილვა.
თავის მხრივ, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ (2018 წლის 15 თებერვლის №------ წერილი) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია (წინააღმდეგია) გ---- კ-------–---–ის განცხადებაში აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილებისა, ვინაიდან უძრავი ქონების დაზუსტებული საზღვრები დადგენილი იყო საჯარო რეესტრის 2007 წლის №------------ გადაწყვეტილებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ განიხილა გ---- კ-------–---–ის განცხადება, მხედევლობაში იქნა მიღებული სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია, ასევე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ქონება ჯერ კიდევ 2----–-–----- რეგისტრირებულია დაზუსტებული კონფიგურაციით მომიჯნავე საკადასტრო ერთეულებთან ზედდების გარეშე, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ 2018 წლის 08 მაისის N--------- გადაწყვეტილებით მიზანშეუწონლად მიიჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ასევე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული) უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების კორექტირების საკითხის განხილვა.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გასაჩივრებული 2018 წლის 08 მაისის N--------- გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და იგი მოსარჩელის უფლებას საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს. მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ დადასტურებულა შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება და სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
3.2. აპელანტ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. მერია მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. მისივე განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველია და ვერ უზრუნველყო მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონის და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი მოსაზრებით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულებაზე’’, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი გადაწყვეტილება საზღვრების შეცვლის- კორექტირების შესახებ (ფართობის შემცირებით), თუკი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნება კანონით განსაზღვრული დოკუმენტები. ამავე დროს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს კანონით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის გარეშეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.
6.3. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულებას. ხოლო იმავე კოდექსის საქართველოს 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. 97-ე მუხლის შესაბამისად კი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
პალატა მიიჩნევს, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკადასტრო მონაცემების კორექტირებაზე მხარეს უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ცვლილება საჭიროებდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ამ საკითხებში გასათვალისწინებელი იყო მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, განცხადებით წარდგენილი არ იყო. ასევე, უძრავი ქონების (№----------------) საზღვრები დადგენილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დაზუსტებული კონფიგურაციით, მომიჯნავე საკადასტრო ერთეულებთან რაიმე ზედდების გარეშე და მისი კორექტირებული საზღვრებით რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე ვერ იქნებოდა განხილული თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ასევე, დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (№----------------) საკადასტრო მონაცემების კორექტირების საკითხი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას იმასთან დაკავშირებითაც, რომ დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტაციის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მარტოოდენ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რადგან სწორედ მას გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით თავად ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, თავად გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, შეაგროვოს საჭირო ცნობები, დაათვალიეროს ადგილი, საჭიროების შემთხვევაში საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. წარმოდგენილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტიდან კი იკვეთება, რომ აღნიშნული მის მიერ სრულყოფილად არ განხორციელებულა. გაამახვილა საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2019 წლის 06 თებერვლის №--------- დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქ.თბილისში, კ--–----ის რაიონში, გ--------–ის ქუჩა I- ჩიხი, №--ში სამრეწველო-სავაჭრო ფირმა ,,ნ---------ის’’ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით, ,,-------’ და მასთან არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამება დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტის- გ----------------–-- მიერ, რომელმაც განმარტა, რომ 2001 წლის მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით, სადავო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა შეუსაბამოა დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ, მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განმარტავს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე.
პალატა მიიჩნევ, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი). რადგან ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. გარდა ამისა, დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.
პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სრულიად მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართის სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №--------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მართებულად დავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა გ---- კ-------–---–ის მიერ 2018 წლის 26 აპრილს წარდგენილ №--------- განცხადებაზე ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩა I- ჩიხი, №--ში მდებარე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე (საკადასტრო კოდი: №----------------) რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანიის სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა