განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
020100119002852758
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002852758

№1/ბ-240-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი – მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ა-----------ს

მსჯავრდებულის - გ------- ზ-------ს

ადვოკატის - ს----- ჯ--–--------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ზ------ის ძე ზ-------ს მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 1----------, საქართველო მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მისამართი: წალენჯიხის რაიონი სოფელი ფ-----–--ი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ზ-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში გ------- ზ-------მ, არასრუწლოვანი შვილების - მ---- ზ-------ს, მ--- ზ-------ს და თ-------- ზ-------ს თანდასწრებით, ოჯახური კონფლიქტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა-------------ს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ა--- ნ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ გ------- ზ-------მ არასრულწლოვან მ--- ზ-------ს და თ-------- ზ-------ს თანდასწრებით დაარტყა ხელი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილ მ---- ზ-------ს, რომელმაც დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ------- ზ-------ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ა--- ნ-------მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ------- ზ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გ------- ზ-------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ, კერძოდ - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ზ-------ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ გ------- ზ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს----- ჯ--–--------ს მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და გ------- ზ-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტ მხარეს, მსჯავრდებულ გ------- ზ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ს----- ჯ--–--------ს რომელმაც მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ ა-----------ს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ზ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ა--- ნ-------ს და მ---- ზ-------ს ჩვენებებით, მოწმე მ--- ზ-------ს გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის დაკითხვის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ------- ზ-------ს ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) თავის სააპელაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- ზ-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

პალატის შეხედულებით მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ამავდროულად, პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და ისე განუსაზღვრავს მსჯავრდებულ გ------- ზ-------ს სამართლიან სასჯელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ------- ზ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს----- ჯ--–--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი შეტანილ იქნეს ცვლილება.

გ------- ზ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გ------- ზ-------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ, კერძოდ - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ზ-------ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

გ------- ზ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 იანვრიდან.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

ლერი თედორაძე