განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100119002870896
საქმე №1/ბ-417-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- კ-------ს და მსჯავრდებულ ტ------- ბ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------):
ვ---------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------–-----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ტ------- ბ--------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------–-----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
1.1.ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ---------------ს და ტ------- ბ--------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 13:20 საათზე, ქ-------–-------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ტ------- ბ--------მ და ვ---------------მ ლ----- ჩ------ს რამდენჯერმე მოქაჩეს თმებზე ხელი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ტ------- ბ--------მ გაკაწრა სახის არეში და რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულის გამო ვერა ბროზას და ტ------- ბ--------ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით:
ვ--------------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ტ------- ბ--------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ტ------- ბ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
ვერა ბროზდას და ტ------- ბ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
გამართლებულ ვ---------------ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------- კ-------მ და მსჯავრდებულ ტ------- ბ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ.
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------- კ-------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვ---------------სა და ტ------- ბ--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მათ მიერ ლ----- ჩ------ის ჯგუფურად ცემის ფაქტი.
მსჯავრდებულ ტ------- ბ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ტ------- ბ--------ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ტ------- ბ--------ს მიერ დანაშაულის ჩადენას და გახდებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დაზარალებულ ლ----- ჩ------ის და მოწმე მ----- გ-----ს ჩვენებები არ შეესაბამება სინამდვილეს, არის არაობიექტური და მიკერძოებული, რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ სხვა მოწმეებს, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და თვითმხილველი, გარდა ამისა, მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ შეესაბამება სინამდვილეს, შესაბამისად, მათი გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დაუშვებელია. აპელანტის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში ადასტურებენ ტ------- ბ--------ს ჩვენებას იმის შესახებ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ვ---------------ს გამართლების ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- კ-------ს და მსჯავრდებულ ტ------- ბ--------ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ზ---- კ--------–--ს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ტ------- ბ--------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ტ------- ბ--------ს მიერ ლ----- ჩ------ის ცემის ფაქტს, კერძოდ:
დაზარალებულ ლ----- ჩ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თავისი საცხოვრებელი სახლის წინ დარგული აქვს მცენარეები და იმისათვის, რომ პირუტყვს არ დაეზიანებინა ისინი, გარშემო დაამაგრა პლასტმასის მილები. 2019 წლის 03 იანვარს იმყოფებოდა ეზოში, სურდა ღობე გაეკეთებინა და აღნიშნული პლასტმასის მილებზე ავლებდა მავთულს, რათა საქონელი არ შესულიყო. ამ დროს მას უწმაწური სიტყვებით მიმართვა მეზობლად მცხოვრებმა ტ------- ბ--------მ, რომელმაც უთხრა, რომ მოეშალა ღობე და გაცლოდა იქაურობას. მანვე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მას ღობეზე ჰქონდა მიდებული ხელი და არ ახსოვს თუ რომელი ხელით ურტყამდა ტ------- ბ--------. ესმოდა როგორ ეუბნებოდა ის დედამისს _ ვ---------------ს, დაარტყიო. ტ------- ბ-------- თავში ურტყამდა ხელებს, ხოლო ვ--------------- რას აკეთებდა ვერ ხედავდა, რადგან თავი ჰქონდა დაწეული. ეს ყველაფერი დაინახა მეზობელმა მ----- გ-----მ, რომელმაც გააშველა ისინი. დაზარალებულის განმარტებით, ცემის შედეგად განიცდიდა ტკივილს, მას არ დაუნახავს, რომ ვ---------------მ დაარტყა ჯოხი.
მოწმე მ----- გ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 03 იანვარს შვილს აცილებდა ქ.ბათუმში, რა დროსაც შემთხვევით დაინახა, რომ ვ---------------ს ლ----- ჩ------ი დაჭერილი ჰყავდა ხელებით, ხოლო ტ------- ბ-------- ცემდა მას. ჯოხს რომელი ურტყამდა არ ახსოვს. ლ----- ჩ------ს თმები ჰქონდა გაწეწილი, სახეზე ნაკაწრები ემჩნეოდა და სისხლი სდიოდა.
დაზარალებულისა და მოწმის მიერ მითითებული გარემოებები დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, ლ----- ჩ------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ტ------- ბ--------ს მიერ დაზარალებულ ლ----- ჩ------ის ცემის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც არ არსებობს ტ------- ბ--------ს მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები არ შეესაბამება სინამდვილეს, არის არაობიექტური და მიკერძოებული, ვინაიდან, აღნიშნული ჩვენებები თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისია და რაიმე საფუძველი მათში ეჭვის შეტანისა სააპელაციო პალატას არ გააჩნია.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ვ---------------სა და ტ------- ბ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ---------------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: დაზარალებულმა ლ----- ჩ------მა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ იგი ცემა ტ------- ბ--------მ, ხოლო ვ--------------- რას აკეთებდა ამ დროს ვერ ხედავდა, რადგან როცა ტ------- თავში ურტყამდა ხელებს, თავი ჰქონდა დაწეული. ფაქტის ერთადერთმა თვითმხილველმა მოწმემ მ----- გ-----მ კი აჩვენა, რომ ლ----- ჩ------ს ცემდა ტ------- ბ--------, ხოლო ვ---------------ს ხელით ჰყავდა იგი დაჭერილი. თავად ბრალდებულებმა ტ------- ბ--------მ და ვ---------------მ კატეგორიულად უარყვეს ამ უკანასკნელის მიერ ლ----- ჩ------ის ცემის ფაქტი. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ---------------ს მიერ 2019 წლის 3 იანვარს ლ----- ჩ------ის ცემის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ---------------ს ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი ვ---------------ს გამართლების ნაწილშიც კანონიერია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ტ------- ბ--------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან სწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან, იმ ვითარებაში, როცა ვ--------------- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა, ტ------- ბ--------ს ქმედებაში სახეზე აღარ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება _ ჯგუფურობა.
ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი ტ------- ბ--------ს და ვ---------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- კ-------ს და მსჯავრდებულ ტ------- ბ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი ტ------- ბ--------ს და ვ---------------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ვ--------------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.ტ------- ბ--------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5.ტ------- ბ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ტ------- ბ--------ს და ვ---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
7.გამართლებულ ვ---------------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/