განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
010100113186021
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100113186021

საქმე №1/ბ-138-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

პროკურორის - ა----–--- წ---------ს

გამართლებულის - დ----- თ---------ის

ადვოკატის - რ---- პ----ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- შ--–--ს ძე თ---------ის მიმართ - დაბადების თარიღი: 2---------წ. პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასოჯახებელი, მცხოვრები: ოზურგეთის რაიონი, სოფელი შ------ 4-------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2012 წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მ---------ის ქ. N3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან დ----- თ---------ე თავს დაესხა თ----- ე--------ს და მის ხელთ არსებული დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით ცდილობდა ამ უკანასკნელის მატერიალური სიკეთის დაუფლებას.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- თ---------ეს თ----- ე--------ს მიმართ 2012 წლის 14 დეკემბერს ყაჩაღური თავდახმა არ განუხორციელებია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დ----- თ---------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი, დ----- თ---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ამყარებს, ავსებს ერთმანეთს, მიუთითებს ერთიდაიგივე გარემოებებზე, შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას, არის ურთიერთთავსებადი და დ----- თ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის საფუძველს არ ტოვებს.

 

გამართლებულს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატს რ---- პ----ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა----–--- წ---------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ დ----- თ---------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---- პ----ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დ----- თ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ თ----- ე--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობდა ქ. ბათუმში, ი--------ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში კონსულტანტად, ხოლო მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მ---------ის ქუჩაზე. 2012 წლის 13 დეკემბერს, შემთხვევის დღეს, მუშაობდა გვიან ღამემდე, დაახლოებით ღამის 12 საათზე წამოვიდა სახლში, იყო ძალიან წვიმიანი ამინდი, დაელოდა სამარშუტო ავტობუსს, ჩამოვიდა გაჩერებასთან და მისი კორპუსში შესვლისთანავე სადარბაზოში ვიღაც ბიჭი დაეჯახა, რომელიც თხოვდა მიეცა მისთვის ფულადი თანხა, ხელში ეჭირა დანა, რომელიც მიადო მუცლის არეში, შიშისგან დაიწყო კივილი, რის შემდეგაც ეს ბიჭი გავიდა გარეთ, თვითონ კი სახლში ავიდა. მოწმის განმარტებით, უცნობს დანა ჯერ გადაუვარდა დაბლა, შემდეგ აიღო და გაიქცა.

 

თ----- ე--------ს განმარტებით, სახლში რომ ავიდა, იყო ძალიან შეშფოთებული, მეუღლეს მოუყვა მომხდარის შესახებ. ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია, მათ პიროვნება მოიყვანეს და მან ამოიცნო, რომ ეს ის ბიჭი იყო ვინც სთხოვდა ფულს, თუმცა ახლა მისი აღწერა არ შეუძლია, რადგან დიდი დროა გასული. მოწმის განმარტებით, მას არ ახსოვს პოლიციელები რა ვითარებაში და რა დროის მანძილზე მოვიდნენ, დეტალები არ ახსოვს, ასევე არ ახსოვს სულ რამდენი პოლიციელი იყო ადგილზე მისული, დათვალიერდა თუ არა მისი ტელეფონი, არ ახსოვს დანა თავდამსხმელს რომელ ხელში ეჭირა, არც დანის აღწერა შეუძლია, ახსოვს, რომ დანა მუცლის არეში მიადო, მაგრამ ფიზიკურად შეეხო თუ არა ეს დანა, არ იცის.

 

დაზარალებულმა ვერ განმარტა რა მანძილზე იდგა მისგან თავდამსხმელი, თავდამსხმელი მაშინ ამოიცნო, რამე დასამახსოვრებელი ნიშანი არ ჰქონია, არ შეუძლია გაიხსენოს რა ეცვა ან თავზე ეხურა თუ არა რამე, არ იცის ეს ადამიანი ტანზე მშრალი იყო თუ სველი, ასევე არ ახსოვს ამ საქმეზე რამდენჯერ დაიკითხა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებაც არაფერი სმენია. მოწმის განმარტებით, დ----- თ---------ე მას არასოდეს უნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხულ დ----- ვ------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2012 წლის დეკემბერში ცხოვრობდა ყოფილ მეუღლესთან თ----- ე--------სთან ერთად ბათუმში, მ---------ს ქუჩა N3 ბ-ში, მისი მეუღლე მუშაობდა სუპერმარკეტში ი--------ის ქუჩაზე, სახლში გვიან ბრუნდებოდა. შემთხვევის ღამეს გვიან იყო, სახლში იყო, უყურებდა ტელევიზორს და ელოდებოდა მეუღლეს. დაახლოებით იქნებოდა 2 საათი, მისი მეუღლე შემოვარდა სახლში შეშინებული, დათო მიშველეო, სადარბაზოში ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა, მემუქრებოდა, ჩანთის წართმევა უნდოდა, დანით ხელშიო, ხოლო შემდეგ კი გაიქცაო. ამ დროს ხმა გაისხმა პოლიციელების ხმა და ისინიც ქვევით ჩავიდნენ, მანქანა იყო მოსული ეზოში, თ-----მა მათ აუხსნა რაც მოხდა, რამდენიმე წუთი არ იყო გასული პოლიციელებმა მოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თ-----მა ამოიცნო. შემთხვევიდან 6 წელია გასული და ყველაფერი არ ახსოვს. მოწმის განმარტებით იმ ახალგაზრადა ბიჭის აღწერა, რომელიც პოლიციელებმა მოიყვანეს, აღწერა მას არ შემიძლია, არც მისი ჩაცმულობა იცის.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ-------- ნ-----–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2012 წლის დეკემბერში ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ახალ ბაზართან მ---------ს ქ. N3-ში, 14 დეკემბერს, იყო ძალიან გვიანი, კორპუსიდან გაიგონა შეკივლების ხმა, მეორეჯერაც რომ გაიგონა ფანჯრიდან დაინახა, რომ ვიღაცა გარბოდა და ორი პიროვნება მისდევდა უკან. მეორე დილას გაიგოს, რომ მეზობლად მცხოვრებ თ-----ს უპირებდნენ დაყაჩაღებას. პიროვნება გარბოდა შ--–---ის ქუჩისკენ, უკან მისდევდნენ და ეძახდნენ გაჩერდიო, ალბათ პოლიციელები იყვნენ. მოწმის განმარტებით, გაქცეული პირი შენობის ხელმარცხნივ ქუჩისკენ მოძრაობდა, ზურგით დაინახა იგი, ჩაცმულობაც არ დაუნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხულ თ----- კ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2012 წლის დეკემბერში მუშაობდა დისტრიბუციაში ტრაილერზე, პროდუქცია ჩამოჰქონდა ქ. ბათუმში, 13 დეკემბერს ღამის 2 საათზე მიჰქონდა ტვირთი, ,,კასტელის’’ ლუდი და ლომონათი. ე.წ. ,,მ----------------–-ს’’ მიმდებარედ არის მათი საწყობი, სადაც გაჩერდა, ძალიან წვიმიანი ამინდი იყო, ადგილზე არავინ დახდვა, ერთადერთი დარაჯი გამოეხმაურა, ეს ადგილი მდებარეობს შ--–---ის ქუჩაზე, რადგან არავინ დამხვდა, დაწვა და დაიძინა, შემდეგ ხმაურმა გააღვიძა, ბიჭები იყვნენ, მათ მიაწოდა საბუთები, დაცალეს მანქანა. ამ ბიჭებიდან აცერთს არ იცნობდა, გარდა ერთისა, რომელიც იქვე ცხოვრობდა პატარა სომეხი ბიჭი იყო. შემდეგ გაიგო, რომ რომელიღაც მუშას ჰქონდა პრობლემა, ისიც წაიყვანეს დაკითხვაზე გამომძიებელთან, აინტერესებდათ როდის ჩამოვიდა და ა.შ.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ---- ლ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2012 წლის დეკემბერში მუშაობდა ბათუმის საქალქო სამმართველოს მე-5 განყოფილებაში ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2012 წლის 13 დეკემბერს განაწილებული იყო ბონის უბანში მ---------ს ქუჩის ტერიტორიაზე მეწყვილესთან ფ-------- ბ---–----ესთან ერთად. ღამის საათებში, დაახლოებით პირველიდან 2 საათამდე ,,პროკრედიტ ბანკთან’’ გაჩერდა მიკროავტობუსი, საიდანაც ჩამოვიდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც მოძრაობა გააგრძელა მ---------ის ქუჩიდან კორპუსების მიმართულებით, რამდენიმე წუთში, გამოჩნდა ახალგზარდა პიროვნება, რომელიც მათი შეხედულებით იქცეოდა საეჭვოდ, იგი გაჰყვა აღნიშნულ ქალბატონს უკან. ვინაიდან აღნიშნულმა ეჭვი გამოიწვია, გადავწყვიტეს უკან გაყოლოდნენ ნელი სვლით, როდესაც შევიდა ქალბატონი სადარბაზოში, ეს პიროვნებაც შეყვა მათ, რამდენიმე წუთში გაიგონეს კივილის ხმა და გაიქცნენ ამ სადარბაზოს მიმართულებით, რა დროსაც ეს პიროვნება უკვე გამოსული იყო და მათ შორის მოხდა ჩვენი შეჯახება, მაგრამ ადგილზე მათ მიერ ვერ მოხდა მისი დაკავება და დაედევნნენ კვალდაკვალ. აღნიშნული ტერიტორია განათებული იყო, ხილვადობა იყო კარგი, მ---------ის ქუჩიდან გაედევნნენ შ--–---ის ქუჩისკენ, უცნობი პიროვნება იქვე შუქნიშანთან შევარდა ეზოში, თვითონაც შეყვნენ, ეზოში იყო ძველი ,,მარშუტკა’’ და სწორედ იმ ადგილას იქნა იგი დაკავებული.

 

მოწმის განმარტებით, პიროვნების დაკავების შემდეგ მათ მიერ გაკეთდა შეტყობინება, მოვიდა საგამოძიებო ჯგუფი, შედგა ოქმები, შემდეგ კი დაკავებული პიროვნება წამოიყვანეს იმ ადგილას, საიდანაც მოხდა მისი გაქცევა, შეიყვანეს კორპუსისი ეზოში სადაც მათი ავტომობილიც იყო დატოვებული და ისე დაემთხვა, რომ ავტომობილში ჩასმისას იქვე იყო ის ქალბატონიც და მან დაიწყო ხელის გაშვერა დაკავებულისკენ, მოიხსენია იგი უშვერი სიტყვებით.

 

მოწმის განმარტებით, დაკავებული პიროვნება იყო დ----- თ---------ე. ის ადგილი სადაც დააკავეს დ. თ---------ე ცენტრალური გზიდან ხელმარცხნივ მდებარეობს, იქ არის საწყობი, ეზო ღობით და ჯებირითა შემოფარგლული და აქვს ჭიშკარი, იქ სხვა ვინმე არ შეუნიშნავთ, იდგა ,,მარშუტკა’’ და მის უკან მოხდა მისი დაკავება. გ---- ლ------ს განმარტებით, მას ეს პიროვნება თვალთახედვის არეალიდან არ დაუკარგავს და ხედავდნენ დაკავებამდე, ისინი მოუწოდებნენ გაჩერებისკენ, მაგრამ მან პირიქით მოუმატა სირბილს.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ფ-------- ბ---–----ემ, კერძოდ განმარტა, რომ 2012 წლის დეკემბერში მუშაობდა ბათუმის მე-5 განყოფილებაში ჯგუფის უფროსად. 2012 წლის 13-14 დეკემბერს ასრულდებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ახორციელებდა შემოვლებს სამსახურებრივი მანქანით, 13 დეკემბრის ღამის დაახლოებით 1 საათზე გაჩერებული იყო მ---------ს ქუჩაზე პ-------------------ს ტერიტორიაზე, იყო ძალიან ძლიერი წვიმა, ამ დროს გაჩერდა მიკროავტობუსი, საიდანაც ჩამოვიდა ქალბატონი, რომელიც სწრაფი სვლით მიდიოდა მ---------ის ქუჩის მიმართულებით, არ ექნებოდა გავლილი 3-4 მეტრი, მას აედევნა ახალგაზრდა ბიჭი, იგი მიყვებოდა უკან. ქუჩაში იყო კარგი განათება, ბიჭს ეცვა შავი ფერის ქურთუკი, ღია ფერის შარვალი, მასთან ერთად მანქანაში იყო მეწყვილე გ---- ლ------ც. მათ მიიჩნიეს, რომ ეს ბიჭი იქცეოდა საეჭვოდ და ავტომანქანით გაყვნენ უკან, როდესაც ქალბატონი შევიდა სადარბაზოში ეს პიროვნებაც მას სრაფი ტემპით შეყვა, დაახლოებით დაახლოებით 1 წუთში გაისმა კივილის ხმა მიშველეთო, ისინი გადმოვიდნენ მანქანიდან, ამ დროს სადარბაზოდან გამოვიდა ეს ახალგაზრდა ბიჭი, იქვე რაღაცა ნივთი დააგდო ძირს და გაიქცა მ---------ს ქუჩიდან შ--–---ის ქუჩის მიმართულებით, დაიწყეს მისი დევნა, ეუბნებოდნენ შეჩერებულიყო, თუმცა იგი აგრძელებდა სირბილს მ----ს ქუჩაზე შ--–---ის ქუჩის მიმართულებით, სადაც არის კვლევითი ინსტიტუტი, იქ არის მოაჯირებით შემოღობილი ეზო, ეს პიროვნება შევიდა ამ ეზოში, სადაც მათ მიერ იქნა დაკავებული. მალევე შეტყობინების საფუძველზე დაკავებული პიროვნება გადაიყვანეს შემთხვევის ადგილას, სადაც იქვე იყო ქალბატონი გაჩერებული, რომელმაც მისვლისთანავე დაიწყო ყვირილი დაკავებულის მისამართით და თქვა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ მომადო დანა და ცდილობდა ჩანთის წართმევასო. ადგილზე შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დაკავებული პიროვნება გადაყვანილ იქნა განყოფილებაში.

 

მოწმის განმარტებით, მათსა და გაქცეულს შორის 25-30 მეტრი იქნებოდა დისტანცია, მაგრამ იგი თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ, კარგად დაინახეს, რომ შევიდა მოაჯირებიანი ღობის ეზოში და იქ იქნა ადგილზე შეჩერებული. შემთხვევის ადგილზე შედგა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ პოლიციელიებმა ფ-------- ბ---–----ემ და გ---- ლ------მ ქ. ბათუმში, შ--–---ის ქუჩა 29-ში დააკავეს დ----- თ---------ე, ხოლო პირადი ჩხრეკისას რაიმე ნივთი არ ამოღებულა. ხსენებულ ოქმში რაიმე მითითება დაზარალებულის განმარტებებზე არ არის დაფიქსირებული.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად 2012 წლის 14 დეკემბერს ამოღებული იქნა დანა.

 

2012 წლის 14 დეკემბრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N–------ დასკვნის თანახმად ამოღებული დანა ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება.

 

გამართლებულმა დ----- თ---------ემ უარყო ყაჩაღობაში მონაწილეობის ფაქტი და აღნიშნა, რომ დაკავებისას იგი იმყოფებოდა ქ. ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე გაჩერებულ მიკროავტობუსში, რადგან ელოდა სხვა მუშებს, ვისთანაც ერთად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა დაეცალა თბილისიდან ჩამოსული სატვირთო ავტომანქანა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, დ----- თ---------ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყურად ადასტურებენ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ----- თ---------ის ბრალდების დადასტურება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ თ----- ე--------ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომელმაც ვერ მიუთითა დ----- თ---------ეზე, როგორც მის მიმართ ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენ პირზე და განაცხადა, რომ დ----- თ---------ე არასოდეს უნახავს. მოწმე პოლიციელების: გ--- ლ------ს და ფ-------- ბ---–----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი დაედევნნენ პიროვნებას, რომელიც მათ მიერ დაკავებულ იქნა შ--–---ის ქუჩაზე მდებარე ეზოში მიკროავტობუსის უკან, სადაც განთავსებულია საწყობები, დაკავებული პიროვნება იყო დ----- თ---------ე, თუმცა მათი ჩვენებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ დაკავებული იყო სწორედ ის პიროვნება, რომელიც ყაჩაღურად თავს დაესხა თ----- ე--------ს ბინის სადარბაზოში. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს თვით გამართლებულის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ დაკავებისას იმყოფებოდა ქ. ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე გაჩერებულ მიკროავტობუსში, რადგან ელოდებოდა სხვა მუშებს, ვისთანაც ერთადაც უნდა დაეცალა თბილისიდან ჩამოსული სატვირთო ავტომანქანა, აქვე პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწმის სახით დაკითხულ თ----- კ-------ის ჩვენებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2012 წლის 13 დეკემბერს ღამის 2 საათზე თბილისიდან ბათუმში შ--–---ის ქუჩაზე ე.წ. ,,მ----------------–-ს’’ მიმდებარედ არსებულ საწყობში მიიტანა ტვირთი და ელოდებოდა ბიჭებს, რომლებსაც უნდა დაეცალათ ავტომანქანა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების გააანალიზებით პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- თ---------ის მხრიდან ყაჩაღობის ჩადენა წარმოადგენს ბრალდების მხარის ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ და შესაბამისი მტკიცებულებით სტანდარტის არარსებობის გამო დ----- თ---------ე სწორად გაამართლა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

ამდენად, დ----- თ---------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დ----- თ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ----- თ---------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს სს საქმეს, მისი შენახვის ვადით; ცივი იარაღი დანა, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე