განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
330210016001436917
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001436917

საქმე №2ბ/526-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა n ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, მიხეილ გოგიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

აპელანტი - შპს "ს--–-----–-----------------ი"

წარმომადგენელი - ი-----------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ს----–-–---------–-----–-----------ა"

წარმომადგენელი - ა-----------–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. 2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა შპს „ს----–-–---------–-----–-----------ამ“, მოპასუხე შპს „ს--–-----–-------------------ი“-ს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს „ს----–-–---------–-----–-----------ა“-სა და შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს შორის 2015 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს წარმოექმნა დავალიანება მოსარჩელის მიმართ 43880 ლარის ოდენობით. შპს „ს----–-–---------–-----–-----------ა“-მ 2015 წლის 19 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს მიაწოდა 376 კუბური მეტრი ბეტონი. მხარეებს შორის 20145 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.4 ქვეპუნქტის თანახმად ანგარიშსწორება „მიმწოდებელთან“ განხორციელდება საქონლის მიწოდებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად.

მოპასუხეს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება, კერძოდ; პირველ ეტაპზე მიწოდებული საქონლის ღირებულება - 38350 ლარი უნდა გადაეხადა 2015 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპზე მიწოდებული საქონლის ღირებულება 5530 ლარი უნდა გადაეხადა 2015 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. 2015 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 პუნქტის 6.2 ქვეპუნქტის მიხედვით, „მყიდველის“ მიერ საქონლის ღირებულების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში „მიმწოდებელს“ უფლება აქვს მოსთხოვოს „მყიდველს“ პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობამ ჯამში შეადგინა 57674.55 ლარი. შპს „ს----–-–---------–-----–-----------ას“ უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე გამარტივებული საქმისწარმოების ეტაპზე მოპასუხის მიერ პროტესტის წარდგენის გამო, რის გამოც მოპასუხემ დაკარგა მის მიერ 2016 წლის 21 აპრილს გადახდილი სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით.

 

3. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დაინიშნა 2018 წლის 15 მაისს 14:00 საათზე, 27-ე სხდომის დარბაზში, რის თაობაზეც სასამართლო უწყება მოპასუხე მხარეს ჩაბარდა შესაგებელში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, დ---------------------------------–--------------. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ კომპანიის დამფუძნებელი ბ------ მ------–-–---–ი, რომელსაც არ გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მაიჩნია, რომ მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს „ს----–-–---------–-----–-----------ა“-ს (ს/კ N2--------) სარჩელი, მოპასუხე შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს (ს/კ N4--------) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე - დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს (ს/კ N4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 101 554.55 (ას ერთი ათას ხუთას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც 43 880 (ორმოცდასამიათას რვაას ოთხმოცი) ლარი არის მიწოდებული საქონლის ღირებულება, ძირი თანხა, 57 674.55 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 100 (ასი) ლარი შეადგენს დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების სააპლიკაციო საფასური. მოსარჩელის მიერ 2016 წლის 15 ივლისს სს „თიბისი ბანკში“ N79 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 3046.64 (სამიათას ორმოცდაექვსი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარი - დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოსარჩელის მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს სს „ბ--------------–--ა“ N1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი, ასევე 2016 წლის 08 დკემბერს გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი - დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხე შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს (ს/კ N4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 3046.64 (სამიათას ორმოცდაექვსი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. 2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მომართა მოპასუხე შპს ,,ს--–-----–-----------------ის“ წარმომადგენელმა ი-----------–--ემ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2018 წლის 07 სექტემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზის არსებობით. კერძოდ, სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება ჩაბარდა შპს ს--–-----–-----------------ის ერთ-ერთ მინორიტარ (7% წილის მესაკუთრე) პარტნიორს, არაუფლებამოსილ პირს ბ------ მ------–-–---–ს. აღნიშულ პირსა და კომპანიის სხვა პარტნიორებს შორის ადამიანური ურთიერთობები იმ პერიოდისათვის გართულებული იყო და აღნიშნული პარტნიორი კომპანიის დირექტორ არ დაკავშირებია და შესაბამისად, საქმის კურსში არ ჩაუყენებია დირექტორი.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ს--–-----–-----------------ის“ წარმომადგენლის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

8. შპს "ს--–-----–-----------------ის" სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

8.1. აპელანტის განმარტებით, მართალია უწყება გაიგზავნა მოპასუხის იურიდიულ მისამართზე, ამასთან მათ მიერ წარდგენილ შესაგებელშიც, 2016 წელს მითითებულია მისამართი, სადაც სასამართლომ გაგზავნა უწყება, მაგრამ რეალურად უწყება ჩაჰბარდა შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს ერთ-ერთ მინორიტარ, 7% წილის მესაკუთრე პარტნიორს, არაუფლებამოსილ პირს ბ------ მ------–-–---–ს, რომელიც გამოცხადებულა კიდეც სასამართლო სხდომაზე, მაგრამ არ ჰქონდა წარმომადგენლობის და სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. აღნიშნული პარტნიორის ურთიერთობები კომპანიის სხვა პარტნიორებთან ბოლო პერიოდში გართულებულია. არ დაკავშირებია მას, როგორც კომპანიის დირექტორს და არ გადაუცია შეტყობინება სასამართლო სხდომის ჩანიშვნის თაობაზე. ამასთან კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი. დირექტორად დანიშვნიდან დღემდე მიმდინარე სასამართლო დავის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. მას, როგორც კომპანიის დირექტორს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს, არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა და დაეცვა კომპანიის ინტერესები მიმდინარე სასარჩელო წარმოებაში.

 

8.2. აპელანტის განმარტებით, ინტერესი საქმის მიმართ დაკარგული არ აქვს და სხდომაზე გამოუცხადებლობა არ ყოფილა გამოწვეული ამ მიზეზით. მოპასუხე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს არ ჩაჰბარებია შესაბამისი უწყება. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, საქონლის ღირებულებასთან ერთად მოპასუხეს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რამაც 57 674.55 ლარი შეადგინა. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 43 880 ლარი, დაახლოებით 130%-ს შეადგენს. შესაბამისად აშკარაა, რომ მოთხოვნილი და სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. სსკ 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნულ გარემოებაზე უთითებდა წარმდგენილ შესაგებელშიც.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს 2018 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

10. შპს "ს--–-----–-----------------ი" თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მართალია უწყება გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ შესაგებელშიც არის მითითებული, თუმცა უწყება ჩაჰბარდა შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს ერთ-ერთ მინორიტარ, 7% წილის მესაკუთრე პარტნიორს, არაუფლებამოსილ პირს ბ------ მ------–-–---–ს და მიიჩნევს, რომ უფლებამოსილ წარმომადგენელს არ ჩაჰბარდა სასამართლო უწყება.

 

აღნიშნულს პალატა ვერ გაზიარებს და განმარტავს, რომ მოპასუხე შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს 2018 წლის 15 მაისის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე უწყება გაეგზავნა როგორც სარჩელში, ასევე შესაგებელში მოპასუხის მისამართად მითითებულ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ----------------------------------–--------------------. სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, დამფუძნებელს, ბ------ მ------–-–---–ს - 2018 წლის 12 აპრილს. (ტომი 1, ს.ფ. 112). 2018 წლის 15 მარტის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ შპს "ს--–-----–-----------------ი"-ს იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, დ---------------------------------–------------------, ბ------ მ------–-–---–ი წარმოადგენს შპს „ს--–-----–-----------------ი“-ს 7% წილის მესაკუთრე პარტნიორს, რასაც ეთნხმება საჩივრის ავტორიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულია ორგანიზაციისათვის შეტყობინების ჩაბარების წესი. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების გაგზავნისას, როდესაც შეტყობინება უშუალოდ ორგანიზაციას ეგზავნება, შეტყობინება უნდა ჩაბარდეს: ა) კანცელარიას, ბ) ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან პირს, გ) ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც შეტყობინებას ადრესატს გადასცემს, დ) მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კანონით განსაზღვრული სუბიექტებიდან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემას კანონი მის ნამდვილობას უკავშირებს, რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვება(სუსგ №ას-1072-992-2017)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული ნორმის ანალიზით ჩანს, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩააბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან. (სუსგ ას-697-668-2016)

 

როგორც ზემოთ აღინიშნა კომპანიის იურიდიულ მისამართზე სასამართლო უწყება ჩაბარდა ბ------ მ------–-–---–ს, როგორც ორგანიზაციის თანამშრომელს, რაც სრულიად საკმარისი საფუძველია, რათა გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვალოს. აპელანტის მითითება მასზედ, რომ ბ------ მ------–-–---–ს გზავნილი არ გადაუცია ხელმძღვანელი პირისათვის, ვერ ჩაითვლება საპატიო გარემოებად, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ფაქტს აპელანტი რაიმე მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს. აღნიშნულის შესაბამისად პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო უწყება არ ჩაჰბარდა უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

11. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 43 880 ლარი, დაახლოებით 130%-ს შეადგენს. შესაბამისად აშკარაა, რომ მოთხოვნილი და სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო 57 674.55 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია.

 

აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:

 

_ მოსარჩელე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;

 

_ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

_ სარჩელში მითითებული და მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას;

 

შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ითვლება, ამართლებს თუ არა სამართლებრივად სასარჩელო მოთხოვნას, რათა მიეცეს დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის პირობებშიც იმსჯელოს მისი გონივრულობის საკითხზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1125-1072-2014; 29 მაისი, 2015 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი) სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ იმსჯელა იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სარჩელის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

12. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეჯამებული სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის უნდა განაწილდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს "ს--–-----–-----------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი

 

ქეთევან დუგლაძე