განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002674921
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3199-19 30 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი – ქ------–---- მ----–----–-------ს მ-----ს ნ----–------- რ------- გ-------- (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ-----------–----------- (მოპასუხე)
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე შპ----------–------------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 14 716.80 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ქ-------–---- მ----–----–-------ს მ-----ს ნ----–------- რ------- გ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ა------–--------სს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2----–-–--------–--ს ქ-------–---- მ----–----–-------ს მ-----ს ნ----–------- რ------- გ--------ს და შპს „ა------–--------სის“ შორის, ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------------ ხელშეკრულება, ქ-------–--–ი, ნ----–------- რ------- ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 051 200 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად- არაუგვიანეს 2----–-–----------------ა.
ხელშეკრულების 3.8. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ითვლება ორმხრივ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ობიექტის ან/და ნაწილის მიღება ფორმდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტით შემსყიდველის (მე-7 მუხლის 7.2. პუნქტში გათვალისწინებული პირების) და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ: ტ-------------------------–--ბის ა-----------–---ს მ----–----–-------–--------------ა.
ხელშეკრულების 10.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების (მათ შორის 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადების) დარღვევის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
3.2. მხარეებს შორის 2----–-–-------------რს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა: 2----–-–----------------ს ჩათვლით.
3.3. მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდა, 2----–-–----------------ს. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 7 (შვიდი) დღით დაგვიანებით.
3.4. ზემოაღნიშნული ვადის გადაცილებისათვის მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით 7 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 14 716.80 ლარს. ზემოაღნიშნული თანხის გადახდა მიუხედავად, მოსარჩელის მოთხოვნისა მოპასუხის მიერ არ მომხდარა.
3.5. საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე, მხარეთა ასხნა-განმარტებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება განხორციელდა ვადაგადაცილებით, მოპასუხე მხარემ უცილოდ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება და მისი მიღება გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით/მიზეზით.
საქმის მასალებით, კერძოდ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.8. პუნქტის თანახმად, უდავოდ დადგენილია, რომ, შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ითვლება ორმხრივ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
საქმის მასალებით, კერძოდ მხარეებს შორის 2----–-–-------------რს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების აქტით დგინდება, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა: 2----–-–----------------ს ჩათვლით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მან სამუშაოები ფაქტობრივად შეასრულა 2------------მდე, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდა 7 დღის დაგვიანებით. მის მიერ ვალდებულების დროულად შესრულება ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფორმა N--ებით, რომელშიც სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია - 2------------ი. სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ფორმა N--ში მითითება იმისა, რომ სამუშაოები დასრულდა 2------------ს, ვერ ჩაითვლება ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან ფორმა N--ები წარდგენილია მოსარჩელესთან 2------------ს (იხ. ფორმა N--ები.). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით დგინდება, რომ მხოლოდ სამუშაოთა შესრულება არ იყო საკმარისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. იმისათვის, რომ შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ჩათვლილიყო, საჭირო იყო მხარეთა შორის მიღება- ჩაბარების აქტის 2------------მდე გაფორმება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ხელშეკრულებით მიხედვით შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ითვლება ორმხრივ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო კოდექსის მითითებული დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ უცილოდ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ რომ 2----–-–ის 2------------მდე მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი ქმედებების გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ-------–---- მ----–----–-------ს მ-----ს ნ----–------- რ------- გ--------ს სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი დასაბუთებით:
3.6. ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა - 2----–-–--------–--იდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, ერთის მხრივ ქ-------–---- მ----–----–-------ს მ-----ს ნ----–------- რ------- გ-------- და მეორეს მხრივ, შ-----------–----------- შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება შეასრულა ვადის დარღვევით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ა------–--------სის“ მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ აქვს სრულად შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით მოპასუხეს დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რაც მოსარჩელის დაანგარიშების მიხედვით შეადგენს - 14 716.80 ლარს.
შეთანხმებების მიხედვით კი, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდას. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილია, რომ შპს „ა------–--------სმა“ ვალდებულება სრულად არ შეასრულა დათქმულ ვადაში. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
3.7. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება მოხდა 7 დღით. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია იმის გათვალისწინებითა რომ მოსარჩელე აღნიშნულის დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და შეუსრულებელი ნაწილის ოდენობის და მისი ვადის გადაცილების დღეების გათავალისწინებით, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა - 14 716.80 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს - 1000 ლარამდე.
სასამართლომ სწორედ ამ ოდენობით პირგასამტეხლო მიიჩნია გონივრულ პირგასამტეხლოდ და განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას“ (იხ. სუსგ Nას-654-620-2015, 17.12.2015წ.). აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებული ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დაწესებულ საზღაურს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნები წინააღმდეგობაშია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპთან. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციაზე - თავიდან აიცილოს ვალდებულების დამრღვევი დამატებითი მოქმედებები. სასამართლომ, ასევე, არ იმსჯელა და არ მიუთითა, თუ რა კონრკეტული გარემოებები მიიჩნია პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად“ მიჩნევის ფაქტობრივ საფუძვლად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
9. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.-3.5. პუნქტები), შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.
11. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში. შესაბამისად, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა არაჯეროვანი შესრულებისათვის. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
11.2. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
11.3. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
11.4. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მითითებას აკეთებს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
11.5. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
11.6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც განსახილველ შემთხევაში, დღეში 2102.40 ლარს შეადგენს (7 დღეში 14716.80 ლარი). სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში, მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, თუ რა ეკონომიკური ან სხვაგვარი ლეგიტიმური ინტერესი გააჩნდა ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა (დღეში 2102.40 ლარი). აღნიშნული გარემოების, ასევე, შესრულების გადაცილების ვადის გათავალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
13. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ------–---- მ----–----–-------ს მ-----ს ნ----–------- რ------- გ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე