განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
330100118002438277
ინსტანცია
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002438277

საქმე №1ბ/841-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის, მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა----------–---–ის

გამართლებულის ადვოკატის: ლ--–-------------------–---–ის

გამართლებულის: მ----------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ მ----------------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის სექტემბერში, ქ-------–--–-----–--------------------------–---------------------------ში, მ----------------ემ არასრულწლოვან გერს - ა-–-----------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ა-–-----------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მ----------------ის ქმედებით ა-–-----------------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით:

 

მ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დ-------------–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მ----------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, მ----------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის, დ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გამამართლებელი განაჩენი მ----------------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ----------------ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, კერძოდ, დაზარალებულ ა-–-----------------ისა და მოწმე ჟ----------–----–---–ის (დაზარალებულის დედა) ჩვენებებს - პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით მ----------------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. მ----------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში თავი არ ცნო დამნაშავედ და უარყო არასრულწლოვანი გერის მიმართ რაიმე ძალადობრივი ქმედება. კერძოდ, აჩვენა, რომ ჟ----------–----–---–ის ცოლად მოყვანამდე იცოდა, რომ ამ უკანასკნელს შვილი ჰყავდა, თუმცა ჰქონდა (მ----------------ეს) ერთად ცხოვრებისა და ნორმალური ოჯახის შექმნის სურვილი. მას შემდეგ, რაც სამტრედიიდან თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ბავშვი სკოლაში შევიდა. ა-–-----------------ესთან მამა-შვილური ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ა-–---------- თავისივე სურვილით სამსახურშიც დაყვებოდა, ერთად დადიოდნენ და ბავშვს მასთან ერთად ყოფნის სურვილი ჰქონდა. 2017 წლის სექტემბერში, საღამოს, სამივე იყვნენ სახლში და მისაღებ ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ. ა-–---------- დაჯდა იმ სკამზე, რომელზეც მისი (მ----------------ის) პერანგი იყო გადაფენილი, რის გამოც ბავშვს უთხრა, რომ დედამისმა დააუთავა და დაიკუჭებოდა. ბავშვი გადაჯდა მეორე სკამზე და უსიტყვოდ გააგრძელა ტელევიზორის ყურება. ამ დროს რაიმე კონფლიქტი არ მომხდარა. მეორე-მესამე დღეს ბავშვი სამსახურში გაჰყვა. ბავშვისთვის საყვედურიც კი არ უთქვამს, მისთვის არც ხელი დაურტყამს, მაგრამ დედამისმა გამოიყენა ეს შემთხვევა მის (გამართლებულის) გასამწარებლად. მანამდე, 20 სექტემბერს, დაბადების დღე ჰქონდა ა-–----------ს და მობილური ტელეფონი აჩუქა. ერთად ცხოვრება გააგრძელეს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. სახლიდან წავიდა იმის გამო, რომ დედამისმა არ მიიღო ოჯახში რძლად. ამას დაემატა ისიც, რომ, მიუხედავად მკურნალობისა, შვილი არ შეეძინათ. მისი (მ----------------ის) სახლიდან წასვლა არ უკავშირდება გაუთავებული პერანგის შემთხვევას. ერთი ღამით ნაქირავებ ბინაში არ მივიდა და დასთან წავიდა დასასვენებლად, რადგან ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, სადაც უჭირდა დასვენება. პირადი ნივთები, ტანსაცმელი იმ ბინაში ჰქონდა დატოვებული, მეორე დღეს კი აპირებდა სახლში მისვლას, დაცილების განზრახვა არ ჰქონია. შემდეგ ათი დღის განმავლობაში ცდილობდა, ბინიდან ტანსაცმლის წამოღებას, რისთვისაც უბნის ინსპექტორის დახმარებაც გახდა საჭიროა. ჟ----------–----–---–მა დაურეკა მის ძმას და უთხრა, რომ 20 000 ლარი ჰქონდა ვალი და შეეძლო სახლში აღარ მისულიყო. ჟ----ს პირადად მისთვის (მ----------------ისთვის) არ დაურეკავს. ამის შემდეგ, მარტის თვეში, სასამართლოში აღძრა სარჩელი, უფრო ადრე ვერ მოახერხა, რადგან ფორმალურ საკითხებში ვერ ერკვეოდა. სასამართლო დავა 80%-ით მოიგო. მის მიერ სარჩელის აღძვრით გაღიზიანებულმა მეუღლემ კი იჩივლა პოლიციაში. ამჟამად ჟ----------–----–---–თან რაიმე სახის ურთიერთობა არა აქვს. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ვ------------------ემ (გამართლებულის ძმა), ნ--------------ემ (გამართლებულის და) და ლ--------------მ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მ----------------ეს გერთან - ა-–-----------------ესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მოწმეებს არც ჟ----------–----–---–ისგან და არც არავისგან გაუგიათ, რომ მ----------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-–----------ს, ასე რომ ყოფილიყო, ჟ---- მათ აუცილებლად ეტყოდა. მოწმე ლ--------------მ დამატებით აღნიშნა, რომ მას ჟ----------–----–---–თან იმის შემდეგაც ჰქონდა მიმოწერა, რაც გაიგო, რომ, თითქოს, მ-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-–----------ს. ჟ----ს მისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შემთხვევაში მას ყველაფერს უყვებოდა, მათ შორის პირად პრობლემებსაც. 2017 წლის სექტემბრის მერეც მ-----ი და ჟ---- ერთად ცხოვრობდნენ, ხოლო ვ------------------ემ და ნ--------------ემ აჩვენეს, რომ, როდესაც მ----------------ე და ჟ----------–----–---–ი გადავიდნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ ბინაში, მ----------------ემ ბანკიდან გამოიტანა სესხი 20 000 ლარის ოდენობით, რაც მოახმარა ოჯახს, შეიძინა ავეჯი და სხვადასხვა ნივთები.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, მ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი მ----------------ის მიმართ.

 

მ----------------ის 2017 წლის 20 დეკემბრის სარჩელით დასტურდება, რომ მან ჟ----------–----–---–ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვისა და უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე, ხოლო ჟ----------–----–---–ის 2018 წლის 8 იანვრის შესაგებლით დასტურდება, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მ----------------ის სარჩელზე შეიტანა შესაგებელი. აღნიშნული სარჩელებით სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის მიმდინარეობს ქონებრივი დავა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მ----------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ორი მტკიცებულება - დაზარალებულ ა-–-----------------ისა და მოწმე ჟ----------–----–---–ის (დაზარალებულის დედა) ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ 2017 წლის სექტემბერში მ----------------ემ არასრულწლოვან ა-–-----------------ეს შეკამათების დროს ხელი გაარტყა სახეში, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევით დაჯდა მ----------------ის ტანსაცმელზე. მათი ჩვენებების უტყუარობის, დამაჯერებლობისა და გასაზიარებლობის კუთხით შეფასებისას სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას, კერძოდ, მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ჟ----------–----–---–მა მ----------------ის მხრიდან მასზე შესაძლო ძალადობის ჩადენის ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით მიმართა 2018 წლის 17 თებერვალს, შემთხვევიდან ერთ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, რა დროსაც განცხადებაში არ დაუფიქსირებია 2017 წლის სექტემბერში მ----------------ის მიერ შვილის (ა-–-----------------ის) მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. ასევე არ განუცხადებია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟ----------–----–---–ს თავის პირველ გამოკითხვის ოქმში, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 17 თებერვლის რიცხვით. ჟ----------–----–---–მა მხოლოდ 2018 წლის 7 მარტს მოწმედ გამოკითხვის დროს განაცხადა, რომ მის შვილს - ა-–-----------------ეს 2017 წლის სექტემბერში მ----------------ემ ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში. აღსანიშნავია, რომ ჟ----------–----–---–მა მ----------------ის მხრიდან მასზე შესაძლო ძალადობის ჩადენის ფაქტზე პოლიციას განცხადებით მიმართა 2018 წლის 17 თებერვალს, ანუ მას შემდეგ, რაც მ----------------ემ სასამართლოს მიმართა და ჟ----------–----–---–ის წინააღმდეგ სამოქალაქო წესით დავა წამოიწყო ქონების დაბრუნებაზე, რაც თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს და ობიექტურ დამკვირვებელს უჩენს საფუძვლიან ეჭვს მოწმისა და დაზარალებულის ჩვენებების უტყუარობაში, რაც მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას. სააპელაციო პალატის აზრით, ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეფასდეს დაზარალებულის და მოწმის მიერ მიცემული ჩვენებები, რათა მიკერძოებული, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო და სხვა მტკიცებულებების საწინააღმდეგო ჩვენებების გაზიარებით საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების განხორციელებას და არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა დაზარალებულ ა-–-----------------ისა და მოწმე ჟ----------–----–---–ის ჩვენებები. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ----------------ემ არასრულწლოვანი გერის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ მ----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი გამართლებულ მ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი მ----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ----------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

გამართლებულ მ----------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე