განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001613374
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე№2ბ/6787-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ნ---- დ---–----- (შ-- ,,ფ-–--ს’’ პარტნიორი)
წარმომადგენლები - ლ-–- ც---–----, ლ---- ჯ---–--
მოწინააღმდეგე მხარე - გ------ ქ-----–---–-
წარმომადგენელი - დ---- ლ----–---–-
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება (თავდაპირველი სარჩელით), სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ------ ქ-----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. დაეკისრა მოპასუხე შ-- „ფ-–--ს“ მოსარჩელე გ------ ქ-----–---–-ს სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 22 615.09 ლარისა და სარგებლის 4523.01 ლარის გადახდა. შ-- „ფ-–--ს“ პარტნიორების ვ------- კ-----ისა და ნ---- დ---–----ის სარჩელი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. გ------ ქ-----–---–- (პ/ნ 0----------) , გ------ ქ-----–---–- ( პ/ნ0----------), ნ---- დ---–-----, ლ--–- ჯ-------–---–- და ვ------- კ-----ე არიან შ-- „ფ-–--ს“ პარტნიორები შემდგომი წილობრივი მონაწილეობით: გ------ ქ-----–---–- (პ/ნ 0----------) - 12%, გ------ ქ-----–---–- (პ/ნ 0----------) - 10%, ნ---- დ---–----- - 22%, ლ--–- ჯ-------–---–- - 6% და ვ------- კ-----ე - 50%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 140-141).
2.2. შ-- „ფ-–--ს“ დირექტორია გ------ ქ-----–---–-. (პ/ნ 0----------).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 140-141).
2.3. გ------ ქ-----–---–სა (პ/ნ 0----------) და შ-- „ფ-–--ს“ შორის 2010 წლის 10 იანვარს გაფორმდა წერილობითი სესხის ხელშეკრულება N0------, რომლის თანახმად, მსესხებელი სარგებლობდა უფლებით, ექვსი წლის განმავლობაში გამსესხებლისაგან სესხის სახით მიეღო თანხა 30 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში. მხარეთა შეთანხმებით, გაცემული სესხის წლიურ სარგებლად განისაზღვრა 20%. სესხის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4. პუნქტის თანახმად, მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა მიღებულ სესხზე დარიცხული სარგებელი გადაიხადოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ეტაპობრივად (ნაწილ-ნაწილ) ან/და ერთიანად. მიღებული სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის საბოლოო ვადაა 2016 წლის 10 იანვარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება.
სესხის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 17-19).
2.4. სესხის ხელშეკრულების N0-------ის 2010 წლის 27 თებერვლის N1 დანართის თანახმად, გამსესხებელმა გ------ ქ-----–---–მა შ-- „ფ-–--ს“ სესხის სახით გადასცა 1001 ლარი; 2010 წლის 06 ივლისის დანართი N2-ის თანახმად - 1302 ლარი; 2010 წლის 26 ოქტომბრის დანართი N3-ის თანახმად - 111.70 ლარი; 2010 წლის 25 ნოემბრის დანართი
N4-ის თანახმად - 98 ლარი; 2010 წლის 24 დეკემბრის N5 დანართის თანახმად - 1622 ლარი; 2011 წლის 25 იანვრის დანართი N6 -ის თანახმად - 163 ლარი; 2011 წლის 24 თებერვლის N7-ის თანახმად - 137 ლარი; 2011 წლის 06 აპრილის დანართი N8-ის თაანხმად - 401 ლარი; 2011 წლის 04 ოქტომბრის დანართი N9-ის თანახმად - 501 ლარი;
2011 წლის 22 დეკემბრის დანართი N10-ის თანახმად - 1001 ლარი; 2012წლის 23 იანვრის დანართი N11-ის თანახმად - 701 ლარი; 2012 წლის 27 აპრილის დანართი N12-ის თანახმად - 160 ლარი; 2012 წლის 30 აპრილის დანართი N13-ის თანახმად - 500 ლარი; 2012 წლის 09 ნოემბრის დანართი N14-ის თანახმად - 301 ლარი; 2013 წლის 08 იანვრის დანართი N15-ის თანახმად - 3000 ლარი; 2013 წლის 02 აგვისტოს დანართი N16-ის თანახმად - 800 ლარი; 2013 წლის 19 ნოემბრის დანართი N17-ის თანახმად - 95.39 ლარი; 2014 წლის 02 აპრილის დანართი N18-ის თანახმად, 3120 ლარი; 2014 წლის 15 აგვისტოს დანართი N19-ის თანახმად - 665 ლარი; 2015 წლის 22 იანვრის დანართი N20- ის თანახმად - 1100 ლარი; 2015 წლის 19 თებერვლის დანართი N21-ის თანახმად- 2035 ლარი; 2015 წლის 28 აპრილის დანართი N22-ის თანახმად - 800 ლარი; 2015 წლის 27 ოქტომბრის დანართი N23-ის თანახმად - 3000 ლარი;
ჯამში, სესხის ხელშეკრულების დანართებიდან გამომდინარე, დასტურდება გამსესხებლის გ------ ქ-----–---–-ს მიერ შ-- „ფ-–--სათვის“ 2010 წლის 27 თებერვლიდან - 2015 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, 22 615.09 ლარის გადაცემის ფაქტი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სესხის ხელშეკრულების დანართები (ტომი 1, ს.ფ. 20-42).
2.5. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებიდან, საგადასახადო დავალებებიდან და საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან დგინდება, სესხის ხელშეკრულების დანართებით გამსესხებლის მიერ მსესხებლის შპს „ფაცხასათვის“ გადაცემული თანხების შეტანა მსესხებლის სალაროში და ამ თანხებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების, კომუნალური და სხვა მომსახურების ხარჯების გადახდა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები,საგადასახადო დავალებებით, საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან (ტომი 1, ს.ფ. 43-138).
2.6. სასამართლო არ იზიარებს შ-- „ფ-–--ს“ პარტნიორების აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ გ------ ქ-----–---–-ს მიერ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხა 212 615.09 ლარი, არ წარმოადგენდა მის კუთვნილ თანხას და რეალურად იყო შ-- „ფ-–--ს“ ფუნქციონირების შედეგად მიღებული შემოსავალი.
სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, საპირისპირო მტკიცების ტვირთი, რომლითაც გამოირიცხებოდა სადავო თანხაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, მოპასუხის მხარეზეა, რომელიც მიუთითებს, რომ თანხა, რომელიც გ------ ქ-----–---–-ს მიერ შ-- „ფ-–--ს“ სალაროშია შეტანილი წარმოადგენს თავად ამ საზოგადოების საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს.
საქმეზე დართულია ხელწერილები, რომლის თანახმად, დგინდება, რომ 2005 -2006 წლების განმავლობაში ვ------- კ-----ე გ------ ქ-----–---–ს გადასცემდა თანხას შ-- -ს ქონებისა და სხვა საჭიროებებისათვის. მოპასუხე შ---ს პარტნიორებმა ეს მტკიცებულებები, წარმოადგინეს იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ პარტნიორები პირადი შემოსავლებიდან იხდიდნენ საზოგადოების ქონებისა და სხვა გადასახდელებს. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 164-170). სასამართლომ მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების დადგენისათვის, ამ გარემოებას არა აქვს მნიშვნელობა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ გააქარწყლა ის ფაქტი, რომ შ--- ში გ------ ქ-----–---–-ს მიერ შეტანილი თანხა მის კუთვნილებას არ წარმოადგენდა, მხოლოდ მხარის განმარტებით, ამ გარემოებას სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნია.
2.7. შ-- „ფ-–--ს“ დირექტორს წესდების თანახმად, 30 000 ლარის ფარგლებში სესხის ასაღებად პარტნიორების თანხმობა არ სჭირდებოდა.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
შ-- „ფ-–--ს“ პარტნიორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ წესდების თანახმად, დირექტორი არ იყო უფლებამოსილი სესხის ხელშეკრულება დაედო პარტნიორთა კრების (თანხმობის) გადაწყვეტილების გარეშე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმეში წარმოდგენილი შ-- „ფ-–--ს“ წესდების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის „თ“ პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება იხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე: მათ შორის: იმ სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე, რომლებიც აღემატება ცალკე ან მთლიანად პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას. თავად მხარეები ადასტურებენ და სადავო არ არის ის გარემოება, რომ არ არსებობს პარტნიორებს შორის შეთანხმება, რომლითაც დირექტორს შეეზღუდებოდა ერთპიროვნულად სესხისა და კრედიტის აღება გარკვეულ თანხაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-- „ფ-–--ს“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს - დირექტორს გ------ ქ-----–---–ს გამსესხებლის გ------ ქ-----–---–-სთან 30 000 ლარის ფარგლებში, სესხის ხელშეკრულების გასაფორმებლად და ამ ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ასაღებად პარტნიორთა თანხმობა არ სჭირდებოდა, რადგან არ არსებობს შეთანხმება, რომელიც აუკრძალავდა დირექტორს პარტნიორების გადაწყვეტილების გარეშე, სადავო გარიგების დადებას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში, მსესხებლის შ-- „ფ-–--ს“ პარტნიორები სადავოდ ხდიან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პარტნიორთა თანხმობის გარეშე დაიდო სადავო გარიგება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ 3.2.7. ფაქტობრივ გარემოებაში დადგენილია, რომ შ-- „ფ-–--ს“ წარმომადგენელს გ------ ქ-----–---–ს საზოგადოების წესდების თანახმად, 30 000 ლარის ფარგლებში სესხის ხელშეკრულების დასადებად არ სჭირდებოდა წარმოდგენილი პირის პარტნიორების თანხმობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული, სადავო სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
მსესხებლის პარტნიორები სადავო სესხის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიუთითებენ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც არ არსებობს სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.
სასამართლო მიუთითებს, რომ წარმომადგენლის მიერ სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლით განსაზღვრული გარიგების დადებაზე თანხმობა არის ცალმხრივი, მიღება სავალდებულო ნების გამოვლენა და არ საჭიროებს სპეციალურ ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლში, მიუხედავად შეზღუდვისა, გათვალისწინებულია გამონაკლისი, როდესაც საკუთარ თავთან გარიგების დადებაა დასაშვები. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპებს. (54-ე მუხლს და სხვა) ზემოაღნიშნული მუხლი ადგენს საკუთარ თავთან დადებული გარიგების აკრძალვის საგამონაკლისო „უფლებრივი სარგებლის“ ცნებასთან დაკავშირებით შემთხვევებს. ნებადართულია წარმომადგენლის მიერ მსგავსი გარიგების დადება - ან წარმოდგენილისაგან თანხმობის არსებობისას, ან იმ დროს, როდესაც ეს გარიგება, გამონაკლისის სახით, არსებული ვალდებულების შესრულებას ემსახურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს წინასწარ გაცემულ თანხმობა-ნებართვას (მე-100 მუხლი) და შემდგომ თანხმობას -მოწონებას (101-ე მუხლი).
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილს შესაძლებლობა აქვს უკეთ შეაფასოს ხსენებული გარიგების სამართლებრივი შედეგები მისი დადების შემდეგ და არა მის დადებამდე, განსახილველი დანაწესი ანიჭებს წარმოდგენილს უფლებას მოიწონოს წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება და ამ მოწონების საფუძველზე დატოვოს ის ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლი ადგენს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მხოლოდ შეზღუდვის წინაპირობას, რომლის თანახმად, წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულება არა მისი დადებისთანავე უპირობოდ ბათილია, არამედ მის მოწონებამდე-მერყევად ბათილია. წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება 111-113-ე მუხლები, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი პირისათვის ნებისმიერ დროს უნდა იყოს შესაძლებელი თავისი ინტერესების შესაბამისად ასეთი გარიგება მოიწონოს და ამით ხელშეკრულება ნამდვილად აქციოს, ან არ მოიწონოს და ამით გააბათილოს იგი.
მართალია, წარმოდგენილი არ არის ვალდებული მოიწონოს გარიგება, თუმცა გამონაკლისის სახით შესაძლოა მოწონების ვალდებულება მაინც წარმოიშვას. ასეთი შემთხვევა კი მაშინაა სახეზე, თუკი აღნიშნულის განუხორციელებლობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულ კეთილსინდისირებისა და გულისხმიერების პრინციპებს.
სასამართლო მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს თუ არც გარეგნული და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. ამ ნორმების მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა, შეიძლება სხვადასხვა გზითა და საშუალებით გამოიხატოს. ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როცა მხარეები სიტყვიერად გამოხატავენ თავიანთ ნებას. მაგრამ 53-ე მუხლი იმაზეც მიუთითებს, რომ შესაძლებელია არსებობდეს ნების გამოხატვის სხვა საშუალებებიც. ამგვარი გამოხატვის ყველაზე გავრცელებული ფორმებია დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებები.
კონკლუდენტური მოქმედებებისას ნების გამოვლენა თვით გარემოებათაგან ივარაუდება. ასეთ შემთხვევაში ივარაუდება გარიგების დადების სურვილი. კონკლუდენტური მოქმედება საკმარისია გარიგების დასადებად.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლით გათვალისწინებული წარმოდგენილი პირის თანხმობა ან მოწონება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კონკლუდენტური მოქმედებებით.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც სასამართლოს მიერ 3.2.4. და 3.2.5. პუნქტებით არის დადგენილი, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სადავო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 22 615.09 ლარის ოდენობის თანხა, მსესხებელის მიერ მიღებულია და გახარჯულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საჭიროებებისათვის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ---ს პარტნიორებმა კონკლუდენტური მოქმედებით - გ------ ქ-----–---–-საგან სესხად გაცემული თანხის ათვისებით მოიწონეს გამსესხებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც გ------ ქ-----–---–-საგან მიღებული სესხის თანხა მსესხებელმა შ-- „ფ-–--მ“ აითვისა, მას გარიგების მოწონების ვალდებულება წარმოეშობა, რადგან ასეთი მოწონების განუხორციელებლობა მოცემულ შემთხვევაში ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული კეთილსინდისიერების პრინციპს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამსესხებელს გ------ ქ-----–---–სა და მსესხებელს შ-- „ფ-–--ს“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნამდვილი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, გ------ ქ-----–---–მა შ-- „ფ-–--ს“ 2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, სესხის სახით, საკუთრებაში გადასცა ჯამში, 22 615.09 ლარი, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით, რაც შეადგენს 4523.01 ლარს. მსესხებელმა შ-- „ფ-–--მ“ იკისრა ვალდებულება ნასესხები თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ეტაპობრივად ან/და ერთიანად, 2016 წლის 10 იანვრამდე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსესხებელს შ-- „ფ-–--ს“ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებულ ვადაში, არ დაუბრუნებია ნასესხები თანხა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შ-- „ფ-–--ს“ მოსარჩელე გ------ ქ-----–---–-ს წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შ-- „ფ-–--ს“ ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ, მას გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხა 22 615.09 ლარი და სარგებელი 4523.01 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით გ------ ქ-----–---–-ს მიერ წარმოდგენილ სარჩელში არ არის დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რატომ დადგა საჭიროება რომ შ-- "ფ-–--ს" მიეღო სესხი ან საერთოდ იდგა თუ არა ამის საჭიროება. ის ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა, არ იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ კომპანიას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, იგი ვერ იხდიდა საკუთარ კომუნალურ გადასახადებსაც კი და ამიტომ საჭირო გახდა სესხის ხელშეკრულების დადება. აპელანტის განმარტებით შ-- "ფ-–--ს" საკუთრებაშია უძრავი ქონება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ფაცხები და სხვა შენობა-ნაგებობები, რომელთა ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა სრულად აქვს აღებული გ------ ქ-----–---–ს, აღნიშნული ფართების გაქირავებით კომპანია უნდა ღებულობდეს სოლიდურ შემოსავალს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც ხალხმრავლობაა, აღნიშნულზე მითითებით აპელანტი დაუსაბუთებლად მიიჩნევს კომპანიის მიერ სესხის აღებას ისეთი უმნიშვნელო ხარჯებისთვის, როგორიც არის კომუნალური გადასახადები, იმ პირობებში, როდესაც კომპანიას უნდა შეძლებოდა აღნიშული ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვა. აპელანტის მითითებით პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე შ-- "ფ-–--ს" უძრავი ქონება დროებით სარგებლობაში დათმობილი ჰქონდა გ------ ქ-----–---–-ს (კომპანიის დირექტორის) სასარგებლოდ, რის სანაცვლოდაც გ------ ქ-----–---–- იღებდა ვალდებულებას სრულად მომსახურებოდა კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებს და ლოგიკურიცაა, რომ ისეთ კომპანიას როგორც არის შ-- "ფ-–--", უნდა ჰქონოდა სოლიდური შემოსავალი, რაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე ეყოფოდა კომპანიის ფინანსური ვალდებულების შესრულებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან გ------ ქ-----–---–- ახორციელებდა კომპანიის სრულ მართვას, მის ხელში იყო ამ კომპანიის ფინანსების სრული კონტროლიც. შესაბამისად, პარტნიორებს არ ჰქონდათ წვდომა კომპანიის ფინასურ მდგომარეობაზე და არც დირექტორი - გ------ ქ-----–---–- აწვდიდა პარტნიორებს მსგავს ინფორმაციას, ვინაიდან პარტნიორთან შეთანხმების საფუძველზე, გ------ ქ-----–---–- ერთპიროვნულად წარმართავდა კომპანიის საქმიანობას, საიდანაც იღებდა მოგებას და ყოველივე ამის სანაცვლოდ ის იღებდა პასუხისმგებლობას სრულად მომსახურებოდა კომპანიის ფინანსურ ვალდებულებს.
3.1.2. აპელანტის განმარტებით სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა შეუძლებელია საზოგადოების წარმომადგენლის დადგენამდე, რადგან საზოგადოების წინააღმდეგ სარჩელი აღძრულია კანონით გათვალისწინებული წარმომადგენლის - დირექტორის მიერ, რომელიც მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე თავად უნდა წარმოადგენდეს და იცავდეს საზოგადოების ინტერესებს. იმ პირობებში, როდესაც წარმომადგენლობაზე უფლებაზე პირი მის მიერ წარმოდგენილ საზოგადოებას ედავება უფლებამოსილი წარმომადგენლის დადგენამდე საზოგადოების უფლებები დაუცველი რჩება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და უბრუნებს საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არსი საკმარისად დასაბუთებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გამოკვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ---- დ---–-----მ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედეგად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა, საგლისხმოა აღინიშნოს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტის აღნიშნული მოთხოვნა ცნო. (იხ. 02.07.2019წ. სხდომის ოქმი 15:37:54-15;38:22; 15:38:27 – 15;38:40)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ამოსავალ პრინციპზე - დისპოზიციურობაზე, რომლის თანახმადაც მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
დასახელებული ნორმა განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების დაცვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საქპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოწინააღმდეგე მხარის - გ------ ქ-----–---–ის წარმომადგენელმა ცნო და აპელატის მოთხოვნას დაეთანხმნენ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი საფუძველია.
მიუხედავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ცნობისა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში პროცესულაურად საკმარისი საფუძველია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმის პირველი ინსტანცის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დასაბრუნებლად, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ საფუძველზე, რაც საბოლოოდ საქმის ხელახლა გასახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ამართლებს. კერძოდ, საქმის ხელახლა განხილვისას სამართლებრივი შედეგის მისაღწევად აუცილებელი წინაპირობების შემოწმებამდე სასამართლომ პირველ რიგში, მოპასუხის წარმომადგენლის უფლებამოსილების საკითხი უნდა გამოიკვლიოს.
4.1.2. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ 21.11.2016 წელს გ------ ქ-----–---–მა (პ/ნ 0----------) სარჩელი აღძრა შ-- ,,ფ-–--ს’’ წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ მოპასუხე შ-- ,,ფ-–--ს’’ პარტნიორები არიან გ------ი ქ-----–---–- (პ/ნ 0----------) 12 %, გ------ ქ-----–---–- (პ/ნ 0----------) 10 %, ნ---- დ---–----- 22 %, ლ--–- ჯ-------–---–- 6% და ვ------- კ-----ე 50%. ამონაწერით ასევე დგინდება, რომ შ-- ,,ფ-–--ს’’ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს გ------ი ქ-----–---–- (პ/ნ 0----------) წარმოადგენს, რომელიც ამავდროულად საზოგადოებაში 12 % წილის მფლობელი პარტნიორიცაა. (ტ.1.ს.ფ. 140)
ამდენად, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 21.11.2016 წელს წარდგენილი სარჩელით შ-- ,,ფ-–--ს’’ მისივე ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - გ------ ქ-----–---–- ედავება.
4.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამ მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შ-- ,,ფ-–--ს’’ წესდებით და ამონაწერით რეესტრიდან დასტურდება, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი გ------ ქ-----–---–-ა, რომელიც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა მის მიერ მათ შორის სასამართლოში წარმოსადგენ საზოგადოებას 21.11.2016 წელს აღძრული სარჩელით თანხის დაკისრებას თავად ედავება.
4.1.4. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------ ქ-----–---–-ს მიერ შ-- ,,ფ-–--ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე შესაგებელი წარდგენილია შ-- ფ-–--ს პარტნიორების: ვ------- კ-----ის და ნ---- დ---–----ის მიერ. საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში გ------ ქ-----–---–-ს წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელით სწორედ ვ------- კ-----ე და ნ---- დ---–----- ხდიან სადავოდ იმ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას, რომლის საფუძველზეც გ------ ქ-----–---–- შ-- ,,ფ-–--სთავის’’ თანხის დაკისრებას მოითხოვს. უფრო მეტიც, ნ---- დ---–----ის მიერაა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარიც, რომლითაც ეს უკანასკნელი სადავოდ ხდის, როგორც მოპასუხე მხარის ინტერესების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დაცვას, ასევე თანხის დაკისრების მართლზომიერებას. აღნიშნულთან მიმართებით ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორის ნ---- დ---–----ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილია არა მოსარჩელე/მოწინააღმდეგე მხარე გ------ ქ-----–---–-ს (პ/ნ 0----------) მიერ, რომელიც როგორც არაერთხელ აღინიშნა შ-- ,,ფ-–--ს ერთ-ერთი პარტნიორი და დირექტორია, არამედ, ამავე საზოგადოების სხვა პარტნიორების : გ------ ქ-----–---–-ს (პ/ნ 0----------) და ლეილა ჯ-------–---–-ს მიერ.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ვალდებულების შესრულებას სასამართლოში წარდგენილი სარჩელით შ-- ,,ფ-–--ს’’ მისივე ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სუბიექტი - დირექტორი ედავება, უდავოა, ასევე, რომ დირექტორის მიერ საზოგადოების წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის შემდეგ პარტნიორებს არც დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტაზე და მითუმეტეს არც დირექტორის მიერ აღძრულ დავაში საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნაზე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, საქმის მასალებით დგინდება, რომ დირექტორის მიერ საზოგადოების მიმართ აღძრულ სარჩელზე შესაგებელი ამ საზოგადოების პარტნიორების ნაწილმა (ნ---- დ---–-----მ და ვ------- კ-----ემ) წარადგინეს, უფრო მეტიც, საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორის ნ---- დ---–----ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი საზოგადოების სხვა პარტნიორებმა გ------ ქ-----–---–მა და ლეილა ჯ-------–---–მა წარმოადგინეს, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ წინამდებარე დავაზე მოპასუხე მხარე - შ-- ,,ფ-–--’’ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ საზოგადოების წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის და ამ სარჩელის ფარგლებში საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სუბიექტის განუსაზღვრელობის პირობებში დირექტორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინააღმდეგ აღძრული დავა პრაქტიკულად პარტნიორებს შორის დავას დაემსგავსა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შ-- ,,ფ-–--ს’’ მიმართ გ------ ქ-----–---–-ს მოთხოვნის სამართლებრივი შედეგის მისაღწევად აუცილებელი წინაპირობების შემოწმებამდე, უპირველეს ყოვლისა დირექტორის მიერ აღძრული სარჩელის ფარგლებში დასაზუსტებელია მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სუბიექტის ვინაობა, რაც თავის მხრივ მოპასუხე საზოგადების პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს წარმოადგენს, ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული საკითხი პარტნიორთა განსჯისა და განხილვის შედეგად მაინც ვერ გადაწყდება, წინამდებარე დავის ფარგლებში მოპასუხე საზოგადოების უფლებამოსილი წარმომადგენლის დანიშვნის საკითხზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორების მხრიდან დასახელებული კანდიდატების ფარგლებში. სააპელაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის საკითხის განსაზღვრა პირველი ინსტანციის წესით სასარჩელო წარმოების ფარგლებში უნდა მოხდეს, რადგან სხვაგვარი პროცესუალური შესაძლებლობის დაშვებით, მხარეებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამინსტანციური სასამართლო წარმოების უფლება ერთმევათ.
საბოლოოდ, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს შეეზღუდა პირველი ინსტანციით საქმის განხილვის უფლება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატა ასკვნის, რომ ნ---- დ---–----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის და საბოლოო შედეგების მიხედვით უნდა მოახდინოს მხარეთა მიერ გაწეული ხარჯების ( მათ შორის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის) განაწილება სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---- დ---–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი/