განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
330210018002520159
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002520159

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6884-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ს- ,,თ-----------------’’

წარმომადგენელი - გ--- ლ--------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,კ-------- ლ---------’’

წარმომადგენლები - ლ-–- ჭ-------

 

დავის საგანი - სადაზღვევო თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ-- „კ-------- ლ---------ს“ სარჩელი მოპასუხე ს- „თ----------------ის“ მიმართ დაკმაყოფილდა; ს- „თ-----------------ს“ შ-- „კ-------- ლ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 28 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. . 2014 წლის 04 ნოემბერს შ-- „კ-------- ლ--------სა“ და ს- „ს-------------------------------------ს“ შორის ერთი წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება კ--– 0------- დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მხარეთ შორის სალომბარდო და დაზღვევის სფეროებში ურთიერთ თანამშრომლობა, ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კ--– 0------- დაზღვევის ხელშეკრულება მისი დანართები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2. ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, დაზღვეული ავტომობილის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების/დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც დამგირავებელი არ ასრულებს რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დეპარტამენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ ლომბარდის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით პირობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კ--– 0------- დაზღვევის ხელშეკრულება მისი დანართები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. 2015 წლის 03 აპრილს შ-- „კ-------- ლ--------სა“ და გ------- პ-----–---ს შორის გაფორმდა Nს---0------- სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება. შ-- „კ-------- ლ---------ს“ სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ------- პ-----–---ის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა/მოდელი - ა-------, ფერი-თეთრი, გამოშვების წელი - 2012, მესაკუთრე - გ------- პ-----–---ი. ხელშეკრულების მიხედვით გ------- პ-----–---ზე გაცემულ იქნა სესხი 12000 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 42 თვე, წლიური სარგებელი - 36.03%. აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეულ iქნა მოპასუხესთან, რაზეც გაიცა ავტომობილის დაზღვევის პოლისი Nკ--------------, სადაზღვევო პერიოდად განისაზღვრა 03.04.2015-03.05.2015. დაზღვევის მოქმედება გაგრძელდა ერთი თვით, რაზეც მოპასუხის მიერ გაიცა ავტომობილის დაზღვევის პოლისი: Nკ--------------, ხოლო 2015 წლის 03 ივნისიდან დაზღვევის პერიოდი კვლავ გაგრძელდა ერთი თვით, რაზეც გაიცა დაზღვევის პოლისი Nკ--------------. პოლისების თანახმად სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო ფრანშიზა 5%-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი;

- გირავნობის მოწმობა;

- სესხის და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება Nს---0-------.

 

2.4. 2015 წლის 16 აპრილს შ-- კ-------- „ლ--------სა“ და გ------- ც-–--–---ს შორის გაფორმდა Nს---0------- სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება. შ-- კ-------- „ლ---------ს“ სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ------- ც-–--–--ის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა/მოდელი - მ-------------–- “------, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2014, მესაკუთრე - ც-–--–--- გ-------. ხელშეკრულების მიხედვით გ------- ც-–--–--- გაცემულ იქნა სესხი 12 000 აშშ დოლარი, სესხის ვადა სამი თვე, ყოველთვიური სარგებელი 5%, პირგასამტეხლო ძირითადი თანხის დაუბრუნებლობაზე - 0.3% ყოველდღიურად. აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეულ იქნა მოპასუხე კომპანიაში, რაზეც გაიცა ავტომობილის დაზღვევის პოლისი კ-------------, სადაზღვევო პერიოდად განისაზღვრა 16.04.2015-16.07.2015. პოლისის თანახმად, სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო ფრანშიზა -5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი;

- გირავნობის მოწმობა;

- სესხის და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება Nს---0-------.

 

2.5. გ------- პ-----–---მა და გ------- ც-–--–---მ დაარღვიეს შ-- „კ-------- ლ--------თან“ დადებული ხელშეკრულებების პირობები, რის შედეგადაც კრედიტორმა მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნის დაკმაყოფილების ღონისძიებებს. თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება და მათზე აღსრულების მიქცევა. ორივე მსესხებელთან მიმართებაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 28500 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ-- „კ-------- ლ---------ს მიმართვები;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.6. შ-- „კ-------- ლ--------მა“ მოპასუხესთან დადებული 2014 წლის 04 ნოემბრის დაზღვევის ხელშეკრულების პირობების თანახმად მიმართა ს- „ს-----------------------------------ს“ შეთანხმებულ ორ შემთხვევაზე (გ------- პ-----–---ისა და გ------- ც-–--–--ის ხელშეკრულებები) სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუჩინარების ფაქტი არ წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული ავტომობილების სადაზღვევო პოლისებით გათვალისწინებული დაფარული რისკებით გამოწვეულ სადაზღვევო შემთხვევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ-- „კ-------- ლ---------ს“ მიმართვები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.7 გ------- პ-----–---ის კუთვნილმა ავტომანქანამ 04.04.2015 წელს გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ავტომანქანას მართავდა ვ-–-------- ს--–-----. გ------- ც-–--–--ის კუთვნილმა ავტომანქანამ 16.04.2015 წელს გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კერძო აღმასრულებლის - დ----- ზ--------ის წერილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.8. ს- „თ-----------------“ არის ს- „ს-----------------------------------ის“ უფლებამონაცვლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

არ არის სადავო, რომ შ-- „კ-------- ლ--------სა“ და ს- „ს-----------------------------------ს“ (უფლებამონაცვლე ს- „თ-----------------“) შორის 2014 წლის 04 ნოემბერს დაიდო დაზღვევის Nკ--–00------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. მუხლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სესხის გადაუხდელობით გამოწვეული ზარალი, რომლის მიზეზია ავტომობილის (რომელიც წარმოადგენს სესხის უზრუნველყოფას) ნაწილობრივი დაზიანება ან სრული განადგურება სადაზღვევო რისკების შედეგად.

 

ხელშეკრულების დანართის მიხედვით სადაზღვევო რისკად ჩაითვლება მოვლენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა. ამავე ხელშეკრულების - ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების შესაბამისად, სადაზღვევო რისკებს განეკუთვნება: ავტოტრანსპორტის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ა.შ. ასევე გათვალისწინებულია კონკრეტული შემთხვევისათვის ზიანის ანაზღაურების წესი და პროცედურა.

 

ამასთან, ავტოტრანსპორტის დაზღვევის ზოგად პირობებთან პარალელურად, მხარეებს შორის შეთანხმებული იქნა დამატებითი დაფარვის პირობები, ამ პირობების დადგომის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესი და პროცედურა.

 

Nკ--–00------- დაზღვევის ხელშეკრულების დანართით ასევე განისაზღვრა შემდეგი: დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების შემთხვევაში, როდესაც სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში. გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობის და დაკავების შეუძლებლობის გამო. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------- პ-----–---მა და გ------- ც-–--–---მ დაარღვიეს მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებების პირობები, რის შედეგადაც კრედიტორმა მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნის დაკმაყოფილების ღონისძიებებს. თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება და მათზე აღსრულების მიქცევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნება უნდა განიმარტოს იურიდიულ-დოგმატური მეთოდოლოგიის (ე.ი. გარიგებათა განმარტების მეთოდოლოგიის) საფუძველზე. არსებობს განმარტების

„სუბიექტური“ (ანუ ნების) და „ობიექტური“ (ანუ გამოხატვის) თეორიები. ნების თეორიის საფუძველზე თითოეული ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ანალიზის შედეგად უნდა განიმარტოს მხარეთა ნამდვილი ნება. მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. გამოხატვის თეორია უპირატესობას ანიჭებს ნების გარეგნულ გამოხატულებას, ე.ი. გამოხატვას და ამას ხსნის იმით, რომ სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა სხვაგვარად წარმოუდგენელია. რთულია შემთხვევები, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადების დროს კი განსაზღვრეს გარკვეული პორობა, მაგრამ თითოეულმა მათგანმა მასში განსხვავებული აზრი ჩააქსოვა ანდა ერთ-ერთს მოგვიანებით შეეცვალა აზრი ნაგულისხმევზე. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი მხარეთა „საერთო ნებაზე“. გადამწყვეტი ამ დროს არის ის მნიშვნელობა, რომელსაც გონიერი ადამიანი მოცემულ გამონათქვამებს მიანიჭებდა და უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებდა იგი გამოთქმულ პირობებს საქმის კონკრეტულ, მნიშვნელოვან გარემოებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 338-ე მუხლით, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. შესაბამისად, სასამართლომ განმარტებისას უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ პირობას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ხელშეკრულების შინაარსს, მის სხვა პირობებში ასახულ მიზნებს. წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულების პირობების ერთობლივი, სისტემური, ლოგიკური და ხელშეკრულების შინაარსის შესაბამისი განმარტების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელშეკრულების მე-3 მუხლი მოიცავს შეთანხმებას სპეციალურ რისკზე და მოცემული სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას დამატებით დაფარვის პირობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა შესაბამისობაშია მხარეთა შორის შეთანხმებულ სპეციალურ შემადგენლობასთან - დაფარვის დამატებით პირობასთან და დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ანუ მე-3 მუხლი კონკრეტული შემთხვევის მარეგულირებელი სპეციალური წესია, რომელიც მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალური სუბიექტის საქმიანობისათვის, როგორიცაა საფინანსო კომპანია, რომლის საქმიანობის საგანიც სესხების გაცემაა.

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მითითებულ სამართლის ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო შემთხვევა, არ შედის დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკებში. სასამართლოს შეფასებით, დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა შესაბამისობაშია მხარეთა შორის შეთანხმებულ სპეციალურ შემადგენლობასთან - დაფარვის დამატებით პირობასთან და დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. შესაბამისად, მას გააჩნია უპირატესი მოქმედების ძალა ხელშეკრულების სხვა სტანდარტულ პირობებთან მიმართებაში. თავის მხრივ, აღნიშნული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მიხედვით, საკმარისი სამართლებრივი საფუძველია სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

2.11. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო ვალდებული არ არის დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს ან შეაფასოს მხარეთა ყველა მოსაზრება და არგუმენტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არ აქვს მნიშვნელობა გაუჩინარებული ავტომანქანების მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს, ვინაიდან სადავო საკითხი არ რეგულირდება მოპასუხის მიერ მითითებული ხელშეკრულების პირობებით.

 

ასევე უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო თანხა თითოეულ ავტომობილზე შეადგენს 15 000 აშშ დოლარს, შესაბამისად, უსაფუძვლოა თანხის კალკულაციისას მოსარჩელის მიმართ დაგროვილი პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაანგარიშება. სასარჩელო მოთხოვნა თითოეულ მანქანასთან მიმართებით არ აღემატება სადაზღვევო თანხას, ასევე გამოკლებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზა.

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

2014 წლის 04 ნოემბრის დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოხდა დაზღვეული ავტომობილების ქვეყნის საზღვრებიდან გაყვანა. სადაზღვევო პოლისები ხელშეკრულების დანართი 01-ის 7.2. პუნქტის თანახმად ძალაში შედის სადაზღვევო პერიოდის დასაწყისის დღის 24:00 საათზე. სადაზღვევო პოლისი K----------------ის სადაზღვევო პერიოდის დასაწყისის თარიღად განსაზღვრულია 2015 წლის 16 აპრილი, ხოლო ავტომობილი არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაყვანილია 2015 წლის 16 აპრილის 23:38 საათზე რაც ნიშნავს რომ ავტომობილი სადაზღვევო შემთხვევა დადგა პოლისის ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის აბსოლუტურ საფუძველს.

 

აპელანტის აზრით სადაზღვევო ანაზღაურება გამორიცხულია, ვინაიდან ხელშეკრულების დანართი N 01-ის საერთო პირობების 1.1.17 და 10.1 პუნქტების მიხედვით დაზღვევის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ სადაზღვევო პოლისებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დაზღვევის პოლისებით დაზღვევის გავრცელების ტერიტორიად განსაზღვრულია მხოლოდ საქართველო. ასევე დარღვეულია ხელშეკრულების დანართი N02-ის 3.5. და დანართი N 01-ის 6.1. პუნქტების მოთხოვნები ვინაიდან, ავტომობილზე უფლებამოსილ მძღოლებად პოლისის თანახმად განსაზღვრული არიან ო-–-- ბ-----–--- და გ------- ც-–--–---.

 

3.1.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ მზღვეველის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 829-ე მუხლი, რომლის თანახმად მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აპელანტის აზრით მოსარჩელემ, როგორც მეწარმე სუბიექტმა, არ მიიღო ის ზომები, რომლებიც გამორიცხავდა ავტომობილის საზღვრის კვეთას. სწორედ მოსარჩელის უხეშმა გაუფრთხილებლობამ გამოიწვია ის, რომ ავტომობილებმა გადაკვეთეს საქართველოს საზღვრები და აღნიშნული გარემოება ასევე გამორიცხავს მზღვეველის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

აპელანტის განმარტებით მზღვეველს ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში ეკისრება. ხელშეკრულების დანართი N 01-ის ,,ძარის დაზღვევის პირობებით'''' ამომწურავად დადგენილია დაზღვეული რისკის კატეგორიები რომელთა დადგომის შემთხვევაშიც ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევა. მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა დაზღვეული ავტომობილების ხელშეკრულებით განსაზღვრული დაზღვეული რისკის შედეგად გაუჩინარების ფაქტი.

 

აპელანტის განმარტებით დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს (ამასთან არ დასრულება ჯერ) თაღლითობისა და ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, შეძენის, შენახვის, გასაღების ან გამოყენების საფუძვლით, რაც არ წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დაზღვეულ რისკს და გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. აპელანტის მიერ სადავოდ არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავო გარემოებების სახით დადგენილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1 – 3.1.7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.

 

4.1.2. ერთი მხრივ ს- სადაზღვევო კ-------- ,,კ----------ს’’ და მეორე მხრივ შ-- ,,კ-------- ლ--------ს’’ შორის 04.11.2014 წელს დაზღვევის სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის სალომბარდო და დაზღვევის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობა, ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების 2.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების საფუძველზე გასაწევი სადაზღვევო მომსახურება განხორციელდებოდა ,,ავტომობილის დაზღვევის პირობების’’ და ,,დაგირავებული, ექსპლუატაციაში მყოფი (მართვის უფლების პირობით) ავტომობილის დაზღვევის სპეციფიკური პირობების შესაბამისად. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ,,ავტომობილის დაზღვევის პირობები K----------’’ და ,,დაგირავებული ავტომობილების დაზღვევის სპეციფიკური პირობები’’ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

 

ავტომობილის დაზღვევის პირობების K---------- A1.1. პუნქტის მიხედვით ავტომობილის დაზღვევა მოიცავს დაზღვეული ავტომობილის დაზიანებას, დაკარგვას ან სრულ განადგურებას, გამოწვეული დაზღვეული რისკების დადგომის შედეგად. ავტომობილის დაზღვევის პირობების A1.2. პუნქტის მიხედვით დაზღვეული რისკებია: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი აფეთქება, სტიქიური მოვლენები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, და ვანდალიზმი, საგნის გადაცემა.

 

დაზღვევის სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ 04.11.2014წ. ხელშეკრულების მე-3 პუნქტით მხარები ანგარიშსწორების წესზე შეთანხმდნენ. კერძოდ, 3.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაზღვეული ავტომობილის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების/დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც დამგირავებელი არ ასრულებს რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს, კერძო აღმასრულებლისთვის გირავნობის მოწმობის იძულების აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ ლომბარდის მიერ მზღვეველისთვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში.

 

4.1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებლებმა, რომელთა ვალდებულებაც მოსარჩელის მიმართ უზრუნველყოფილი იყო რეგისტრირებული გირავნობით დაარღვიეს ხელშეკრულებების პირობები, რის საფუძველზეც კრედიტორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნის დაკმაყოფილების ღონისძიებებს მიმართა, თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება და მათზე აღსრულების მიქცევა.

 

4.1.4. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა: 1. ზიანი დადგა თუ არა დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის/რისკების განხორცილების შედეგად და 2. დაწყებული იყო თუ არა დაზღვევა (ს-კ-ის 806- მუხლის პირველი ნაწილი) 16.04.2015წ. #K--------------- დაზღვევის პოლისის საფუძველზე.

 

აპელანტის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ზიანი დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის/რისკების განხორციელების შედეგად არ დამდგარა, ანუ მოვლენა, რასაც ეფუძნება მოთხოვნა, არ წარმოადგენს სადაზღვევო რისკს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება მიაპყროს საკასაციო პალატის 23.03.2018 წლის განჩინებაზე საქმეზე №ას-278-278-2018; საგულისხმოა აღნიშნოს, რომ დასახელებულ საქმეში, ისევე როგორც წინამდებარე დავაში მოსარჩელე მხარეს შ-- ,,კ-------- ლ---------’’, ხოლო მოპასუხე მხარეს სადაზღვევო კომპანია წარმოადგენდა, მხარეები კი სადაზღვევო რისკის განხორცილებაზე დავობდნენ, კერძოდ, ხელშეკრულების სართო პირობებით რეგულირებული ე.წ. დამატებითი დაფარვის პირობის (დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების შემთხვევაში, როდესაც სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში, გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში (თუ ამ პერიოდში ავტომანქანა არ იქნება ნაპოვნი) ამოქმედება უკავშირდებოდა მხოლოდ რისკების ჩამონათვალში მითითებული მოვლენით გამოწვეულ სადაზღვევო შემთხვევებს, თუ დამატებითი დაფარვის პირობა თავად მოიცავდა შეთანხმებას სპეციალურ რისკზე. ზემოაღნიშნული განჩინებით საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ხელშეკრულების სართო პირობებით რეგულირებული ე.წ. დამატებითი დაფარვის პირობა (დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების შემთხვევაში, როდესაც სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლისათვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტების წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში, გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობისა და დაკავების შეუძლებლობის გამო, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში (თუ ამ პერიოდში ავტომანქანა არ იქნება ნაპოვნი) მოიცავდა შეთანხმებას სპეციალურ რისკზე და მოცემული სადაზღვევო შემთხვევა წარმოშობდა ანაზღაურების ვალდებულებას დამატებით დაფარვის პირობის გამო. ანუ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო პირობებით რეგულირებული ე.წ. დამატებითი დაფარვის პირობა კონკრეტული შემთხვევის მარეგულირებელ სპეციალურ წესს წარმოადგენდა, რომელიც მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალური სუბიექტის საქმიანობისათვის, როგორიცაა საფინანსო კომპანია, რომლის საქმიანობის საგანიც სესხების გაცემაა.

 

ამრიგად, მსგავს საკითხზე საკასაციო პალატის მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ არგუმენტს, რომ დაზღვევის სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ 04.11.2014 წლის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით რეგულირებული პირობის ამოქმედება მხოლოდ რისკების ჩამონათვალში მითითებული მოვლენით გამოწვეულ სადაზღვევო შემთხვევებს უკავშირდებოდა. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მასზედ, რომ დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა შესაბამისობაშია მხარეთა შორის შეთანხმებულ სპეციალურ შემადგენლობასთან - დაფარვის დამატებით პირობასთან და დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ანუ ხელშეკრულების 3.2. პუნქტი კონკრეტული შემთხვევის მარეგულირებელი სპეციალური წესია, რომელიც მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალური სუბიექტის საქმიანობისათვის, როგორიცაა საფინანსო კომპანია, რომლის საქმიანობის საგანიც სესხების გაცემაა.

 

4.1.5. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს მასზედ, რომ რადგან გირავნობის საგანმა, ქვეყნის ტერიტორია 16.04.2015 წელს #K--------------- პოლისის ძალაში შესვლამდე დატოვა, აღნიშნული ფაქტი მას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან ათავისუფლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს 04.11.2014 წლის ხელშეკრულების იმ არსებით პირობაზე, რომლითაც მხარეებმა სადაზღვევო რისკი განსაზღვრეს და რომლითაც მოსარჩელე მხარე მოპასუხეს სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას ედავება. კერძოდ, 04.11.2014 წლის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით სადაზღვევო რისკი განსაზღვრულია შემდეგი ფორმულირებით: დაზღვეული ავტომობილის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც დამგირავებელი არ ასრულებს რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და სესხის უზრუნველყოფის საგნის დამზღვევის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადასვლა ან/და რეალიზაცია ვერ ხერხდება საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს/კერძო აღმასრულებლისთვის გირავნობის მოწმობის იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობის და დაკავების შეუძლებლობის გამო, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული 2 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ ლომბარდის მიერ მზღვეველისთვის წერილობითი მიმართვიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში. მხარეებს შორის გაფორმებული დაზღვევის სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ერთობლივი ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ამ ხელშეკრუკლების ფარგლებში შ-- ,,ლ--------ის’’ დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა დამგირავებლის მხრიდან რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებელობა და იძულებითი აღსრულების ფარგლებში უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობა გირავნობის საგნის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების/დაკარგვის (ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობის და დაკავების შეუძლებლობის) გამო. შესაბამისად, სადაზღვევო პოლისის გაცემის დღის ოცდაოთხ საათამდე, ანუ დაზღვევის დაწყებამდე გირავნობის საგნის ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა მიჩნეული ვერ იქნება დაზღვევის დაწყებამდე დამდგარ შემთხვევად, რადგან როგორც უკვე აღინიშნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაზღვეული რისკი იყო არა გირავნობის საგნის გაუჩინარება ზოგადად, არამედ ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობა აღმასრულებლის მიერ გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობის და დაკავების შეუძლებლობის გამო. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზღვევის პოლისის გაფორმების და გირავნობის საგნის ქვეყნიდან გაყვანის დროს ვადამოსული არ ყოფილა რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, პალატა ასკვნის, რომ გირავნობის საგნის ქვეყნიდან გაყვანით სადაზღვევო შემთხვევა არ დამდგარა და ის მას შემდეგ დადგა, რაც მოსარჩელემ იძულებითი აღსრულების დაწყების მიუხედავად ვერ შეძლო ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილება გირავნობის საგნის ფიზიკური ადგილსამყოფელის დაუდგენლობის და დაკავების შეუძლებლობის გამო.

 

4.1.6. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები შ-- ,,კ-------- ლ---------ს’’ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს- ,,თ----------------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /