განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
330210018002317625
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002317625

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6108-18 13 ივნისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს „იმ-“

 

წარმომადგენელი - მა-------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ემ-----------------ი“

 

წარმომადგენელი - ლი---–----–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე შპს „იმ--მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ემ-----------------ის“ წინააღმდეგ მიმართა და 10 100 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „იმ--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება შპს „იმ--მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. მოსარჩელესა (შემკვეთი) და მოპასუხეს (მენარდე) შორის ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზე მოპასუხეს საკუთარი მასალით უნდა შეეკერა და მოსარჩელისათვის 200 ცალი ზამთრის უნიფორმა დამკვეთის მიერ წინასწარ მიწოდებული ზომების შესაბამისად, უნდა მიეწოდებინა. თითოეული უნიფორმის ფასი 115 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 23 000 ლარს შეადგენდა (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

6. ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთმა მენარდეს პროდუქციის მიღებამდე ეტაპობრივად გადაუხადა 12 900 ლარი, კერძოდ, 2015 წლის 8 იანვარს გადაუხადა 2000 ლარი, 2015 წლის 15 იანვარს - 2500 ლარი, 2015 წლის 30 იანვარს - 2400 ლარი, 2015 წლის 6 თებერვალს - 6 000 ლარი. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან მოპასუხეს 10 100 ლარი დარჩა გადასახდელი (ს.ფ. 16-22).

 

7. 2015 წლის 16 და 17 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს 200 უნიფორმა მიაწოდა (ს.ფ. 15).

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ შპს „იმ--ს“ მიერ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა, რის თაობაზეც შემკვეთმა პრეტენზია გამოთქვა, მენარდის მიერ ნაკლის გამოსწორება არ მომხდარა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად კი, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. უდავოა, რომ მხარეთა შორის ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, შემკვეთმა მენარდეს 200 ერთეული სამედიცინო ფორმის დამზადება დაუკვეთა. საქმის მასალებით არ დგინდება მხარეების მიერ შეკვეთილი პროდუქციის კონკრეტულ ხარისხობრივ ელემენტზე შეთანხმების მიღწევა. ისეთ შემთხვევებს კი, როდესაც მხარეთა შორის ხარისხზე შეთანხმება არ ხდება სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლი აწესრიგებს, კერძოდ, ნაკეთობა, ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ვინაიდან სააპელაციო საჩივრით მხარე ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნაკეთობის ნაკლის მქონედ მიჩნევას, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს სწორედ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა წარმოადგენს აპელანტი საწარმოს მიერ განხორციელებული შესრულება იყო თუ არა ნაკლის მქონე და შესაბამისად შემკვეთს მიღებული შეკვეთის საპასუხოდ ეკისრებოდა თუ არა ნარდობის სრული საფასურის გადახდის ვალდებულება.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია შემკვეთის მიერ მენარდისთვის გაგზავნილი ელექტრონული კომუნიკაცია. შემკვეთის მიერ 2015 წლის 05 მარტის წერილიდან დგინდება, რომ ამ დროისთვის მენარდის მიერ ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებული იყო (შემდგომი შესრულების ვადა 2015 წლის 06 მარტს დგებოდა), თუმცა, უკვე შეკერილი ფორმების ექიმებზე მორგების პრობლემა რჩებოდა. წერილში კონკრეტულადაა მითითებული შესრულების უხარისხობაზე, კერძოდ ძალიან ბევრ ფორმას დაეხა ჯიბეები, რამდენიმე მათგანზე აძვრა წარწერები. წერილის დასასრულს შემკვეთი მენარდეს ნაკლოვანებებზე რეაგირებას სთხოვს. 2015 წლის 11 მარტს, შემკვეთმა ხელმეორედ გაგზავნა წერილი, რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ მენარდის მიერ ვალდებულების შესულების ვადის დარღვევის გარდა, პრობლემაა მისი ხარისხიც, მიღებული შესრულება უხარისხოა, ზომები არ ემთხვევა შეკვეთილი ფორმების ზომებს. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას, თითქოს ხსენებული წერილები მათ არ მიუღიათ სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ ორივე წერილი გაგზავნილი იყო აპელანტი საწარმოს ოფიციალურ იმეილზე (ltd.img@gmail.com ), რომელიც ასევე, მითითებულია სამეწარმეო რეესტრის მონაცემებშიც. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ელექტრონული დოკუმენტების გაგზავნისა და მიღებისთვის სპეციფიური წესებია დადგენილი, აღნიშნული კი ელექტრონული მიმოწერის სპეციფიკითაა განპირობებული რა დროსაც მხარეს არ შეუძლია წარმოადგინოს საბუთი შეტყობინების ჩაბარების თაობაზე. თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის. როდესაც შეტყობინება გაგზავნილია საწარმოს ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული მისამართი სწორია მიიჩნევა, რომ წერილი ადრესატის საინფორმაციო სისტემაში ხვდება და იგი ადრესატისთვის ხელმისაწვდომია. საწინააღმდეგო პრეზუმფციის დაშვება საფრთხის ქვეშ დააყენებდა თანამედროვე ბიზნესში კომუნიკაციის გაცვლის რაპიდულობას რაც, თავის მხრივ ცუდად იმოქმედებდა ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მენარდის მიერ ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი წერილი მეორე მხარის მიერ მიღებულად ითვლება თუ საწინააღმდეგოს დასადასტურებლად წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული შედავება, ასეთად კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული. ამასთან, მოსარჩელემ თავად წარმოადგინა იმავე ელექტრონული ფოსტიდან მოპასუხის მიერ გაგზავნილი შეტყობინების ამონაბეჭდი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარე იღებდა მოპასუხისაგან შეტყობინებებს ამ ფოსტაზე.

 

9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს, რაც სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლით არის განმტკიცებული, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლი).

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულვები პრეზუმფციის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ ნაკეთობის ნაკლის გამო საზღაურის შემცირების არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია. საქმის მასალებიდან ცალსახადაა დადგენილი, რომ შემკვეთის თხოვნაზე გამოსწორებულიყო შეკვეთის ხარისხი მენარდეს რეაგირება არ მოუხდენია, ამდენად, კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული მოწესრიგებიდან შემკვეთმა თვითონ აირჩია ფასის შემცირების შესაძლებლობა აპელანტს კი, სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება თუ რა ღირებულებით ამცირებდა არსებული ნაკლი დამზადებული ნაკეთობის ფასს და შემკვეთმა გადამეტებულად შეამცირა თუ არა ღირებულება. შესაბამისად სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ შემკვეთის მიერ გადაუხდელი თანხა 10 100 ლარის ოდენობით შეკვეთის ნაკლის გამოსწორების საფასურში უნდა ჩაითვალოს და მისი ანაზღაურების ვალდებულება შემკვეთს არ უნდა დაეკისროს.

 

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აღიარებით ვლინდება. სამოქალაქო პროცესის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესებს შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე, უმთავრესად თვითონ არის პასუხისმ-ებელი მის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა და შემკვეთმა მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებად შესრულების ნაკლოვანებაზე მიუთითა, სწორედ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანებების მტკიცება. ამ მიმართებით შემკვეთმა წარმოადგინა, როგორც მენარდის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნილი გაფრთხილებები ასევე, უზრუნველყო სასამართლოში მოწმეთა გამოცხადება, რომელთა გამოკითხვითაც ცალსახად დადგინდა, რომ შეკერილი ფორმები იყო უხარისხო და ფაქტობრივად გამოუსადეგარი, ელვა შესაკრავები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ჯიბეები გაიხა, წარწერები ასძვრა, ზომები შეუსაბამო იყო და ასე შემდეგ. ხსენებული მტკიცებულებების გაქარწყლება მენარდემ ვერ შეძლო, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, კი რომ ზომებში ცდომილება საწარმოში დასახელებული ექიმების შეცვლით იყო გამოწვეული გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი არა მხოლოდ ზომების ცდომილებას არამედ, სხვა ნაკლოვანებებსაც უკავშირდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, შემკვეთის მიერ ნაკლიანი შესრულების საპირისპირო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 403 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „იმ--ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია