განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
330210018002519739
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002519739

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი თბილისი

საქმე №2ბ/2229-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მოსამართლე)- დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - სს „მ---------------------ი“ (შპს „მ---------------------ი“-ს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი: ნ--------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ა----–--ე, ლ-–-------ანიძე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2016 წლის 30 სექტემბერს შპს ,,მ---------------------სა“ და მ------ ა----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №T----------, რომლის საფუძველზე გაცემული - №T---------- სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მ------ ა----–--ეს თვეში 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადეცა სესხი - 2466 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მ------ ა----–--ის კუთვნილი ავტომობილი - ბ-------. ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განისაზღვრა ერთჯერადი ჯარიმა - გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 30 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით.

 

2. 2016 წლის 30 სექტემბერს შპს ,,მ---------------------სა“ და ლ-–-------ანიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ლ-–-------ანიძემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - მ------ ა----–--ეს მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 9000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3. მ------ ა----–--ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს ,,მ---------------------ს“ შორის 30.09.2016წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ სრულად იქნა გადახდილი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ 13 თვის გადასახადი. რაც შეეხება მე-14 თვის გადასახადს, ნაცვლად გადასახდელი 131 აშშ დოლარისა გადახდილ იქნა მხოლოდ 130 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე გადახდა აღარ განხორციელებულა.

 

4. 2018 წლის 12 აპრილს და 2018 წლის 04 მაისს შპს ,,მ---------------------ის“ მიერ მსესხებელს მ------ ა----–--ეს და ლ-–-------ანიძეს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. აღნიშნული წერილობითი შეტყობინება ლ-–-------ანიძეს ჩაბარდა 2018 წლის 14 აპრილს, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია. ხოლო, მ------ ა----–--ეს წერილობითი შეტყობინება ვერ ჩაბარდა.

 

5. 2016 წლის 30 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №T---------- ხელშეკრულებით განსაზღვრული გირავნობის საგანი - ავტომობილი ბ------- განადგურებულია.

 

6. 2018 წლის 28 ივნისს შპს „მ---------------------ის“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, 30.09.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, მ------ ა----–--ესა და ლ-–-------ანიძეს შპს „მ---------------------ის“ მიმართ, 2018 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, ერიცხებათ დავალიანება - 2834.88 აშშ დოლარის ოდენობით.

 

7. შპს „მ---------------------მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების მ------ ა----–--ის და ლ-–-------ანიძის მიმართ და ითხოვა მ------ ა----–--ესა და ლ-–-------ანიძეს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 1888.29 აშშ დოლარის, სარგებლის - 523.67 აშშ დოლარის, ჯარიმის - 30 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 392.92 აშშ დოლარის გადახდა;

 

7.1. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 30 სექტემბერს შპს ,,მ---------------------სა“ და მ------ ა----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №ტ-–---------, რომლის საფუძველზე საკრედიტო შეთანხმება №ტ-–----------ით მოსარჩელემ მსესხებელს ყოველთვიურად 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 2466 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 131 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 325 ი. სესხი, ასევე უზრუნველყოფილ იქნა ლ-–-------ანიძის სოლიდარული თავდებობით. კერძოდ, 2016 წლის 30 სექტემბრის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით, ლ-–-------ანიძე, 9000 აშშ დოლარის ფარგლებში, სოლიდარულ თავდებად დაუდგა მსესხებელს შპს „მ---------------------ის“ წინაშე. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გადახდილია 13 თვის გადასახადი სრულად. რაც შეეხება მე-14 თვის გადასახადს, ნაცვლად 131 აშშ დოლარისა გადახდილია 130 აშშ დოლარი, რომლითაც სრულად გაიქვითა იმავე თვის სარგებელი და ძირი თანხა შემცირდა 51.77 აშშ დოლარით. მე-14 თვის დარჩენილი ნაწილი და მომდევნო თვეების გადასახადი მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხის დავალიანება შპს „მ---------------------ის“ მიმართ შეადგენს შემდეგს: სესხი -1888.29 აშშ დოლარი; სარგებელი - 2017 წლის 31 დეკემბრისა და ყოველი მომდევნო თვის 31 რიცხვისათვის სესხის 4%, რაც შეადგენს 75.53 აშშ დოლარს. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია სრული 6 თვე და 28 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 523.67 აშშ დოლარს; ჯარიმა - 30 აშშ დოლარი გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღის გადაცილებისათვის; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 1.88 აშშ დოლარს). შესაბამისად, ვინაიდან 2017 წლის 01 დეკემბრიდან დღემდე გასულია 209 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს - 392.92 აშშ დოლარს. პირგასამტეხლო ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ს, თუმცა მოსარჩელის ნებით შემცირებულია ხუთჯერ. გირავნობის საგანი განადგურებულია. 2018 წლის 14 აპრილს და 2018 წლის 04 მაისს მოპასუხეებთან გაგზავნილ იქნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მიზნით, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეების მხრიდან დღემდე ვალდებულება არ შესრულებულა.

 

8. მოპასუხის პოზიცია

 

8.1. მოპასუხე მ------ ა----–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხე ლ-–-------ანიძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ---------------------ის“ სარჩელი მ------ ა----–--ისა და ლ-–-------ანიძის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ------ ა----–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის - 1888.29 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე მ------ ა----–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სარგებლის - 523.67 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე მ------ ა----–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 30 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე მ------ ა----–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 200 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ლ-–-------ანიძის მიმართ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ------ ა----–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 194.46 ლარის გადახდა. შპს „მ---------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ 2018 წლის 27 აპრილს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარიდან - 31.72 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1524811764.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

10.1. აპელანტის განმარტებით, არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას სოლიდარული თავდების ლ-–-------ანიძის ნაწილში, მხარეთა შორის არსებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ხელშეკრულების გაიგივებას როგორც ზნეობის საწინააღმდეგოდ დადებულ გარიგებად. სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში არასწორად უთითებს, რომ თითქოს ხელშეკრულების დადების მომენტში მოვალე უნდა იყოს გადახდისუნარიანი და მისი ქმედება უნდა იყოს გააზრებული და გონივრული განსჯის შედეგად მიღებული. სასამართლოს მიერ არასწორად არის განმარტებული ამორალური ხელშეკრულების ცნება და მოცემული თავდებობის ხელშეკრულების გაიგივება ამორალურ ხელშეკრულებასთან არის უსამართლო და არაკანონიერი. მხარეთა შორის თავდებობის ხელშეკრულების დადების მომენტში მოპასუხე იყო 20 წლის, ქმედუნარიანი პირი. მოპასუხე ლ-–-------ანიძეს არ წარმოუდგენია სასამართლო სხდომაზე შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ის წარმოადგენდა შემოსავლის არმქონე პირს, პირიქით მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა რომ მას გააჩნდა იმ პერიოდში სამსახური, მუშაობდა ბარმენად, ჰქონდა შესაბამისი ანაზღაურება.

 

10.2. აპელანტის განმარტებით, მხარის მიერ არათუ შესაგებელში, ასევე საქმის განხილვის ეტაპზეც არ ყოფილა პოზიცია დაფიქსირებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, პირიქით მოსამზადებელ ეტაპზე მხარემ ფაქტიურად ცნო სარჩელი ძირი თანხის ნაწილში და განაცხადა რომ, გადაიხდიდა ძირს, ხოლო არსებული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობა მას არ გააჩნდა. სასამართლოს გადაწყვეტილება არათანაზომიერ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს, დარღვეულია სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპი: მხარეთა შეჯიბრებითობა. ამასთან, რაიმე სახის შემზღუდველი ნორმა, მოხდეს თავდების ფინანსური შესაძლებლობის გადამოწმება და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს მასთან თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება არ არსებობს. მხარეები თვითონ წყვეტენ ვისთან მოხდეს თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება. უდავოდ დადგენილი არაა ასევე ის გარემოება, რომ მათ მიერ არ მოხდა მოცემული პირის გადამოწმება ე.წ. "კრედიტინფოში", მოცემულზე სასამართლო სხდომის განხილვისას არ გააჩნდა იმდროისთვის ინფორმაცია და დიდი ალბათობით მოხდებოდა თავდებობის ხელშეკრულების დადებისას პირის გადახდისუნარიანობის განსაზღვრა, რადგან კომპანია ყოველთვის ცდილობს თავდებობის ხელშეკრულება გააფორმოს ისეთ პირთან, რომელსაც არ გააჩნია ვადაგადაცილებული მიმდინარე ვალდებულება სხვა რომელიმე კომპანიასთან, თუმცა მოპასუხე ლ-–-------ანიძის მიერ არ გამხდარა მოცემული გარემოება არც შესაგებლით და არც საქმის განხილვის ეტაპზე სადავო. სასამართლოს მიერ სოლიდარული თავდებობის ბათილად ცნობა, მისი როგორც ამორალური გარიგებად მოაზრება, ყველა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებაზე, სადაც არ იქნება დადასტურებული პირის შემოსავლები უნდა ჩაითვალოს ბათილ გარიგებად -- ამორალურ ხელშეკრულებად, რაც არასწორია და არაკანონიერს ხდის მიღებულ გადაწყვეტილებას ლ-–-------ანიძის ნაწილში.

 

10.3. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ “გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას... ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აზრით გარიგება ამორალურია, თუ “ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების, მისი შინაარსის მიმართება ზნეობასთან. მაგალითად, საპროცენტო განაკვეთის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის (ყოველთვიური 30%) მიმართება ზნეობასთან. 54-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას იმის თაობაზე, რომ კანონსაწინააღმდეგო, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგება არის ბათილი, მაგრამ ნორმა კონკრეტულად არ განსაზღვრავს ბათილობის არც პირობებს და არც სახეებს. აქედან გამომდინარე, გასაზიარებელია მოსაზრება, რომ 54-ე მუხლი მხოლოდ ბლანკეტურ, მითითებით მუხლს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილად მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველთვის კანონის კონკრეტული ნორმის მითითება. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას სრულად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სს „მ---------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სესხისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი /სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი/ ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილი /მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი/, სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლი /თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა/

 

13. აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებას სადაოდ ხდის სოლიდარული თავდების ლ-–-------ანიძის მიმართ არსებული თავდებობის ხელშეკრულების, როგორც ზნეობის საწინააღმდეგოდ დადებული გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილების 1-6 პუნქტებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

„სსკ-ის 54-ე მუხლის თაობაზე მსჯელობისას, დოქტრინაში გამოთქმული არაერთი მოსაზრებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ნორმა ზოგადდეფინიციური ხასიათისაა, ბლანკეტურ, მითითებით მოწესრიგებას წარმოადგენს... მარტოოდენ 54-ე მუხლი სხვა ნორმების, რომლებიც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიცავენ, მითითების გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ გარიგების შინაარსის შესაფასებლად, შესაძლებელია დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული დასახელებული მუხლი, როდესაც გარიგების ამორალურობას უკავშირდება სადავო საკითხი, თუმცა, ასეთ ვითარებაში, დამატებით შესაძლოა კონტრაჰენტთა ქმედებების შეფასება მოხდეს სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების მასშტაბითაც, რათა დადგინდეს არა მხარეების სუბიექტური დამოკიდებულება გარიგებისდმი (მისი კონკრეტული პირობისადმი), არამედ ობიექტური გარემოებების შეფასების საფუძველზე, რაც გარიგების შინაარსის ზნეობის ნორმებთან შესატყვისობას ეხება, გაირკვეს ამორალურია თუ არა მხარეთა შეთანხმება. სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ზნეობის საწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაში, გარიგებით მიღებული სარგებლის დაბრუნება კრედიტორმა მოვალეს შესაძლებელია მოსთხოვოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების... ,საფუძველზე“ (იხ. სუსგ # ას-212-201-2017, 15.05.2017წ.; შდრ. სუსგ-ებს: # ას-225-215-2016; # ას-761-729-2016).

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინატანციის სასამართლო სს „მ---------------------სა“ და ლ-–-------ანიძეს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებას ბათილად მიიჩნევს იმ საფუძვლით, რომ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის - 2016 წლის 30 სექტემბერს, ლ-–-------ანიძე იყო 20 წლის, სტუდენტი და არ გააჩნდა სტაბილური სამსახური და შემოსავალი. ამასთან, დადასტურებული არ არის ის გარემოება, მოსარჩელის მიერ შემოწმებულ იქნა თუ არა ლ-–-------ანიძის გადახდისუნარიანობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კი გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადის ოდენობა შეადგენდა - 131 აშშ დოლარს.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარის მიერ არათუ შესაგებელში, ასევე საქმის განხილვის ეტაპზეც არ ყოფილა პოზიცია დაფიქსირებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, მოსამზადებელ ეტაპზე მხარემ ფაქტიურად ცნო სარჩელი ძირი თანხის ნაწილში და განაცხადა რომ, გადაიხდიდა ძირ თანხას, ხოლო არსებული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობა მას არ გააჩნდა. 2018 წლის 27 ნოემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე ლ-–-------ანიძემ განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში იყო სტუდენტი, მუშაობდა ბარმენად, ჰქონდა არასტაბილური სამსახური. (12:09სთ)

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას საქმეზე ას-201-2019, სადაც აღნიშნულია, რომ მოპასუხეს შესაგებელი წარმოდგენილი აქვს, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, რამეთუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს. (პ.201. სუსგ №ას-664-635-2016 2 მარტი, 2017 წელი).

 

ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს. (საქმე №ას-272-272-2018)

 

კონკრეტულ შემთხვევაში თავდებს ლ-–-------ანიძეს წარმოდგენილი შესაგებლით თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ მიუთითებია და უფრო მეტიც, აღნიშნული სხდომაზეც არ გაუხდია სადავო.

 

14. გარდა აღნიშნულისა სასამართლოს მიერ უდავოდ არ არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „მ---------------------ის“ მიერ არ მოხდა ლ-–-------ანიძის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება ე.წ. "კრედიტინფოში", მით უფრო მაშინ, როდესაც აღნიშნული მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გახდა კვლევის საგანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში თავდების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება შედავებული არაა, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინიციპიდან გამომდინარე, რაც ასევე გამორიცხავს თვდებობის ხელშეკრულების ამორალურ და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ მოაზრებას.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ რომ მხარეთა შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების დებულებები, არ არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვას, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც გამოიწვევდა ხელშეკრულების ბათილობას. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, კერძოდ: უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

15. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეს/მოპასუხე ლ-–-------ანიძეს სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში უნდა დაეკისროს 310 (სამას ათი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „მ---------------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების 1.1; 1.2; 1.3; 1.4. პუნქტებით და ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით მ------ ა----–--ისათვის დაკისრებული თანხები, ამ უკანასკნელთან ერთად სოლიდარულად გადახდეს მოპასუხე (თავდებს) ლ-–-------ანიძეს.

4. მოპასუხე ლ-–-------ანიძეს დაეკისროს სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 310 (სამას ათი) ლარის ანაზღაურება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი