განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002087798 (საქმე №3ბ/1037-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - შოთა გეწაძე, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ა“;
წარმომადგენელი - ლ---- ბ--–----ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;
წარმომადგენელი - გ-----------------ა, გ--------------–--ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.აპელანტის მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, წ-------–ის ქ. №9- ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ი----------–---–--------–-----------------–----ა“.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ა“ წარმოადგენს რეგისტრირებულ სუბიექტს და მისი დირექტორია გ--–- გ----–---–ი.
დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 01 სექტემბერს, შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სახელზე, მდებარე ქ. თბილისში, წ-------–ის ქ. №9-ში (ნაკვეთი №0-----), გასცა სტაციონალური დაწესებულების ნებართვა. მითითებული ნებართვის დანართებით დგინდება, რომ შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ შეეძლო განეხორციელებინა სამედიცინო საქმიანობა შემდეგ სახეებში: რეანიმაცია, სამეანო -გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობა - გინეკოლოგია, ქირურგიული პროფილის საქმიანობა, ონკოლოგია, რადიოლოგიური საქმიანობა - რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა, ხოლო 2014 წლის 22 ოქტომბრიდან - ინტერვენციული კარდიოლოგია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08.06.2016წ. (ს.ფ. 61-62);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 25.01.2016წ.) (ს.ფ. 34-36);
- სანებართვო მოწმობა №0-----, დანართებით (ს.ფ. 63-69).
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ისანი - სამგორის სახანძრო - სამაშველო სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელმა, ამავე ისანი- სამგორის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის 2017 წლის 01 ივნისის №1-- განკარგულების საფუძველზე ჩაატარა ქ. თბილისში, წ-------–ის ქ. №9-ში მდებარე შპს „ი----------–---–----------------–----ის“ შენობა - ნაგებობის სახანძრო -ტექნიკური შემოწმება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობით, შემოწმების დროს გამოვლენილი სახანძრო - უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით, შპს „ი---------–---–--------------–----ას“ დაევალა განსაზღვრულ ვადაში, სავალდებულოდ, შეესრულებინა შემდეგი ღონისძიებები: 1. 2017 წლის 01 აგვისტომდე - კლინიკის თანამშრომლებს ჩაუტარდეს სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით; 2. 2017 წლის 01 ოქტომბრამდე - შეკეთდეს და შემდგომში უზრუნველყოფილი იქნეს კლინიკის შენობა - ნაგებობებში სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებელი სისტემის გამართული მუშაობა; 3. 2017 წლის 01 სექტემბრამდე - არსებული ცეცხლმაქრები გადაიმუხტოს; 4. 2017 წლის 01 ოქტომბრამდე - კლინიკის მთელი შენობისათვის შედგენილი იქნეს ევაკუაციის გეგმები, ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ის „ევაკუაციის გეგმის შედგენის წესის“ მოთხოვნების მიხედვით; 5. 2018 წლის 01 ივნისამდე - დამონტაჟდეს სახანძრო ავტომატური სიგნალიზაცია კლინიკის სხვენში და სარდაფში; 6. 2017 წლის 01 ნოემბრამდე - კლინიკის შენობა - ნაგებობების სხვენის კონსტრუქციები დამუშავდეს ცეცხლგამძლე ხსნარით; 7. 2018 წლის 01 მარტამდე - კლინიკის შენობის ორივე სართულისათვის მოეწყოს საევაკუაციო გასასვლელი; 8. 2017 წლის 01 დეკემბრამდე - კლინიკის შენობაში არსებული ჟანგბადის ბალონები გატანილი იქნას შენობის გარეთ და განთავსდეს უწვ კედელთან, ფანჯრის და კარების ღიობიდან არანაკლებ 4 (ოთხი) მეტრის მანძილზე მოწყობილ კარადაში ან უწვ მასალის ერთსართულიან მინაშენში; 9. 2017 წლის 01 აგვისტომდე - კლინიკის შენობის სხვენიდან და სარდაფიდან გატანილი იქნეს წვადი სამშენებლო ნარჩენები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობა შესასრულებლად მიიღო გ. გ----–---–მა, 2017 წლის 14 ივნისს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის უფროსის 2017 წლის 01 ივნისის №2--------- განკარგულება (ს.ფ. 116);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობა (ს.ფ. 24-26).
შპს „ი----------–---–---------–-------------------–----ამ“ 2017 წლის 14 ივლისს გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ამ“ 2017 წლის 14 აგვისტოს განცხადებით დამატებით წარადგინა ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალები და ფოტომასალა.
დადგენილია, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა შპს „ი---------–---–--------–-----------------–----აში“ დასაქმებულ 44 პირს 2015 წლის 14-20 ოქტომბერს და 18 პირს - 2016 წლის 15-18 დეკემბერს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ 2017 წლის 14 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 27-30);
- შპს „ი-----------–---–----------–--------------------–----ას“ 2017 წლის 14 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 17);
- ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალები (ს.ფ. 38-40).
დადგენილია, რომ შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ის“ 2017 წლის 14 ივლისის საჩივართან დაკავშირებით, 2017 წლის 09 აგვისტოს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №8- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ის“ საჩივარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 09 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი №1, CD დისკთან ერთად (ს.ფ. 104-105, 107);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №8- ბრძანება (ს.ფ. 98-103).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი და განმარტა, რომ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა არა კონკრეტული კანონმდებლობის მოქმედების პერიოდში, არამედ მუდმივად, როგორც ობიექტის უშუალოდ მშენებლობის პროცესში, ასევე, ამ ობიექტის არსებობის დროსაც. სამოქალაქო უსაფრთხოება, მათ შორის, სახანძრო მოთხოვნების დაცვა, ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც უნდა დაიცვას ყველა ადამიანმა და მით უმეტეს, ისეთი ობიექტის მესაკუთრემ, სადაც მუდმივად იმყოფებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მოთავსებულ პირებთან ერთად იქ დასაქმებული პირებიც.
შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მათ უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება არა მხოლოდ იქ დასაქმებული პირებისა, არამედ ისეთი ადამიანების, რომელთა ჯანმრთელობას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მათ მიმართ მაღალი სტანდარტების დაწესება და უფრო მეტი სიზუსტით კანონმდებლობის შესრულების მოთხოვნა არ წარმოადგენს მათი უფლებების დარღვევას. სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების დროს, შენობა - ნაგებობა არსებული სახით არ შეესაბამება სახანძრო მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, იგი აშენებულია თუ არა მშენებლობის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრე ვალდებულია გამოასწოროს გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის, ობიექტის რეკონსტრუქციის გზით, და სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს უსაფრთხოების ნორმები, რათა სრულყოფილად უზრუნველყოს იქ მყოფ პირთა უსაფრთხოების დაცვა. სასამართლოს განმარტებით, სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანი და მეტი) საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა - ნაგებობებისათვის, შენობებისათვის, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აგრეთვე ხანძარსაშიში, მომეტებული აფეთქებახანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში საწარმოო და სასაწყობო დანიშნულების სათავსებისათვის (შენობა - ნაგებობები) უნდა შემუშავდეს ინსტრუქციები „სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ” (დანართი №2). შენობებისათვის, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უნდა იქნეს შემუშავებული სახანძრო უსაფრთხოების სპეციალური წესები, აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციის სპეციფიკისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 6 იანვრის №41 საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება უშუალოდ შემოწმების დროს გასაჩივრებულ მიწერილობაში მითითებული დარღვევების არარსებობის ფაქტი. მიუთითა, რომ მოსარჩელე რიგი დარღვევების გამოსწორების მიზანშეუწონლობას ხსნის მისთვის ობიექტური მიზეზებით, მათ შორის ფინანსური ხარჯებითა და შენობა - ნაგებობების ვიზუალურად დამახინჯებით.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №8- ბრძანების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა „ი---------–---–--------–-----------------–----ის“ საჩივარი) ბათილად ცნობის თაობის მოთხოვნის ნაწილში და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №8- ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ის“ საჩივარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობის 1-9 პუნქტებში ბათილად ცნობის თაობაზე, მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ.
3. შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა "სახანძრო უსაფრთოხების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" 2015 წლის 23 ივლისის N370-ე დადგენილების პირველი თავის მე-4 მუხლი, რაც აპელანტის განმარტებით, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ ნორმას წარმოადგენდა და რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნდა კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხში სწორი შეფასებისათვის და სწორედ აღნიშნული სამართლებრივი ნორმის არასწორად განმარტება გახდა საფუძველი უკანონო გადაწყვეტილების მიღების.
აპელანტის განმარტებით, 2015 წლის 23 ივლისის N370-ე დადგენილების პირველი თავის მე-4 მუხლი ამომწურავად, ნათლად და ცხადად იძლევა ნორმის განმარტებას, კერძოდ, არსებულ შენობა - ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლამდე მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის იმ დებულებების მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობა -ნაგებობებში ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობა -ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, ახალი საკანომდებლო ნორმები: 1. ვრცელდება სრულად 2015 წლის 23 ივლისის შემდგომ დაპროექტებულ და აშენებულ შენობებზე; 2. მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობის ჩატარების მიუხედავად სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, ახალი საკანონმდებლო ნორმები ვრცელდება თუ აღნიშნული შენობა ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას. 3. არ ვრცელდება 2015 წლის 23 ივლისამდე არსებულ შენობა - ნაგებობებზე იმ დებულებების მოთხოვნები, რომლებიც იწვევს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 2009 წლის 24 მარტის N57 საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას.
წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე მხარეს რომ გაევრცელებინა ორგანიზაციაზე დებულებების მოთხოვნები, უნდა არსებულიყო სამი შემთხვევიდან ერთი - ერთი მაინც, კერძოდ: 1. შენობა დაპროექტებული და აშენებული უნდა ყოფილიყო 2015 წლის 23 ივლისის შემდგომ; 2. ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უნდა უქმნიდეს ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას. 3. დებულებების შესრულებით არ უნდა გამოწვეულიყო მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, დროსთან მიმართებით ახალ რეგულაციებს უკუძალა ვერ მიეცემოდა. კლინიკა დაპროექტებულია და აშენებულია 2015 წლის 23 ივლისამდე, 2014 წელს და შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ახალ სახანძრო უსაფრთხოების წესებს უკუძალა ვერ მიეცემოდა, აღნიშნულს ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერი და გაცემული ნებართვები.
ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების საფრთხესთან მიმართებით წარმომადგენლის განმარტებით, ახალ რეგულაციებს უკუძალა ვერ მიეცემოდა, ვინაიდან, მისი დაპროექტება და აშენება მოხდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პრინციპებით გაცემული მშენებლობის ნებართვით, იმდენად რამდენადაც მშენებლობისას მათ მიერ სრულად იქნა დაცული სანებართვო პირობები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობების პრინციპების დაცვით, შენობა შევიდა ექსპლუატაციაში, ასევე გაიცა ნებართვები სამედიცინო საქმიანობის, რაც ცხადყოფს, რომ თუ შენობა ქმნიდა ადამიანთა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის პირდაპირ და აშკარა საფრთხეს, შენობაზე მშენებლობის ნებართვა არ გაიცემოდა, ასევე არ გაიცემოდა ექსპლუატაციის ნებართვა, ასევე არ გაიცემოდა სამედიცინო საქმიანობის ნებართვები.
აპელანტის განმარტებით, მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ შენობა სრულად არის აღჭურვილი სახანძრო უსაფრთხოების მატერიალურ - ტექნიკური ბაზით და დავის საგანი არის არსებულის გადაადგილება/შეცვლა, რითაც დასტურდება უსაფრთხოებისათვის ჩვენს კლინიკაში შესაბამისი აღჭურვილობისა და უსაფრთხო გარემოს არსებობის ფაქტი. წარმომადგენელი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული შენობა ქმნიდა ადამიანთა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის პირდაპირ და აშკარა საფრთხეს, მაშინ როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 თავის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, აღნიშნული მტკიცების ტვირთი აწევს ადმინიტრაციულ ორგანოს.
აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონი ამბობს არა ზოგადი საფრთხის შემცველობაზე (რაც ასევე არ არის), არამედ ისეთი სახის საფრთხეზე რომელიც არის პირდაპირი და აშკარა. გასათვალისწინებელად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ იკითხება რაიმე სახის ჩანაწერი, მსჯელობა თუ შეფასება აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. ყოველივე აღნიშნული კი აპელანტის განმარტებით, ნათლად ცხადყოფს, რომ გამოირიცხა მეორე სამართლებრივი საფუძვლით კანონისათვის უკუძალის მინიჭება.
აპელანტის განმარტებით, მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარებიდან გამომდინარე, ახალ რეგულაციებს უკუძალა ვერ მიეცემოდა. წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 21 ივნისის N2--------- მიწერილობით კლინიკას განესაზღვრა იმგვარ ვალდებულებათა შესრულება, რომელიც პირდაპირ იწვევს მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარებას, კანონით განსაზღვრული განმარტებისა და შესასრულებელი სამუშაოების არსიდან გამომდინარე. მიიჩნევს, რომ „ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლით კი ზუსტად არის განსაზღვრული მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის დეფინიცია. კერძოდ, მე-3 მუხლის მე-5 ნაწილით, ახალი მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა - ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება, მე-3 მუხლის 50-ე ნაწილით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა - ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით, მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით დემონტაჟი არის არსებული შენობა ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა. მე-2 თავის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს მშენებლობის სახეებს. წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე მხარის შესაგებელი არასწორად განმარტავს აღნიშნულ ტერმინებს, რათა გაემართლებინათ მათ მიერ მიღებული მიწერილობა.
წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მათ მიერ წარდგენილი ახსნა - განმარტებებიდან, გამომდინარე, ნათელად ჩანს, რომ დებულებათა მოთხოვნები პირდაპირ იწვევს მშენებლობით სარეკონსტრუქციო, სადემონტაჟო სამუშაოებს, რაც აქსიომაა, ვინაიდან ნათელია, რომ კიდევ ერთი დამატებითი საევაკუაციო გასასვლელის გაკეთება შეუძლებელია კედლის ნაწილის დემონტაჟის გარეშე, სადაც უნდა ჩადგეს კარები, ჟანგბადის ბალონების ახალ მინაშენში გადატანა შეუძლებელია თუ არ აშენდა ახალი მინაშენი, სიგნალიზაციის დამატებით სხვენზე გაყვანა შეუძლებელია კედლების დათხრის და შემდგომში მისი რეკონსტრუქციის გარეშე კაბელების გაყვანის მიზნით და ა.შ. ყოველივე აღნიშნული აპელანტის განმარტებით ცხადყოფს, რომ მიწერილობის მე-5 მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება ავტომატურად იწვევს ცალ-ცალკე და ერთობლივად მთელი რიგი მშენებლობითი, სადემონტაჟო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას, შენობის სახის ხარისხობრივ და თვისობრივ არსებით შეცვლას, არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზის დაშლას/მოშლას, ახალ მშენებლობას და შესაბამისად ვერც აღნიშნული საფუძვლით ვერ მიეცემოდა უკუძალა დადგენილების მოთხოვნებს 2014 წელს აშენებულ შენობაზე.
აპელანტისთვის გაუგებარია, თუ რომელ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო იმ გარემოებას, რომ სამედიცინო დაწესებულებას უფრო მეტად მოეთხოვება კანონმდებლობის შესრულება ვიდრე სხვა საქმიანობის ობიექტს.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის სასამართლოში შეტანის დროსაც დააფიქსირეს მზად ყოფნა ეთანამშრომლათ და რომ ცდილობენ უწვეტ რეჟიმში მოხდეს უსაფრთხოების ზომების დაცვა. მიიჩევს, რომ აღნიშნულის განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირთა უფლებების შეზღუდვას ან/და ზიანის მიყენებას. აპელირებს "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განმარტავს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს და ამძიმებს პასუხისმგებლობასა და მდგომარეობას უკუძალა არ აქვს.
წარმომადგენლის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, 2015 წლის 23 ივლისის N370-ე დადგენილების პირველი თავის მე-4 მუხლით კანონმდებელმა თქვა, რომ მიუხედავად კანონმდებლობის სიახლისა, ახალი სახანძრო უსაფრთოხების დებულებების შესრულებაც სავალდებულოა, მაგრამ აქვე კანონმა გაითვალისწინა, რომ ის დებულებები რომელთა შესრულება იწვევდა მშენებლობით, სარეკონსტრუქციო, სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებას, კანონს აღნიშნულ ნაწილში უკუძალა არ ენიჭება, აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივი კი იყო ის, რომ მესამე პირებს არ მიყენებოდათ ზიანი. უკუძალის მსგავს შემთხვევაში გავრცელება, გამოიწვევდა აშენებული შენობების დანგრევას და მთელი რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას, რაც გამოიწვევდა პირთა მდგომარეობის დამძიმებას და გარდაუვალი ზიანის მიყენებას.
აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ასევე მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 23 ივლისის N#370-ე დადგენილების პირველი თავის მე-4 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს შემდეგს: 2015 წლის 23 ივლისამდე აშენებულ შენობებზე არ ვრცელდება სახანძრო უსაფრთხოების ის დებულებები, რომელიც იწვევენ შენობა - ნაგებობაში მშენებლობითი, სადემონტაჟო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმის გადაწყვეტის მნიშვნელობის მქონე ერთადერთი სამართლებრივი ნორმა - 2015 წლის 23 ივლისის #370-ე დადგენილების პირველი თავის მე-4 მუხლი არსებითი დარღვევითა და არასწორად იქნა განმარტებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. აპელანტი მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო უფლებამოსილია შინაგანი რწმენის საფუძველზე მოახდინოს ნორმის შინაარსის განმარტება და ნორმის შინაარსის შეფასება/განმარტება სასამართლოს მთავარ ფუნქციას წარმოადგენს, მაგრამ სასამართლო ვალდებულია იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში არ გასცდეს ნორმით განსაზღვრულ წესს.
აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: #2--------- მიწერილობით განისაზღვრა, რომ უნდა მომხდარიყო კლინიკის თანამშრომელთათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება - ინსტრუქტაჟის ჩატარება. იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და სწავლება ჩატარებული იყო, მიწერილობა მათ მიერ გასაჩივრდა აღნიშნულ პუნქტშიც. 2017 წლის 9 აგვისტოს საქმის ზეპირი განხილვისას, კი მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. წარმომადგენლის განმარტებით, შესრულდა განსაზღვრული მოთხოვნა - 2017 წლის 14 აგვისტოს მოპასუხე მხარეს წარედგინა სწავლების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებისა მოპასუხე მხარემ N48- ბრძანებით ბათილად არ ცნო მიწერილობის არც აღნიშნული ნაწილი. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე ადმინისტრაციულმა ორგანომაც დაადასტურა, რომ სწავლება მართლაც იყო ჩატარებული. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული გათვალისწინებული იქნებოდა არა #2--------- მიწერილობაში, არამედ მომავალი საკონტროლო შემოწმების ჩატარების დროს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძველია.
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
პალატა ყურადღება ამახვილებს სადავო პერიოდში მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებულ „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ'' დებულებაზე და დავის საგნიდან გამომდინარე დეტალურად მიუთითებს მასზედ.
კერძოდ, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, ფიზიკური პირების (შემდგომ − მოსახლეობა) და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს; ბ) მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის (შემდგომ − ერთიანი სისტემა) შექმნისა და საქმიანობის წესს, ამ სისტემის სუბიექტების უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უსაფრთხოება არის დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მოიცავს: ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციას და საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაციას; ბ) სახანძრო უსაფრთხოებას, მათ შორის, ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზებას, მის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მზადყოფნას მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი ან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისათვის, მასზე რეაგირებასა და მოსახლეობის დაცვას; დ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას. ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფას სადავო პერიოდში ახორციელებდა სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.
პალატა ყურადღებას ამახვილებს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმების და მისი შედეგების მიხედვით ზომების მიღების მიზნით სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობას ახორციელებენ სააგენტო და მისი ტერიტორიული დანაყოფები (შემდგომში - ზედამხედველობის ორგანო). აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის უფლებამოსილება გაწერილია მითითებული კანონის 50-ე მუხლში, კერძოდ, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია, რომ ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ბ) ამ კანონით დადგენილი წესით შევიდეს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში, ჩაატაროს მათი შემოწმება და გამოკვლევა, აგრეთვე ჩაატაროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდა და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებები; გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გასცეს სათანადო მიწერილობა გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრის ან მათი შესრულების თაობაზე.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულება, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების წესებსა და პირობებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე.
აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმების და მისი შედეგების მიხედვით ზომების მიღების მიზნით სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობას ახორციელებენ სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული დანაყოფების სახელმწიფო ინსპექტორები. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს კონტროლის ობიექტების სამოქალაქო უსაფრთხოების, საგანგებო მართვის და რისკის მართვის გეგმების შესრულების, მუნიციპალიტეტებისა და პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტების შემოწმება და გამოკვლევა; ბ) გასცეს კონტროლის ობიექტების ხელმძღვანელებზე სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობა.
ამავე დებულების მე-11 მუხლის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა ხორციელდება სახანძრო - ტექნიკური შემოწმებების ორგანიზებისა და განხორციელების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის კომპლექსური შემოწმების გზით, რისთვისაც ტარდება: ა) დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმება – სახანძრო უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის მიზნით; ბ) საკონტროლო სახანძრო-ტექნიკური შემოწმება – დეტალური შემოწმების ჩატარების შედეგად გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების აღმოფხვრის მიწერილობის შესრულების კონტროლის მიზნით; გ) მიზნობრივი (ოპერატიული) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება – საჭიროების მიხედვით, ცალკეული შენობის, ნაგებობის და სათავსის სახანძრო უსაფრთხოების დონის, მათ შორის დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვის მდგომარეობის შერჩევით შეფასებისათვის, კავშირგაბმულობის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობების და სისტემების მუშა-უნარიანობის შემოწმების მიზნით; დ) კომპლექსური შემოწმება – საჭიროების მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის შემოწმების მიზნით. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი (ოპერატიული) სახანძრო-ტექნიკური შემოწმებები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების დეტალური შემოწმებები (შემდგომში – შემოწმებები) ტარდება ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის განკარგულების საფუძველზე. შემოწმება შეიძლება ჩაატარონ მხოლოდ განკარგულებით უფლებამოსილმა სახელმწიფო ინსპექტორებმა. ამასთან, მე- 20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დეტალური სახანძრო - ტექნიკური შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დგება ობიექტის თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის შესასრულებლად სავალდებულო სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები, რომელიც მიწერილობის სახით ეგზავნება (ბარდება) კონტროლის ობიექტს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს სახელით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ისანი - სამგორის სახანძრო - სამაშველო სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელმა, ამავე ისანი-სამგორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის 2017 წლის 01 ივნისის №1-- განკარგულების საფუძველზე ჩაატარა ქ. თბილისში, წ-------–ის ქ. №9-ში მდებარე შპს „ი---------–---–--------------–----ის“ შენობა- ნაგებობის სახანძრო - ტექნიკური შემოწმება.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობით, შემოწმების დროს გამოვლენილი სახანძრო - უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით, შპს „ი---------–---–--------------–----ას“ დაევალა განსაზღვრულ ვადაში, სავალდებულოდ, შეესრულებინა კონკრეტული ღონისძიებები, კერძოდ, 1. 2017 წლის 01 აგვისტომდე - კლინიკის თანამშრომლებს ჩაუტარდეს სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით; 2. 2017 წლის 01 ოქტომბრამდე - შეკეთდეს და შემდგომში უზრუნველყოფილი იქნეს კლინიკის შენობა - ნაგებობებში სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებელი სისტემის გამართული მუშაობა; 3. 2017 წლის 01 სექტემბრამდე - არსებული ცეცხლმაქრები გადაიმუხტოს; 4. 2017 წლის 01 ოქტომბრამდე - კლინიკის მთელი შენობისათვის შედგენილი იქნეს ევაკუაციის გეგმები, ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ის „ევაკუაციის გეგმის შედგენის წესის“ მოთხოვნების მიხედვით; 5. 2018 წლის 01 ივნისამდე - დამონტაჟდეს სახანძრო ავტომატური სიგნალიზაცია კლინიკის სხვენში და სარდაფში; 6. 2017 წლის 01 ნოემბრამდე - კლინიკის შენობა-ნაგებობების სხვენის კონსტრუქციები დამუშავდეს ცეცხლგამძლე ხსნარით; 7. 2018 წლის 01 მარტამდე - კლინიკის შენობის ორივე სართულისათვის მოეწყოს საევაკუაციო გასასვლელი; 8. 2017 წლის 01 დეკემბრამდე - კლინიკის შენობაში არსებული ჟანგბადის ბალონები გატანილი იქნას შენობის გარეთ და განთავსდეს უწვ კედელთან, ფანჯრის და კარების ღიობიდან არანაკლებ 4 (ოთხი) მეტრის მანძილზე მოწყობილ კარადაში ან უწვ მასალის ერთსართულიან მინაშენში; 9. 2017 წლის 01 აგვისტომდე - კლინიკის შენობის სხვენიდან დ სარდაფიდან გატანილ იქნეს წვადი სამშენებლო ნარჩენები.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომლის თანახმად, მიწერილობაში უნდა იყოს შეტანილი ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციისას (შესაბამისი ეტაპებისათვის) გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნათა დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები. სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნათა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის ღონისძიებების შესრულების გონივრულ ვადას მიწერილობაში ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი, გამოვლენილი დარღვევების პოტენციური საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით (როგორც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მესამე პირთა ქონების მიმართ). საჭიროების შემთხვევაში, ღონისძიებების შესრულების ვადა (მათ შორის, რომლებიც შესრულების სტადიაზე მოითხოვს ფინანსურ დანახარჯებს) თანხმდება ობიექტის (საწარმოს) ხელმძღვანელთან (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირთან). მიწერილობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შესრულებული ღონისძიებების შესახებ. წინა მიწერილობებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც არ შესრულდა დადგენილ ვადებში, უნდა იქნეს შეტანილი ახალ მიწერილობაში, დადგენილი შესრულების ვადებით. ამ შემთხვევაში, მოცემულ ღონისძიებებზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, მიწერილობის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შენობებსა და ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია მათი დაპროექტების და მშენებლობის პერიოდში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება ახალი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების ის მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობებსა და ნაგებობებში მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობების და ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც შეიცავს სახანძრო უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგენენ ადამიანთა ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და შენობა - ნაგებობების, სათავსების, ტერიტორიის მოვლა - პატრონობის საერთო წესებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ობიექტების, საწარმოების და ორგანიზაციების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ - სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, შემდგომში - ობიექტები), მათ შორის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტებისათვის და მათი მუშაკების, აგრეთვე მოსახლეობის მიერ.
„სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არსებულ შენობა - ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლამდე მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის იმ დებულებების მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობა-ნაგებობებში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 2009 წლის 24 მარტის №57 საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობა - ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
პალატა ყურადღებას ამახილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობის (პუნქტი 1) შედგენის შემდგომ, 2017 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქმის ზეპირ განხილვაზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა კლინიკის თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ფაქტი ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ამ“ 2017 წლის 14 აგვისტოს განცხადებით, დამატებით წარადგინა ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალები და ფოტომასალა. აღნიშნული გარემოება მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა. საქმეში არსებული მტკიცებულებით, დადგენილია და ასევე სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა შპს „ი---------–---–--------–-----------------–----აში“ დასაქმებულ 44 პირს 2015 წლის 14-20 ოქტომბერს და 18 პირს - 2016 წლის 15-18 დეკემბერს.
პალატა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომლის მე-3 მუხლის 35-ე ნაწილით განმარტებულია, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი არის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ძირითადი სახე, რომელიც უტარდება აფეთქებახანძარსაშიში და ხანძარსაშიშ საწარმოო, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანი და მეტი) საზოგადოებრივი დანიშნულების, აგრეთვე იმ ობიექტებში მომუშავე თანამშრომლებს, სადაც მუდმივად (უწყვეტლივ 2 საათზე მეტ ხანს) იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
მოცემულ შემთხვევაში, ყურადსაღებია და გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა სწავლების ჩატარების ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ აღნიშნული გათვალისწინებული იქნებოდა არა #2--------- მიწერილობაში, არამედ მომავალი საკონტროლო შემოწმების ჩატარების დროს, რაც პალატის მოსაზრებით დაუსაბუთებელი და უარგუმენტოა.
ამდენად, მხარეთა განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ის“ თანამშრომლებს ჩაუტარდა სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობაში მითითებულ იმ გარემოებას (პუნქტი 3 და 4), რომ გადაიმუხტოს არსებული ცეცხლმაქრები და კლინიკის მთელი შენობისათვის შედგენილი იქნეს ევაკუაციის გეგმები, ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ის „ევაკუაციის გეგმის შედგენის წესის“ მოთხოვნების მიხედვით, პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტზე, სადაც განმარტებულია, რომ ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და უშუალოდ პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებისა) და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა (ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი მოყვანილია №3 დანართში).
ამავე რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილი კი ცალსახად განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობების და სათავსოების ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო კარები, სარქველები, ლიუკები, სხვა დამცავი მოწყობილობები ხანძარსაწინააღმდეგო კედლებსა და გადახურვებში, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები (მათი არსებობის შემთხვევაში) მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.
საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის შესახებ 2019 წლის 20 თებერვლის F1------- ოქმით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში ისნის რაიონი, ა--–------------–---–ის ქN1გ მდებარე შპს ი---------–---–--------–-----------------–----აში საევაკუაციო გასასვლელებთან გამოკრულია ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა და ასევე არსებული ცეცხლმაქრები გადამუხტულია. პალატა აქვე დასძენს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით ცეცხლმაქრების გადამუხტვის თარიღად მითითებულია 2018 წლის 13 დეკემბერი, თუმცა იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საევაკუაციო გასასვლელებთან არ არის გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა და შემოწმების დროს, ცეცლმაქრები არ იყო გადამუხტული ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერც პირველი ინსტანციის და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე.
პალატა აქვე მიუთითებს რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
რაც შეეხება სადავო საკითხს - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობის მე-5 პუნქტი (2018 წლის 01 ივნისამდე - დამონტაჟდეს სახანძრო ავტომატური სიგნალიზაცია კლინიკის სხვენში და სარდაფში) პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტზე რომლის თანახმად, მიწერილობის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შენობებსა და ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია მათი დაპროექტების და მშენებლობის პერიოდში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება ახალი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების ის მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობებსა და ნაგებობებში მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობების და ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომლის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შენობა - ნაგებობებში სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ავტომატური ჩაქრობის დანადგარების, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემების მონტაჟი, ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურების რეგლამენტით გათვალისწინებული და გეგმიური სარემონტო სამუშაოები, აგრეთვე მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი უნდა განხორციელდეს საპროექტო და ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, საქართველოს სტანდარტების, სამშენებლო ნორმების და წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების კრებულის, სტანდარტების) მოთხოვნების შესაბამისად. ხოლო ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობებში ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობისა და ევაკუაციის მართვის სისტემების ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციაში საჭიროა: ა) მიეთითოს იმ პირის ვინაობა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ადამიანთა ევაკუაციის საჭიროების შესახებ; ბ) განისაზღვროს დისპეტჩერის მოვალეობა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში შეტყობინების განხორციელების შესახებ; გ) განისაზღვროს ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემის გამოყენების წესი; დ) აღიწეროს ხანძრის დროს შენობის სათავსებიდან ადამიანთა ევაკუაციის თანმიმდევრობა, რომელიც შეესაბამება შენობა-ნაგებობის თითოეული სართულიდან ადამიანთა ევაკუაციის გეგმებს.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დებულების მოთხოვნების გავრცელებისთვის სამი შემთხვევიდან სავალდებულოა ერთი - ერთი პირობის არსებობა მაინც. კერძოდ, შენობა დაპროექტებული და აშენებული უნდა ყოფილიყო 2015 წლის 23 ივლისის შემდგომ; ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უნდა უქმნიდეს ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას და დებულებების შესრულებით არ უნდა გამოწვეულიყო მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობა.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ დროსთან მიმართებით ახალ რეგულაციებს უკუძალა ვერ მიეცემოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებებს, რომ კლინიკა დაპროექტებულია და აშენებულია 2015 წლის 23 ივლისამდე, 2014 წელს და შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ახალ სახანძრო უსაფრთხოების წესებს უკუძალა ვერ მიეცემოდა, რაც შეეხება ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების საფრთხესთან მიმართებით ახალ რეგულაციებს, აპელანტი ასევე მართებულად მიიჩნევს, რომ უკუძალა ვერ მიეცემოდა, ვინაიდან მისი დაპროექტება და აშენება მოხდა სისოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პრინციპებით გაცემული მშენებლობის ნებართვით, დადგენილია, რომ შენობა შევიდა ექსპლუატაციაში და გაცემულია ნებართვები სამედიცინო საქმიანობის, რაც ცხადყოფს, რომ თუ შენობა ქმნიდა ადამიანთა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის პირდაპირ და აშკარა საფრთხეს შენობაზე მშენებლობის ნებართვა არ/ვერ გაიცემოდა, ასევე არ გაიცემოდა ექსპლუატაციის ნებართვა და შესაბამისად ვერ/არ გაიცემოდა სამედიცინო საქმიანობის ნებართვები.
ამდენად, მხარეთა განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერებით პალატა ეთანხმება და იზიარებს შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ის“ წარმომადგენლის პოზიციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობის მე-5 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილშიც.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის შესახებ 2019 წლის 20 თებერვლის F1------- ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ მოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში ისნის რაიონი, ა--–------------–---–ის ქN1გ მდებარე შპს ი---------–---–--------–-----------------–----აში საევაკუაციო გასასვლელის არსებობის ფაქტის კონსტანტაცია. ოქმში მითითებულია, რომ ფაქტების კონსტანტაციის პროცესი დაფიქსირებულია ვიდეოგადაღებით.
საქმეში წარმოდგენილი ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მარტის საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ კვლევის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში ა--–------------–---–ის ქ.N1 „გ“-ში მდებარე შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ა“-ს შენობაში ორივე სართულზე საევაკუაციო გასასვლელის არსებობა. ექსპერტიზისთვის დამატებით წარდგენილი იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სანებართვო მოწმობები, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის დადგენილება N38-, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N1-------- ბრძანება - ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ა“-ს შენობა წარმოადგენს 3 სართულიან კაპიტალურ ნაგებობას, რომელსაც გააჩნია ორი ერთეული შესასვლელ/გასასვლელი, ერთი შესასვლელ/გასასვლელი წარმოადგენს ცენტრალურს და მოწყობილია ეზოს ცენტრალური შესასვლელიდან შენობის მე-2 სართულზე, ხოლო მეორე შესასვლელ/გასასვლელი განთავსებულია შენობის ეზოს გვერდით პირველ სართულზე, შენობას გააჩნია 2 დამოუკიდებელი კიბე, რომლითაც ხდება როგორც სართულებთან დაკავშირება, ასევე ერთმანეთთან გამავალ კორიდორებთან და ოთახებთან დაკავშირება, ამასთან შენობას მე-2 სართულზე გააჩნია ტერასაზე გასასვლელი, შენობის ყველა სართულზე კედელზე მოწყობილია საევაკუაციო გეგმის აღმნიშვნელი ბანერები.
დასკვანში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ა--–------------–---–ის ქ.N1 „გ“-ში მდებარე შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ შენობის სართულებს გააჩნია საევაკუაციო გასასვლელი. დასკვნას თან დაერთო ფოტომასალა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების კვალდაკვალ პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებულ „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომლის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ავარიული გასასვლელი არის გასასვლელი (კარები, ლიუკი), რომელიც გადის საევაკუაციო გზაზე, უშუალოდ გარეთ ან უსაფრთხო ზონაში და გამოიყენება როგორც დამატებითი გასასვლელი ადამიანთა გადასარჩენად. ხანძრის დროს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობებთან საევაკუაციო გზების და გასასვლელების საჭირო რაოდენობისა და ზომების შესაბამისობის შეფასებისას საავარიო გასასვლელები მხედველობაში არ მიიღება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარის განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ა--–------------–---–ის ქN1 „გ“-ში მდებარე შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ შენობას გააჩნია საევაკუაციო გასასვლელი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობის პუნქტი 7).
რაც შეეხება მხარის მიერ სადავოდ გამხდარ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №8- ბრძანებას, რომლითაც შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ის“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, აღნიშნულის ფარგლებში კი მოწმდება როგორც აქტის კანონიერება, ასევე მიზანშეწონილობა განსხვავებით სასარჩელო წარმოებით საკითხის გადაწყვეტისა, სადაც სასამართლო მხოლოდ აქტის კანონიერებას აფასებს.
პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობის 1,3,4,5,7 პუნქტები ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №8- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის პროცედურა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ყოველ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საჯარო ვალდებულება, ზედმიწევნით დაიცვას იგი, თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულება განაპირობებს დაინტერესებულ პირთა კანონიერ მოლოდინს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობის 1, 3,4,5,7, პუნქტები.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში როგორც სააპელაციო საჩივარი, ასევე სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სასარგებლოდ;
ამასთან, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარიდან ნახევარი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ნახევარი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სასარგებლოდ;
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №2--------- მიწერილობის 1, 3,4,5,7, პუნქტები.
5. შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სასარგებლოდ;
ამასთან, სააპელაციო საჩივარზე შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარიდან ნახევარი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ნახევარი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ი---------–---–--------–-----------------–----ას“ სასარგებლოდ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები : შოთა გეწაძე
ილონა თოდუა