განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/639-19
N330310017002071923
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე
თამარ ონიანი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „E-- G----“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „E-- G----”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, თსსუ-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №0--------- ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ფარმაცევტული პროდუქტების (რეაქტივების) (CPV 3-------- შესყიდვაზე (სავარაუდო ფასი 1590 ლარი), 2017 წლის 10 ივლისს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 1--------). SPA 1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და ზუსტი მოდელის შესახებ. ამავე სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ფასების ცხრილით გათვალისწინებული იყო გრაფა - მწარმოებელი ქვეყანა/კომპანია (ს.ფ. 22-23; 27-29).
1.2.2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ფარმაცევტული პროდუქტების (რეაქტივების) შესყიდვაზე, 2017 წლის 10 ივლისს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა ორგანიზაციამ - შპს „E-- G----“-მა (ს/კ 4--------) და ელექტრონულ ვაჭრობაში დააფიქსირა საბოლოო ფასი - 1590 ლარი.
სატენდერო კომისიამ შეამოწმა შპს „E-- G----“-ის სატენდერო დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ფასების ცხრილში არ იყო მითითებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა. კომისიის განმარტებით, რადგან პრეტენდენტის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „E-- G----“-ს უნდა მისცემოდა დისკვალიფიკაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო (ს.ფ. 22-23).
1.2.3. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №MES 5------------ გადაწყვეტილებით შპს „E-- G----“-ის დირექტორს ეცნობა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიამ განიხილა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, თსსუ-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული N0--------- ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ფარმაცევტული პროდუქტების (რეაქტივების) (CPV 3-------- შესყიდვაზე (სავარაუდი ფასი 1590 ლარი), 2017 წლის 10 ივლისს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან (SPA 1--------) დაკავშირებით მხარის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება. დაადგინა, რომ ის არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ორგანიზაციის დისკვალიფიკაციის შესახებ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. კერძოდ, შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილში, ორგანიზაციას არ ჰქონდა მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაზუსტებას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 128).
1.2.4. შპს „E-- G----“-ის მიერ 2017 წლის 25 ივლისს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ იქნა №DIS 1---------01 (SPA) საჩივარი და მოთხოვნილ იქნა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №2 სხდომის ოქმის გაუქმება (ს.ფ. 24-26).
1.2.5. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „E-- G----“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ ყურადღება გაამახვილა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №2 სხდომის ოქმზე, რომლითაც განხორციელდა შპს „E-- G----“-ის დისკვალიფიკაცია: „დაადგინა, რომ ფასების ცხრილში არ იყო მითითებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა...“ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და ზუსტი მოდელის შესახებ. ამავე სატენდერო დოკუმენტაციით არსებული ფასების ცხრილით გათვალისწინებული იყო გრაფა - მწარმოებელი ქვეყანა/კომპანია.
საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ დანართი №5-ის შენიშვნაზე: პუნქტი 2 - სატენდერო დოკუმენტაციის ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს. ამდენად, პრეტენდენტი სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერის შესაბამისად ვალდებული იყო წარედგინა როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ასევე, მწარმოებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია. კონკრეტულ შემთხვევაში კი შპს „E-- G----“-ის მიერ წარდგენილი ფასების ცხრილის ექვსივე პოზიციიდან არცერთი არ მოიცავდა ინფორმაციას მწარმოებელი ქვეყნის შესახებ.
საბჭომ მიუთითა, რომ იმ დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები“. მოცემულ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვდა მწარმოებელი ქვეყნის მითითებას.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად: „დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე, არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა“, ეს კი გულისხმობს ამ ჩამოთვლილთაგან (წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი, მოდელის მიუთითებლობა, ხარჯთაღრიცხვის განუფასებლად წარდგენა) ერთი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „E-- G----“-ის დისკვალიფიკაციასთან მიმართებით არ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას (ს.ფ. 27-29).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №2 სხდომის ოქმი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №MES 5------------ გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს №DIS 1---------01 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ხოლო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, შერჩევა/შეფასება არის სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება და შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის (შემდგომში – სატენდერო კომისია) სხდომის ოქმის და შესაბამისი დოკუმენტაციის (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არა უგვიანეს იმავე დღისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით. ამავე მუხლის „ყ“ პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია არის შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტების საკვალიფიკაციო მოთხოვნების აღწერის მიზნით სატენდერო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს და შედგენილი უნდა იქნეს კანონის 121 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის „ც“ პუნქტით, ტექნიკური დოკუმენტაცია არის პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით, გარდა ამ პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა. ამავე მუხლის „ჯ“ პუნქტით კი, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები - ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დადასტურების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები.
ამავე წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
მითითებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა შესაძლებელია პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვა).
ამდენად, სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, სატენდერო კომისია იხილავს და აფასებს თუ რამდენად შეესაბამება პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამის ტენდერის სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს და სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, თსსუ-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №0--------- ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ფარმაცევტული პროდუქტების (რეაქტივების) (CPV 3-------- შესყიდვაზე (სავარაუდო ფასი 1590 ლარი), 2017 წლის 10 ივლისს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 1--------). ასევე დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და ზუსტი მოდელის შესახებ. ამავე სატენდერო დოკუმენტაციით არსებული ფასების ცხრილით გათვალისწინებული იყო გრაფა - მწარმოებელი ქვეყანა/კომპანია.
ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიამ 2017 წლის 18 ივლისის სხდომაზე განიხილა პრეტენდენტ შპს „E-- G----“-ის სატენდერო დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ფასების ცხრილში არ იყო მითითებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა. კომისიამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „E-- G----“-ს უნდა მისცემოდა დისკვალიფიკაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ვინაიდან პრეტენდენტის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე შპს „E-- G----“-ის დირექტორს ეცნობა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №MES 5------------ გადაწყვეტილებით.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას.
ამავე წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ამასთან, ამავე წესის დანართი №5-ის შენიშვნის „პუნქტი 2“-ის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სატენდერო დოკუმენტაციით ზუსტად იქნა განსაზღვრული მოთხოვნები, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციას პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა. კერძოდ, სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, რომ დოკუმენტაციაში მითითებული ყოფილიყო შეთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და ზუსტი მოდელის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციით მწარმოებელი ქვეყნის დასახელება იმპერატიულად არ განსაზღვრულა და იგი იძლეოდა შესაძლებლობას, რომ პრეტენდენტს თავად აერჩია პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, სატენდერო დოკუმენტაცია მხოლოდ ავალდებულებდა მხარეს, რომ პრეტენდენტს მიეთითებინა - კონკრეტულად რომელი მწარმოებელი ქვეყნის პროდუქციას სთავაზობდა იგი შემსყიდველ ორგანიზაციას.
სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და წარადგინა წინადადება, ამით დაეთანხმა იმ სატენდერო პირობებს (დოკუმენტაციას), რომელიც შემსყიდველმა ორგანიზაციამ დაადგინა. შესაბამისად, სატენდერო კომისია ვალდებული იყო განეხილა და შეეფასებინა მოცემულ შემთხვევაში აკმაყოფილებდა თუ არა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს კონკრეტული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საქონელი, რაც განხორციელდა კიდეც. საკითხის შეფასებისას გამოვლინდა, რომ პრეტენდენტის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ და ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს, რომელთანაც სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს პრეტენდეტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. ხოლო აღნიშნული მონაცემის მიუთითებლობა, იმ დროისათვის მოქმედი ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად ითვალისწინებდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №2 სხდომის ოქმი და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №MES 5------------ გადაწყვეტილება შპს „E-- G-----ის'' დისკვალიფიკაციის თაობაზე, არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
1.3.4. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „E-- G-----ის'' №DIS 1---------01 ადმინისტრაციული საჩივარი.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით განსახორციელებელ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონკურსსა და ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები. ხოლო ამავე მუხლის 41 მუხლის მიხედვით, სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ
ვებგვერდზე. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ სააგენტო საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს საჩივარს, იგი უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს „E-- G----“-ს №DIS 1---------01 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული მსჯელობა მართებულია. ამდენად, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
1.3.5. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების (გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ - სარეგისტრაციო კოდი: 0----------------------) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების შემდეგი სამართლებრივი შინაარსის სიტყვები „წარმოშობის ქვეყნის“ ბათილად ცნობა.
„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (2017 წლის 26 იანვრის რედაქცია), სატენდერო კომისია არ ახდენდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
მითითებულ პუნქტში ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 22 თებერვლის №5 ბრძანებით და აღნიშნულ პუნქტს დაემატა ჩანაწერი, რომ დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.“
სასამართლომ გასაჩივრებული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს დაევალა უზრუნველეყო 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება. ამდენად, სადავო ნორმატიული აქტი (სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება) გამოცემულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.
რაც შეეხება, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ - შინაარსობრივ კანონიერებას, იგი უნდა გამოიცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესები, რაც სავალდებულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს. გამომდინარე აქედან მატერიალური კანონიერების შემოწმებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის ნორმატიული აქტში განხორციელებულ ჩანაწერს იმ მოტივით, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო სუბიექტების მიმართ ისეთი დამოკიდებულების უზრუნველყოფას, რომელიც კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, დაუსაბუთებლად და არათანაზომიერად არ შეზღუდავს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციაში მონაწილეობის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კონკურენციის შეზღუდვა მოხდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ის კონკრეტულ მოდელს მოითხოვდა ტექნიკური დოკუმენტაციით. განსახილველ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ტექნიკურ დოკუმენტაციაში ითხოვს პრეტენდენტისგან იცოდეს, თუ რას სთავაზობს მას ტენდერში მონაწილე, ანუ მან უნდა მიუთითოს რომელი ქვეყნის საქონელს აწვდის.
მოსარჩელემ მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს სატენდერო დოკუმენტაციის რეკვიზიტებს, რომელთა ჩამონათვალში მითითებული არ არის სიტყვა „ქვეყანა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, მართალია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის რეკვიზიტებში არ არის დაწესებული ქვეყნის მითითების ვალდებულება, თუმცა თავად შემსყიდველი ორგანიზაციის თავისუფალი ნებაა მოითხოვოს ტენდერში მონაწილე პირისგან კონკრეტული ინფორმაციის მითითება.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელების მიზანი იყო სწორედ ის გარემოება, რომ პრეტენდენტმა მიუთითოს რომელი ქვეყნის საქონელს აწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას და თავიდან იქნას აცილებული მიმწოდებლების მხრიდან შეთავაზებული საქონლის შესახებ ინფორმაციის (მწარმოებელი ქვეყნის, კომპანიის) შეცვლა დაზუსტების შემდგომ. მანამდე არსებული ნორმა ითვალისწინებდა შესაძლებლობას მიმწოდებელს თავდაპირველად შეთავაზებული კონკრეტული ქვეყნის და კომპანიის საქონელი დაზუსტების შემდგომ შეეცვალა. სწორედ სახელმწიფო სტრუქტურის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით შევიდა ცვლილება აღნიშნულ ნორმაში. შესაბამისად, აღნიშნული ხელს შეუწყობს როგორც კონკურენციის განვითარებას, ასევე, მიმწოდებლის მხრიდან კეთილსინდისიერების ამაღლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნორმატიული აქტის მოსარჩელის მიერ სადავო გამხდარი ნორმა მიღებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში დასმული ამოცანების შესასრულებლად.
1.3.6. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
1.3.7. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, მოპასუხისათვის სოლიდარულად მატერიალური ზიანის სახით 51, 32 ლარის დაკისრება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლომ მიუთითა ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „E-- G----”-ის დირექტორმა დავით თევდორაშვილმა გასწია შესყიდვებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, რეგისტრაციის საფასური ჯამში 51 ლარის ოდენობით (15.07.2017 წლის საგადახდო დავალებები - ს.ფ. 195-196) და გარანტიის სახით 0.32 ლარის ოდენობით (15.07.2017 წლის საგადახდო დავალება - ს.ფ. 198).
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანი ანაზღაურდება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზემოაღნიშნული კანონმდებლობით დადგენილ ნორმათა დარღვევას და გადაწყვეტილების მიღება განხორციელდა მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის - ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, განსახილველ დავაში ერთადერთ ფაქტობრივ პრობლემას წარმოადგენს სადავო პერიოდში მოქმედი და ამჟამად ძალადაკარგული, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011 წლის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის სამართლებრივი გაგება ("სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა“). რამდენად ექცეოდა შპს „E-- G----“-ის მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია მოცემული დანაწესით რეგულირებულ სფეროში, ჰქონდა თუ არა უფლება შემსყიდველ ორგანიზაციას, რომ მოეხდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმ მოტივით, რომ სატენდერო წინადადება არ შეიცავდა წარმოშობის ქვეყანას, აღნიშნული მოთხოვნის ავთენტურობა და გარდაუვალი აუცილებლობა ვერ დაადასტურა შემსყიდველმა ორგანიზაციამ.
აპელანტი მიუთითებს, რომ ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა შეეხება სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ (სარეგისტრაციო კოდი: 0----------------------) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების სამართლებრივი შინაარსის სიტყვების - "წარმოშობის ქვეყნის" ბათილად ცნობას, ანუ გასარკვევია, რამდენად შეესაბამება აღნიშნული დანაწესი იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც იგი არსებობდა დროსა და სივრცეში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ამ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში დაუსაბუთებელია, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული კანონის 5.1 მუხლის "ა" ქვეპუნქტის შინაარსი ასეთია: „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის". ამავე კანონის მე-2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, ხოლო "გ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, თუ რას უნდა შეიცავდეს სატენდერო დოკუმენტაცია. ამ ჩანაწერში ვერ ვნახავთ სიტყვას "ქვეყანა". სწორედ ეს არის სადავო და სწორედ ეს დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღების მიღმა.
აპელანტის განმარტებით, წინამდებარე სამართლებრივი მიმოხილვის შედეგად, ვადგენთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო იმგვარი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღდეგება თვით ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საზღვრებს, კერძოდ, კანონმა თავმჯდომარე შებოჭა მხოლოდ იმგვარი აქტების გამოცემით, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამ შემთხვევაში, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით არ არის დადგენილი, რომ სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შეთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანას. ამგვარ მოთხოვნას შემსყიდველი ორგანიზაცია ვერც წამოაყენებს, რადგანაც ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ამავე კანონის კონკურენციის განვითარების პრინციპს. ამდენად, სახეზეა შემდეგი მდგომარეობა: სადავო ნორმატიული აქტის სადავო სიტყვები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სუბიექტის უპირობო დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, ანუ ყველაზე მკაცრ სასჯელს და წინამდებარე ქვეყნის განკერძოებული მოთხოვნა შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია, შესაბამისად, არ იკვეთება პროპორციული მიდგომა მოცემული ნორმატიული აქტით, კერძოდ, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ხდება იმ საფუძვლით, რომელი საფუძვლის განკერძოებული მოთხოვნის უფლებაც შემსყიდველს არ გააჩნია. აპელანტის მოსაზრებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა დაასაბუთოს მოცემული წინადადების ჩამატების აუცილებელი ლეგიტიმური მიზანი.
აპელანტის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია ადმინისტრაციული წარმოების მასალა, არ დაუსაბუთებია საჭიროება, თუ რატომ განხორციელდა აღნიშნული ცვლილება მოცემულ მუხლში და ჩაემატა სიტყვები "წარმოშობის ქვეყანა", სახეზე არ გვაქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, მათ შორის, არც დისკრეციული უფლებამოსილება და არც ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რაც წარმოშობს ამავე კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. საქმეზე Nბს-623-610(კ-14) საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. წინამდებარე სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ (სარეგისტრაციო კოდი: 0----------------------) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვები "წარმოშობის ქვეყნის", რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ბ", "გ" ქვეპუნქტებს, 121 მუხლის მე-5 პუნქტს, 5.1 მუხლის "ა" ქვეპუნქტს.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არასწორად განახორციელეს შპს „E-- G----“-ის დისკვალიფიკაცია, ვინაიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, თუ რას უნდა შეიცავდეს სატენდერო დოკუმენტაცია და ეს ჩამონათვალი სიტყვას "ქვეყანა" ნამდვილად არ შეიცავს. ამავდროულად, სადავო ნორმის სამართლებრივი შინაარსი არის სადავო, ვინაიდან ეს ნორმა ასე გამოიყურება: "სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა". ამ მუხლის მე-2 წინადადების გრამატიკული ანალიზით ვადგენთ, რომ დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ ერთდროულად სრულდება ორი პირობა: 1) თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ; 2) არ არის ან განუფასებლად არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა. მნიშვნელოვანია სიტყვა "ასევე", რაც ცვლის წინამდებარე ნორმის კონტექსტს. ამავდროულად, ზაკ-ის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციას აკლდა მხოლოდ წარმოშობის ქვეყანა და მხოლოდ ამ მოტივით, სახეზე არ იყო დისკვალიფიკაციის საფუძველი. ამავდროულად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა სხდომაზე ვერ განმარტა ქვეყნის მითითების აუცილებლობა.
აპელანტი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნებს, სახეზე იქნება ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს, ამასთანავე, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს ქმნის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, 992-ე მუხლი და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-13 პუნქტი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 7.9 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. ამასთან, კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში განისაზღვრება ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება (გამოცემა) საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების (გამოცემის) ვადა და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება.
მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების სამართლებრივი შინაარსის სიტყვების: „წარმოშობის ქვეყნის“ ბათილად ცნობა. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნულ ნორმატიულ აქტში საქონლის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მითითების ვალდებულების დადგენა ეწინააღმდეგება კანონს, ამგვარი ინფორმაციის მითითების ვალდებულებას არ ადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 121.5 მუხლის „დ-ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი იყო, რომ სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს. ამავე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო მე-13 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისთვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული იყო „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“, რომელიც მოქმედებდა სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს. მითითებული „წესის“ მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი იყო, რომ სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი კანონის აღსრულების მიზანს ემსახურება, საკანონმდებლო აქტით სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ყველა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, ამდენად, კანონქვემდებარე აქტის მთავარი ფუნქცია - საკანონმდებლო აქტის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფაა. სააპელაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას ადგენდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრული აღწერით (კანონის 121.5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი მაჩვენებლის ფარგლებში უნდა იქნას მოაზრებული ინფორმაცია პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, რამდენადაც, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი ინფორმაციის მითითების ინტერესი საბოლოოდ მიემართება სწორედ პროდუქტის ხარისხიანობის დადგენისაკენ. ამდენად, პალატის მოსაზრებით, სადავო პერიოდში მოქმედი კანონქვემდებარე აქტის - „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 12.6 მუხლის ჩანაწერი ავსებდა და აკონკრეტებდა იმ დებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ამასთანავე, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ნორმატიული აქტის შესაბამისი მუხლის ჩანაწერი არ ემსახურება შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან კონკურენციის შეზღუდვას, ამგვარ შეზღუდვას ადგილი ექნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონკრეტულ მოდელს მოითხოვდა ტექნიკური დოკუმენტაციით. განსახილველ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესია, იცოდეს, რას სთავაზობს მას ტენდერში მონაწილე, შესათავაზებელი საქონლის წარმოშობის ქვეყნის მითითებით. ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტში შესაბამისი ჩანაწერის მიზანს წარმოადგენდა პრეტენდენტის მიერ საქონლის წარმოშობის ქვეყნის მითითებით მიმწოდებლების მხრიდან შეთავაზებული საქონლის შესახებ ინფორმაციის (მწარმოებელი ქვეყნის, კომპანიის) შეცვლის თავიდან აცილება, დაზუსტების შემდეგ. ჩანაწერი ხელს უწყობდა როგორც კონკურენციის განვითარებას, ისე მიმწოდებლის მხრიდან კეთილსინდისიერების ამაღლებას. ამდენად, მართებულია საქალაქო სასამართლო მოსაზრება, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ სადავო ნორმა შესაბამისობაში იყო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონთან.
3.2.2. მოსარჩელე ასევე ითხოვს სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №2 სხდომის ოქმისა და შპს „E-- G-----ის'' დისკვალიფიკაციის შესახებ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №MES 5------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისთვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
სადავო 18.07.2017წ. N2 სხდომის ოქმის შედგენისა და 18.07.2017წ. №MES51700844192 გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“. აღნიშნული „წესის“ მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, შერჩევა/შეფასება არის სტატუსი, რომელიც მოიცავს ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება და შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის და შესაბამისი დოკუმენტაციის (ასეთი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში) სისტემაში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არაუგვიანეს იმავე დღისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს დადგენილი წესით არ მინიჭებია ამ პუნქტის „კ“-„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით. „წესის“ 10.4 მუხლის თანახმად, წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა. ამავე „წესის“ 11.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა შესაძლებელია პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვა).
მითითებული „წესის“ 12.1 მუხლის თანახმად, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 12.5 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 12.6 მუხლის თანახმად კი, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ამავე „წესის“ 13.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას. ამასთან, „წესის“ N5 დანართის შენიშვნის მეორე პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.
დადგენილია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, თსსუ-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №0--------- ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ფარმაცევტული პროდუქტების (რეაქტივების) (CPV 3-------- შესყიდვაზე (სავარაუდო ფასი 1590 ლარი), 2017 წლის 10 ივლისს გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 1--------). სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და ზუსტი მოდელის შესახებ. ამავე სატენდერო დოკუმენტაციით, არსებული ფასების ცხრილით გათვალისწინებული იყო გრაფა - მწარმოებელი ქვეყანა/კომპანია. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიამ 2017 წლის 18 ივლისის სხდომაზე განიხილა პრეტენდენტ შპს „E-- G----“-ის სატენდერო დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ფასების ცხრილში არ იყო მითითებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა. კომისიამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „E-- G----“-ს უნდა მისცემოდა დისკვალიფიკაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ვინაიდან პრეტენდენტის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე შპს „E-- G----“-ის დირექტორს ეცნობა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №MES 5------------ გადაწყვეტილებით.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით ზუსტად განისაზღვრა მოთხოვნები, რომლებიც შემსყიდველ ორგანიზაციას პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა. ამასთანავე, არსებობდა შესაძლებლობა, პრეტენდენტს თავად აერჩია პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, სატენდერო დოკუმენტაცია მხოლოდ ავალდებულებდა მხარეს, რომ პრეტენდენტს მიეთითებინა - კონკრეტულად რომელი მწარმოებელი ქვეყნის პროდუქციას სთავაზობდა იგი შემსყიდველ ორგანიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელემ, გამოცხადებულ ტენდერში მონწილეობის მიზნით წარდგენილი წინადადებით გამოხატა თანხმობა იმ სატენდერო პირობებზე, რომლებიც შემსყიდველმა ორგანიზაციამ დაადგინა. შესაბამისად, სატენდერო კომისიას წარმოეშვა ვალდებულება, შეეფასებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მოსარჩელის მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისობა. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის, როგორც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული არ ყოფილა ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, შესაბამისად, ზემოაღნიშნული „წესის“ 12.5, 13.2 მუხლებიდან გამომდინარე, პრეტენდენტი დაექვემდებარა დისკვალიფიკაციას. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის შესაძლებლობას, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ გასაჩივრებული სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №2 სხდომის ოქმი და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2017 წლის 18 ივლისის №MES 5------------ გადაწყვეტილება შპს „E-- G-----ის'' დისკვალიფიკაციის თაობაზე, კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
3.2.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესზე“. აღნიშნული წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია, ამ წესის შესაბამისად, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საბჭოში, თუ მიაჩნია, რომ დაირღვა კანონით ან/და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. ამავე წესის მე-11 მუხლის თანახმად კი, მხარეები და დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან, გაასაჩივრონ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „E-- G-----ის'' №DIS 1---------01 ადმინისტრაციული საჩივარი. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული მსჯელობა მართებულია, ამდენად, არ არსებობდა შპს „E-- G-----ის'' ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.2.4. რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით 51, 32 ლარის დაკისრების თაობაზე:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
პალატა ასევე მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „E-- G----”-ის დირექტორმა დავით თევდორაშვილმა გასწია შესყიდვებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, რეგისტრაციის საფასური, ჯამში 51 ლარის ოდენობით (15.07.2017 წლის საგადახდო დავალებები - ს.ფ. 195-196) და გარანტიის სახით 0.32 ლარის ოდენობით (15.07.2017 წლის საგადახდო დავალება - ს.ფ. 198).
საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ზიანი ანაზღაურდება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობით დადგენილ ნორმათა დარღვევას და გადაწყვეტილების მიღება განხორციელდა მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „E-- G----“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე
თამარ ონიანი