განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100119002959656
საქმე №1ბ/1228-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურტურის პროკურორ ნათია ნოზაძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------) – ლ----- პ------ს ძე ა-–------ის (დაბადებული - 1--- წლის 01 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ზ---------, ს--------------------ს ქ. N---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ნ--–---------------–------------------------------) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ლ----- ა-–------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 თებერვალს, თბილისში, ნ--–-----ის მ------- პ-–-----, კ------------- ბინა N5-ში მყოფმა ლ----- ა-–------ემ სააბონენტო ნომრიდან: 5----------- მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ყოფილ მეუღლეს – თ-- ქ------ას. კერძოდ, იგი თ-- ქ------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნული მუქარა აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით:
ლ----- ა-–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ნოზაძემ. აპელანტმა ითხოვა ლ----- ა-–------ის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარემ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ლ----- ა-–------ის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტი, რასაც ადასტურებს დაზარალებულის დედის გ---–----ა ქ------ას ჩვენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გამამრთლებელი განაჩენი ლ----- ა-–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდაოდ ცნობილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ლ----- ა-–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ----- ა-–------ის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ვერ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ----- ა-–------ემ განმარტა, რომ თავს არ სცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა თ-- ქ------ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მხარეთა მიერ საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოწმეთა: თ----- ა-–------ის და გ---–----ა ქ------ას გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ლ----- ა-–------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133 2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144 3, 149-ე−151 1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
რაც შეეხება მუქარას, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რა ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ აღნიშნული გარემოების დასადგენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება. მოცემული საქმეში გარემოებების გაანალიზებით ნათელია, რომ დაზარალებულის მხრიდან სასამართლოსთვის არ მომხდარა მუქარის ბრალდებით პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. პალატას მიაჩნია, რომ ლ----- ა-–------ის მიერ მუქარის განხორციელებასთან დაკავშირებით საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულმა თ-- ქ------ამ მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა და გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად მისი პოზიციის დაფიქსირების გარეშე შეუძლებელია მტკიცება იმისა, თუ რამდენად რეალურად აღიქვა მუქარა დაზარალებულმა. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მუქარის დადასტურების თვალსაზრისით პალატა ვერ გაიზირებს იმ მოწმეთა ჩვენებებს რომლებიც მათზე მიწოდებული ინფორმაციის გადმოცემას ახდენენ. საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტის გათვალისწინებით, თ-- ქ------ას მიმართ ლ----- ა-–------ემ განახორციელა თუ არა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და რაც დაზარალებულის მხრიდან აღქმული იქნა თუ არა რეალურად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე. პალატამ შეაფასა განსახილველ საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები და იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ----- ა-–------ის დამნაშავეობის დასადასტურებლად.
დაზარალებულმა თ-- ქ------ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად მუქარის განხორციელების ფაქტი არ დასტურდება უშუალოდ მუქარის ადრესატის მიერ. გ---–----ა ქ------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, მან მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია დაზარალებული თ-- ქ------ასგან შეიტყო. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. დაზარალებული თ-- ქ------ას მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გათვალისწინებით შეუძლებელია სასამართლოს მიერ გ---–----ა ქ------ას მიერ მოწოდებული ინფორმაციის დადასტურება. ასევე, უდავო მტკიცებულებად ცნობილ თ----- ა-–------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ 2019 წლის 28 მარტს საღამოს საათებში ლ----- ა-–------ეს ქონდა კომუნიკაცია თ-- ქ------ასთან ბავშვის ქ. თბილისში გამგზავრებასთან დაკავშირებით, მაგრამ მისთვის უცნობია მას შემდეგ განვითარებული მოვლენები. ლ----- ა-–------ის ჩვენებით კი მართალია ბავშვის წამოყვანაზე უარის თქმის შემდეგ გაბრაზდა და , განაწყენდა, მაგრამ, განზრახვაში არ ჰქონია რაიმე დაუშავოს თ-- ქ------ს , რადგან ის არის მისი შვილის დედა. უდავო მტკიცებულებად ცნობილი ამოღების ოქმი და სხვა მტკიცებულებები ასევე ვერ ადასტურებს ლ----- ა-–------ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლიოს საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ----- ა-–------ის მიერ სსკ-ის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
აპელანტის პოზიციასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით ლ----- ა-–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების კუთხით მუქარის განხორციელების დადასტურების თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ გარდა იმისა, რომ აღნიშნული ბრალდება არ დასტურდება დაზარალებულის ინფორმაციებით, საქმეზე არ არის წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მსჯავრდებულმა განახორციელა მითითებული მუხლით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიმე დაზარალებულის მიმართ. ბრალდების მხარის აღნიშნული ეპიზოდების დასადასტურებლად იშველიებს გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ მიცემულ ინფორმაციებს, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად მოწმის (საგულისხმოა აღინიშნოს ის გარემოება, რომ დაზარალებული ჩვენების მიცემისას სარგებლობს მოწმის სტატუსით) ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ლ----- ა-–------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი ლ----- ა-–------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:
ლ----- ა-–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
განემარტოს გამართლებულ ლ----- ა-–------ეს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი