განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
330210017001856545
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001856545

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/8063-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შ-- ,,ა-------–----------------“

წარმომადგენელი - თ----- კ-------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს- ,,ს----------------------- პ------’’

წარმომადგენლები - დ----- მ–-------, ზ------ ჭ----–-–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ-- ,,ა-------–----------------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 22/10/2015 წელს, ს- ,,ს-----------------------------------–--ს“ და შ-- ,,ა-------–----------------ს“ შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა, დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანის გადახდისა და სადაზღვევო პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ, გაეწია დამზღვევისთვის სადაზღვევო მომსახურება. ხელშეკრულება დაიდო 22/10/2016 წლამდე ვადით.

 

ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, დაზღვევას ექვემდებარება მოძრავი და უძრავი სახის ქონება: შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, დანადგარები და სხვა ტექნიკური საშუალებები, ინვენტარი, მზა პროდუქცია, საქონელი, ნედლეული, მასალები და სხვა სახის ქონება, გარდა წინამდებარე ხელშეკრულება/პირობების პარაგრაფ 2-ში ჩამოთვლილი ქონებისა.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება და მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ დაექვემდებარება ზარალი გამოწვეული ნებისმიერი სახის მოწყობილობის, ან დანადგარის ელექტრული დაზიანებით, უშუალოდ, ან არაპირდაპირ გამოწვეული მოკლე ჩართვით, ან დენის ცვალებადობით. ეს გამონაკლისი არ ეხება ამგვარი შემთხვევების შედეგად გამოწვეულ აალებასა და ხანძარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქონების დაზღვევის პოლისი (ტომი I, ს.ფ. 18);

- დაზღვევის ხელშეკრულება #1---- (ტომი I, ს.ფ. 19-22);

- ქონების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები (ტომი I, ს.ფ. 23-32);

- საგადახდო დავალება #-- (ს.ფ. 33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2. 2016 წლის 03 სექტემბერს, შუადღის 13:15 საათზე, საწარმოო პროცესის დროს შ-- ,,ა------ შ---------------ის“ კუთვნილი გენერატორი გამოვიდა მწყობრიდან და შეწყვიტა ფუნქციონირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილები (ტომი I, ს.ფ. 34-36);

- ტურბოგენერატორის შეკეთების ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 37-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. 2016 წლის 05 სექტემბერს შ-- ,,ა-------–----------------მ“ წერილობით მიმართა მოპასუხე მხარეს სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

წერილში მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ 2016 წლის 03 სექტემბერს, შუადღის 13:15 საათზე, საწარმოო პროცესის დროს საწარმოო კორპუსში მომუშავე ტურბინაზე დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლე ჩართვის შედეგად გენერატორი გამოვიდა მწყობრიდან და შეწყვიტა ფუნქციონირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილები (ტომიII, ს.ფ. 37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.4. 2016 წლის 12 სექტემბერს შ-- ,,ა-------–----------------მ“ დამატებით წერილობით მიმართა მოპასუხე მხარეს სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

წერილში მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ტურბინის გენერატორის მწყობრიდან გამოსვლა სავარაუდოდ გამოწვეულია მოკლე ჩართვის შედეგად, რამაც გამოიწვია აალება და ხანძარი გენერატორში და საბოლოოდ მისი დაწვა, რაც გამორიცხავს სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლის შემთხვევას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილები (ტომიII, ს.ფ. 38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.5. მოსარჩელე შ-- ,,ა-------–----------------მ“ წერილობით მიმართა ს- ,,ს----------------------------------------------------ს“, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც სადაზღვევო კომპანიისგან მიიღო წერილობითი უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ-- ,,ა------ შ---------------ის“ წერილები (ტომი I, ს.ფ. 34-36);

- ს- ,,ს----------------------- ს----------- დაზღვევის“ წერილები (წერილები (ტომი I, ს.ფ. 82-85; 99-100);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. არსებული მდგომარეობით სახელწოდების ცვლილების შემდგომ ს- ,,ს-------------------------------------–--“ წარმოდგენს ს- ,,ს-------------------------------ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 105; ტომი II, ს.ფ.181-182);

 

2.7. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვისა და გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნია, რომ შ-- ,,ა------ შ---------------ის“ კუთვნილი, ს- ,,ს----------------------- პ-----ში“ დაზღვეული ტურბოგენერატორის დაზიანება განაპირობა მოკლე ჩართვამ.

 

სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ მოცემული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას იხელმძღვანელა საქმეზე წარმოდგენილი, ექსპერტის დასკვნებით, კერძოდ, 2016 წლის 10 ნოემბრის საექსპერტო დასკვნაში მითითებულია, რომ გენერატორის დაზიანება არ მომხდარა ღია ცეცხლით, არამედ გენერატორის დაზიანება მოხდა სარდაფში ძაბვის ტრანსფორმატორის შემყვანებზე ერთი ფაზის მიწასთან მოკლედ შერთვის შედეგად, რომელიც შემდგომში გადაიზარდა რთულ მრავალფაზე მოკლედ შერთვაში, რამაც გამოიწვია ძაბვის ტრანსფორმატორის მკვებავი ალუმინის სალტეების დადნობა, ამავდროულად მრავალფაზა მოკლედ შერთვა გადავიდა სტატორის გრაგნილზე, რომელმაც გამოიწვია სტატორის გრაგნილისა და ფოლადის რთული დაზიანება და აალება (საიზოლაციო მასალის აალებით) გენერატორის შიგნით. ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01/02/2017 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ სტატორის გრაგნილებში წარმოქმნილი მოკლე ჩართვის ელექტრო რკალის შედეგად, გამოყოფილი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით (1500-4000 °C) მოხდა გრაგნილების დამცავი იზოლაციის მყისიერი აალება და ხანძარი გავრცელდა სტატორის წინა მხრიდან, გრაგნილების მთელ პერიმეტრზე (სიგრძეზე) ობიექტის ბოლო ნაწილამდე. მართალია, ამავე დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს, რომ შ-- ,,ა------ შ---------------ის“ კუთვნილ T2-2,5-2 ტიპის ტურბოგენერატორის დაზიანება, ტექნიკური თვალსაზრისით არ ჩაითვლება სტანდარტულ გამონაკლისად, #1---- დაზღვევის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მე-8 აბზაცის შესაბამისად, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევის შესაბამისობა დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო ნორმებთან მიმართებაში, უნდა დადგინდეს, როგორც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების და ამავე საქმეზე მოწვეული სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირების - ექსპერტების ზეპირი ჩვენებების საფუძველზე.

 

როგორც ექსპერტთა წერილობით დასკვნებში არის მითითებული და რაზეც ექსპერტები სასამართლო სხდომაზეც მიუთითებენ, რამაც დააზიანა მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი ტურბოგენერატორი, განაპირობა, მოკლე ჩართვამ, რის შედეგადაც წარმოიქმნა რკალი, რომელიც გახდა ცეცხლის გაჩენის მაპროვოცირებელი პირობა. წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე დაკითხული ექსპერტების მირ ცალსახად იქნა განმარტებული (რაც ასევე მითითებული მათ დასკვნაში), რომ დაზიანება გამოწვეულია მოკლე ჩართვით და თავად მოკლე ჩართვის შედეგად წარმოქმნილმა მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია კონკრეტული დეტალის ლღობა (ალუმინის სალტეების დადნობა თუ (საიზოლაციო მასალის აალებით). აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდა მოწყობილობის შიგნით და თავად მისი ფუნქციონირების შეწყვეტა მოკლე ჩართვამ გამოიწვია და არა კონკრეტული დეტალების დაზიანებამ. საგულისხმოა რომ ექსპერტთა განმარტებით აღნიშნული წამიერი პროცესია და თავად ტემპერატურის მატება მოკლე ჩართვისას იწვევს კონკრეტული მასალის აალებას, თუმცა იგი შედეგია სწორედ მოკლე ჩართვის და ცალკე აღნიშნული დეტალების აალება არ წარმოადგენს მოწყობილობის დაზიანება/განადგურების საფუძველს. შესაბამისად საქმეზე ცალსახად დასტურდება, რომ მოკლე ჩართვის შედეგად დანადგარში წარმოიქმნება ისეთი მაღალი დონის სიმხურვალე, რაც უდავოდ განაპირობებდა ამ დანადგარის დაზიანებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 10 ნოემბრის საექსპერტო დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 73-81);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01/02/2017 წლის ექსპერტის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 87-98);

- ექსპერტების ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება ქონების დაზღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო საზღაურის გამოანგარიშების წესი, სადაზღვევო შენატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირობები. აღნიშნულ პირობებზე შეთანხმების გარეშე დაზღვევის ხელშეკრულება არ დაიდება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,ხელშეკრულების პირობები’’ იყოფა: 1) პირობებად, რომლებიც წინასწარ არის ჩამოყალიბებული, გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის და რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნულ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ეწოდება და 2) პირობებად, რომლებიც მხარეთა მიერ დეტალურად არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დაზღვევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიად განიხილება, რამდენადაც ის შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. თავის მხრივ, 799-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების განხილვა მოთხოვნის უფლების შემცველი ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით უნდა დაიწყოს. კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უმთავრესი წინაპირობებია დამზღვევის მიმართ დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის. სადაზღვევო დავებში ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების დადგენისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა. ზოგადი პრინციპის თანახმად, მხედველობაში მიიღება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი (Causa proxima) და მიზეზთა მიზეზების დაუსრულებელი ძიება უმართებულოდ მიიჩნევა.

 

799.1-ე მუხლი ასევე მიუთითებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესახებ. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი მხარეებს უფლებას ანიჭებს, თავისუფლად განსაზღვრონ დაზღვევის ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმარტებისას, უმნიშვნელოვანესია სადაზღვევო დაფარვისა და გამონაკლისი პირობების გათვალისწინება. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მხართა შორის დავის საგანს წარმოდგენს ხელშეკრულების და მისი შემადგენელი ქონების დაზღვევის ხელშეკრულების პირობების ტექსტში არსებული სამართლებრივი დანაწესის განმარტება. კერძოდ 2016 წლის 03 სექტემბერს მომხდარი შემთხვევა წარმოდგენს თუ არა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკს ან/და წარმოდგენს საგამონაკლისო შემთხვევას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის განსხვავებული სახით ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა შორის არსებული შეთანხმების განმარტება. მოსარჩელე მხარის მითითებით ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, ხანძრის შედეგად დანადგარის დაზიანება უნდა იქნეს ანაზღაურებული, ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა არ ჯდება საგამონაკლისო დანაწესში.

 

სასამართლომ წარმოდგენილ შემთხვევაში უნდა დაადგინოს გონივრული განსჯის პირობებში მხარეთა არსებული შეთანხმება, მათ მიერ გამოვლენილი ნება და არა მარტო მისი პირდაპირი სიტყვითი მნიშვნელობა და ჩანაწერი ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის - ქონების დაზღვევის ხელშეკრულების პირობებში არსებული საგამონაკლისო დანაწესით დადგენილია - ,,სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება და მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ დაექვემდებარება ზარალი გამოწვეული ნებისმიერი სახის მოწყობილობის, ან დანადგარის ელექტრული დაზიანებით, უშუალოდ, ან არაპირდაპირ გამოწვეული მოკლე ჩართვით, ან დენის ცვალებადობით. ეს გამონაკლისი არ ეხება ამგვარი შემთხვევების შედეგად გამოწვეულ აალებასა და ხანძარს.“ სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ბოლო წინადადების გამონაკლისი მოიაზრებს ზიანს, რომელიც დადგა მოკლე ჩართვის შედეგად გაჩენილი ცეცხლის მიერ სხვა ქონებების განადგურებით. თუმცა ცალსახაა, რომ მოკლე ჩართვის შედეგად დანადგარში წარმოიქმნება ისეთი მაღალი დონის სიმხურვალე, რაც უდავოდ განაპირობებდა ამ დანადგარის დაზიანებას. წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაზღვეული მოწყობილობის დაზიანება გამოწვეული მის შიგნით მოკლე ჩართვის შედეგად, რამაც თავის მხრივ არსებული სიმხურვალის გათვალისწინებით კონკრეტული დეტალების აალება, დნობა გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო შემთხვევა წარმოადენს დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო ნორმებით გათვალისწინებულ გამონაკლისს და წარმოადგენს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების საფუძველს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება, სადაზღვევო ხელშეკრულების 9.3.6, 6.8 და 8.3 პუნქტების დარღვევაზე, რაც თავის მხრივ ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობად არის განხილული. აღნიშნული სახელშეკრულებო პუნქტები გათვალისწინებული შემთხვევა შეეხება სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე არსებული ინფორმაციის გაყალბების, შეცვლის და ახალი გენერატორის შეძენის შეუთანხმებლობას. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ გაგზავნილი წერილები მიუთითებს მოკლე ჩართვის არსებობის ფაქტს, ხოლო თავად ის გარემოება თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი დანადგარის მწყობრიდან გამოყვანის სწორედ კონკრეტული სპეციალური ცოდნისა და თუნდაც მთელი არსებული დავის ფაქტობრივი საფუძველია, შესაბამისად, მხოლოდ წერილობითი ინფორმაცია და მისი ფორმულირება ვერ გახდება ხელშეკრულების მითითებული ნორმების დარღვევის სამართლებრივი საფუძველი. ასევე, სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად მიუთითებს, რომ ვინაიდან საგამონაკლისო დათქმის არსებობა გამორიცხავს წარმოდგენილ შემთხვევაში ანაზღაურების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ნორმების დარღვევის ან/და დაურღვევლობის ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასება დამატებით აღარ ხდება.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. ვინაიდან, აღნიშნულ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შ-- ,,ა------ შ---------------ის“ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი, ტურბოგენერატორის შეძენისთვის და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაღებული ხარჯის, ჯამში 163 113.3 ლარის წლიური 5%-ის გადახდა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან, სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს, მეორე მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია მოკლე ჩართვით გამოწვეული აალების შესახებ, მოკლე ჩართვის და ნივთის ნაწილზე განვითარებული აალების ერთობლივად არსებობის პირობებში არ არსებობდა შემთხვევის გამონაკლისად მიჩნევის წინაპირობა. აპელანტის აზრით მოკლე ჩართვის შედეგად დამდგარი შემთხვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა მიჩნეულიყო გამონაკლისად თუ მოკლე ჩართვას აალება არ მოჰყვებოდა. აპელანტის განმარტებით რადგან სადავო შემთხვევაში სახეზეა როგორც მოკლე ჩართვა, ისე აალება ამ ორი მოვლენის ერთობლივად დადგომა უკვე იძლევა შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის შესაძლებლობას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. აპელანტის მიერ სადავოდ არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავო გარემოებების სახით დადგენილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1 – 3.1.5. პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.

 

4.1.2. ერთი მხრივ ს- ,,ს-----------------------------------–--ს’’ და მეორე მხრივ შ-- ,,ა-------–----------------ს’’ შორის 22.10.2015 წელს დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევა წარმოადგენდა.

 

ქონების დაზღვევის პირობების 1.2. პუნქტის თანახმად დაზღვევას ექვემდებარება მოძრავი და უძრავი სახის ქონება: შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, დანადგარები და სხვა ტექნიკური საშუალებები, ინვენტარი, მზა პროდუქცია, საქონელი, ნედლეული, მასალები და სხვა სახის ქონება, გარდა წინამდებარე ხელშეკრულება/პირობების პარაგრაფ 2-ში ჩამოთვლილი ქონებისა.

 

ხელშეკრულების პირობების მე-4 პუნქტით მხარეები გამონაკლისებზე შეთანხმდნენ, რომელთა დადგომის შემთხვევაში მზღვეველს არ დაეკისრებოდა ზარალის ანაზღაურების ვალდებულება. კერძოდ, მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურებისგან გათავისუფლების საგამონაკლისო პირობად მათ შორის განისაზღვრა ზარალი გამოწვეული ნებისმიერი სახის მოწყობილობის, ან დანადგარის ელექტრული დაზიანებით უშუალოდ ან არაპირდაპირ გამოწვეული მოკლე ჩართვით, ან დენის ცვალებადობით. ეს გამონაკლისები არ შეეხებოდა ამგვარი შემთხვევების შედეგად გამოწვეულ აალებას და ხანძარს.

 

4.1.3. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა, 22.10.2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეული ტურბოგენერატორის 03.09.2016 წელს დაზიანების ფაქტის, მხარეთა შორის შეთანხმებული სადაზღვევო პირობების შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევად შეფასების შესახებ საკითხი. კერძოდ, მხარეთა შორის სადავოა, 03.09.2016 წელს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტურბოგენერატორის დაზიანება წარმოადგენს თუ არა 22.10.2015 წლის დაზღვევის ხელშეკრულებით (მისი შემადგენელი სადაზღვევო პირობებით) გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკის განხორციელებას და შესაბამისად, ეს შემთხვევა წარმოადგენს თუ არა მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემის საფუძველს.

 

4.1.4. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტურბოგენერატორის დაზიანება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის დადგომიდან გამომდინარეობს, რაც დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულებას გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის, სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის პირობების მე-4 პუნქტი შეიცავს ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, როცა მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი სადაზღვევო რისკის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. მათ შორის გათვალისწინებულია, რომ დამზღვევი თანხის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება, თუ ზარალი გამოწვეულია უშუალოდ ან არაპირდაპირ გამოწვეული მოკლე ჩართვით. გამონაკლისი არ შეეხებოდა ამგვარი შემთხვევების შედეგად გამოწვეულ აალებას და ხანძარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის დაზიანების გამომწვევი მიზეზის და მოკლე ჩართვის გამონაკლის შემთხვევად მითითებასთან დაკავშირებით მხარეთა ნების დადგენა წარმოადგენს, რათა საბოლოოდ დადგინდეს, 03.09.2016 წელს ტურბოგენატორის დაზიანებისას ადგილი ჰქონდა, თუ არა, ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევას, რაც მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიცირებას და სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას გამორიცხავს.

 

4.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. პალატა განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება, მის ნამდვილ ნებას შეესაბამება. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა მხარეთა ნების განმარტების და არა სასამართლოს მიერ კანონის განმარტების ან/და ნორმის შეფარდების მართებულობის დადგენას ეხება, ამიტომ, მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას მხარეთა ახსნა-განმარტებებს და საქმეში არსებულ სხვა სახის მტკიცებულებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს.

 

ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ საექპერტო დასკვნებზე. კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოს 10.11.2016 წლის დასკვნის თანახმად:

- ექსპერტის წინაშე დასმული საკითხი იყო შ-- ,,ა------ შ---------------ის’’ ტურბოგენარატორის დაზიანების მიზეზის დადგენა.

გენერატორის დაზიანება არ მომხდარა გარედან ღია ცეცხლით, არამედ გენერტორის დაზიანება მოხდა სარდაფში ძაბვის ტრანსფორმატორების შეყვნაზე ერთი ფაზის მიწასთან მოკლედ შერთვის შედეგად, რომელიც შემდგომში გადაიზარდა რთულ მრავალფაზაზე მოკლედ შერთვაში, რამაც გამოიწვია ძაბვის ტრანსფორმატორის მკვებავი ალუმინის სალტეების დადნობა, ამავდროულად მრავალფაზა მოკლედ შერთვა გადავიდა სტატორის გარგნილზე, რომელმაც გამოიწვია სტატორის გრაგნილის და ფოლადის რთული დაზიანება და აალება (საიზოლაციო მასალის აალებით) გენერატორის შიგნით.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.02.2017 წლის დასკვნით თანახმად:

ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები იყო: 1. რა გახდა ტურბოგენატორის დაზიანების მიზეზი; 2. აღნიშნული მიზეზი მიეკუთვნება თუ არა 2015 წლის 22 ოქტომბრს ს- ,,ს----------------------ისა’’ და შ-- ,,ა-------–----------------ს’’ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების, ქონების დაზღვევისპირობების 4.1 პუნქტის მე-8 აბზაცით გათვალისწინებულ სტანდარტულ გამოკლისს.

 

1. შემთხვევის ადგილის გამოკვლევით, ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების (კვლების) გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ T2-2.5-2 ტიპის ტურბოგენერატორში ხანძრის გაჩენის კერა ანუ არაკონტროლირებადი წვის პირველადი წარმოშობის ადგილი დაფიქსირდა ტურბოგენატორის კორპუსის შიგნით, წინა მარცხენა ნაწილში სტატორის გრაგნილების განთავსების ზონაში. სტატორის გარგნილებში წარმოქმნილი მოკლე ჩართვის ელექტრო რკალის შედეგად. გამოყოფილი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით (1500-40000C) მოხდა გრაგნილების დამცავი ზოლაციის მყისიერი აალება და ხანძარი გავრცელდა სტატორის წინა მხრიდან, გრაგნილის მთელ პერიმეტრზე (სიგრძეზე) ობიექტის ბოლო ნაწილამდე.

2. წარმოდგენილი მასალების და ჩატარებული გამოკვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე მივდივართ დასკვნამდე, რომ შ-- ,,ა------ შ---------------ის" კუთვნილი T2-2.5-2 ტიპის ტურბოგენერატორის დაზიანება ტექნიკური თვალსაზრისით არ ჩაითვლება სტანდართულ გამონაკლისად #1---- დაზღვევის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მე-8 აბზაცის შესაბამისად.

 

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული დასკვნების განმარტებისა და შევსების მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას კითხვები დაესვათ დასკვნის ავტორ ექპსერტებს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.02.2017წ. დასკვნის ავტორმა რეზო გელაშვილმა (კრიმინალისტიკური ექსპპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი. სპეციალობით მუშაობის 40 წლის სტაჟით) დასკვნაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ ტურბოგენერატორის დაზიანების შემთხვევაში ჯერ მოხდა მოკლე ჩართვა, ხოლო მოკლე ჩართვის შედეგად წარმოქმნილი ელექტრო რკალის შედეგად გამოყოფილმა მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია დამცავი იზოლაციის აალება, ექპერტის განმარტებით მოკლე ჩართვის შედეგად გამოყოფილმა მაღალმა ტეპმერატურამ დაადნო დამცავი საიზოლაციო ფენა, სტატორის სეგმენტი.. კითხვაზე: რამ გამოიწვია გენერატორის დაზიანება ექსპერტმა განმარტა, რომ გენარტორის დაზიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. (იხ 12.07.2018 წ. სხდომის ოქმი, 14:01:10- 14:01:24; 14:02:02-14:02:06; 14:03:41-14:03:51; 14:04:15-14:05:07;)

 

4..1.6. ამდენად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ შ-- ,,ა------ შ---------------ის’’ კუთვნილი ტურბოგენატორის დაზიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აპელანტი ტურბოგენატორის მოკლე ჩართვის შედეგად დაზიანების მიუხედავად, მოკლე ჩართვას გამონაკლისად და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად არ მიიჩნევს იმ დასაბუთებით, რომ მოკლე ჩართვას ნივთის ნაწილის ლღობა და აალება მოჰყვა. მოსარჩელე აპელანტის აზრით მოკლე ჩართვის გამონაკლისად მიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დასაშვები თუ ამ მოვლენას ნივთის ნაწილის ლღობა და აალება არ მოჰყვებოდა, გათვალისწინებით იმისა, რომ მოკლე ჩართვას დაზიანებული ნივთის ნაწილის აალება მოჰყვა დაუშვებელია შემთხვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისად კვალიფიკაცია და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმა.

 

4.1.7. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების (პირობების) მე-4 პუნქტზე, სადაც განმარტებულია იმ გამონაკლისების შესახებ, რომელთა დადგომაც შემთხვევის სადაზღვევო შემთვევად მიჩნევის შესაძლებლობას და საბოლოოდ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებას გამორიცხავს. კერძოდ, დაზღვევის პირობების მე-4 პუნქტის მიხედვით სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება და მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება ზარალი გამოწვეული ნებისმიერი სახის მოწყობილობის, ან დანადგარის ელექტრული დაზიანებით, უშუალოდ ან არაპირდაპირ გამოწვეული მოკლე ჩართვით, ან დენის ცვალებადობით. ამავე პუნქტში არსებული შეთანხმებით ეს გამონაკლისი არ ეხება ამგვარი შემთხვევის შედეგად გამოწვეულ აალებას და ხანძარს. სააპელაციო პალატა ვერ გაზიარებს მოსარჩელე აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ ხელშკრულების მე-4 პუნქტის მე-8 აბზაცში არსებული ჩანაწერი მოკლე ჩართვის გამონაკლისად მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავს თუ მოკლე ჩართვას აალება და ხანძარი მოჰყვა, იმის მიუხედავად, ნივთის დაზიანება უშუალოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია თუ აღნიშნული მოკლე ჩართვის შედეგად გაჩენილი ხანძარის შედეგად დადგა. სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ მოსარჩელე აპელატის მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, რომლითაც ის მიიჩნევს, რომ მიუხედავად მოწყობილობის დაზიანების უშუალო გამომწვევი მიზეზისა, შემთხვევა მაინც მიჩნეული უნდა იქნეს სადაზღვევო შემთხვევად თუ სახეზეა მოკლე ჩართვა და აქედან მომდინარე აალება, გაუგებარი რჩება გამონაკლისში მოწყობილობის მოკლე ჩართვის შედეგად დაზიანების მითითების საფუძველი, რადგან თავად მოკლე ჩართვა თავისი შინაარსით ისეთ მოვლენას წარმოადგენს, რასაც ამ დროს წარმოშობილი ტემპერატურის ზემოქმედებით დიდი ალბათობით მცირე აალება როგორც წესი მოჰყვება ხოლმე. შესაბამისად, მოსარჩელე აპელანტის მსჯელობა ეწინააღმდეგება და პრაქტიკულად საფუძველს აცლის გამონაკლისად მოკლე ჩართვის მიჩნევის შესაძლებლობას, რადგან მოსარჩელე აპელანტის მსჯელობის მიხედვით, მიუხედავად მოწყობილობის დაზიანების უშუალო გამომწვევი მიზეზისა, თუ გამონაკლისში მითითებულ მოვლენას თუნდაც მცირე აალება მაინც მოჰყვა, რომელსაც თუნდაც არანაირი კავშირი არ აქვს თავად მოწყობილობის დაზიანებასთან, ასეთი მოვლენა მიჩნეული ვეღარ იქნება გამონაკლისად. ამ მიმართებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქონების დაზღვევის პოლისის თანახმად ხანძარი დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა, დაზღვევის პირობების მე-4 პუნქტის მე-8 აბზაცში არსებული ჩანაწერი მასზედ, რომ მოკლე ჩართვის შედეგად წარმოშობილი აალება და ხანძარი გამონაკლისს არ წარმოადგენდა პალატას აძლევს დასკვის საფუძველს, რომ ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა მათ შორის იმ ხანძრით გამოწვეული ზიანი, რომელიც გამონაკლისი მოვლენით - მოკლე ჩართვის საფუძველზე წარმოიშობოდა და არა უშუალოდ მოკლე ჩართვის შედეგად დამდგარი ზიანი, რა დროსაც მოკლე ჩართვას აალებადა ხანძარი მოჰყვებოდა.

 

საბოლოოდ, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მე-8 აბზაცის ლოგიკური ახსნა-განმარტების შედეგად სააპელაციო პალატა მივიდა დასკვანმდე, რომ დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად მოკლე ჩართვის შედეგად გაჩენილი აალება და ხანძარი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მიიჩნეოდა გამონაკლისად, თუ მოწყობილობის დაზიანება გამოწვეული იქნებოდა არა უშუალოდ მოკლე ჩართვის, არამედ მოკლე ჩართვის შედეგად გაჩენილი აალების და ხანძრის შედეგად. გათვალისწინებით იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით და თავად დასკვნების ავტორ ექსპერტთა განმარტებებით დადასტურებულია ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტურბოგენერატორის დაზიანება უშუალოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია და ზარალის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვის შედეგად წარმოქმნილი აალება არ ყოფილა, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ხელშეკრულებით შეთანხმებული გამონაკლისი შემთხვევა, რაც ამ შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის სამართლებრივ საფუძველს გამორიცხავს.

 

ამდენად, წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი ვერ დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხეს (აპელანტს), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა (ახსნა განმარტება, ექსპერტიზის დასკვნა) წარდგენა, რომლებმაც მოსარჩელის მიერ განვითარებული მსჯელობა ეჭვქვეშ დააყენა და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის არარსებობის შესახებ.

 

4.1.8. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ-- ,,ა------ შ---------------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /