განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
120100119002907242
ინსტანცია
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002907242

საქმე №1ბ/891-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------–--------ის

ადვოკატის: ი--------------–---–ის

მსჯავრდებულის: ქ------------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ქ------------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ქ------------------------ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა---––----------------------–------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ------------------------ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 იანვარს, ა---––----------------------–------ში მცხოვრები, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქ------------------------ე მეუღლე ს--------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, იმავე დღეს, მოძალადე ქ------------------------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მოძალადეს ერთ თვემდე ვადით - 2019 წლის 23 თებერვლამდე ეკრძალებოდა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი ს--------------ი, ასევე ეკრძალებოდა მსხვერპლ ს--------------თან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ქ------------------------ის მიერ უხეშად იქნა დარღვეული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები. იგი შემაკავებელი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში კვლავ ცხოვრობდა ს--------------თან ახალციხის რაიონის სოფ. მუსხში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც 2019 წლის 8 თებერვალს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, კვლავ მიაყენა მეუღლეს ს--------------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა საცხოვრებელი სახლის დატოვება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით:

 

ქ------------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ქ------------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა და ქ------------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 8 თებერვლიდან.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ქ------------------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა ქ------------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ქ------------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ ს--------------ის და მოწმეების - ვ----–----------ის, ა----------ის, გ---------------ის, პ---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, 2019 წლის 24 იანვრის №------ შემაკავებელი ორდერის და სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქ------------------------ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ქ------------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნას. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახის შესახებ.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, ქ------------------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სააპელაციო პალატის სხდომაზე დასკვნით სიტყვაში მსჯავრდებულმა ქ------------------------ემ განაცხადა, მას არ უთქვამს მეუღლისთვის, წასულიყო სახლიდან, მას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, არ უცემია და არც უგინებია მეუღლისთვის და იგი (მსჯავრდებული) ვერ წავიდოდა თავისი საკუთარი სახლიდან, თუმცა საბოლოო სიტყვაში მსჯავრდებულმა ითხოვა პატიება. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ, მართალია, ბრალდებულს (მსჯავრდებულს) აქვს უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, თუმცა ის გარემოება, რომ დასკვნით სიტყვაში დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ, საბოლოო სიტყვაში მსჯავრდებულმა ითხოვა პატიება, რითაც ფაქტობრივად აღიარა დანაშაულის ჩადენა და დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, პალატას აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ მსჯავრდებულ ქ------------------------ის მიერ საბოლოო სიტყვაში დანაშაულის ჩადენის აღიარება და მონანიება არ არის გულწრფელი და აღნიშნული განპიროვნებულია მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების მოლოდინით.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ქ------------------------ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. მართალია, ბრალდების მიხედვით, ქ------------------------ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად, თუმცა ქ------------------------ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების ფორმულირებით (ინკრიმინირებული ქმედების აღწერა) აშკარად იკვეთება, რომ მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს მეუღლის - ს--------------ის, ანუ ოჯახის წევრის (საქართველოს სსკ-ის მე-111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად) მიმართ, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი და მხარეთა შეთანხმებით, პრეიუდიციად მიღებული ზემოხსენებული მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. რაც შეეხება მსჯავრდებულ ქ------------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომას, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ არის სამართლებრივად უფლებამოსილი მსჯავრდებულს დაუმძიმოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა და ჩადენილი დანაშაულისათვის მიუსაჯოს 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სასჯელის დამძიმების მოთხოვნით ქ------------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სახელმწიფო ბრალმდებელს გასაჩივრებული არა აქვს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან უმოკლეს პერიოდში (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ქ------------------------ემ შემაკავებელი ორდერის პირობები მეორე დღიდანვე დაარღვია), შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობასთან ერთად მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა - არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ქ------------------------ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ქ------------------------ისთვის 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს. მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქება (არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა) იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა. პალატას მიაჩნია, რომ ქ------------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ქ------------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ქ------------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი ქ------------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ქ------------------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 8 თებერვლიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ქ------------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ.კახეთელიძე