განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.07.2019
საქმის ნომერი
330210018002503868
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002503868

N2ბ/4280-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი - ლ---------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ-------–-–--ა

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 13 მარტის განჩინება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და დ-------–-–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ---------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს------–---------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, და აღნიშნული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა დ-------–-–--ას.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა დ-------–-–--ამ ლ---------ის მიმართ და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა. სადავო უძრავი ნივთის მისამართია ქ. თბილისი, ს------–---------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 0---------------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე დ-------–-–--ას სახელზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის იმ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომლის გამოთხოვასაც იგი ითხოვს მოპასუხის ფლობელობიდან.

 

2.2. 2018 წლის 26 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, არ გამოცხადდა მოპასუხე ლ---------ე, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 38-49). სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

2.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი დააკმაყოფილა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.4. 2018 წლის 24 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საჩივრით მომართა მოპასუხე ლ---------ემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია. მოპასუხემ განმარტა, რომ თავის შესაგებელში, მოპასუხეს მითითებული ჰქონდა სასამართლო შეტყობინების ჩაბარებისთვის დროის ოპტიმალური შუალედი; ამასთან, მოპასუხის დედა და, ძირითადად, მოპასუხეც ყოველთვის სახლში არიან, მაგრამ უწყება მხარეს არ მიუღია.

 

2.5. 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხე ლ---------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად. საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 13 მარტს, 13:00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობა საჩივრის ავტორსა და მოწინააღმდეგე მხარეს.

 

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით ლ---------ის საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მოთხოვნაა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმაზე მითითებით, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს დანიშნული სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება მოპასუხეს არ ჩაჰბარებია და სასამართლო ვალდებული იყო, გაერკვია, რატომ არ ჩაჰბარდა უწყება ადრესატს. სასამართლომ გაითვალისწინა გარემოებები, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში არ არის მითითება მოპასუხის ტელეფონის პირად ნომერზე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის განმარტებით, მოპასუხე პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობს, რაც სასამართლოს გაუადვილებდა მოპასუხის ინფორმირებას სხდომის თაობაზე (იხ. შესაგებელი და საჩივრის განხილვის სხდომის ოქმი); ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 26 სექტემბრის სხდომის თარიღისა და ზუსტი დროის შესახებ მოპასუხეს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით (ს.ფ. 38-49); მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოგანმარტებული 233-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 241-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე გარემოებაზე, რაც შეიძლება სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ყოფილიყო შეფასებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 241-ე მუხლით დადგენილ პირობებს.

 

2.7. 2019 წლის 19 აპრილს ლ---------ემ წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა, როდესაც მიუთითა, რომ ლ---------ეს საჩივარში არაფერი აქვს ნახსენები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებებზე, ამავდროულად, აპელანტი განმარტავს, რომ მოპასუხის საკონტაქტო მონაცემების მითითების ვალდებულება ეკისრებოდა მოსარჩელეს და არა მას, როგორც ეს სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებულ განჩინებაში.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, არ გამოცხადდა მოპასუხე ლ---------ე, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 38-49.

 

4.2. პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 26 სექტემბრის საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.

 

პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

 

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ აპელანტს არ ჩაბარებია უწყება, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, რამდენადაც საქმის მასალებით დგინდება, რომ უწყება არაერთგზის იქნა გაგზავნილი ლ---------ისთვის, თუმცა ვერ ჩაბარდა რიგი მიზეზების გამო, რის შედეგადაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით და უწყება ადრესატს ჩააბარა საჯარო შეტყობინების გზით.

 

უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში არ არის მითითება მისი ტელეფონის პირად ნომერზე, რაც სასამართლოს გაუადვილებდა მოპასუხის ინფორმირებას სხდომის თაობაზე, სასამართლოსთვის ცნობილი იყო მხოლოდ ლ---------ის მისამართი, რომელზეც, როგორც უკვე აღინიშნა, არაერთგზის გაეგზავნა უწყება ადრესატს. ამავდროულად, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მოხმობილ არგუმენტაციას მასზედ, რომ სასამართლოსთვის მოპასუხის საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკისრება მოსარჩელე მხარეს. პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის დანაწესით, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. ხსენებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი ირკვევა, რომ ტელეფონის ნომრის მითითების ვალდებულებას არ ითვალისწინებს კანონმდებლობა, აღნიშნული არის დამატებითი ინფორმაცია, რაც ასეთის არსებობის შემთხვევაში, სასურველია, რომ იყოს მითითებული სარჩელში, თუმცა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ იცოდა ლ---------ის საკონტაქტო ნომერი და განზრახ არ მიუთითა სარჩელში, საქმის გარემოებებით არ დგინდება. ამდენად, აპელანტის ხსენებულ შედავებას პალატა საფუძვლიანად ვერ მიიჩნევს.

 

აქვე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2019 წლის 13 მარტში განჩინებაში მოხმობილ მსჯელობას მასზედ, რომ აპელანტი არც საჩივარში და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 241-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე გარემოებაზე, რაც შეიძლება სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ყოფილიყო შეფასებული. როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის ფაქტი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---------ისს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 13 მარტის განჩინება;

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი