განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002425501
N2ბ/3567-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - მაია სულხანიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - უ–-----–----------–---–ი
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–--------ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 15 აპრილის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 20 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: გამოთხოვილ იქნა მოპასუხე უ–-----–----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ----------------–-------------------------------------------------–------------ (ს/კ 0----------------------) და სს ,,ს----------–--------ს" ქონება გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 01 სექტემბერს სარჩელით მიმართა სს ,,ს----------–--------ის“ წარმომდგენელმა, მოპასუხე უ–-----–----------–---–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
2.2. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, მ----------------–-------------------------------------------------–------------ (ს/კ 0----------------------) წარმოადგენს სს „ს----------–--------ის“ საკუთრებას, ხოლო მოპასუხე უ–-----–----------–---–ი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მითითებულ ნივთს და მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს მას.
2.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 20 თებერვალს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხე უ–-----–----------–---–ი და მისი წარმომადგენელი მ--------------ე, რომლებსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელე სს .,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა გოგიტა შიოშვილმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და სარჩელის დაკმაყოფილება.
2.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი დააკმაყოფილა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უ–-----–----------–---–ის წარმომადგენელს მ--------------ეს ჩაბარდა 2019 წლის 27 თებერვალს. 2019 წლის 11 მარტს მოპასუხის წარმომადგენლის მ--------------ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საჩივრის განხილვაზე ზეპირი მოსმენა 2019 წლის 15 აპრილს.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით უ–-----–----------–---–ის საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით და მხარის განმარტებით გაირკვა, რომ სასამართლო სხდომა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სამჯერ გადაიდო. 2019 წლის 20 თებერვლის სხდომაზე, როდესაც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოპასუხე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის შესახებ რაიმე დოკუმენტი ყოფილა წარმოდგენილი. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე მოპასუხის საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
2.8. 2019 წლის 01 მაისს უ–-----–----------–---–მა წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა თბილისში, რის გამოც ვერ მოახერხა პროცესზე გამოცხადება, ხოლო სამართლებრივი დახმარების გარეშე დარჩენილმა უ–-----–----------–---–მა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე პროცესის გადადების თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა და დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, საქართველოს კანონმდებლობით და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და ევროკონვენციის მე-6 მუხლი.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ 2019 წლის 20 თებერვალს, 15:30 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე უ–-----–----------–---–ი და არც მისი წარმომადგენელი, რომელთაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 20 თებერვალს, 15:30 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.
პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა თბილისში, ხოლო აპელანტს არ სურდა სამართლებრივი დახმარების გარეშე პროცესში მონაწილეობის მიღება, რის თაობაზეც იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე.
პალატა შენიშნავს, რომ თავად აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობით (იხ. ს.ფ. 75) სასამართლომ 2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომა გადადო და დანიშნა საქმის განხილვა 2019 წლის 04 თებერვალს. მითითებულ დღეს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი ვერ ცხადდებოდა პროცესზე, ხოლო მის მარწმუნებელს სამართლებრივი დახმარების გარეშე საკუთარი პოზიციის დაცვა არ ხელეწიფებოდა (იხ. ს.ფ. 83). სასამართლომ გაიზიარა მ--------------ის ხსენებული შუამდგომლობა და სასამართლო სხდომა გადანიშნა 2019 წლის 20 თებერვალს, რომელზეც აპელანტი და მისი წარმომადგენელი კვლავ არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის წარმომადგენლის იმ მტკიცებას, რომ სასამართლომ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რამდენადაც მისი შუამდგომლობა ეხებოდა 2019 წლის 04 თებერვალს დანიშნულ სხდომას და კავშირში არ არის 2019 წლის 20 თებერვლის სხდომასთან, რომელზედაც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ამდენად, პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის ფაქტი.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. უ–-----–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი