განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2019
საქმის ნომერი
330100118002357865
ინსტანცია
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002357865, №1/ბ-789-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ--------------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ------- ც------–--ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------------;

 

ადვოკატი - ს----- ჯ----–--ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა).

 

სასჯელი:

 

2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენის გაუქმება და გ------- ც------–--ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ შპს ,,ფ-------------–-------------–-------------------------------–----–------ის“ მიერ გაცემული წერილით ირკვევა, რომ გ------- ც------–--ე ჩართული იყო მეთადონის პროგრამაში და გადიოდა შესაბამის მკურნალობას.

▪ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ გ------- ც------–--ის ბრალეულობას.

▪ გ------- ც------–--ეს დაცვის პოლიციის თანამშრომელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირველივე დაძახებისთანავე ჩამოვიდა სახანძრო კიბიდან და დაემორჩილა მის მოთხოვნას. იმ ადგილზე, დაყრილი იყო სხვადასხვა დასახელების საგნები და ნივთები, შესაბამისად, შესაძლოა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება იქ დაგდებული ყოფილიყო და მასთან გ------- ც------–--ეს შეხება არ ჰქონია.

▪ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა პოლიციის თანამშრომლების დ----- თ------–-–---–ის და კ------- მ---------ის ჩვენებები, ვინაიდან აღნიშნულმა მოწმეებმა მისცეს არსებითად განსხვავებული ჩვენებები, კერძოდ, მოწმე დ----- თ------–-–---–მა განმარტა, რომ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება ნახა დაზიანებულ მდგომარეობაში, რადგან მას გ------- ც------–--ემ დაადგა ფეხი, ხოლო კ------- მ---------ემ განმარტა, რომ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება იყო დაუზიანებელი.

▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში გ------- ც------–--ის ხელმოწერა დაფიქსირებული არ არის. საქმეზე ჩატარებული არ არის გენეტიკური ბიოლოგიური ექსპერტიზა, რაც დაადასტურებდა დნმ-ის კვალის არსებობას და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების გ------- ც------–--ისადმი კუთვნილებას. ბრალდების მხარეს არ ამოუღია და დაუთვალიერებია შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები. რაც შეეხება გ------- ც------–--ის 2018 წლის 28 იანვრის აღიარებით ჩვენებას, ის მოპოვებულია მოტყუებით და ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. ასევე ზეწოლის შედეგად მოაწერა გ------- ც------–--ემ ხელი პირის ბრალდების შესახებ დადგენილებას. მას არ ჰყავდა დამცველი, ვინაიდან გამომძიებლის თქმით ადვოკატის აყვანა ზედმეტ ხარჯს გამოიწვევდა. ამ განმარტებას ესწრებოდნენ გ------- ც------–--ის მეუღლე და ძმა.

▪ გ------- ც------–--ე საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, თუმცა იგი ცდილობდა მკურნალობის დროს დანიშნული დოზის შემცირებას. სასამართლო განხილვის დროს ასევე დატოვა ქვეყნის ტერიტორია, თუმცა ყოველთვის დროულად ცხადდებოდა სასამართლო სხდომებზე, რადგან დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში, როცა შეეძლო საერთოდ არ დაბრუნებულიყო საქართველოში და თავი აერიდებინა სასამართლოსთვის (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ------- ც------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 1 იანვარს, დღის საათებში, ქ------–-----------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ც------–--ე უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით - 0,07 გრამს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით გ------- ც------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

გ------- ც------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 აპრილიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გ------- ც------–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას „ფ----------------------–--------------------------------–----–------ის“ ობიექტების დაცვის განყოფილების ინსპექტორმა, მოწმე კ------- მ---------ემ განმარტა, რომ მის ფუნქციებში შედის ცენტრის შიდა ტერიტორიის მეთვალყურეობა, გარე პერიმეტრის კონტროლი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სახანძრო კიბეზე უცხო პირთა ასვლა არის აკრძალული, იგი კონტროლდება ვიდეოკამერის მეშვეობით. 2018 წლის 01 იანვარს, შუადღისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაცვის ოთახში არსებული კომპიუტერის მონიტორზე დაინახა, რომ სახანძრო კიბეზე ადიოდა უცნობი პირი. იგი გავიდა დაცვის ოთახიდან და უცნობს მოუწოდა ჩამოსულიყო კიბიდან. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი მისკენ მობრუნდა, იცნო, რომ იყო მეთადონის პროგრამაში ჩართული გ------- ც------–--ე, რომელიც დაემორჩილა მის მოთხოვნას და ჩამოვიდა კიბიდან. ასევე, ამ პირმა უკანა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდი, რომლის შიგთავსიც არ ჩანდა, ჩაიდო წინა მხარეს და ითხოვდა არ დაეკავებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა თვითდაზიანებით. გ------- ც------–--ემ მალევე გადააგდო ქაღალდი, რომელიც მისი თქმით, არ იყო მისი და დააბიჯა ფეხი. ქაღალდი გაიხა და გამოჩნდა ცარიელი შუშის კოლბა, შპრიცები, ყვითელი აბები და რამდენიმე პოლიეთილენი. ამ დროს თვითონ იდგა გ------- ც------–--ისგან დაახლოებით ერთი მეტრის ან მეტრანახევრის მოშორებით. სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე მიხვდა, რომ პოლიეთილენში შესაძლოა მოთავსებული ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება, ამიტომ გამოიძახა ოპერატიული სამსახური და მომხდარის შესახებ ასევე მოახსენა სამსახურის უფროსს - დ----- თ------–-–---–ს, რომელმაც გამოიძახა მე-2 განყოფილების თანამშრომლები. მათ მისვლამდე შემთხვევის ადგილს იცავდნენ ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე მისვლის შემდეგ, განყოფილების თანამშრომლებმა ამოიღეს ქაღალდში მოთავსებული ნივთები და ნივთიერება. მოწმის განმარტებით, ოპერატიული ჯგუფის უფროსმა გ------- ც------–--ე ჩაიყვანა დაცვის ოთახში, სადაც ეს უკანასკნელი იქცეოდა არაადეკვატურად და ხილთან დადებული დანით აპირებდა თავის დაზიანებას, თუმცა მას განზრახვა სისრულეში არ მოუყვანია.

 

დაცვის პოლიციის პირველი განყოფილების ოპერატიული ჯგუფის ინსპექტორმა მოწმე დ----- თ------–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მისი სამსახურის გვერდით არის „ნ------------------------------------------–-------------–----–------ი“. ცენტრში გაუგებრობის ან უკანონობის შემთხვევაში ხდება მათი გამოძახება, რაზეც რეაგირებას ახდენენ რამდენიმე წუთში. 2018 წლის 1 იანვარს, „ნ------------------------------------------–-------------–----–------იდან“ მოხდა მათი გამოძახება. ადგილზე მისვლისას, შენობის უკანა მხარეს მდებარე რკინის კიბესთან, სადაც ხშირად ფიქსირდება უკანონო ქმედებების ჩადენა ან გაპარვის შემთხვევები, ძირს იყო დაწოლილი გ------- ც------–--ე, რომელსაც ხელში ეჭირა ქვა, მის გვერდით კი იყო პატარა შუშის ფლაკონი, შპრიცი და ყვითელი ტაბლეტები, რომლებიც გ------- ც------–--ის განმარტებით გადააგდო თავად. მის დანახვაზე გ------- ც------–--ემ ქვას ხელი გაუშვა და დაემორჩილა მას. ამის შემდეგ მათ გ------- ც------–--ე ჩაიყვანეს დაცვის ოთახში, სადაც ეს უკანასკნელი იქცეოდა არაადეკვატურად, შეშლილივით, რის გამოც მას იქვე დაადეს ხელბორკილები.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ლ-–- გ------, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული შეტყობინებით ირკვეოდა, რომ ქ----------------------ში მდებარე „ნ------------------------------------------–-------------–----–------ში“ შეჩერებული ჰყავდათ პირი, რომელმაც გადააგდო ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ხელმძღვანელების მიერ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა თავადაც. მათ მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ქაღალდის პაკეტი, ორი ცალი სამედიცინო შპრიცი, ორი ცალი მოყვითალო ფერის პაკეტი მასში მოთავსებული მუქი ფერის მასით, რამდენიმე ცალი მოყვითალო ფერის ტაბლეტი, ბამბა და ფხვიერი მასა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით და გადაეცა გამომძიებლებს, რის შემდეგაც დაინიშნა ექსპერტიზა.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე ლ-–- ბ----მ განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმად, ქ----------------------ში მდებარე „ნ------------------------------------------–-------------–----–------ში“ შეკავებული ჰყავდათ პიროვნება, რომელმაც გადააგდო ნივთიერება, სავარაუდოდ - ნარკოტიკი. შემთხვევის ადგილზე მათი მისვლისას გ------- ც------–--ე იმყოფებოდა დაცვის ოთახში. მოწმის განმარტებით, მან გამოკითხა მოწმეები, მათ შორის გ------- ც------–--ე, რომელსაც გააცნო პირის ბრალდების შესახებ დადგენილება, ასევე ამოღებულ ნივთებსა და ნივთიერებებზე დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

 

მოწმე გ------- ნ--------ემ განმარტა, რომ უფროს ექსპერტად მუშაობს ქ.თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მე-4 განყოფილებაში. 2018 წლის 1 იანვარს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ხ------- მ---------ესთან ერთად მივიდა ქ----------------------ში მდებარე „ნ------------------------------------------–-------------–----–------ში“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღობესთან, კერძოდ, გრუნტის ნიადაგიდან ამოღებულ იქნა ,,PSP-ს“ ქაღალდის შეფუთვა, იქვე დაყრილი მოყვითალო ფერის აბები, მცირე ზომის გატეხილი ქილა წარწერით „ვალერიანი“, ორი ცალი შპრიცი, ბამბა, ხელსახოცში გახვეული თეთრი ფერის მასა, ასევე ორი მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში შეფუთული პაკეტი, მასში მოთავსებული მუქი ფერის მასით. აღნიშნული საგნების და ნივთიერებების მდებარეობის და განლაგების დაფიქსირების შემდეგ, მათ დალუქეს ისინი, მოათავსეს ერთ პაკეტში და გადასცეს გამომძიებელს.

 

2018 წლის 1 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვარს 17:15 საათიდან 18:25 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ------–-------------------------------ს უკანა ეზოში, სადაც ასვლა შესაძლებელია რკინის კონსტრუქციის კიბით, ხოლო რკინის ღობე არის დაზიანებული. დაზიანებული ნაწილის გავლის შემდეგ ერთი მეტრის მოშორებით, შენობის კუთხიდან მარცხენა მხარეს, დაახლოებით ერთ მეტრში მიწის ნიადაგზე დევს ქაღალდის შეფუთვა წარწერით „PSP“ დახეულ მდგომარეობაში. მასში მოთავსებულია მოყვითალო ფერის აბები, ორი ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მომცრო ზომის შეფუთვა, მცირე ზომის შუშის ქილა გატეხილ მდგომარეობაში, ბამბის ქულა. მის გვერდით ნიადაგზე დევს ორი ცალი ერთჯერადი საინექციო შპრიცი და ხელსახოცი, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის მასა. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: 21 ცალი მოყვითალო ფერის აბი, ორი ცალი ერთგრამიანი საინექციო შპრიცი, ხელსახოცი თეთრი ფერის მასით, ორი ცალი მცირე ზომის მოყვითალო შეფუთვა მასში არსებული მუქი ფერის მასით, მცირე ზომის შუშის ბოთლის ნამსხვრევები წარწერით „ვალერიანი“, ქაღალდის შეფუთვა წარწერით „PSP“ და ბამბის ქულა, რომლებიც ცალ-ცალკე მოთავსდა ქაღალდის კონვერტებში და დაილუქა პაკეტში შტრიხკოდით F--------.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 05 იანვრის ექსპერტიზის N---------- დასკვნით:

▪ N1 და N3 მოყვითალო ფერის, მრგვალი ფორმის 21 (ოცდაერთი) ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 3,5482 გრამი და ხელსახოცში გახვეული თეთრი ფერის ნივთიერება, გრანულების სახით, წონით - 0,371 გრამი არ შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს (ობ. N4-5).

▪ 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის ცარიელი ორი ცალი შპრიცის შიდა კედლებზე არ აღინიშნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ობ. N2-3).

▪ თავმილღობილ ყვითელ პოლიეთილენის ორ ცალ ნაჭერში, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონებით - 0,0544 გრამი და 0,0545 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი) და ჰეროინის შემცველ ნარევს, საერთო წონით - 0,1089 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი), წონაა - 0,0048 გრამი და ჰეროინის წონაა - 0,07 გრამი (ობ. N1).

▪ N5-7 მცირე ზომის მინის ფლაკონის ნამსხვრევებზე, ქაღალდის ეტიკეტზე რუსულენოვანი წარწერით „ვალერიანი“, ბამბაზე და ქაღალდის ცარიელ პაკეტზე, წარწერებით „პსპ“ არ აღინიშნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ობ. N6-7). დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ----------–---–მა და პ-------–--–---–--ემ.

 

გ------- ც------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, „ნ------------------------------------------–-------------–----–------ში“ იმყოფებოდა კუთვნილი მეტადონის მისაღებად, რის შემდეგაც გადაწყვიტა მოენახულებინა ამავე შენობის მესამე სართულზე მყოფი მეგობარი, თუმცა მის სანახავად საჭირო იყო საშვი და ექიმის თანხმობა, რაც არ ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა შენობის უკანა მხარეს არსებული კიბით ასვლა. კიბის ნახევრის გავლის შემდეგ, დაცვის თანამშრომელმა მოუწოდა ჩამოსულიყო დაბლა, რასაც დაემორჩილა. მას პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ რაღაც გადააგდო, თუმცა თან არაფერი ჰქონია. იგი დაცვის პოლიციის ოთახში გამოკითხა გამომძიებელმა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. 2018 წლის 28 იანვარს, მან განყოფილებაში მისცა ჩვენება გამომძიებელს, რა დროსაც მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, კერძოდ, თხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ გადაიყვანდნენ „კაპეზეში“. ამის შემდეგ, იგი შეიყვანეს სხვა ოთახში, სადაც ლ-–- ბ----, პოლიციის ორ თანამშრომელთან ერთად, ითხოვდა დანაშაულის აღიარებას. ამის შემდეგ მათ თავად დაწერეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, მერე კი უთხრეს, რომ იყო თავისუფალი. მისი განმარტებით, ჩვენებას ხელი მოაწერა იმიტომ, რომ იყო შეშინებული. მისთვის არ განუმარტავთ, რომ უფლება ჰქონდა არ მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. ამ ჩვენების მიცემამდე მისმა ძმამ გამომძიებლებს ჰკითხა საჭირო იყო თუ არა ადვოკატი, რაზეც უთხრეს, რომ ადვოკატი არ იყო საჭირო და მისი არყოლა პრობლემას არ წარმოადგენდა. 2018 წლის 31 იანვარს მას წარუდგინეს ბრალი, რა დროსაც თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დაეთანხმა აღიარებით ჩვენებას, რადგან კვლავ იმყოფებოდა იმ შიშის და ფსიქოლოგიური ზეწოლის მდგომარეობაში, რაც განიცადა 28 იანვარს ჩვენების მიცემისას. მანვე ჯვარედინი დაკითხვისას განმარტა, რომ როდესაც იგი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს, ფეხი დააბიჯა ქაღალდის პარკს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და არ იცის რა იყო მასში მოთავსებული.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც გ------- ც------–--ე დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ გ------- ც------–--ე 2017 წლის 26 ოქტომბრიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–------ის“ ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში და გადიოდა მკურნალობის კურსს. ასევე დადგენილია და არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ გ------- ც------–--ე 2018 წლის 1 იანვარს იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ ცენტრის უკანა ეზოში და გადაადგილდებოდა სახანძრო კიბით.

 

გ------- ც------–--ის ჩვენებით, ვინაიდან მას არ გააჩნდა საშვი და ახალი წლის მილოცვა სურდა მეგობრისთვის, ისარგებლა სახანძრო კიბით, ხოლო შემდეგ დაემორჩილა მითითებას და ჩამოვიდა უკან.

 

მოწმე კ------- მ---------ე მუშაობს შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–------ის“ ობიექტების დაცვის განყოფილების ინსპექტორად. სწორედ მის მიერ იქნა შემჩნეული გ------- ც------–--ე და სწორედ მან დაინახა ქაღალდის პაკეტის გადაგდების და ფეხის დადგმის ფაქტი. სააპელაციო სასამართლოში არც გ------- ც------–--ემ უარყო ის გარემოება, რომ კ------- მ---------ე ეკითხებოდა თუ რა გადააგდო და უთითებდა პაკეტზე, რაზეც უპასუხა, რომ არაფერი გადაუგდია და ფეხი კრა პაკეტს. პალატა აღნიშნავს, რომ არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა კ------- მ---------ის დაინტერესებაზე გ------- ც------–--ის მიმართ. არ დადგენილა, რომ კ------- მ---------ემ სპეციალურად მიიყვანა გ------- ც------–--ე სახანძრო კიბესთან და მიუთითა ასვლისკენ, ჩამოსვლის შემდეგ კი დაუდო აღნიშნული პაკეტი მასში მოთავსებული ნივთებით და დააბრალა მისი გადაგდება. აღსანიშნავია, რომ კ------- მ---------ის ჩვენება შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. კერძოდ: დადგენილია, რომ კ------- მ---------ემ აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ შეატყობინა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს დ----- თ------–-–---–ს, ამ უკანასკნელმა კი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებას.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მონაწილეობას არ ღებულობდა გ------- ც------–--ე, შესაბამისად, ოქმზე მისი ხელმოწერა ვერ დაფიქსირდებოდა. დათვალიერების შედეგად დახეულ მდგომარეობაში არსებული ქაღალდის შეფუთვის, წარწერით „PSP“, მასში მოთავსებული 21 ცალი მოყვითალო ფერის აბის, ორი ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მომცრო ზომის შეფუთვის, გატეხილ მდგომარეობაში არსებული მცირე ზომის შუშის ქილის, ბამბის ქულის, ორი ცალი ერთჯერადი საინექციო შპრიცის და ხელსახოცის, მასში მოთავსებული თეთრი ფერის მასით, ამოღების ფაქტი დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა: ლ-–- გ------მ, კ------- მ---------ემ და გ------- ნ--------ემ. ოქმის თანახმად, ამოღებული ნივთები დაილუქა პაკეტში შტრიხკოდით F--------. სწორედ აღნიშნული პაკეტი იქნა წარდგენილი ექსპერტიზისთვის, დასკვნაში კი მითითებულია, რომ პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება და მისი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მის დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, ექსპერტიზის დასკვნაში კი, მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში, რომელთა თანახმად, დადგენილ იქნა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ თავმილღობილ ყვითელ პოლიეთილენის ორ ცალ ნაჭერში, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონებით - 0,0544 გრამი და 0,0545 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი) და ჰეროინის შემცველ ნარევს, საერთო წონით - 0,1089 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი) წონაა - 0,0048 გრამი და ჰეროინის წონაა - 0,07 გრამი.

 

დაცვის მხარე უთითებს, რომ მოწმეებმა დ----- თ------–-–---–მა და კ------- მ---------ემ მისცეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რაც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში, არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მისცემდა მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, პაკეტის და ნივთების მდგომარეობა დეტალურადაა აღწერილი საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის სისწორესაც გამომძიებელთან ერთად ადასტურებენ ექსპერტებიც. კ------- მ---------ემ მომხდარი ფაქტი შეატყობინა დ----- თ------–-–---–ს, ამ უკანასკნელის შეტყობინების საფუძველზე კი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები. ჩვენებები შესაბამისობაშია, როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმთან, ისე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ბრალდების მხარემ 2018 წლის 28 იანვარს გ------- ც------–--ისგან აღიარებითი ჩვენება მიიღო ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან გ------- ც------–--ის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის განხორციელებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გ------- ც------–--ის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება არ არის გამოყენებული მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უნდა ჩაეტარებინა სხვა საექსპერტო კვლევები (ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა) და საგამოძიებო მოქმედებები (ამოეღო და დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილზე განთავსებული კამერის ჩანაწერები), რაც აღმოჩნდებოდა მყარი მტკიცებულება გ------- ც------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა არ უარყოფს სხვა მტკიცებულებების მნიშვნელობას საქმისთვის და მიაჩნია, რომ გამოძიებამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებების მოპოვება. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ გ------- ც------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ მიმართეს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 14).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატას გ------- ც------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. გ------- ც------–--ის პოზიცია, რომ მას არ გადაუგდია ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, წარმოადგენს მსჯავრდებულის მცდელობას, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები უშუალოდ და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდების საფუძვლიანობასა და სისწორეზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენში დეტალურად არის გაცემული პასუხი დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, დასაბუთებულია თითოეული მსჯელობა, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- ც------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს----- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი.

 

გ------- ც------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა გ------- ც------–--ეს დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 08 აპრილიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია გ------- ც------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

გ------- ც------–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ნივთები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე