განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2019
საქმის ნომერი
330210016001324453
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/7353-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

აპელანტი - შპს „ძ---“;

წარმომადგენელი - ც-–-----–--------ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ-----ა მ---------ი“;

წარმომადგენელი - ზურაბ საყვარელიძე;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება (ძირითადი სარჩელი), თანხის გადახდის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელი);

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - შპს „თ-----ა მ---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მხარეს შპს „ძ---ს“ მოსარჩელე შპს „თ-----ა მ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების თანხის - 20 219.94 ლარის გადახდა. შპს „ძ---ს“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2012 წლის 17 იანვარს, მოსარჩელე შპს „თ-----ა მ---------ს“ და მოპასუხე შპს „ძ---ს“ შორის დაიდო საქონლის მიწოდების და მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე შპს „თ-----ა მ---------მა“ შპს „ძ---ს“ განაცხადის საფუძველზე მიაწოდა საქონელი და გაუწია მომსახურება. მიწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების ღირებულებამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების საფუძველზე შეადგინა - 20 219.94 ლარი. მიუხედავად არაერთგზის წერილობითი და სიტყვიერი შეტყობინებისა მოპასუხე შპს „ძ---ს“ მიერ არ იქნა დაფარული აღნიშნული დავალიანება.

 

2.2. 2012 წლის 17 იანვარს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ (შპს „ძ---“) იღებს ვალდებულებას გადაუხადოს „შემსრულებელს“ (შპს „თ-----ა მ---------ი“) მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულება, ყოველი გამოწერილი დ.ღ.გ-ს ანგარიშფაქტურის საფუძველზე, ყოველი მიწოდებიდან/მომსახურებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, ''დამკვეთი'' იღებს ვალდებულებას გადაუხადოს ,,შემსრულებელს“ მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების საფასური ,,დამკვეთის“ მოთხოვნით შედგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და /ან ყოველი კონკრეტული გამოწერილი დ.ღ.გ.-ს ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მითითებულ ვადებში. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ''შემსრულებელი'' გასცემს გარანტიას საქონელზე/მომსახურებაზე, რომლის ვადებიც დაფიქსირებული იქნება ''დამკვეთის'' მოთხოვნით შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში.

 

2.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ''ძ---მ'' შპს ''ე------ი პ-----''-ისგან შეიძინა გიდრავლიკური ტუმბო MF102, საქონლის კოდი 161102514, რაშიც გადაიხადა 7000 ლარი.

 

2.4. 2015 წლის 16 ივლისს გამოწერილი ''ინვოისის'' გრაფაში სახელწოდებით ''სამუშაოების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარების რეკომენდაციაც გაეწია დაკვეთს და მისი სურვილით არ შესრულდა სამუშაოს დასახელება (კოდი) მითითებულია, რომ მოხვდა წყალი დამკვეთის დაუდევრობით, ზეთი კოლოფში არ იცვლება დამკვეთის მოთხოვნით 2 ც. მფრქვევანა შეიცვალა და დაყენდა დამკვეთის მიერ მოტანილი.

 

2.5. 2015 წლის 29 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ''რესორი აღადგენინა დამკვეთმა, პირველი ხიდის ტუმბო შეიცვალა, რომელიც მოიტანა დამკვეთმა. გადაცემათა კოლოფის გადამრთველი კულისა აღადგენინა დამკვეთმა გადაცემათა კოლოფში''.

 

2.6. სს „თ----ი ლ------ის“ 2016 წლის 3 ოქტომბრის წერილით შპს „თ-----ა მ---------ის“ სახელზე დგინდება, რომ შპს „ძ---ს“ და სს „თ----ი ლ------ს“ შორის ლ------ის ხელშეკრულება შეწყვეტილია, რის გამოც, სს „თ----ი ლ------ი“ ითხოვს დაერთოს ნება მოახდინოს აქტივის სს „თ----ი ლ------ის“ კუთვნილ სადგომზე გადაყვანის. 2016 წლის 11 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ სს „თ----ი ლ------ს“ გადაეცა სადავო ავტომანქანა.

 

2.7. სს ''თ----ი ლ------ის'' წერილით შპს ''თ-----ა მ---------ის'' სახელზე დგინდება, რომ შპს ''თ-----ა მ---------ის'' ავტოსადგომზე განთავსებულ სს ''თ----ი ლ------ის'' კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გადმოცემისას ავტომანქანას არ ეყენა პირველი ხიდის ჩამრთველი ჰიდრავლიკური ტუმბო.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ შპს „ძ---ს“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია შპს „თ-----ა მ---------ის“ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, შესაბამისად, ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო უპირველესად მხარეთა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის საფუძველს: სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს, დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს.

 

სასამართლო მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

2.9. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ძ---მ" მართალია წარმოადგინა გარკვეული მტკიცებულებები რომელიც ადასტურებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილის დაზიანების ფაქტს, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მისი ქონების დაზიანებასა და მოპასუხის შპს „თ-----ა მ---------ის“ ქმედებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. აღნიშნულს ცალსახად და უტყუარად ვერ ადასტურებს მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება (იხ. ა--------------------ის ჩვენება) და 2015 წლის 6 ოქტომბრის დასკვნის სახით წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ზეპირი განმარტებების საფუძველზე, ამასთან, უცნობია დასკვნის შემდგენის კვალიფიკაცია და კომპეტენცია, შესაბამისად, საქმეზე არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, მათ შორის შესაბამისი (სათანადო) დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების სადავო ნაწილის დაზიანების მიზეზი და უცილოდ დადასტურდებოდა შპს „თ-----ა მ---------ის“ მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. 2015 წლის 6 ოქტომბრის დასკვნა და ა--------------------ის ჩვენება). ამდენად, აღნიშნულის უცილოდ დადგენა საქმეში არსებული მასალების შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე შეუძლებელია.

 

საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით ცალსახად და უტყუარად არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ შპს „ძ---სათვის“ მიყენებული ზიანის დადგომაში) ბრალეულ პირს სწორედ შპს „თ-----ა მ---------ი“ წარმოადგენს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტებისა და გარემოებების უტყუარად და ცალსახად დადასტურება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უცილოდ არ დგინდება მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ანდა ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რამაც გამოიწვია არსებული დაზიანება. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება შპს ''თ-----ა მ---------ის'' მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა დ შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ შეძლო მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება სათანადო, სარწმუნო მტკიცებულებებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ნივთის დაზიანების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას დამდგარი ზიანის და მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, მაგრამ არ დგინდება მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი და არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ არის დადასტურებული შპს ''თ-----ა მ---------ის'' მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა მხარის ბრალეული ქმედება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარე უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა მოპასუხისათვის ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ზიანის (დელიქტური და მიუღებელი შემოსავლის სახით) ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, შესაბამისად, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და მატერიალური საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არასწორია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შპს ,,ძ---ს" შეგებებული სარჩელის საფუძველი გახლავთ ის გარემოება, რომ შპს ,,თ-----ა მ---------მა" არაჯეროვნად შეასრულა თავისი ვალდებულება, რომელიც მას ეკისრებოდა მხარეებს შორის 17.01.2012 წელს დადებული ხელშეკრულებით და მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით შპს ,,ძ---ს" მიადგა ზიანი. შპს ,,ძ---ს" მოთხოვნა გამომდინარეობდა ხელშეკრულებით ნაკისრი (და არა დელიქტური) ვალდებულების შეუსრულებლობიდან. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 17.01.2012 წელს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად 2015 წლის აგვისტოში მოპასუხე შპს ,,თ-----ა მ---------მა" იკისრა ვალდებულება, შეეკეთებინა შპს ,,ძ---ს" კუთვნილი გაფუჭებული სატვირთო ავტომანქანა. ამ მიზნით შპს ,,ძ---მ" 2015 წლის 22 აგვისტოს შპს ,,ე------ი პ-----სისაგან" შეიძინა ავტომანქანის გამოსაცვლელი დეტალი, რომელშიც გადაიხადა 7000 ლარი და ავტომანქანასთან ერთად გადასცა შპს ,,თ-----ა მ---------ს". მოწინააღმდეგე მხარემ 2015 წლის 29 აგვისტოს შეაკეთა სატვირთო მანქანა და გადასცა შპს ,,ძ---ს". ამ სამუშაოს შესრულებისათვის შპს ,,ძ---მ" შპს ,,თ-----ა მ---------ს" გადაუხადა 6491,45 ლარი, მაგრამ ავტომანქანა მეორე დღესვე გაფუჭდა და ხელშეკრულების შესაბამისად უკან დააბრუნეს შესაკეთებლად. შპს ,,თ-----ა მ---------ს" ავტომანქანა არ შეუკეთებია და შპს ,,ძ---სთვის" არ გადაუცია.

 

შპს ,,ძ---ს" აღნიშნული სატვირთო მანქანით გადაჰქონდა ინერტული მასალა (ქვიშა და ღორღი) და იღებდა შემოსავალს. ავტომაქანის მოცდენით გამოწვეული ზიანი 7300 ლარია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მანქანის დეტალი გამოცვლის შემდეგ გაფუჭდა იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარემ უხარისხოდ ჩაატარა მანქანის შეკეთების სამუშაო. კერძოდ, არ მოხდა ზეთის სისტემის გაწმენდა. აღნიშნული დაადასტურა თავად მოწინააღმდეგე მხარის მოწმემ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილდეს შპს ,,ძ---ს" შეგებებული სარჩელი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე განჩინებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი შპს „თ-----ა მ---------ის“ მხრიდან ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რამაც შპს „ძ---სათვის“ ზიანის დადგომა გამოიწვია.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა.სასარჩელო მოთხოვნისა და მოდავე მხარეების მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს რამდენად ჯეროვნად შეასრულა მოპასუხემ მასზე დაკისრებული მოვალეობა.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მენარდის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. ე.ი მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა მოსარჩელეს ეკისრებოდა. პალატა განმარტავს, სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე (დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები); ერთ-ერთი მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ხელშეკრულების დებულებათა დარღვევის გზით, რამაც განაპირობა ხელშეკრულებიდან გასვლა; სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი; დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან; როგორც წესი, ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. აღნიშნული, თუნდაც ერთ-ერთი ნიშნის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

 

კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ძ---მ" მართალია წარმოადგინა გარკვეული მტკიცებულებები რომელიც ადასტურებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილის დაზიანების ფაქტს, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მისი ქონების დაზიანებასა და მოპასუხის შპს „თ-----ა მ---------ის“ ქმედებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნულს ცალსახად და უტყუარად ვერ ადასტურებს მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება (იხ. ა--------------------ის ჩვენება) და 2015 წლის 6 ოქტომბრის დასკვნის სახით წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ზეპირი განმარტებების საფუძველზე, ამასთან, უცნობია დასკვნის შემდგენის კვალიფიკაცია და კომპეტენცია, შესაბამისად, საქმეზე არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, მათ შორის შესაბამისი (სათანადო) დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების სადავო ნაწილის დაზიანების მიზეზი და უცილოდ დადასტურდებოდა შპს „თ-----ა მ---------ის“ მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. 2015 წლის 6 ოქტომბრის დასკვნა და ა--------------------ის ჩვენება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის ქმედებასთან. შესაბამისად, შპს „თ-----ა მ---------ს“ არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულო ოთხივე ელემენტი (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი, ბრალი), ე.ი სკ-ის 394-ე მუხლის შემადგენლობა, არ არის სახეზე, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ძ---ს“ უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ძ---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე