განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2019
საქმის ნომერი
330210118002514779
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002514779

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/609-19 16 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - რ---–----ი ფ----ა

 

წარმომადგენელი - ც---- მ--------ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ხ--–--------------------–ო“

 

წარმომადგენელი - ი-----–ი დ-------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. რ---–----ი ფ----ამ სასამართლოში სს „ხ--–--------------------–ოს“ მიმართ სარჩელი აღძრა. ნოტარიუს ი---- შ------ის მიერ 2018 წლის 16 მაისის გაცემული სააღსრულებო ფურცლის N1-------- ნაწილობრივ გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის მეშვიდე პუნქტის შემდეგი სახით განისაზღვრა: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, სესხის ძირი თანხა - 96 236.33 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1164.62 აშშ დოლარი, მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ---–----ი ფ----ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნოტარიუს ი---- შ------ის მიერ 2018 წლის 16 მაისის გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1-------- ნაწილობრივ გაუქმდა და სააღსრულებო ფურცლის მეშვიდე პუნქტი შემდეგი სახით განისაზღვრა: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 109 959.85 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 102967.49 აშშ დოლარი, პროცენტი 5827.74 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1164.62 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი. 2018 წლის 16 მაისის N1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში უცვლელი დარჩა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება რ---–----ი ფ----ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელე რ---–----ი ფ----ასა და მოპასუხე სს „ხ--–--------------------–ოს“ წარმომადგენელ ნ---- კ----------ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ გაასესხა და მოსარჩელემ 103 400 აშშ დოლარი, 120 თვის ვადით წლიური 10 %-ის გადახდით, ისესხა. სესხი უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, იპოთეკის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე რ---–----ი ფ----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ყ----------------------, საკადასტრო კოდი (0----------------------). ხელშეკრულებით იპოთეკის საგნის ღირებულება 102 310 აშშ დოლარით განისაზღვრა. სესხის გადახდის გრაფიკის თანახმად მოსარჩელეს ყოველთვიურად 1367.36 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა (ს.ფ. 18-28, 29, 30-35, 36-38).

 

6. 2018 წლის 16 მაისს, ნოტარიუსმა ი---- შ------ემ სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლის მე-7 მუხლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 112 959.85 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 102967,49 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხაა, 5827,74 აშშ დოლარი - პროცენტი და 4164.62 აშშ დოლარი პირგასამტეხლოა. სესხის ძირი თანხების, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული ნივთის აუქციონზე რეალიზაცია დადგინდა (ს.ფ. 40-43).

 

7. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2018 წლის 11 ივნისს კერძო აღმასრულებელმა ვ------- მ--–------–მა სააღსრულებო წარმოება ია1--------------- დაიწყო, მოსარჩელე ნებაყოფლობით აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში იძულებითი წარმოების დაწყებისა და აღსრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ გაფრთხილდა, რაც სასამართლოში სარჩელით მომართვის საფუძველი გახდა (ს.ფ. 44-46).

 

8. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის იმგვარად განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, რომ აპელანტის მიერ გადახდილი პირგასამტეხლო ძირითადი ვალდებულებისთვის გადასახად თანხაში ჩათვალოს, არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი საბანკო ხელშეკრულების ხელშეკრულების 2.12 პუნქტის თანახმად, კრედიტით დაფარვა და კრედიტით სარგებლობისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა, ხორციელდება მსესხებლის მიერ, კრედიტის დაფარვისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის განრიგით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად (შემდგომში დაფარვის გრაფიკი) შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში იფარება კრედიტის გამოყენებისათვის დარიცხული სარგებელი; მეორე რიგში კრედიტის ძირითადი თანხა. ბანკი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს კრედიტის დაფარვის სხვაგვარი რიგითობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. სამოქალაქო სამართლებრივი დავების გადაწყვეტისას მხარეთა მიერ გამოხატულ ნებაში ჩარევის ორი შესაძლებლობა არსებობს, პირველი როდესაც აღნიშნულის შესაძლებლობას თავად კანონი იძლევა, როგორც ეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შემთხვევაშია. ასეთ დროს, სასამართლო სუსტი მხარის დაცვისა და სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებების კეთილსინდისიერი გამოყენების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუმცა, სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება გარკვეულ ფარგლებში ექცევა, მაგალითად, როდესაც მხარეები ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის სპეციფიურ პრინციპზე თანხმდებიან, ამ დროს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შევიდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობის შეფასებაში და მისი მიხედულებისამებრ განსაზღვროს პირგასამტეხლოს დარიცხვის ფორმა. მეორე შემთხვევა, სადაც სასამართლო უფლებამოსილია ჩაერიოს და შეცვალოს მხარეების მიერ შეთანხმებული პირობები, არის, როდესაც ნების გამოვლენის ნამდვილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასეთი აპელირების შემთხვევაში, სასამართლო სამართლებრივად აფასებს გარემოებებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას არა მხოლოდ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, არამედ გონივრულობის სტანდარტით განმარტავს.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სადავოდ გახდილია ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობა. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 387-ე და 388-ე მუხლებზე, პირველი რამდენიმე ვალდებულებიდან გამომდინარე არსებულ ურთიერთობებს აწესრიგებს, ხოლო მეორე, ერთი ვალდებულების დასაფარად გადახდილი თანხიდან ხარჯების დაფარვის პრიორიტეტულობას განსაზღვრავს. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ორივე ნორმა დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი ხელშემკვრელ მხარეებს უტოვებს შესაძლებლობას თავისი სურვილისამებრ განსაზღვრონ გადახდილი ფულადი თანხიდან, მოვალის რომელი ვადამოსული ვალდებულება დაიფარება პირველად. როგორც სასამართლომ უკვე მიუთითა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება იმეორებს სამოქალაქო კოდექსის დანაწესს ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობასთან მიმართებით, ანუ ნათელია, რომ მხარეებმა ნების ავტონომიის რეალიზაციის პირობებში, სადავო საკითხი მოაწესრიგეს. გარდა ამისა, ხელშეკრულების პირობების სწორედ ხსენებული სახით შეთანხმება კონკლუდენტური მოქმედებითაც აღიარეს, როდესაც აპელანტის მიერ გადახდილი თანხა ხელშეკრულების პირობების თანახმად ნაწილდებოდა. დავის განხილვის არცერთ ეტაპზე აპელანტის მიერ გამოვლენილი ნება სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება შედავებული არ არის და იგი ნამდვილად მიიჩნევა, ამ პირობებში კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ხელშეკრულების პირობების გვერდის ავლით, სხვაგვარად გადაანაწილოს ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა და აპელანტის მიერ გადახდილი პირგასამტეხლო ძირითადი ვალის გადახდაში ჩათვალოს.

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ აპელანტს უნდა ემტკიცებინა, თუ რა საფუძველი არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების სხვაგვარად განმარტებისთვის. აპელანტის მიერ ჩამოყალიბებულმა შედავებამ სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ ხელშეკრულების პირობათა საწინააღმდეგოდ, მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

 

10. სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 533 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ---–----ი ფ----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი