განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210019002786822
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ- 404
28 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი: შპს ჯ--------- მ--------ი
წარმომადგენელი- გ------- ყ---–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: ს---–--- ქ------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ყოველთვიური სარჩოს სახით დაკისრებული თანხის გადიდება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
სარჩელის საფუძვლები:
1. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს---–--- ქ------ემ, მოპასუხე მხარედ: შპს ,,ჯ--------- მ--------ი“ დაასახელა და ითხოვა:
მოპასუხე შპს ,,ჯ--------- მ--------ს'' დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 01 იანვრამდე მიუღებელი სარჩოს 768 ლარის ერთჯერადად გადახდა.
მოპასუხე შპს ,,ჯ--------- მ--------ს'' დაეკისროს 2019 წლის 01 იანვრიდან არსებული ყოველთვიური სარჩოს 756 ლარის გაზრდა 84 ლარით- 840 ლარამდე.
მოპასუხე შპს ,,ჯ--------- მ--------ს'' დაეკისროს, შპს ,,ჯ--------- მ--------ში'' მესამე თანრიგის მდნობელის ხელფასის სამომავლო ცვლილების შემთხვევაში, განახორციელოს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს ცვლილება.
2. მოსარჩელის განმარტებით, იგი დასაქმებული იყო შპს ,,ჯ--------- მ--------ში“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში მე-3 თანრიგის მდნობელის თანამდებობაზე. 2011 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საწარმოს 100%-იანი ბრალეულობით მიიღო საწარმოო ტრამვა, რის შედეგად მარჯვენა ქვედა კიდური მთლიანად ამპუტირებული აქვს. საწარმოო ტრამვის მიღების შემდეგ დაკარგა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის უნარი, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ--------- მ--------ს“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაეხადა ყოველთვიურად სარჩოს სახით მისი ყოველთვიური ხელფასი სრულად, 100%-ით, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 756 ლარს, რომელსაც დღემდე ღებულობს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების გადაწყეტილებებით.
3. 2013 წლის შემდეგ შპს ,,ჯ--------- მ--------ში'' მოხდა ხელფასების კორექტირება, კონკრეტულად 2017 წლის 01 იანვრიდან მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობაზე ხელფასი შეადგენდა 772 ლარს, ექვი თვის შემდეგ 800 ლარს, ხოლო 10 თვის შემდეგ 2018 წლის 19 აპრილიდან 840 ლარს. მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით ხელფასებს შორის სხვაობამ შეადგინა 768 ლარი ( 168+280+320=768), რომელიც მას უნდა მიეღო და არ მიუღია. ასევე დღეის მდგომარეობით შპს ,,ჯ--------- მ--------ში მე-3 თანრიგის მდნობელის თანამდებობის ხელფასი 756 ლარიდან გაზრდილია 84 ლარით და შეადგენს 840 ლარს, შესაბამისად მას რომ მისცემოდა მუშაობის საშუალება ჯანმრთლეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი შრომის ანაზღაურება იქნებოდა 840 ლარი. ვინაიდან მოსარჩელე ღებულობს მხოლოდ 756 ლარს და ნამატ 84 ლარს ვერ იღებს, აღნიშნული მისთვის წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა შპს ,,ჯ--------- მ--------ს'' ყოველთვიური სარჩოს გაზრდის თხოვნით, რომელიც უპასუხოდ დარჩა, ამიტომ იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა( ს.ფ. 1-15).
მოპასუხის პოზიცია
5. მოპასუხე შპს ,,ჯ--------- მ--------მა“ სარჩელი არ ცნო (ს.ფ. 46-54) და მიუთითა, რომ მოსარჩელის სამივე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
6. მოპასუხის განმარტებით საწარმოში ხელფასების კორექტირება ნამდვილად განხორციელდა, თუმცა ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ შპს ,,ჯ--------- მ--------მა უნდა გადაიხადოს მხოლოდ 756 ლარი, რაც არის დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებით. მითითებული გადაწყვეტილებას შპს ,,ჯ--------- მ--------ი’’ არ დაუვალდებულებია ხელფასის შემცირების ან გაზრდის მიხედვით შეცვალოს ს---–--- ქ------ისათვის ასანაზღაურებელი თანხა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხე პირნათლად ასრულებს. რაც შეეხება სამომავლოდ ცვლილების შემთხვევაში ხელფასის ავტომატურად გაზრდას, აღნიშნულზე სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ს---–--- ქ------ის სარჩოს ოდენობა დამოკიდებულია მესამე თანრიგის მდნობელის ხელფასის ცვლილებაზე, ასეთ შემთხვევაში ს---–--- ქ------ეს ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სარჩოს ოდენობის გაზრდა, ამასთან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშებას, შესაბამისად ამისა სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები:
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით:
1 მოსარჩელე ს---–--- ქ------ის სარჩელი ყოველთვიური სარჩოს სახით დაკისრებული თანხის გადიდების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2. შპს ,,ჯ--------- მ--------ს“ (ს/კ 2--------) დაეკისრა მოსარჩელე ს---–--- ქ------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 27 დეკემბრამდე (სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე) დროის მონაკვეთში მიუღებელი სარჩოს სხვაობის ჯამში 768 (შვიდას სამოცდარვა) ლარის ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
3. შპს ,,ჯ--------- მ--------ს“ (ს/კ 2--------) დაეკისრა მოსარჩელე ს---–--- ქ------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაკისრებული სარჩოს გაზრდა 84 ლარით და 2019 წლის 01 იანვრიდან დაეკისრა სარჩოს ანაზღაურება ყოველთვიურად 840 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
4. მოსარჩელე ს---–--- ქ------ის სარჩელი მე-3 თანრიგის მდნობელის ხელფასის ცვლილების შესაბამისად დანიშნული სარჩოს ოდენობის რეგულირების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
8. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე ს---–--- ქ------ე დასაქმებული იყო შპს ,,ჯ--------- მ--------ის’’ ზესტაფონის ფერო შენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 2011 წლის 9 მაისს მიიღო საწარმოო ტრამვა და დასახიჩრდა. დაკარგა მარჯვენა ფეხი მთლიანად. უვადოდ მიენიჭა მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე პირის სტატუსი.
9. 2013 წელს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ შპს ,,ჯ--------- მ--------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობაზე განსაზღვრული იმ დროინდელი ხელფასის 756 ლარის სარჩოს სახით ყოველთვიურად ანაზღაურება. რომელსაც მოპასუხე იხდის წლების განმავლობაში.
10. შპს ,,ჯ--------- მ--------ში’’ ხელფასების კორექტირება განხორციელდა სამჯერ. 2017 წლის 01 იანვრიდან მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 772 ლარი. 2017 წლის 01 ივლისიდან 800 ლარი, ხოლო 2018 წლის 19 აპრილიდან 840 ლარი.
11. მოპასუხე შპს ,,ჯ--------- მ--------მა“ არ მოახდინა ს---–--- ქ------ის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, 2017 წლის 01 იანვრიდან და შემდგომ პერიოდზე გაზრდილი, მოქმედი მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობრივი სარგოს, ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით. და ნაცვლად გაზრდილი ხელფასისა სარჩოს სახით ს. ქ------ე იღებს ისევ 756 ლარს.
12. მოპასუხე შპს ,,ჯ--------- მ--------ში 2017 წლის 01 იანვრიდან მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 772 ლარი. მოსარჩელე ს---–--- ქ------ეს 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე სარჩოს სახით არ მიუღია ყოველთვიურად სარჩოს სხვაობა 16 ლარი, სულ 6 თვის განმავლობაში (772- 756) * 6 =168 ლარი.
13. 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 19 აპრილამდე მოსარჩელემ სარჩოს სახით ყოველთვიურად ნაცვლად 800 ლარისა, მიიღო ისევ 756 ლარი; მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო ყოველთვიურად 28 ლარი, სულ მიუღებელი აქვს (800 - 772 ლარი) * 10 =280 ლარი.;
14. 2018 წლის 19 აპრილიდან მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო ყოველთვიურად 40 ლარი, სულ 2018 წლის 01 დეკემბრამდე მიუღებელი აქვს 40 * 8=320 ლარი.; მოსარჩელემ საბოლოო ჯამში ვერ მიიღო სარჩოს სახით 768 ლარი მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს კუთვნილ ოდენობას, რითაც მას მიადგა ზიანი.
15. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ--------- მ--------ს’’ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 756 ლარის ანაზღაურება და არ დაკისრებია ხლფასის შემცირების ან გაზრდის მიხედვით შეეცვალა ს---–--- ქ------ისათვის ასანაზღაურებლი თანხა.
16. სასამართლომ მიუთითა, რომ დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების წესს, რაც შეეხება საქართველოს სსკ 408, 411 და 412 მუხლებს არც აღნიშნულ მუხლებშია მითითებული სარჩოს გადაანგარიშების აუცილებლობა.
17. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 411-ე, 992-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლზე და საქართველოს კონსტიტუციაზე მიუთითა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მან მოპასუხის ბრალეული ქმედებით მიიღო საწარმოო ტრამვა, შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად კი სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით განისაზღვრება. სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის შედეგად, და მიიღოს შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა შრომის ანაზღაურების შესაბამისად საწარმოო ტრავმის არარსებობის შემთხვევაში.
მოცემულ საქმეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ს---–--- ქ------ის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი და მის სასარგებლოდ სარჩოს დანიშვნა დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო აღნიშნულ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოპასუხეს აქვს ვალდებულება მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე რასაც ასრულებს კიდეც.
სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით კი მოსარჩელე მოითხოვს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდის შემდგომ, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაანაგრიშებული ოდენობით სარჩოს ანაზღაურებას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ს---–--- ქ------ისათვის ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა მოხდა მისი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ მე-3 თანრიგის მდნობელის თანამდებობრივი სარგოს კორექტირება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 ივნისამდე განხორციელდა სამჯერ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე იმუშავებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე, (მისი დაბადების თარიღია 18.01.1987) და მიიღებდა ხელფასს გაზრდილი ოდენობით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 768 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, სარჩელი მიუღებელი სარჩოს სხვაობის ნაწილში ანაზღაურების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
18. სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია მოპასუხეზე გაზრდილი ოდენობით სარჩოს დაკისრების მოთხოვნაც.
19. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ჯ--------- მ--------ს'' უნდა დაეკისროს, შპს ,,ჯ--------- მ--------ში'' მესამე თანრიგის მდნობელის ხელფასის სამომავლო ცვლილების შემთხვევაში, მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს ცვლილების განხორციელება, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს უფლება, რის დასაცავადაც იგი მიმართავს სასამართლოს. თუ არ არსებობს უფლება, არც იმის საშიშროებაა, რომ იგი დაირღვა.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მოსარჩელის დარღვეული უფლება. მომავალში თუკი დაირღვევა მოსარჩელის უფლება სარჩოს მიღების შესახებ, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე. ამდენად მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
20. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული შპს ,,ჯ--------- მ--------ის“ მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
21. აპელანტის განმარტებით: სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში აღნიშნავს, რომ შპს "ჯ--------- მ--------ის" მიერ არ მომხდარა ს---–--- ქ------ის სარჩოს გადაანგარიშება. აღნიშნული გარემოება არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ჯ--------- მ--------ის მიერ არაერთხელ მოხდა სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, მათ შორის ს---–--- ქ------ის მოთხოვნით, მაგრამ უსაფუძვლობის გამო ს---–--- ქ------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შპს "ჯ--------- მ--------ს" არ მიაჩნია, რომ ს---–--- ქ------ის მიმართ დანიშნული სარჩო უნდა გაზარდოს იმ მოტივით, რომ კომპანიაში ხდება ხელფასების მატება. დღეის მდგომარეობით, ს---–--- ქ------ე იღებს სარჩოს იმ ოდენობით, რა ოდენობის ხელფასსაც იღებდა შპს "ჯ--------- მ--------ში" მუშაობის დროს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სარჩელზე თანდართული სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "ჯ--------- მ--------ი" ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ 756 ლარი, გადაწყვეტილებაში სარჩოს გაზრდის შემთხვევაში სარჩოს უპირობოდ გაზრდაზე საუბარი არ არის და ბუნებრივია ვერც იქნება, ვინაიდან მსგავსი მოთხოვნა უკანონოა. სასამართლო, გადაწყვეტილების 6.4. მუხლში აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა, მოცემულ შემთხვევაში ს---–--- ქ------ე სარჩოს სახით იღებს თანხას იმ ოდენობით, რა ოდენობის ხელფასსაც იღებდა მუშაობის დროს.
საინტერესოა, თუ რატომ არ მსჯელობს სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში 3.2.6. პუნქტით დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით კანონმდებლობა სარჩოს გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს.
მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება მსგავს ჩანაწერს იცნობდა, მაგრამ დღეის მდგომარეობით სარჩოს გადაანგარიშებაზე საუბარი კანონმდებლობაში არ გვხვდება, შესაბამისად, ბუნდოვანია თუ რას აფუძნებს სასამართლო თავის გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
22. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ--------- მ--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
23. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების 8-19 პუნქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
24. ს---–--- ქ------ე დასაქმებული იყო შპს ,,ჯ--------- მ--------ში“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში მე-3 თანრიგის მდნობელის თანამდებობაზე.
მან 2011 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საწარმოს 100%-იანი ბრალეულობით მიიღო საწარმოო ტრამვა, რის შედეგად მარჯვენა ქვედა კიდური მთლიანად ამპუტირებული აქვს.
25. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის სარჩოს 756 ლარის ოდენობით. (იხ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ს.ფ. 16-29)
26. შპს ,,ჯ--------- მ--------ში’’ ხელფასების კორექტირება განხორციელდა სამჯერ. 2017 წლის 01 იანვრიდან მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 772 ლარი. 2017 წლის 01 ივლისიდან 800 ლარი, ხოლო 2018 წლის 19 აპრილიდან 840 ლარი.
27. მოპასუხე შპს ,,ჯ--------- მ--------მა“ არ მოახდინა ს---–--- ქ------ის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, 2017 წლის 01 იანვრიდან და შემდეგ პერიოდში გაზრდილი, მოქმედი მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობრივი სარგოს, ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით. ნაცვლად გაზრდილი ხელფასისა ს---–--- ქ------ე სარჩოს სახით იღებს ისევ 756 ლარს.
სამართლებრივი დასაბუთება:
28. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მუშაკის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო, შრომის უნარის დაკარგვის საფუძველზე დანიშნული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება იმავე თანამდებობაზე გაზრდილი ხელფასის შესაბამისად.
29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად ,,პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმა იცავს პირის პირად და პიროვნულ უფლებებს, მათ შორის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი.
30. სამოქალაქო სამარლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამდაგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ: უნდა არსებობდეს ზიანი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
31. მთავარი გახლავთ მაინც ის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული ნორმის კონსტრუქციას-რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ზიანის მიმყენებლის დასჯას კი არ ემსახურება, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომლიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს, ამ შემთხვევაში მოსარჩელეს მიადგა.
32. შესაბამისად, სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია სსკ-ის 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.
33. ვინაიდან, დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით, პალატა იმსჯელებს მხოლოდ ვალდებულების მოცულობაზე – მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერებაზე.
34. პალატა მოიხმობს სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციას („იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“) და აღნიშნავს, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე.
35. სადავო შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის – დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის წარმოუშობლობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილიც იმაზე მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (დისპოზიცია: "თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით").
36. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება. დიდი ალბათობით პირი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. სხვა სამოქალაქო საქმეშიც, რომელშიც აგრეთვე შესაფასებელი იყო სარჩოს გადანგარიშების წინაპირობები, საკასაციო პალატამ გამოიკვლია წარმოშობილი იყო თუ არა დაზარალებულისათვის მოქმედი მუშაკის ხელფასის მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სუსგ №ას-1220-1145-2015, 3 ივნისი, 2016 წელი) და მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.
37. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების თაობაზე შეესაბამება საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას მსგავსი კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით.
38. შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისათვის დანიშნული სარჩო იმავე თანამდებობაზე არსებული გაზრდილი ხელფასის პროპორციულად გადაანგარიშებას არ ექვემდებარეობდა.
39. აპელანტმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
40. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ--------- მ--------ის“ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება-სწორი და კანონშესაბამისი, რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
41. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. შპს ,,ჯ--------- მ--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილია ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე