განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002700203
საქმე №1ბ/603-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ---–----------ის,ადვოკატ - გ--------------ის,მსჯავრდებულ - პ----------–-–---–ის მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ გ---–----------ის და მსჯავრდებულ პ----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
პ----------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, რეგისტრირებული: გ---------------------------–------------–----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები ს-----------------------------–-----------, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N12 დაწესებულების პატიმარი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით:
პ----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პ----------–-–---–ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
პ----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან.
პ----------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით;
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
რუსთავის რაიონული პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დაკავებულ იქნა და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა ხ---------------------ს. აღნიშნული ფაქტის შესახებ პ----------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა ხ----------------------ს ნათესავების ცოლ-ქმარ ს---------–------------ას და დ----–------–-------ის მხრიდან. პ----------–-–---–მა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში ამ უკანასკნელებს მოტყუებით განუცხადა, რომ მისი ნათესავები იყვნენ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორები ქ--------------ე და თ------–--–----–-----ი. შესაბამისად, მათი დახმარებით მოხდებოდა ხ----------------------სთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლება. 2018 წლის აპრილი-ივნისის თვეების მონაკვეთში, პ----------–-–---–მა, ს---------–------------ასა და დ----–------–-------ის შუამავლობით, ბრალდებულ ხ----------------------ს ბებია - ფ--------------------ა და ბიძა - ქ-------------–--ვი დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა რუსთავის რაიონული პროკურატურის ზემოხსენებულ პროკურორებთან, რის შემდეგაც დაპირდა, რომ დიდი ოდენობით თანხის გადახდის სანაცვლოდ ხ---------------------ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. ფ--------------------ა და ქ-------------–--ვი დათანხმდნენ პ----------–-–---–ის მოთხოვნას და ეტაპობრივად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების (მათ შორის თითქოსდა, პროკურორების მიერ დაზარალებულთათვის საპროცესო შეთანხმების თაობაზე თანხმობის გამომხატველი ხელწერილების ჩამორთმევის უზრუნველყოფის მიზნით) და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, თითქოსდა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორებზე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორზე გადასაცემად, მისცეს 13 000 ლარი; პ----------–-–---–ისთვის აღნიშნული თანხის გადაცემა მოხდა ქვემო ქართლის, კახეთის და თბილისის ტერიტორიებზე, რომელსაც ეს უკანასკნელი დაეუფლა თაღლითურად. ამასთან ერთად, 2018 წლის მაისის დასაწყისში, პ----------–-–---–მა დამატებით, ვითომდა ზემოხსენებული მიზნის უზრუნველსაყოფად, თითქოსდა პროკურორ ქ--------------ისთვის საჩუქრად მისართმევად, დ----–------–-------ს აყიდინა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------–ი, მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში მიაყვანინა 150 ლარის ღირებულების ბატკანი, რეალურად აღნიშნულიც თაღლითურად მიისაკუთრა.
აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს ფ--------------------ას, ქ-------------–--ვსა და დ----–------–-------ს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა გ---–----------ემ და მსჯავრდებულმა პ----------–-–---–მა.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და არასამართლიანი, არ არის შესაბამისობაში ჩადენილი დანაშაულთან, მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამრთლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ პ----------–-–---–ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება. აპელანტი მსჯავრდებულის განმარტებით, გამოძიების დაწყებისთანავე აღიარა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, დაზარალებულებს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, თუმცა არ ეთანხმება კვალიფიკაციას, ვინაიდან სახეზე არ არის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით მისი ქმედების დაკვალიფიცირების საფუძველი, რადგან თითოეული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ცალ-ცალკე არ აღემატება 10 000 ლარს. რაც შეეხება სასჯელს, მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არის ნასამართლევი, აღიარებს დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან და სრულად აქვს ანაზღაურებული დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი, დანიშნული სასჯელი არის მეტისმეტად მკაცრი, ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში კი სრულად იქნება მიღწეული სასჯელის მიზნების განხორციელება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას პ----------–-–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია პ----------–-–---–ის მიმართ სასჯელის გამკაცრების, ხოლო დაცვის მხარის მიერ - კვალიფიკაციის ნაწილში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით პ----------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც მსჯავრდებულს გაუხდია სადავოდ. პ----------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართის საქმეში არსებულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ფ--------------------ას, ქ-------------–--ვის და დ----–------–-------ის გამოკითხვის ოქმებს; მოწმეების: ს---------–------------ას, ქ--------------ის, თ------–--–----–-----ის, ზაქირ ხიდიროვის, რამაზ აბელაშვილის, მერი დოღონაძის, კობა აბელაშვილის და შამი ხიდიროვის გამოკითხვის ოქმებს; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობას.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულ პ----------–-–---–ის ქმედების სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტზე გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარე თავის არგუმენტაციას ამყარებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახეზე არ არის მსჯავრდებულის ქმედების სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით კვალიფიკაციისათვის საჭირო ნიშანი - დიდი ოდენობა, ვინაიდან არცერთ დაზარალებულს ცალ-ცალკე არ მიდგომია ზიანი 10 000 ლარზე მეტი ოდენობით. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პ----------–-–---–მა, თითქოსდა ხ----------------------ს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების მოტივით, მოითხოვა 10 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა და მოტყუებით დაეუფლა კიდეც 13 000 ლარს, ასევე 150 ლარად ღირებულ ბატკანს. მართალია მას ხ----------------------ს ახლობლებმა ცალ-ცალკე გადასცეს 10 000 ლარზე ნაკლები ოდებობის თანხები, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პ----------–-–---–ის მიერ აღნიშნული თანხების დაუფლება მოცული იყო ერთიანი განზრახვით, დაუფლებული თანხების ოდენობის ჯამმა შექმნა თაღლითობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ,,დიდი ოდენობა“. პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც დანაშაულებრივი ქმედება მოცულია ერთიანი განზრახვით და საერთო მიზნით, აქცენტი უნდა გაკეთდეს დაუფლებული ქონების ოდენობაზე სრულად, და არა იმაზე, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ცალკეულ დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პ----------–-–---–ს თავიდანვე განზრახული ქონდა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა; შესაბამისად, პ----------–-–---–მა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ინკრიმინირებული ქმედებისათვის.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების თაობაზე, ასევე ბრალდების მხარის მოთხოვნას - სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა მიყენებული ზიანი) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გამოვლენილა), ასევე, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება, მის წარსულ ცხოვრება და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პ----------–-–---–ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი პ----------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ გ---–----------ის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ პ----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი;
პ----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პ----------–-–---–ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
პ----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან.
პ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პ----------–-–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· დისკები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· პ----------–-–---–ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული აზარტული თამაშის 32 ცალი ბილეთი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· პ----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული კაზინოს ერთი ცალი პლასტიკური ბარათი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· პ----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, სამი სიმ ბარათი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
· პ----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად (ზურგჩანთიდან) ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
· პ----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 260 ლარი და ერთი ცალი მაჯის საათი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე