განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210017002180763
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-498-2019 13 აგვისტო, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ი---- ლ-------ა, ბ------ ხ--–--ე
წარმომადგენელი - ფ--------------–---
მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–-------- ქ---------–--ე
წარმომადგენელი - ა---------–------------ე
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში აღრიცხვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვ-–-------- ქ---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 07 მარტს ბ------ ხ--–--ესა და ი---- ლ-------ას შორის შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება აღირიცხა ბ------ ხ--–--ეზე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს - კ----------------ეს, გ---------------ეს და ბ------ ხ--–--ეს მოსარჩელე ვ-–-------- ქ---------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 70 000 აშშ დოლარის გადახდა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღება დადგინდა მოპასუხე ბ------ ხ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისში, კ. გ-------------ს ქ. N1---ში იძულებითი აუქციონის შედეგად ამოღებული სახსრების ხარჯზე. მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა. 2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2011 წლის 17 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 20 მარტის NA---------------- განკარგულებით მოვალე ბ------ ხ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ქუთაისში, კ. გ-------------ს N1--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-----------, შემძენი 2013 წლის 14 მარტს დასრულებულ იძულებით (ონლაინ) აუქციონზე გახდა ვ-–-------- ქ---------–--ე. ვ-–-------- ქ---------–--ემ უძრავი ქონება შეიძინა 58240 ლარად. 2.4. 2017 წლის 24 თებერვალს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით: 369.00 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა, ფართით: 01-შენობა, საცხოვრებელი, აშენებული, 01-სართული, განაშენიანების ფართობი - 111,88 კვ.მ., რომელიც მდებარეობს ქ.ქუთაისში, კ.გ-------------ს N1---ში საკუთრებაში გადაეცა ბ------ ხ--–--ეს. 2.5. ი---- ლ-------ა და ბ------ ხ--–--ე არიან ახლო ნათესავები, კერძოდ, რძალ-მამამთილი და ისინი ცხოვრობენ ერთად. 2.6. ბ------ ხ--–--ემ 2017 წლის 07 მარტს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისში, კ. გ-------------ს N1---ში საკადასტრო კოდით 0-----------, 20000 ლარად მიპყიდა ი---- ლ-------ას. 2.7. 2017 წლის 07 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია თვალთმაქცურად, იმ განზრახვის გარეშე, რომ საკუთრების უფლება გადასულიყო ი---- ლ-------ას სახელზე, ბ------ ხ--–--ის მიერ ვალდებულების შესრულების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებისას ი---- ლ-------ას ბ------ ხ--–--ისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულება არ გადაუხდია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა, ის ფაქტი, რომ ი---- ლ-------ასა და ბ------ ხ--–--ის შორის 2017 წლის 07 მარტს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას იურიდიული შედეგები არ ოჰყოლია. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ ანუ გარიგებით სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი აღწევენ სამართლებრივ შედეგს. სასამართლომ ასევე ყურადღებას მიაქცია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლითაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველმა უნდა გადასცეს ქონება მყიდველს, ხოლო თავის მხრივ მყიდველის ძირითადი ვალდებულებებია ნასყიდობის ფასის გადახდა და ნაყიდი ნივთის მიღება. 2.9. გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია სსკ-ის 54-56-ე, 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”. 2.10. გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენა. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონებაზე საკუთრება გადასცეს მყიდველს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მოვალე მოპასუხეს ქონება არ გაუყიდია და არც შესაბამისი ნება არ გამოუვლენია. 2.11. საქმის განხილვით დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიუხედავად მხარეებს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები არ შეუსრულებიათ. კერძოდ, 2017 წლის 07 მარტიდან დღემდე მოპასუხე ბ------ ხ--–--ეს მის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ქონება ფაქტობრივად საკუთრებაში არ გადაუცია მოპასუხე ი---- ლ-------ასათვის და მასთან ერთად ცხოვრობს დღემდე. საქმეში წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მყიდველის, ი---- ლ-------ას მიერ ბ------ ხ--–--ისათვის ნასყიდობის თანხის გადახდის ფაქტი, რაც წარმოადგენდა ი---- ლ-------ას მტკიცების ტვირთს, მისი ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ განმარტება კი ვერ გამოდგებოდა სადავო გარემოების დასადასტურებლად სსს კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. სასამართლომ მიჩნია, რომ სადავო გარიგება თვალთმაქცური იყო - დადებული იყო იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. 2.12. ამავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის N ას- 1439-1357-2012 განჩინებაში აღნიშნულია: ,,სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე“.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ი---- ლ-------ამ და ბ------ ხ--–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულდა, რის გამოც სააღსრულებო წარმოება შეწყდა. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და სააღსრულებო განკარგულებით, რომლის მიხედვით, ვ-–-------- ქ---------–--ემ შეიძინა ბ------ ხ--–--ის უძრავი ნივთი და გახდა მისი მესაკუთრე. აღნიშნული ნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სანაცვლოდ ვ-–-------- ქ---------–--ემ მიიღო უძრავი ქონება. 3.2. სასამართლომ არ გაითვალიწინა, რომ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემდეგ, რომელიც მოხდა 2013 წელს, 2017 წელს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ პერიოდისათვის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის გამო ბ------ ხ--–--ის ქონებას არ ედო სააღსრულებო ყადაღა და არ იყო შეყვანილი მოვალეთა რეესტრში. დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და სააღსრულებლო ფურცლით ბ------ ხ--–--ეზე დაკისრებული თანხის ვ-–-------- ქ---------–--ისათვის მიღების მიზნით უნდა მომხდარიყო ბ------ ხ--–--ის უძრავი ნივთის რეალიზაცია აუქციონზე, რაც განხორციელდა კიდეც. ამიტომ აღარ იყო შეყვანილი ბ------ ხ--–--ე მოვალეთა რეესტრში და არ იყო აღმასრულებლის მიერ ბ------ ხ--–--ის სხვა ქონება დაყადაღებული, რადგან სააღსრულებო წარმოება შეწყდა. მაშასადამე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულდა, რის გამოც განმეორებით არც თანხის მოთხოვნის და არც ქონების დაყადაღების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ერთხელ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც ჩატარდა აუქციონი, გასხვისდა ბ------ ხ--–--ის უძრავი ნივთი და აღრულებით შეწყდა სააღსრულებო წარმოება. განმეორებით არც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა და აქედან გამომდინარე არც ახალი აუქციონი ჩატარდება. 3.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2011 წლის 17 მაისის N2/744-10 წ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განხორციელდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც თანხის ამოღება უნდა მოხდეს ხ--–--ის საკუთრებაში არსებული ქუთაისში, კ. გ-------------ს ქ. N1---ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონის გზით. 2013 წლის 20 მარტის სააღსრულებო განკარგულებით ქ---------–--ემ შეიძინა ხ--–--ის უძრავი ქონება, სკ. 0-----------. 603 კვმ, რომლის წინა ს.კ. სააღსრულებო განკარგულებით იყო 0-----------. ხოლო ხ--–--ემ ამის შემდეგ მიიღო უძრავი ქონება აღიარების კომისიისგან 369 კვმ. ს.კ. 0-----------. 3.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბ------ ხ--–--ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის მიხედვით იგი დაბადებულია ვანში, ე.ი. ცხოვრობს ვანში, რაც გამორიცხავს მის ი---- ლ-------ასთან ერთად ცხოვრებას. აღნიშნულს ადასტურებს ასევე, ბ------ ხ--–--ის და ი---- ლ-------ას პირადი ნომრების შედარება. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. სასამართლომ დაარღვია სსკ 105-ე და 393-ე მუხლების მოთხოვნები, მან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ არ გამოიყენა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 61-631, 69-71-ე, 75-ე მუხლები. 3.6. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განხორციელდა აღსრულება, რის გამოც იგი შეწყდა. ვ-–-------- ქ---------–--ეს სარჩელით ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას სკ-56-ე მუხლის მე-2 ნაწილით არც სარჩელით და არც გადაწყვეტილებით არაა დასაბუთებული, თუ რა გარიგება დამალეს მოპასუხეებმა. ასევე არ არსებობს მტკიცებულება ამ გარიგების მოჩვენებითობის შესახებ. პოლიციის მე-4 განყოფილების მომართვები არაა შედგენილი კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მოპასუხეთა ერთად ცხოვრების დადგენის მიზნით არაა შემოწმება განხორციელებული ადგილზე მისვლით, ამასთან, აღნიშნული მიმართვები არ ეხება 2017 წლის პერიოდს, როცა დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. 3.7. ლ-------ას მიერ ხ--–--ისათვის თანხის გადაცემა მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულებაში. საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არაა. მტკიცების ტვირთი კი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. რამდენადაც ლ-------ა ცხოვრობს ქუთაისში, კ. გ-------------ს ქ. N1---ში და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთიც ამ მისამართზე მდებარეობს, მას რეალურად მიუღია სკ-477-ე მუხლით გათვალიწინებული ნასყიდობის საგანი, ეს კი იმას ადასტურებს, რომ გამყიდველი ხ--–--ე არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. უძრავი ქონების ხ--–--ის სახელზე დარეგისტრირება არ ნიშნავს მის ამ მისამართზე ცხოვრებას. დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, თითქოს ლ-------ამ იცოდა მოსარჩელესა და ხ--–--ეს შორის არსებული დავის შესახებ. ლ-------ა კეთილსინდისიერი შემძენია. საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეს აწევს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ-–-------- ქ---------–--ის (მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და კ----------------ეს, გ---------------ესა და ბ------ ხ--–--ეს (აპელანტი, მოვალე) მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 70 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ. 4.1.1. თანხის ამოღება დადგინდა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, კ. გ-------------ს ქ. #1----ში აუქციონზე რეალიზაციის გზით. 4.2. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მისი აღსრულების მიზნით 2013 წლის 14 მარტს აღმასრულებელმა მოახდინა ზემოხსენებული ქონების რეალიზაცია იძულებით (ონლაინ) აუქციონზე. 4.3. აღნიშნული ქონება 58 240 ლარად შეიძინა მოსარჩელემ და საჯარო რეეტრში დარეგისტრირდა მის მესაკუთრედ. 4.4. 2017 წლის 24 თებერვალს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით მოვალეს საკუთრებაში გადაეცა ქუთაისში, გ-------------ს ქ. #1---ში მდებარე 369 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 103,52 კვ.მ. ფართის ნაგებობით. 4.5. 2017 წლის 7 მარტს კი მოვალესა და ი---- ლ-------ას (მოპასუხე, აპელანტი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე საჯარო რეესტრში ზემოხსენებული ქონების მესაკუთრედ აღირიცხა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია სადავო გარიგება ბათილად. 4.7. პალატა არ იზიარებს აპელანტების პოზიციას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება შეწყვეტილი იყო. 4.7.1. პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი. 4.7.2. აღსრულების შეწყვეტის ზემოხსენებული საფუძვლების თაობაზე აპელანტებს არ მიუთითებიათ და მათი არსებობა არც საქმის მასალებით დასტურდება. 4.7.3. საქმეში არსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 20 მარტის განკარგულებით მხოლოდ ის დგინდება, რომ 2013 წლის 14 მარტს იძულებით აუქციონზე მოვალის ქონება 58 240 ლარად გაიყიდა, ეს კი აღსრულების შეწყვეტის საფუძველი, ცხადია, არ არის. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით წყდება. 4.8.1. როგორც აღინიშნა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოვალეს, სხვა პირებთან სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 70 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. 4.8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების დროს კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. 4.8.3. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო ვალდებულების შესრულება ნებისმიერი მოვალისაგან სრულად მოეთხოვა. 4.8.4. უდავოა, რომ მოვალეებს მოსარჩელისათვის 70 000 აშშ დოლარი არ გადაუხდიათ. ამის შესაბამისად, მათი ვალდებულება ძალაშია და მოსარჩელე უფლებამოსილია მისი სრულად შესრულება ნებისმიერი მათგანის ქონების ხარჯზე მოითხოვოს. 4.9. პალატა არ ეთანხმება აპელანტებს, რომ მოვალის პასუხისმგებლობა მოსარჩელის მიმართ მისი კუთვნილი ქონებით შემოიფარგლებოდა. 4.9.1. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ამგვარ პირობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4.9.2. თუმცა, საქმის მასალების თანახმად, მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა. 4.9.3. მეტიც, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ გაეფორმებინათ იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა ეს არ განხორციელებულა. 4.10. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია კი არ დაუდგენია, არამედ განსაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება. 4.10.1. ეს კი მხოლოდ ამ გზით გადაწყვეტილების აღსრულებას არ ნიშნავს. 4.10.2. პალატის აზრით, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება, მხოლოდ, მისი აღსრულების მიზანს ემსახურება და ვალდებულების სწრაფად და ეფექტურად შესასრულებლად განისაზღვრება. 4.10.3. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს მაშინაც, თუ სასამართლოს მიერ დადგენილი საშუალება უშედეგო აღმოჩნდება. 4.11. ამრიგად, მოვალის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არსებობს. 4.11.1. ამის შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რომ მოვალის საკუთრებაში ირიცხებოდეს ქონება, რომელზეც იგი აღსრულებას მიაქცევს. 4.12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ - (სუსგ. 2 მარტი, 2017 წელი, საქმე №ას-664-635-2016, პ. 201). 4.12.1. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. 4.12.2. ამის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ზემოხსენებული სამართლებრივი შეფასება ყველა ინსტანციის სასამართლოსათვის სავალდებულოა. 4.13. მოსარჩელემ სარჩელში თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტებზე: 4.13.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ-–-------- ქ---------–--ის სარჩელი და სოლიდარულად დაეკისრათ კ----------------ეს, გ---------------ეს და ბ------ ხ--–--ეს 70 000 აშშ დოლარის გადახდა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, თანხა უნდა გადახდილიყო ბ------ ხ--–--ის კუთვნილი ქონების რეალიზაციის გზით. 4.13.2. 2017 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბ------ ხ--–--ეს აღუდგენია და თითქოსდა გაუყიდია ქონება მის რძალზე, ი---- ლ-------აზე. 4.13.3. დავის არსის მოკლე მიმოხილვაში მან ასევე აღნიშნა, რომ ბ------ ხ--–--ემ მოსთხოვა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება, რათა მოეხდინა მისი საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით, რასაც მოსარჩელე დასთანხმდა. 4.13.4. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბ------ ხ--–--ეს ნამდვილად აღუდგენია საკუთრება და მისგან ფარულად, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, რომ არ გადაეხადა ვალი, გაუფორმებია 07.03.2017 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მის რძალთან, ი---- ლ-------ასთან. აღნიშნული ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური. 4.14. ამის საპასუხოდ შესაგებელში მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ; 4.14.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულებული იყო და მოსარჩელე წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს ბ------ ხ--–--ის საკუთრებაში არსებული ქონების მესაკუთრეს. 4.14.2. სასამართლოს გადაწყვეტილებით და არც სააღსრულებო ფურცლით არ უმსჯელია, რომ ვ-–-------- ქ---------–--ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ბ------ ხ--–--ის საკუთრებაში არსებული ქონებით და ყველა იმ ქონებით, რომელსაც მომავალაში მიიღებდა საკუთრების უფლებით. ქონება, რომელზეც მოსარჩელე დავობს ბ------ ხ--–--ეს საკუთრებაში გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წლის 24 თებერვალს. 4.14.3. 1-ელ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხეებმა დამატებით განმარტეს, რომ ბ------ ხ--–--ემ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, როგორც მესაკუთრემ, განკარგა მისი ინტერესების შესაბამისად. 4.15. ამის შესაბამისად, მოპასუხეებს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდიათ სარჩელში მითითებული და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ის ფაქტები, რომ: 4.15.1. მოვალემ ქონებაზე საკუთრება მოიპოვა მას შემდეგ, რაც მისივე თხოვნით მოსარჩელემ დაიბრუნა სააღსრულებო ფურცელი და 4.15.2. სადავო გარიგება მან დადო მისი ოჯახის წევრთან, რძალთან ფარულად, ვალის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით. 4.16. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფაქტები მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს. 4.16.1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელი სარჩელს ედავებოდა ძირითადად იმ მოტივით, რომ, მისი აზრით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იყო. 4.16.2. შესაგებელში მითითებულ ფაქტებს მან მხოლოდ ის დაამატა, რომ მოპასუხე, კეთილსინდისიერი შემძენი იყო და მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა. 4.17. ეს ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების 4.15.1. და 4.15.2. პუნქტებში მითითებული ფაქტები დადასტურებულია. 4.18. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (ს.ფ. 103) დგინდება, რომ მოვალის სახელზე ქონება დარეგისტრირდა, ე.ი. უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2017 წლის 7 მარტს და მან სადავო გარიგება იმავე დღეს დადო. 4.18.1. ეს ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 9 მარტს, 12:42:40 სთ-ზე დარეგისტრირდა (ს.ფ. 108; 101) და მოპასუხის სახელზე ქონება, იმავე დღეს, 13:26:24 სთ-ზე, ე.ი. განცხადების დარეგისტრირებიდან 1 საათში აღირიცხა (ს.ფ. 101). 4.19. ამის შესაბამისად, ცხადია, რომ აპელანტებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსაგან ე.წ. დაჩქარებული მომსახურების გაწევა მოუთხოვიათ. 4.20. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბერის #509 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების მე-4 მუხლის 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფასური განცხადების შეტანის დღეს 200 ლარია. 4.20.1. ეს კი ამავე აქტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ე.ი. 4 სამუშაო დღეში რეგისტრაციის საფასურს, 50 ლარს ოთხჯერ აღემატება. 4.21. უდავოა ისიც, რომ აპელანტები ერთი ოჯახის წევრები არიან და ი---- ლ-------ა ბ------ ხ--–--ის შვილის მეუღლეა. 4.22. პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს 2018 წლის 26 იანვრის ოქმით, 2018 წლის 22 იანვრის წერილით, სასამართლოს გზავნილზე ი---- ლ-------ას მინაწერით უდავოდ დგინდება, რომ იგი ქუთაისში, გ-------------ს ქ. #1----ში ცხოვრობს. 4.22.1. იმას, რომ სადავო უძრავ ქონებას ბ------ ხ--–--ეც ფლობს, ადასტურებს: ა) ზემოხსენებული საბუთები, რომელთა მიხედვითაც ი---- ლ-------ამ ბ------ ხ--–--ისათვის გადასაცემი უწყება, სწორედ, აღნიშნულ მისამართზე ჩაიბარა და მას პოლიციის მუშაკებისათვის არ განუცხადებია, რომ ბ------ ხ--–--ე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა; ბ) საკუთრების უფლების მოწმობა #6, რომლითაც ბ------ ხ--–--ეს ზემოხსენებული ქონება საკუთრებაში სწორედ იმიტომ გადაეცა, რომ იგი მას ფლობდა და გ) თავად აპელანტთა შესაგებელი, რომელშიც მათ საერთო მისამართად გ-------------ს ქ. #1--- მიუთითეს. 4.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 4.23.1. ზემოხსენებული მსჯელობა იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ, სინამდვილეში, ბ------ ხ--–--ეს ი---- ლ-------ასათვის ქონებაზე საკუთრება არ გადაუცია და სადავო ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო მოსაჩვენებლად, მოსარჩელის მიმართ ბ------ ხ--–--ის ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით. 4.24. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე სადავო გარიგების დადების პროცესში არ მონაწილეობდა და მოვალესთან სამართლებრივ დავასაც აწარმოებდა. 4.24.1. ამ ვითარებაში, რაიმე სახის სხვა, პირდაპირ მტკიცებულებას, რომლითაც სადავო გარიგებაში გამოვლენილი ნების მოჩვენებითობას დაადასტურებდა, იგი სასამართლოს ვერც წარმოუდგენდა. 4.25. ამრიგად, დადასტურებული ფაქტების გათვალისწინებით, იმის მტკიცების ტვირთი, რომ სადავო გარიგება ნამდვილი იყო, აპელანტებს ეკისრებოდათ. 4.25.1. მათ კი თავისი პოზიციის დასადასტურებლად არათუ მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, არამედ იმ ფაქტებზეც კი არ მიუთითებიათ, საიდანაც გარიგების ნამდვილობის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი. 4.25.2. მხოლოდ ის, რომ მხარეებმა სადავო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს ნების გამოვლენის ნამდვილობას, ცხადია, არ ადასტურებს. 4.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია, ე.ი. კეთილსინდისიერება შემძენს იცავს თავად ამ მონაცემებში არსებული ხარვეზის შემთხვევაში. 4.26.1. ეს ნიშნავს, რომ ი---- ლ-------ას საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციაზე მითითების შესაძლებელობა ექნებოდა, თუ გამოავლენდა ქონების შეძენის ნამდვილ ნებას და სადავო გახდებოდა ამ ქონებაზე გამსხვისებლის, ბ------ ხ--–--ის საკუთრების უფლება. 4.26.2. მოცემულ შემთხვევაში, ბ------ ხ--–--ის საკუთრების უფლება ქონებაზე სადავო არ გამხდარა და არც ი---- ლ-------ას გამოუვლენია მისი შეძენის ნამდვილი ნება. 4.26.3. ამიტომ, შემძენის კეთილსინდისიერებას, ე.ი. საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობის პრეზუმფციას დავის საგანთან კავშირი არა აქვს. 4.27. ამგვარად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ი---- ლ-------ას და ბ------ ხ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე