განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
330310017002199867
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002199867

საქმე N 3ბ/1355-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - ე--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ----- ჯ--------ე;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ----- ჯ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ 2017 წლის 27 ივნისს ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით U------) საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მ----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 115 (ას თხუთმეტი) ლარის ოდენობით;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისს, ქ. თბილისში, კ----- ქუჩაზე, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტროტუარზე გაჩერებული იყო მ----- ჯ--------ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით U------.

 

2017 წლის 27 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მ----- ჯ--------ის მიმართ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) №--------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე (დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, რასაც მოჰყვა მოძრაობის შეფერხება). მ----- ჯ--------ე დაჯარიმდა 10 ლარით და ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე.(ს.ფ. 87).

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით U------) საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანამდე მ----- ჯ--------ე გამოცხადდა ავტომანქანასთან.(ს.ფ. 51)

 

2017 წლის 27 ივნისს, მ----- ჯ--------ემ ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის გამო გადაიხადა 115 ლარი (ევაკუატორების მომსახურების სერვისის საფასური -114 ლარი, საკომისიო - 1ლარი).(ს.ფ. 50).

 

2017 წლის 3 ივლისს მ----- ჯ--------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და 2017 წლის 27 ივნისის

№-------- საჯარიმო ქვითრის გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 25 ივლისის №--------- დადგენილებით, მ----- ჯ--------ის განცხადება (საჩივარი) არ დაკმაყოფილდა.(ს.ფ. 16-17).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის შესაბამისად, ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამ კოდექსის 331-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე უკანონოდ გადაყვანის შედეგად.

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისში, კ----- ქუჩაზე, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტროტუარზე გაჩერებული იყო მ----- ჯ--------ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით U------. ავტოსანტრანსპორტო საშუალებას დაკავებული ჰქონდა ტროტუარი და ხელს უშლიდა ქვეითთა გადაადგილებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღნიშნული ავტომანქანა გადაყვანილ იქნა საჯარიმო სადგომზე, ხოლო 2017 წლის 27 მაისის №-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით მ----- ჯ--------ე დაჯარიმდა 10 ლარით. სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს მ----- ჯ--------ე სადავოდ არ ხდის.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის. მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

 

,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა აკრძალულია ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე, ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი და შესაბამისი საგზაო მონიშვნა) ან გზისპირზე.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნის შესაბამისად, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2015 წლის 29 მაისს განხორციელებული ცვლილების შედეგად (ამოქმედდა 2015 წლის 15 ივნისს) ცალსახად დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 თუ მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა ავტომატურად არ წარმოშობს ავტომანქანის სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის უფლებას, აღნიშნული მოქმედების განხორციელება დასაშვებია, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს. ამდენად, კანონმდებლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მესამე პირთა ინტერესების დაცვა და მოძრაობის შეფერხების აღმოფხვრა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, რომ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დაკისრებული სახდელი შესაბამისობაში იყოს ჩადენილ ქმედებასთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის დარღვევისათვის ძირითადი სახდელის სახით დადგენილია - ჯარიმა 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალურ დაცულ სადგომზე, თავისი შინაარსით წარმოადგენს დამატებით სახდელის სახეს, რამდენადაც აღნიშნულით იზღუდება საკუთრების უფლება და მისი აღდგენა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის პირობებში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანამდე მ----- ჯ--------ე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რასაც ადასტურებს პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერი და მოწმეთა ჩვენება. მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორებმა განმარტეს, რომ მ----- ჯ--------ე მაშინ გამოცხადდა ავტომანქანასთან, როდესაც ავტომანქანა უკვე ევაკუატორზე იყო განთავსებული და ევაკუატორს მოძრაობა დაწყებული ჰქონდა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნის ჩანაწერზე, სადაც აღნიშნულია ავტომანქანის სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა დასაშვებია თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. სადავო შემთხვევაში ავტომანქანის მესაკუთრე იმყოფებოდა სატრანსპორტო საშუალებასთან და არც მის გადაყვანაზე განუცხადებია უარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და სცილდება მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, რაც ქმნის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს. ვინაიდან 2017 წლის 27 ივნისს მ----- ჯ--------ემ ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის გამო გადაიხადა ევაკუატორების მომსახურების სერვისის საფასური 115 (ასთხუთმეტი) ლარის ოდენობით, სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნა, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება საჯარიმო ავტოსადგომზე, თუ მძღოლი (სხვა პირობებთან ერთად) არ იმყოფება ადგილზე. მოქალაქე მ----- ჯ--------ე არ იმყოფებოდა ადგილზე მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დასჭირდა იმ არაკანონიერი ქმედების აღმოსაფხვრელად, რასაც ადგილი ჰქონდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლის მხრიდან. მძღოლი მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა ევაკუატორთან, როდესაც იგი უკვე იყო მოძრაობაში. აღნიშნული გარემოება კი აპელანტის მოსაზრებით, მძღოლის სატრანსპორტო საშუალებასთან გამოცხადებად არ უნდა ჩაითვალოს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა მოხდა მატერიალური ნორმების სწორი გამოყენების საფუძველზე, რაც არ იძლევა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

დასაბუთების თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისს, ქ. თბილისში, კ----- ქუჩაზე, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტროტუარზე გაჩერებული იყო მ----- ჯ--------ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით U------.

 

2017 წლის 27 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მ----- ჯ--------ის მიმართ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) №--------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე (დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, რასაც მოჰყვა მოძრაობის შეფერხება). მ----- ჯ--------ე დაჯარიმდა 10 ლარით და ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე.(ს.ფ. 87).

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით U------) საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანამდე მ----- ჯ--------ე გამოცხადდა ავტომანქანასთან.(ს.ფ. 51).

 

2017 წლის 27 ივნისს, მ----- ჯ--------ემ ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის გამო გადაიხადა 115 ლარი (ევაკუატორების მომსახურების სერვისის საფასური -114 ლარი, საკომისიო - 1ლარი).(ს.ფ. 50).

 

2017 წლის 3 ივლისს მ----- ჯ--------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და 2017 წლის 27 ივნისის

№-------- საჯარიმო ქვითრის გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 25 ივლისის №--------- დადგენილებით, მ----- ჯ--------ის განცხადება (საჩივარი) არ დაკმაყოფილდა.(ს.ფ. 16-17).

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა 10 ლარი) შეფარდების კანონიერებას. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ გახორციელებული მოქმედების - მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე გადაყვანის უკანონოდ ცნობასა და მის მიერ ანაზღაურებული ევაკუირების ხარჯების (ევაკუირების საფასური, საჯარიმო სადგომზე დგომის საფასურის, გამოყვანის საფასურის) საერთო ჯამში 115 ლარის ოდენობით დაბრუნებას. მოსარჩელე მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ იგი ავტომანქანის გადაყვანამდე სატრანსპორტო საშუალებასთან იმყოფებოდა და უარი არ განუცხადებია ავტომობილის აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მან არაერთხელ განუმარტა პატრულ-ინსპექტორებს, რომ აცნობიერებდა ჩადენილი ქმედების არამართლზომიერებას, მზად იყო ავტომობილი გადაეყვანა აკრძალული ადგილიდან და არ იყო ავტომანქანის საჯარმო ავტოსადგომზე გადაყვანის საჭიროება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.8. მუხლის თანახმად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომააკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. მითითებული ნორმის ,,შენიშვნის’’ პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.

 

სააპელაციო სასამართლო ნორმის განმარტების ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა ავტომატურად არ წარმოშობს ავტომანქანის სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის შესაძლებლობას, აღნიშნული მოქმედების განხორციელება დასაშვებია, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს. ამდენად, კანონმდებლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მესამე პირთა ინტერესების დაცვა და მოძრაობის შეფერხების აღმოფხვრა.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვერ დაადასტურებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის აუცილებლობის თაობაზე და ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე: საქმეში დაცულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ის, ავტომანქანის გადაყვანამდე, იმყოფებოდა სატრანსპორტო საშუალებასთან, უარს არ აცხადებდა ავტომობილის აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე და ამასთან, ადასტურებდა საკუთარი ქმედების არამართლზომიერებას.

 

საქმეში უშუალოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანის ბორტკომპიუტერის ჩანაწერები წარმოდგენილი არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 29 აგვისტოს N----------------- წერილით დგინდება, რომ მითითებული განადგურებულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.

 

იმავე კოდექსის 237-ე მუხლით, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

 

სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

 

საჩივრის ავტორი, მართალია, სადავოდ ხდის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, თავის მხრივ, აღნიშნულ გარემოებებს ვერ უპირისპირებს სათანადო მტკიცებულებებს.

 

არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში მოსარჩელე არ იმყოფებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ან/და უარი განაცხადა სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი შეფასებები და თვლის, რომ სახეზეა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სახელმწიფოს ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ დადასტურდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ევაკუირების მართლზომიერება, სახეზეა იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა ავტოსატრანსპორტო საშუალების კანონდარღვევით გადაყვანის გამო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები ვერ ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ნინო ქადაგიძე