განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2019
საქმის ნომერი
330310016001490146
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001490146

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 3ბ/1172-18 27 მარტი 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი: ლ---------------–---

მოწინააღმდეგე მხარე - დ----- ბ----–---ე;

წარმომადგენელი: ლ----------------–-–---–-;

მესამე პირი - ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანო;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ----- ბ----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №---- ბრძანება; მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----- ბ----–---ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2013 წლის 24 სექტემბრის დასკვნით დადგენილია, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №17 განკარგულების საფუძველზე შექმნილმა „ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა კომისიამ“ შეისწავლა მოქ. დ----- ბ----–---ის (დაბ. 20.11.1966 წ. პ/ნ: 3----------) განცხადება №127, თარიღით: 27.08.2013 წ., სადაც ითხოვდა დევნილის სტატუსის მინიჭებას და დაასკვნა: მოქალაქე დ----- ბ----–---ე (დაბ. 2--------- წ. პ/ნ: 3----------), 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე, გორის რაიონის სოფელ ერედვში საკუთრებაში ფლობდა კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს. პერიოდულად იმყოფებოდა აღნიშნულ სოფელში, უვლიდა მიწის ნაკვეთებს, მაგრამ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. რუსთავში.

 

ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2015 წლის 7 სექტემბრის №-------- დასკვნით დგინდება, რომ შესწავლილ იქნა დ----- ბ----–---ის (დაბ. 2--------- წ. პ/ნ: 3----------) 2015 წლის 7 სექტემბრის განცხადება დევნილის სტატუტის მინიჭების თაობაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე დ----- ბ----–---ე (დაბ. 2--------- წ. პ/ნ: 3----------) მუდმივად ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში, საკუთრებაში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს. ჰქონდა თავისი ფერმული მეურნეობა.

 

ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 28 სექტემბრის №--- ცნობით დგინდება, რომ დ----- ბ----–---ე (დაბ. 2--------- წ. პ/ნ: 3----------) 2008 წლის რუსეთთან ომამდე მუდმივად ცხოვრობდა გორის რაიონის სოფ. ერედვში.

 

საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 16 დეკემბრის სანოტარო აქტით დგინდება, რომ ვ----–-–---–-–---–მა (პ/ნ: 3----------) თანხმობა განაცხადა, რომ მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. რუსთავში, ბ--------------------------------------ში (ს/კ: 0-------------------) დროებით რეგისტრაციაში გატარებულიყო დ----- ბ----–---ე (დაბ. 2--------- წ. ცხინვალში, პ/ნ: 3----------).

 

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 25 ივლისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. რუსთავში, ბ-----------------------------–-------------- ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------; ფართით: 95.15 კვ.მ.) მესაკუთრეს წარმოადგენს ვ----–-–---–-–---–ი.

 

2015 წლის 23 დეკემბერს, ჯ------- კ------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.

 

„იძულებით გადაადგილებულ პირად დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის 17-ე პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2015 წლის 23 დეკემბერს გასაუბრება ჩაუტარდა დ----- ბ----–---ეს.

 

აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე გაიცა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არ იკვეთებოდა დ----- ბ----–---ის 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი, რაც დასტურდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით. ასევე, იმ გარემოებით, რომ მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი) 2008 წლის აგვისტომდეც და დღესაც ცხოვრობენ ქ. რუსთავში. შესაბამისად მიჩნეული იქნა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, დ----- ბ----–---ისთვის (პ/ნ: 3----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.

 

შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ისნპექტორ- გამომძიებლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტ - შ-----–------------–ის მიერ 2016 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ქ. რუსთავში, ბ-------------------ში გაესაუბრა ვ----–-–---–-–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ 2008 წლამდე შვიდი წელი ნამდვილად იცხოვრა მასთან დ----- ბ----–---ემ, რადგან არ ჰქონდა თავისი საცხოვრებელი ადგილი და არის ლტოლვილი. ამჟამად ცხოვრობს დის ბინაში, ქ. რ-------–---------------–--ის ქ-----ში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 29 ივნისის №----------------- წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2001 წლიდან 2008 წლამდე მოქალაქე - დ----- ბ----–---ე ნამდვილად ცხოვრობდა ქ-----------–--------------------------ში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №---- ბრძანებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის 20-ე პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 ივლისის №------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა დ----- ბ----–---ეს პ/ნ: 3----------.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №---- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - დ----- ბ----–---ის მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე, დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

 

ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად, საცხოვრებელი ადგილი პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №---- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 ივლისის №------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა დ----- ბ----–---ეს პ/ნ: 3----------. აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ არ იკვეთებოდა დ----- ბ----–---ის 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი და აღნიშნული დასტურდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით. ასევ მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი) 2008 წლის აგვისტომდეც და დღესაც ცხოვრობენ ქ. რუსთავში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 29 ივნისის №----------------- წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2001 წლიდან 2008 წლამდე, მოქალაქე - დ----- ბ----–---ე ნამდვილად ცხოვრობდა ქ-----------–--------------------------ში.

 

შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ისნპექტორ- გამომძიებლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტ - შ-----–-------------–ის მიერ, 2016 წლის 19 ივნისს შედგენილი ოქმის მიხედვით კი, გასაუბრება განხორციელდა ვ----–-–---–-–---–თან, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წლამდე შვიდი წელი ნამდვილად იცხოვრა მასთან (ქ-----------–-------------------------) დ----- ბ----–---ემ, რადგან არ ჰქონდა თავისი საცხოვრებელი ადგილი და არის ლტოლვილი.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა თავად 2017 წლის 27 იანვრის სასამართლო სხდომაზე ვ----–-–---–-–---–ის მიცემულ განმარტებაზე, რომელმაც დაადასტურა დ----- ბ----–---ის ზემოაღნიშნულ მისამართზე (ქ-----------–--------------------------ში) ცხოვრების ფაქტი, თუმცა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობდა და თვეში ან ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა, ვინაიდან იგი ძირითადათ სოფელში იმყოფებოდა, სადაც ჰქონდა სოფლის მეურნეობა.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი) 2008 წლის აგვისტომდეც და დღესაც ცხოვრობენ ქ. რუსთავში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და არა მისი ოჯახის რომელიმე წევრისათვის სტატუსის განსაზღვრა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეებისა და მოწმის ჩვენებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2008 წლის აგვისტოს ომამდე დ----- ბ----–---ის გორის რაიონის სოფელ ერედვში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულია დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №---- ბრძანება უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----- ბ----–---ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტის თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ თავად სასამართლოს მიერ იქნა რიგი გარემოებები არასწორად შეფასებული და დადგენილ გარემოებად მიჩნეული. სასამართლომ არ გაითვალისიწინა საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომელსაც სამინისტრო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. კერძოდ 2013 წლის 24 სექტემბერს ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა კომისიამ შეისწავლა მოსარჩელის ამავე წლის აგვისტოს თვის განცხადება და კომისიის წევრებმა ერთხმად დაადგინეს, რომ დ----- ბ----–---ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე გორის რაიონის სოფელ ერედვში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, მაგრამ გარკვეული გარემოებებების გამო თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. რუსთავში. აღნიშნული გარემოება დადასტურდა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 29 ივნისის სამინისტროსათვის გამოგზავნილი წერილით, რომლითაც სამინისტროს ეცნობა, რომ 2008 წლამდე მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობდა ქ-----------–--------------------------ში. ასევე სამინისტროში მოსარჩელის მიერ გასაუბრების შედეგად დაფიქსირებული განმარტებები და ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აგვისტოს ჩათვლით მის საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა ქ. რუსთავი და მისი ოჯახის წევრები სადავო პერიოდში ცხოვრობდნენ ქ. რუსთავში (შვილის სწავლობდა რუსთავის სკოლაში) არანაირი ეჭვის შეტანის საფუძვლეს არ იძლეოდა არც ერედვის მუნიციპალიტეტის, არც შსს-საგან მოწოდებული ინფორმაციისა.

 

რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული ვ----–-–---–-–---–ის განმარტებას, რომელიც უპირობოდ გაიზიარა სასამართლომ და ერთერთ მთავარ რაგუმენტად მიუთითა, აპელანტს სარწმუნოდ არ მიაჩნია, რადგან მას არ მოუწოდებია სასამართლოსათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, რომელიც გააბათილებდა ზემომითითებულ არგუმენტებს. გარდა ამისა სასამართლოს არ გაუთვალიწინებია, რომ მოწმე მოსარჩელესთან დაახლოებულ პირს წარმოადგენდა, რომლის ობიექტურობა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საეჭვოა და მისი ჩვენების კრიტიკული შეფასების გარეშე, მის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ დადასტურებული თითოეული გარემოება არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ უპირობოდ გაზიარებული.

 

აპელანტი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და განამრტავს, რომ აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. როგორც ვხედავთ მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. როგორც ზემოთ აღინიშნა, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი ომამდე არ იყო დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით 2005 წელს დ----- ბ----–---ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართი: ქ. რუსთავი, გ---------------------------. 2008 წლის 4 სექტემბრამდე აღნიშნული მონაცემი არ შეცვლილა და დ----- ბ----–---ის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა ქ. რუსთავი. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია“.

 

მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს“.

 

კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს“.

 

ზემოხსენებული ნორმების ანალიზით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი - პირის პიროვნების დამადასტურებელი უმთავრესი დოკუმენტი ადასტურებს, სტატუსის მაძიებლის - დ----- ბ----–---ის 2008 წ. ომამდე საცხოვრებელი ადგილი არ იყო დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია. დ----- ბ----–---ე განცხადებას თან ურთავს ერედვის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2015 წლის 28 სექტემბრის გაცემულ N---- ცნობას, სადაც იგი ფიქსირდება გორის რაიონ სოფ. ერედვის მუდმივად მცხოვრებ პირად.

 

სამინისტრო მიუთითებს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციებზე და გასაუბრების და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ იკვეთება დ----- ბ----–---ის 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი, რაც უდაოდ დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფრომაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი) 2008 წლის აგვისტომდეც და დღესაც ცხოვრობენ ქ. რუსთავში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №---- ბრძანებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 ივლისის №------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, დ----- ბ----–---ეს (პ/ნ: 3----------) უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს ისე უთხრა უარი იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რომ არ მოახდინა ყველა გარემოების შესწავლა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.

 

სააპელაციო სასამართლო არასაკმარისად მიიჩნევს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს ვარაუდს, მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი) 2008 წლის აგვისტომდე და დღესაც ცხოვრობენ ქ. რუსთავში. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის დადგენა უნდა მოხდეს ყველა იმ გარემოების შესწავლის შედეგად, რომელიც შესაძლებელს გახდის მოსარჩელის კავშირის დადგენას მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებზე:

 

საქმეში წარმოდგენილი ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2015 წლის 7 სექტემბრის №-------- დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესწავლილ იქნა დ----- ბ----–---ის (დაბ. 2--------- წ. პ/ნ: 3----------) 2015 წლის 7 სექტემბრის განცხადება დევნილის სტატუტის მინიჭების თაობაზე და დადგინდა, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე დ----- ბ----–---ე (დაბ. 2--------- წ. პ/ნ: 3----------) მუდმივად ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში, საკუთრებაში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს. ჰქონდა თავისი ფერმერული მეურნეობა.

 

ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 28 სექტემბრის №--- ცნობით დგინდება, რომ დ----- ბ----–---ე (დაბ. 2--------- წ. პ/ნ: 3----------) 2008 წლის რუსეთთან ომამდე მუდმივად ცხოვრობდა გორის რაიონის სოფ. ერედვში.

 

საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 16 დეკემბრის სანოტარო აქტი, რომელის საფუძველზეც ვ----–-–---–-–---–ი (პ/ნ: 3----------) აცხადებს თანხმობას, რომ მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. რუსთავი, ბ--------------------------------------ში (ს/კ: 0-------------------) დროებით რეგისტრაციაში გატარდეს დ----- ბ----–---ე (დაბ. 2--------- წ. ცხინვალში, პ/ნ: 3----------).

 

2014 წლის 25 ივლისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. რუსთავში, ბ-----------------------------–--------------ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------; ფართით: 95.15 კვ.მ.) მესაკუთრეს წარმოადგენს ვ----–-–---–-–---–ი.

 

საქმეში დაცულია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ისნპექტორ - გამომძიებლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - შ-----–------------–ის მიერ 2016 წლის 19 ივნისს შედგენილი ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ქ-----------–----------------------ში გაესაუბრა ვ----–-–---–-–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ 2008 წლამდე შვიდი წელი ნამდვილად იცხოვრა მასთან დ----- ბ----–---ემ, რადგან არ ჰქონდა თავისი საცხოვრებელი ადგილი და არის ლტოლვილი. ამჟამად ცხოვრობს დის ბინაში, ქ. რ-------–---------------–--ის ქ-----ში.

 

საგულისხმოა ასევე 2017 წლის 27 იანვრის სასამართლო სხდომაზე ვ----–-–---–-–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემულ განმარტება, რომელშიც ის ადასტურებს, რომ დ----- ბ----–---ე ცხოვრობდა ქ-----------–--------------------------ში, თუმცა, აქვე მიუთითებს, რომ დ----- ბ----–---ე, უშუალოდ თვითონ, აღნიშნულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობდა და თვეში ან ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა, ვინაიდან ძირითადად საქმიანობდა სოფელში, სადაც მისდევდა სოფლის მეურნეობას.

 

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ მოსარჩელის ოჯახს ქ. რუსთავში, საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ უფიქსირდება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება უნდა მოხდეს მოცემული კანონის საფუძველზე და მითითებული კანონის რეგულირების ფარგლებში.

 

„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და თვლის, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შინაარსს თვლის, რომ მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელ ადგილის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო იძულებით დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ჩამოყალიბებული ყოფითი კავშირები და ოჯახური პირობები ქმნის გორის რაიონის სოფ. ერედვთან მოსარჩელის უტყუარი კავშირის დადასტურების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ იძლევა ამავე ტიპის კავშირების ქვეყნის სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან დადგენის შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა საფუძველს დაედასტურებინა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოხდა მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო. ამდენად, სააპელაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის თაობაზე და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება უცვლელად დატოვებას.

 

საპროცესო ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე